რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ 2026 წელს წარმატება, ბედნიერება და სასიკეთო ძვრები დაიბედოთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:22
ყველა ჩვენგანი განსაკუთრებულად ემზადება ახალი წლის შესახვედრად. ამისთვის არსებობს ოჯახური ტრადიციები, რომელსაც საგულდაგულოდ იცავენ თაობები. თუმცა, როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები, რათა ძველი წელი სათანადოდ გავაცილოთ და დამდეგმა, ცეცხლოვანი წითელი ცხენის წელიწადმა, წარმატება, იღბალი, წინსვლა და ბედნიერება მოგვიტანოს.
– ბატონო მიხეილ, რა ენერგიისა და ტენდენციის მატარებელია ცეცხლოვანი, წითელი ცხენის, 2026 წელი და როგორ შევხვდეთ მას, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში პირად თუ კარიერულ სფეროში წარმატება, ბედნიერება და სასიკეთო ძვრები დავიბედოთ?
– 2026 წლის 17 თებერვალს, მეცამეტე ახლმთვარეობაზე, აღმოსავლური ასტროლოგიის კალენდრით შემოდის, იან (აქტიური) ენერგიის, ცეცხლის სტიქიის ცხენის წელიწადი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ მნიშვნელოვან რიტუალებს, რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა ამით ღირსეულად შევხვდეთ და პატივი მივაგოთ მომავალი წლის მასპინძელ ზოდიაქოს – ცხენს. ამით მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და განვავითაროთ 2026 წლის სასიკეთო შესაძლებლობები.
– თუ 31 დეკემბერს რიტუალების შესრულება ვერ მოვასწარით, სხვა დროსაც გვეძლევა ამის საშუალება? და, კონკრეტულად რომელი რიტუალის ჩატარებას გვირჩევთ?
– თუ ამ რიტუალებს 31 დეკემბერს ვერ შეასრულებთ, მაშინ შესაძლებლობა გექნებათ, ისინი შეასრულოთ 17 თებერვალს. კერძოდ, საახალწლო სუფრაზე უნდა მოთავსდეს, როგორც გველის, ასევე ცხენის სიმბოლური ფიგურები, რადგან გველის წელიწადი 17 თებერვლამდე გრძელდება. ასე რომ, როცა ცხენის წელს ვხვდებით, გველიც არ უნდა გავანაწყენო. გველის ფიგურას წინ დაუდგით ლამაზ ჭურჭელში ჩასხმული რძე, ხოლო, ცხენის ფიგურის წინ დადეთ თივა ან ვაშლი. ამ ფორმით წლის მბრძანებლებს პატივს მივაგებთ, იმავდროულად ვიბევებთ მათ კეთილგანწყობას. კარგი იქნება, თუ მაგიდაზე მოთავსებული ცხენის ფიგურის წინ ნალსაც მოათავსებთ. ასევე, 2026 წლის მთავარი რიცხვია 1 (2+0+2+6=10, 1+0=1). ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე აანთეთ 1 ცალი წითელი ან ყვითელი სანთელი და ცეცხლის სტიქიის ენერგიის მქონე სანთლის წინ გადაუხადეთ მადლობა განვლილ წელს, ავკარგიანობის მიუხედავად. შემდეგ კი ჩაუთქვით თქვენი საკრალური სურვილი, რაც გინდათ, რომ 2026 წელს მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.
– ფინანსური კეთილდღეობისთვის რომელი რიტუალის გაკეთებას გვირჩევთ?
– აიღეთ ერთლარიანი მონეტა, ჩაუთქვით მას თქვენი სურვილი, შემდეგ მოათავსეთ გველისა და ცხენის სიმბოლურ ფიგურებს შორის დილამდე. კარგი იქნება, თუ ამ რიტუალს ანთებული სანთლის ფონზე ჩაატარებთ. მეორე დღეს კი მოათავსეთ მონეტა საფულეში ან ყულაბაში და მთელი წელი არ დახარჯოთ. თუ ამ რიტუალის ჩატარება 31 დეკემბერს ვერ მოასწარით, ჩაატარეთ 17 თებერვალს 16 საათსა და 3 წუთზე ან დღის ნებისმიერ დროს.
– რომელი კერძები და სასმელი უნდა იყოს, საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე, რა გაუხარდება და მოეწონება წლის მბრძანებელ ცეცხლოვან ცხენს?
– საახალწლო სადღესასწაულო სუფრა, ჯანსაღი და დახვეწილი უნდა იყოს. საკვებ რაციონში ნებისმიერი კერძის ჩართვა შეგიძლიათ, რაც ჩვენს ქართულ ტრადიციებს შეესაბამება. სუფრაზე უნდა იყოს ხორცის კერძები, ზღვის პროდუქტები, საცივი, ტკბილეული, ხაჭაპური, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და მათგან დამზადებული კერძები, ფხალეულობა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, სუფრა ეგზოტიკური კერძებითა და პროდუქტებითაც გაამდიდროთ. სასმელებიდან უნდა იყოს ღვინო, ლიქიორი, კონიაკი. ნაკლებად – არაყი. უალკოჰოლო სასმელები კი ეცადეთ, წითელი და მუქი ფერის შეარჩიოთ. კარგია წითელი ფერის ხილის წვენები.
– ახალი წლის მთავარი სიმბოლო – ნაძვისხე, რა ფერებში მოვრთოთ?
– უმჯობესია, ნაძვისხე იყოს ოქროსფერი, ყვითელი ან წითელი ფერის, მისაღებია მწვანეც. ნაძვისხეზე უნდა სჭარბობდეს წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი ტონების სათამაშოები.
ნაძვისხის გვერდით დადგით ჩიჩილაკი, ცოცხალი ან ხელოვნური მანდარინის, ლიმონის, ბროწეულის ან დაფნის ტოტები დაალაგეთ, როგორც ხვავის, ბარაქის, ფინანსური კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, ბედნიერების, ოჯახური ჰარმონიისა და იდილიის, სიყვარულის სიმბოლოები.
– როგორ ავირჩიოთ მეკვლე, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ოჯახში ბედნიერი ფეხი შემოიტანოს?
– მეკვლე უნდა იყოს ენერგიული, აქტიური, გონებამახვილი, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელსაც უხარია თქვენი ოჯახის ბედნიერება და წინსვლა. ოჯახში მეკვლე ახალი წლის ღამეს უნდა შემოვიდეს და შემოიტანოს ტკბილეული, თითო ცალი მანდარინი, ლიმონი და ბროწეული.
– ბევრი, ახალი წლის შეხვედრას სახლის გარეთ არჩევს, მაგალითად, აგარაკზე, რესტორანში, ქუჩაში, მეგობართა წრეში და ასე შემდეგ. წელს სად არის დამდეგის დახვედრა უკეთესი?
– ახალი წლის დახვედრა უმჯობესია ოჯახში, შემდეგ კი შეგიძლიათ, გადაინაცვლოთ მეგობრების წრეში, ნათესავებთან, სხვაგან... ზოგადად, ცხენს ზედმეტი ხმაური და სროლა არ უყვარს. წელს მიზანშეწონილია, მაშხალების გამოყენება, ოღონდ ზომიერად და უსაფრთხოების წესების დაცვით. მხიარულება და ხმაური ძალიან უხდება ახალ წელს.
– რომელ ფერებში გაწყობილი სამოსი უნდა გვეცვას ახალი წლის ღამეს და რომელი ლითონისა და ქვისგან დამზადებული სამკაულით დავხვდეთ ცხენის ცეცხლოვან წელიწადს?
– წლის მთავარი ფერებია: წითელი, ბორდოსფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, ლურჯი, შავი და თეთრი. შეგიძლიათ, ტანსაცმელი ამ ფერებიდან შეარჩიოთ, ხოლო მინერალებიდან კარგია ოქროსფერი ტოპაზი, ლალი, იაგუნდი, სერდოლიკი, ქარვა, ბრილიანტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, წითელი იასპი ან ლაზურიტი. კარგი იქნება, თუ ამ ბუნებრივი ქვებისგან დამაზადებული სამკაულები ოქროში იქნება ჩასმული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





