რა შემთხვევაშია საგვარეულო ბეჭედი მემკვიდრის მფარველი და როდის შეიძლება, მან საპირისპირო ანუ საზიანო მნიშვნელობა შეიძინოს
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 25.02, 2022 წელი

მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო ბეჭედი - თქვენც გაქვთ? მეც და კიდევ ძალიან ბევრს და ეს წინაპართა სახსოვარი, ძვირფასი რელიკვიაა ჩვენთვის. თუმცა არსებობს უამრავი ტრადიცია, ცრურწმენა და ხალხური გადმოცემები, გარდაცვლილის ნივთების ენერგეტიკიდან გამომდინარე, საპირისპიროს რომ ამტკიცებს. ამიტომაცაა, რომ ზოგი შიშით შესცქერის მემკვიდრეობით მიღებულ ბებიის დანატოვარ ბეჭედს და აღარ იცის, გაუხარდეს თუ ეწყინოს. რას ნიშნავს ასეთი სახსოვარი, რას უნდა ველოდოთ მისგან და როგორ უნდა გავწმინდოთ ბეჭედი, თუ ის გარდაცვლილის ნეკროზული ენერგიითაა დამუხტული, განგვიმარტავს ეზოტერიკოსი ქალბატონი ნანული მ.
- მართლაც ძალიან ბევრია დაბნეული და შეშფოთებულიც კი, გარდაცვლილი წინაპრის სახსოვარი ბეჭდის გამო - მიაჩნიათ, რომ სწორედ მისი ტარების შემდეგ აერიათ ყველაფერი ცხოვრებაში. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს, როცა ნაცნობმა ქალბატონმა ანალოგიური სიტუაციის გამო მომმართა დახმარებისთვის.
- რას გთხოვდათ?
– რჩევა სჭირდებოდა და აი, რა მიამბო: გარდაცვლილი დედამთილისგან ჩემს ქალიშვილს ანდერძით ალმასისთვლიანი ძალიან ლამაზი საგვარეულო ოქროს ბეჭედი ერგო, რომელიც უკვე მერამდენე თაობაა, მათ გვარში მემკვიდრეობით უფროს შვილიშვილს (გოგონას) გადაეცემა. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, როცა ჩემი დედამთილი გარდაიცვალა ეს ბეჭედი ხელზე ეკეთა, რომელსაც საერთოდ არასდროს იხსნიდა. რადგან ასეთი მდგომარეობა იყო, ჩემი აზრით, იმ ბეჭდიანად უნდა დაეკრძალათ. მაგრამ ჩემმა ქმარმა დაიჟინა, მოვხსნათო. ძალიან შეშფოთებული ვარ და განვიცდი, არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიკეთოს და მით უმეტეს, ატაროს ბეჭედი, რომელიც ადრინდელი პატრონის სასიკვდილო ტანჯვას „შეესწრო“. გამიგია, რომ გარდაცვლილის ნივთები მფლობელის ენერგიას ისრუტავს. მაგრამ ქმარს ამის გაგონებაც კი არ უნდა. არ სჯერა ასეთი რამეების - ცრურწმენა და სისულელეაო, - ამბობს. მე კი ისიც არ მინდა, ბეჭედი სახლში ინახებოდეს, რადგან, სიმართლე რომ ვთქვა, დედამთილთან მის სიცოცხლეში დიდად სახარბიელო ურთიერთობა არ მქონია. ბევრი ცუდი აქვს ჩემთვის გაკეთებული. თუ შეიძლება, დამეხმარეთ, რა უნდა გავაკეთო ასეთ დროსო?
- მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი, რადგან ბებიის სახსოვარი ბეჭედი მეც მქონდა, რომელიც უცნაურ ვითარებაში დავკარგე...
- ავუხსენი, რომ მესმის მისი შეშფოთების მიზეზი. მაგრამ ბეჭედი ანდერძით თქვენ ხომ არ გადმოგეცათ, ის თქვენი ქალიშვილის საკუთრებაა და მისი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა მით უმეტეს, რომ ბეჭედი საგვარეულო რელიკვიაა-მეთქი. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენი წლისაა გოგონა და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ბებიასთან. თუ მას ძალიან უნდა, რომ ბეჭედი დაიტოვოს და ატაროს, თუ მისთვის ის ძვირფასია როგორც ბებიის საჩუქარი, არ მიმაჩნია, რომ უფლება ჰქონდეს დედას, მას ეს აუკრძალოს. შეიძლება, სწორედ ეს ბეჭედი გახდეს გოგონასთვის ძლიერი მფარველი და შემწე ცხოვრების გზაზე და თუ ამას წაართმევთ, საკუთარ ქალიშვილს გარდაცვლილი ნათესავის მფარველობის გარეშე დატოვებთ-მეთქი. აქ მთავარი მემკვიდრის სურვილია - რას გადაწყვეტს: ატაროს ბეჭედი და დაიტოვოს ის, როგორც მემკვიდრეობა მომავალი შვილიშვილისთვის, ანდა თავიდან მოიშოროს - მაგალითად, გაყიდოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მეუღლე პრინციპულად უარზეა, გაყიდოს გარდაცვლილი დედის ბეჭედი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით ვურჩიო ყველას, რაც ვუთხარი კიდეც მაშინ იმ ქალბატონს: თქვენი ქალიშვილის სამემკვიდრეო ბეჭედი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ნეკროზული (სასიკვდილო) ენერგიისგან, თორემ მთელ სასიცოცხლო ძალას გამოაცლის-მეთქი. ყველანაირი წმენდა კი მილევადი მთვარის ფაზაში უნდა ჩატარდეს.
- როგორ უნდა გაიწმინდოს?
- არის რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის გაკეთებასაც რაიმე განსაკუთრებული ცოდნა და უნარი არ სჭირდება. „საბედისწერო“ ბეჭედი მარილით სავსე ქილაში ან ნებისმიერ სხვა ჭურჭელში მოათავსეთ 30 დღის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეჭედი მთლიანად დაიფაროს მარილით და ქილა ბნელ ადგილას დადგით. გამოიყენეთ ჩვეულებრივი, კერძის მსხვილად დაღერღილი, ან ზღვის კრისტალური მარილი. როგორც ცნობილია, მარილი ძალიან ეფექტურად ისრუტავს უარყოფით ენერგიას. გაწმენდას რომ დაამთავრებთ, გამოყენებული მარილი ნაგავში გადააგდეთ თავის ქილიანად. მეორე ხერხით, ბეჭედი საგულდაგულოდ, 30 წუთის განმავლობაში უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში. ბეჭედი მოათავსეთ დოლბანდის ტოპრაკში, ჩამოკიდეთ ონკანზე და გააჩერეთ წყლის ნაკადის ქვეშ. ამის შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა გააშროთ. სხვათა შორის, ერთი ჩემი ნაცნობი მაგი ნეკროზული ნეგატივისგან თავის სამკაულებს შემდეგნაირად წმენდს: მთელი 24 საათის განმავლობაში საყინულე კამერაში დებს. ამის შემდეგ კი ფანჯრის რაფაზე მზის აბაზანებით საშუალებით აშრობს, რაც დადებითი ენერგიით ავსებს სამკაულს. მსგავსი მეთოდი ასევე კარგია ნეგატივის გასანულებლად, თუ მას გამოიყენებთ კომპლექსური წმენდის დროს. გაწმენდას რომ დაამთავრებთ, ბეჭედი თითზე გაიკეთეთ, დახუჭეთ თვალები და დაუგდეთ ყური საკუთარ შეგრძნებებს. თუ თავს მშვიდად და ჰარმონიულად გრძნობთ, ესე იგი, გაწმენდის რიტუალმა კარგად ჩაიარა და შეგიძლიათ თავისუფლად ატაროთ თქვენი ბეჭედი, ის ვერავითარ ზიანს ვერ მოგაყენებთ. თუ სიმშვიდეს ვერ იგრძნობთ, მაშინ სპეციალისტს მიმართეთ, რადგან უფრო რთული რიტუალი დაგჭირდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან