ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა შეიძლება, მოჰყვეს წამიერ, მაგრამ გამყინავ მზერას „უწყინარი მეზობლისგან“ და როგორ უნდა დააღწიოთ თავი მისგან გამოწვეულ, ყოველწამიერად მზარდ უსიამოვნებებს

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 12.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ცხოვრებაში არის ზოგჯერ მომენტები, როცა გარშემო ყველაფერი ისეთი მშვენიერია, რომ გჯერა, ვერავინ და ვერაფერი დაარღვევს გამეფებულ იდილიას, მაგრამ... საკმარისია, გამოჩნდეს ერთი ადამიანი და ყველაფერი ირევა. ვინ არის ის, რატომ ერევეა შენს ცხოვრებაში, ან უკანვე როგორ უნდა დაუბრუნო თავისივე ბოროტება, ამ ყველაფერს შეიტყობთ ინტერვიუდან, რომლის რესპონდენტიც გახლავთ ეზოთერიკოსი, ბატონი გელა თ.

- ყველაფერი უფრო ნათელი და გასაგები რომ იყოს, თემას რეალურ მაგალითზე განვიხილავ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გადახდა თავს ჩემს ერთ-ერთ ახლობელს. როგორც ეს ქალბატონი ჰყვება, დილიდანვე ყველაფერი კარგად დაიწყო: საოცარი მზიანი დღე გათენდა, მსუბუქი განწყობა მხოლოდ ბედნიერებასა და წარმატებას ჰპირდებოდა - თითქმის შეუძლებელი გახლდათ, ეს ყველაფერი რაიმეს გაეფუჭებინა... მაგრამ, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მხოლოდ თავისი იქ ყოფნითა თუ ერთი მზერით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ რა მოხდა მერე და როგორ უშველა თავს ბებიის გამოცდილების გახსენებით, ამ ყველაფერს თანმიმდევრულად გიამბობთ.

- ძალიან საინტერესო ამბავია... და რა მოხდა შემდეგ?

- მზიანი ამინდი, მაცოცხლებელი ნიავი, მოკლედ, ყველაფერი სიხარულს მანიჭებდა და საუკეთესო ხასიათზე დავდექიო, განაგრძობდა ჩემი მეგობარი: „ჰოდა, ამ გასეირნების შემდეგ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, სადარბაზოსთან მეზობელს შევხვდი. უცნაური ქალია: რაღაცნაირად პირქუში, სულ უკმაყოფილო, განმგმირავი მზერით. თუმცა, ამჯერად სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ შემომხედა, მაგრამ ისეთნაირად, რომ მთელ ტანში გამცრა - იმდენად არ მესიამოვნა, რომ ერთიანად დამბურძგლა. თავიდან ამას არანაირი მნიშვნელობა არ მივანიჭე. რა მოხდა ისეთი, თარსი დღე ვის არ ჰქონია, ჩემს საქმეს მივხედო ჯობია-მეთქი, შემოვუძახე თავს და სახლში შევედი. თუმცა, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში უცნაურად შევიქენი: განწყობა გამიუარესდა, შფოთვა და გაღიზიანება ვიგრძენი. ჩემს საყვარელ ადამიანებს უმიზეზოდ ავუშარდი, ვბრაზობდი, ვჩხუბობდი, თუმცა ეს სულაც არ მომწონდა...“

- და ეს ყველაფერი იმ დღეს დამთავრდა?

- არა, „მეორე დღეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. საქმე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად წავიდა: კოლეგებმა თითქოს პირი შეკრეს ჩემ გასაღიზიანებლად, მთელი დღე დაძაბული ვიყავი. სახლში მოვედი და ქმართან და შვილებთანაც ვიკამათე, რაღაც წვრილმანებზე. ჩემ გარშემო ყველაფერი ცუდად მიდიოდა და ვერ ვხვდებოდი, რა დამემართა. ყოველდღიურად, უფრო და უფრო დაღლილი, ძალაგამოცლილი ვიყავი და თავს სიცარიელეში ვგრძნობდი... და აი, ერთ ღამესაც სიზმარი ვნახე...“

- მაგიური სიზმარი?

- მოუსმინეთ და თავად განსაჯეთ: „სიზმარში ისევ იგივე მეზობელი ვნახე. ჩემ წინ იდგა და ცხვირში რაღაცას დუდღუნებდა, რაღაც ავსა და ბოროტების მსურველს. მისმა სიტყვებმა შემამცივნა და შემაშინა. გაოფლილს გამეღვიძა და მივხვდი: ეს უბრალოდ დამთხვევა არ იყო. რაღაც აშკარად არ იყო რიგზე. მესამე დღეს ბებიაჩემის სიტყვები გამახსენდა. ყოველთვის მარიგებდა: თუ გრძნობ, რომ ვინმე ბოროტებას გიგზავნის, საკუთარ თავზე კი ნუ აიღებ, უკანვე დაუბრუნეო. თან, ისიც მასწავლა როგორ დავიცვა თავი ავის მზრახველის ბოროტი გზავნილისგან უძველესი, ჩურჩულით წარმოსათქმელი რამდენიმე სიტყვით და ამით სული გადავირჩინო. მეც გადავწყვიტე, მეცადა. რიტუალისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთიანი დუმილი და კონცენტრაცია დამჭირდა. ოთახში ჩავიკეტე, სანთელი ავანთე (თუმცა ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ მე უფრო დამამშვიდა) და დავიწყე. უპირველესად, თვალები დავხუჭე და ჩემ წინ სწორედ ის მეზობელი წარმოვიდგინე. მერე ხელები ისე შევატყუპე, თითქოს რაღაც უხილავი მეჭირა და ჩურჩული დავიწყე: „რაც შენია - ისევ შენთან მოფრინდება, სხვისი ცოდვა შენვე გაგანადგურებს, ჩემს თოვლივით სპეტაკ სულს კი დანაშაულის კვალი არ აჩნია, რაც ჩემი არ არის - უკვალოდ გაქრება“. ეს სიტყვები რამდენჯერმე გავიმეორე, თან, ვცდილობდი, მთელი ჩემი რწმენა და ნეგატივისგან თავის დაღწევის დაუოკებელი სურვილი ჩამედო მათში. ბოლოს ერთი ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და წარმოვიდგინე, როგორ ქრება მთელი სიმძიმე... სულ რამდენიმე წუთში შვებაც ვიგრძენი. თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა. რამდენიმედღიანი ტანჯვის შემდეგ, პირველად შევძელი მშვიდად დამეძინა.“

- და ყველაფერი გამოსწორდა?

- როგორც თავად ამბობს: „მეორე დღიდანვე ყველაფერი გამოსწორდა. სამსახურშიც უკეთ წავიდა საქმეები და სახლშიც სიმშვიდემ დაისადგურა. რაც მთავარია, თავი ისევ ძველებურად ვიგრძენი, ისევ ის ნინო ვიყავი. მერე კი, როცა იმ მეზობელს სადარბაზოსთან ისევ შევხვდი, მის მზერას აღარ შევუშფოთებივარ, საერთოდ არაფერი მიგრძნია. მივხვდი, მისი ბოროტება ვეღარაფერს დამაკლებდა.“ ამ მაგალითზე კარგად ჩანს, რა შეუძლია საუკუნოვანი გამოცდილებით დაგროვილ სიბრძნეს, რა მაგიური ძალა აქვს ჩურჩულით წარმოთქმულ სულ რამდენიმე სიტყვას. კარგად გააანალიზეთ, თავადაც ხომ არ ხართ მსგავს სიტუაციაში? თუ ასეა, არ მისცეთ სხვის ნეგატივს უფლება, თქვენი ცხოვრება დაანგრიოს. თუ ვინმეს ბოროტ მზერას ან შურს გრძნობთ, ნუ შეგეშინდებათ, თავი დაიცავით. გახსოვდეთ: ბოროტება ყოველთვის იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა... და ეს „ჩურჩული“ ნამდვილ ხსნად იქცევა თქვენთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა