რა ნივთები შედის დაწყევლილთა სიაში და როდის იწყებს საჩუქარზე გადატანილი ენერგეტიკული გზავნილი მის ადრესატზე მოქმედებას
ავტორი: ნანა წერეთელი 11:00 03.05
ფული და ჯანმრთელობა ვის არ უნდა, მაგრამ...სადაა?! - თუ კაცი ზარმაცი არ არის, დღედაღამ მუშაობს, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება მის ცხოვრებაში - რა არის ამის მიზეზი? - ეზოთერიკოსები უპირველესად, სახლში სხვა ადგილიდან და სხვების მიერ შემოტანილ საგნებს ასახელებენ, ასევე საჩუქრებსა და გარდაცვლილი ადამიანების ნივთებს. თითოეულს ცალ-ცალკე და დეტალურად განიხილავს ჩვენი სტუმარი - ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი ნ.
- რა „საჩუქრებს“ მოჰყვება თან უფულობა და ავადმყოფობა - დავიწყოთ სხვისი ნივთებით - არასდროს აიღოთ ისინი და ეს მხოლოდ ქურდობას არ ეხება. სხვისი ნივთი, მით უმეტეს, თუ მის პატრონს არ იცნობთ, ვერ გაიგებთ, რა ენერგიას ატარებს. მას შეუძლია, უნებურად, უბედურება მოგიტანოთ. ეგრეთ წოდებულ, დაწყევლილ საგნებს მიეკუთვნება - ნივთი, რომლის პატრონი თუ მომხმარებელი იყო უზარმაზარი სტრესის ქვეშ, მძიმე ავადმყოფი, უბედური შემთხვევის მსხვერპლი, ან სულაც, მოკლული. ანდა, რა იცით, მეორადი ნივთების მფლობელთა შესახებ? მახსოვს, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნივთები რომ ჩავაბარეთ, აზრადაც არ მოგვსვლია, დამატებით მარილიან წყალში გაგვევლო... თუმცა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით. რაც შეეხება ქუჩაში ნაპოვნ ნივთებს, ბევრია ისეთი, მაგალითად: თმის სამაგრი თუ ნახა, აიღებს და მაშინვე თმაზე დაიმაგრებს, მონეტას საფულეში შეინახავს... საფულეზე, ქამარზე, შარფსა თუ ხელთათმანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე არ შეიძლება! ნაპოვნი ნივთები: მონეტები, საფულეები, მძივები, სამკაულები შეიძლება ქრთამიც იყოს, რასაც არცთუ პატიოსანი გარიგებისთვის იყენებენ. ასევე, არ უნდა ატაროთ გარდაცვლილის ნივთები, ვინც არ უნდა იყოს ის თქვენთვის.
- აბა, რა უნდა ვუყოთ ახლობელთა სახსოვარს?
- ამ ნივთებს ახსოვთ პატრონი, მისი ენერგია, სიკვდილი და შესაბამისაც, სიკვდილის ენერგიასაც ატარებენ. თუ გარდაცვლილი დედის სვიტერს იცვამთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ, მაგალითად, მუდმივად ავად ხართ. შესაძლოა, სახლში სპეციალური ადგილი გაქვთ სამახსოვრო ნივთებისთვის. მაგრამ, გიფიქრიათ, რატომ არ ინახავენ ანტიკვარიატის დილერები თავიანთ კოლექციებს სახლში? იმიტომ, რომ ეს ეპოქის, რელიგიის, ადგილის, ენერგიათა ნაზავია! ასეთი „ნაკრები“ თუ სახლში გაქვთ, ნუღა იწუწუნებთ, რომ ყველაფერი ფუჭდება, ჭერი იბზარება, სულ რაღაც წკარუნებს... მაგრამ, თუ მართლა გინდათ მიცვალებულის სახსოვრად მისი რომელიმე სამოსი ჩაიცვათ ან სამკაული გაიკეთოთ, მაგალითად, ბებიის საყურეები, მაშინ გაწმინდეთ ის მარილში - შეინახეთ ცალკე და არა, თქვენს სამკაულებთან ერთად. ტანსაცმელი გადააკეთეთ, რაღაც შეცვალეთ მასში და ისე ჩაიცვით. წიგნებს თქვენი სახელი წააწერეთ და აღნიშნეთ, ვისგანაც გერგოთ. ასევე, გეკრძალებათ სასაფლაოდან რაიმეს არათუ წამოღება, უკან მიხედვაც კი.
- საჩუქარი რატომ უნდა იყოს საზიანო?
- საჩუქარი ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ საყვარელი ადამიანი ან ახლობელი გიძღვნით. თუმცა უმჯობესია, საჩუქარი პირადად მათგან მიიღოთ, ვისაც უსაზღვროდ ენდობით და არა, უცხო ადამიანებისა და დიდი ხნის უნახავი ნაცნობებისგან. ნივთს რომ ეხებით, ენერგეტიკული გზავნილი, რომელიც საჩუქარზეა გადატანილი, იწყებს მოქმედებას. მოულოდნელი საჩუქარი უცხო პირის ან თუნდაც, ყოფილი შეყვარებულისგან, ნაკლებად სავარაუდოა, გულწრფელი ან სიკეთის მომტანი იყოს. ამ დროს სთხოვეთ, საჩუქარი მაგიდაზე, თაროზე, ფანჯრის რაფაზე დადონ, თან ყურადღება მიაქციეთ თქვენს მდგომარეობას, გრძნობებსა და განწყობას! გაწვდიან ყუთს, იღიმებიან, სასიამოვნო სიტყვებს ამბობენ... როგორ გრძნობთ თავს ამ დროს? გსურთ აიღოთ, მოაშოროთ შეფუთვა, თუ რამე ხელს გიშლით? იქნებ მკლავი ან სხეულის სხვა ნაწილი გაგიკავდათ მოულოდნელად? ცუდ ხასიათზე ხართ? თუ ასეა, საჩუქარში ნეგატივია და თქვენზეა მომართული. ამიტომ, არ აიღოთ, თავაზიანად სთხოვეთ, სადმე დადონ. შეხების მომენტში, ნივთზე გამოყენებული პროგრამა დაიწყებს მუშაობას და ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ქმრის, სილამაზის, იღბლის წართმევა, ჩხუბი მეუღლესთან ან პარტნიორთან, ავადმყოფობა და ყველაზე ცუდი - სიკვდილიც კი. მოგვიანებით, როცა ის ადამიანი წავა, ხელთათმანებით გახსენით საჩუქარი და ნახეთ, რა არის. თუ მოგეწონათ, ერთი თვე მარილში მოათავსეთ, შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ. თუ არ მოგწონთ, მოიშორეთ - დაწვით. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბასრი საგნების, ბეჭდებისა და გულსაკიდის მიმართ და საკვებთან, როგორიცაა: ფუნთუშები ან შოკოლადი. თუმცა, ნებისმიერ მომხიბვლელ ნივთს შეუძლია ზიანის მოყენება. მაგალითად, „საჩუქრებს” საიდუმლო „თაყვანისმცემლებისგან”, რომლებიც ჩვეულებრივ, სახლში ახლო მეგობრებს შემოაქვთ და თავიდან ის შეუმჩნეველია. ეს ფარული და „საშიში საჩუქარი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგრამ ტრადიციულად: თმა, მიწა, ფრინველისა და ცხოველის ძვლები, ქსოვილის ნაჭრები, ფრჩხილები, ნემსები, ქინძისთავები, საყურეები და ბეჭდებია. სახლში ის შეიძლება გაზეთში, ხელსახოცში გახვეული ან ჩანთით შეუმჩნევლად შემოიტანონ. ამ დროს თუ დიასახლისი უყურადღებოა და არც დალაგება უყვარს, შეიძლება თვეების განმავლობაში იყოს მატყლის ფთილა დივნის ქვეშ, ერთი მუჭა მიწა შემოსასვლელ კართან, ნემსი კარის ჩარჩოში... სახლში კი წარუმატებლობებმა იჩინოს თავი - ვიღაცამ ფეხი მოიტეხა, თითი იღრძო, სამსახურში აერია საქმე, ხშირია ჩხუბი...
- რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?
- უპირველესად, არ შეეხოთ მას შიშველი ხელებით! გაიტანეთ გარეთ, დაწვით, დამარხეთ. გარეცხეთ და დაასუფთავეთ ბინა, აკმიეთ სანთელი ან აბზინდა. მიიღეთ მარილიანი შხაპი. თუ ზღურბლზე მიწა ეყარა, გაურეცხეთ ფეხსაცმელს ძირები. გაარკვიე, ვის შეეძლო ამის გაკეთება მათგან, ვინც იცის, სად ცხოვრობთ, რა გქვიათ და თქვენთან მოდის ხოლმე. ამ ყველაფერს კი იმისთვის აკეთებს, რომ რაიმე წაგართვას: ჩვეულებრივ, სიყვარული, ფული და თვით სიცოცხლეც კი. რაც შეეხება ფულს, მისი ენერგიის მოსაზიდად სახლში შესაბამისი ატრიბუტები იქონიეთ: ფულის გომბეშოს სტატუეტები, დაფნის ფოთლები, დარიჩინის ჩხირები. მთლიანობაში კი, გაუფრთხილდით სახლს და საკუთარ თავს. არ შეუშვათ შინ საეჭვო ადამიანები, არ დააგროვოთ ნაგავი და ნუ უარყოფთ მის ფიზიკურ და ენერგეტიკულ წმენდას. ბოროტ სულებს უყვართ ჩაბუდება ჭუჭყიან ჭურჭელში, ოთახის კუთხეებში, სადაც წლების განმავლობაში ათასნაირი სიბინძურე დაგროვდა, ანტრესოლსა და სარდაფებში. მოიქეცით ასე და თქვენს სახლში მუდამ ჯანსაღი ენერგეტიკა იქნება, რაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების შემოდინებას და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან