ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მატერიალური სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ ტკბილეულის სიყვარულმა და რატომ უნდა გამოაცხოთ სახლში ხშირად დარიჩინიანი ბლინები

№6

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 16.02, 2023 წელი

თაფლი
დაკოპირებულია

ამჯერად გაუმართლათ ტკბილეულის მოყვარულებს - ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით, მისი მიღება ათასი დაავადებისა თუ უსიამოვნების სათავედ რომ არის მიჩნეული, თურმე ნუ იტყვით და ზოგიერთი ტკბილი პროდუქტის მაგიურ ძალას სახლში მატერიალური კეთილდღეობის შემოტანა შეუძლია. დოვლათი და ბარაქა რომ არ გამოგელიოთ და ოჯახის წევრებს შორისაც იდილიამ და ჰარმონიამ დაისადგუროს, წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, შესაბამისი გამოყენების წესისა და რიტუალების განმარტებით. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი, მანანა პ.

- ეს თემა განსაკუთრებით ტკბილეულის მოყვარულ მსუნაგებს დაგაინტერესებთ, მით უმეტეს, თუ წარმოდგენილი პროდუქტების საშუალებით, რომლებიც, დიდი ალბათობით, ყველა ოჯახში მოიძებნება, სახლში სიმდიდრესა და ფუფუნებას „შემოიტყუებთ“. წარმოგიდგენთ ხუთი სახის ტკბილეულს, რომლებსაც სახლში ფული შემოაქვს. ასე რომ, მატერიალური თვალსაზრისით, ტკბილეულის მოყვარულობა არც ისე ცუდია.

- მაინც რომელია ეს პროდუქტი?

- დავიწყოთ თაფლით, რომელიც შრომისმოყვარეობის სიმბოლოდაა მიჩნეული და ძლიერი დადებითი ენერგეტიკა აქვს. ზოგ ქვეყნებში ამ პროდუქტს თავიანთი ღმერთებისთვის მსხვერპლთშეწირვის რიტუალებისთვის იყენებდნენ. ბევრგან კი იმდენად მნიშვნელოვან და ძვირფას პროდუქტად მიაჩნდათ, რომ ახალშობილის ოჯახის წევრები ბებიაქალებს მიართმევდნენ ხოლმე მომსახურების საფასურად. ძირითადად კი, თაფლის, როგორც ფინანსური კეთილდღეობის ერთგვარი მაგნიტის საშუალებით, ძლიერ მაგიურ რიტუალებს ატარებდნენ სიმდიდრის მოსაზიდად. ზოგ ქვეყნებში თაფლს კარის ანჯამებს უსვამდნენ და გულუხვად უმასპინძლდებოდნენ სახლის სულს, რათა მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. ასე რომ, თუ გინდათ, თქვენს ოჯახურ კერას ბარაქა და დოვლათი არ მოაკლდეს, სახლში გამოულევლად იქონიეთ ეს სასარგებლო პროდუქტი. თანაც, ხომ იცით, თაფლი როგორ უხდება ბლინებს?! ასე რომ, ძალიან კარგი იქნება, თუ მას ხშირად გამოაცხობთ, თან დარიჩინიანს.

- რატომ მაინცდამაინც დარიჩინიანს?

- ამის ახსნა ძალიან მარტივია - დარიჩინს უძლიერესი ენერგეტიკა აქვს, რაც თავის მხრივ, ზრდის სასიცოცხლო ძალას. ამ თითქოსდა უბრალო სანელებელს შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ არა მარტო ფინანსურად, არამედ მეორე ნახევრის მოძებნაშიც დაგეხმაროთ. არსებობს ლეგენდა, რომ დარიჩინის მაგიური შესაძლებლობები მითიური ფრინველის, ფენიქსის ფერფლიდან აღდგომას უკავშირდება. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, სწორედ ამ ხის ტოტებზე გაჩენილი ცეცხლისგან იშვა ფენიქსი ხელახლა. ამიტომაც იყო, რომ იმ დროიდან მოყოლებული, ცდილობდნენ, ჯიბით დარიჩინის რამდენიმე ჩხირი მაინც ეტარებინათ, რათა მის მაგიურ სურნელებას დახარჯული ფული, ფენიქსივით, კვლავ უკან დაებრუნებინა. დავუბრუნდეთ ისევ ბლინებს, რომელიც მზის პრინციპის პერსონიფიკაცია და გაზაფხულის შემოსვლის სიმბოლოა. ამიტომ, ამ ორი უძლიერესი ენერგეტიკული საწყისის - მზისა და სასიცოცხლო ძალის შერწყმა, ავსებს საცხოვრებელს დადებითი ენერგიით. დარიჩინს დაუმატეთ მწიკვი მუსკატის კაკლის ფხვნილი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის შესაძლებლობებს. თანაც, ასე შეკაზმული ბლინების მომზადების პროცესიც სიყვარულით სავსე უნდა იყოს, რათა სახლის ენერგეტიკაზე ამ ყველა ინგრედიენტის ჰარმონიული ზეგავლენა არ შეფერხდეს. განსაკუთრებით საგულისხმოა ჩვენთვის, რომ კეთილდღეობის სიმბოლოა ასევე, ყურძენი და ვაზი. საქართველოში, სადაც გაშენდა პირველი ვენახი და დაიწურა პირველი ღვინო - მისდამი მოწიწება და თაყვანისცემა უხსოვარი დროიდან მოდის, მით უმეტეს, როცა ის შემოსავლის ძირითადი წყარო გახლდათ ადგილობრივებისთვის. ასე რომ, არც ტრადიციას უღალატებთ და თან, გაგამდიდრებთ კიდეც, თუ სამზარეულოში ლარნაკით ვაზის ყლორტს დადგამთ. ოღონდ აუცილებლად გაზაფხულზე უნდა მოჭრათ, როცა ვაზი აქტიური ზრდის ფაზაში გადადის. მისი ენერგეტიკა სახლში მატერიალური დოვლათის ზრდას შეუწყობს ხელს.

- მთავარი „დამნაშავე“ - შაქარი თუა ჩვენთვის სიმდიდრის წყარო?

- არის და თანაც, როგორი - ფინანსური ზრდის ნამდვილი გარანტი. განსაკუთრებულია შაქრის მაგიური ძალა სახლში სიმდიდრისა და ოჯახური ბედნიერების დასამკვიდრებლად. ეს პროდუქტი სრულიად საპირისპიროა მარილისა, რომლის დაბნევისას ჩხუბისთვის ვემზადებით. კუთხეებში გაბნეული შაქარი კი, პირიქით, ოჯახურ კერას ჰარმონიულს ხდის. ამიტომაც იყო, რომ ადრე ჩვენი წინაპრები შაქარს მაგიური შელოცვებისა და რიტუალებისთვის იყენებდნენ. ამიტომ, თუ გინდათ, რომ სახლში ბედნიერებამ დაისადგუროს, მაგიდაზე რაფინირებული ნატეხი შაქრით სავსე საშაქრე დადგით. არანაკლები ჯადოსნური ძალა აქვს კანფეტებსაც. ბავშვების ამ უსაყვარლეს ნუგბარს თქვენს ჯიბეში არსებული ფულის რაოდენობაზეც კი შეუძლია, იმოქმედოს. ამისთვის კი საჭიროა, კანფეტი უბრალოდ, ბალიშის ქვეშ დამალოთ. აიღეთ ქაღალდის ფურცელი და ზედ ის თანხა დაწერეთ, რაც თქვენი ფინანსური პრობლემის გადასაწყვეტად არის აუცილებელი. შემდეგ ეს ფურცელი კონვერტში ჩადეთ კანფეტთან ერთად, სულერთია, იქნება ეს შოკოლადი თუ სხვა სახის და ღამით, მზა კონვერტი ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დილით ეს „ჯადოსნური“ კონვერტი „ბალიშის სამალავიდან“ გამოიღეთ ისეთ ადგილას შეინახეთ, სხვისგან დაფარული რომ იყოს. იქ კი დატოვეთ მანამ, სანამ „აღთქმულ“ თანხას არ მიიღებთ. მერე კი, როცა ფული თქვენამდე მოვა, კონვერტი სახლში აღარ გააჩეროთ. სადმე მიწაში ჩაფალით ან მდინარეში გადააგდეთ. გისურვებთ წარმატებასა და „ტკბილ ცხოვრებას“!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა