ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიური თვისებებით ხასიათდება საიუველირო ქვები და რომელი მათგანი მიიჩნევა სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდ

№33

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 25.08, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რწმენას, ქვების ჯადოსნური თვისებების შესახებ, ხალხურ გადმოცემებში ასახული საუკუნოვანი გამოცდილება უდევს საფუძვლად. შესაბამისად, ადამიანიც თავს უკეთ გრძნობს გარკვეული თვისების მქონე ქვის ტარებისას. ამჯერად განვიხილავთ, თუ რა გავლენას ახდენს ძვირფასი ქვების ტარება მის მფლობელზე და როგორ უნდა ამოიცნოთ, თუ შერჩეული ქვა თქვენი შესაფერისი არ არის. ეზოტერიკოს, ბატონ გივი ს-თან ერთად განვიხილავთ რამდენიმე პოპულარულ ძვირფას ქვას და მათ მაგიურ თვისებებს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქვების მაგიური თვისებები დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად ქვებზე, არამედ მათი მოპოვება, დამუშავება, შენახვის პირობებზე. მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ გარკვეულ ადგილებში მოპოვებულ ქვას, უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ვიდრე სხვაგან მოპოვებულს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვების მაგიურობა იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ ვინაა მისი მფლობელი - ერთისთვის წარმატების მომტანი, სხვისთვის შეიძლება სრულიად არაეფექტური იყოს. თუმცა უმეტესობა და განსაკუთრებით საიუველირო ქვები, თავისი სილამაზითა და კეთილშობილებით უხსოვარი დროიდან რომ იპყრობდა ყურადღებას, დადებითად მოქმედებს ადამიანზე. გარკვეული თვისებების მქონე ძვირფასი ქვების ტარება ადამიანს თავდაჯერებას მატებს, სტრესსა და შფოთვას ამცირებს და წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანია. სხვადასხვა ქვას სხვადასხვა ენერგეტიკული თვისება და შესაძლებლობები აქვს, რის მაგიურ პრაქტიკაში გამოყენებაც შეიძლება.

- ალბათ, ყველაზე ძლიერი ალმასია?

- ალმასი სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოა. ამიტომაც იყენებენ მას ხშირად ჯადოსნურ პრაქტიკაში, რათა დასახული მიზნებისა და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს მის მფლობელს. ალმასს და შესაბამისად, მისი დამუშავების შედეგად მიღებულ ბრილიანტს, ასევე, აქვს მძლავრი დამცავი ენერგია, რომელიც უარყოფითი ზეგავლენისა და უსიამოვნო ემოციებისგან იფარავს პატრონს. გარდა ამისა, ბრილიანტი განიხილება ზნეობისა და სიწმინდის სიმბოლოდ, ამიტომ მას იყენებენ მაგიურ რიტუალებში, რომელიც განწმენდასა და სულიერ განვითარებას უკავშირდება. სიმდიდრისა და კეთილდღეობის ქვად კი ტოპაზი მიიჩნევა. შესაბამისად, ის ხელს უწყობს მფლობელს, წარმატებას მიაღწიოს სარფიან გარიგებებსა თუ საქმიან წამოწყებებში, რაც გამდიდრებისა და კეთილდღეობის საფუძვლად იქცევა და გააძლიერებს მის ფინანსურ მდგომარეობას. ტოპაზი ასევე, უარყოფითი ემოციებისგან ათავისუფლებს პატრონს და შეუძლია, შიში და შფოთვა პოზიტიური ენერგიით ჩაუნაცვლოს. ძოწი ენერგიისა და ვნების ქვაა - შესაბამისად, თავისი მფლობელის ცხოვრებაში მეტი ენერგია და ვნება შეაქვს, რაც თავისთავად, მის სექსუალურ პოტენციას აუმჯობესებს. ძოწი ასევე, საუკეთესო შემწეა დეპრესიასთან ბრძოლის დროს და ამაღლებს გუნება-განწყობას.

- როგორც დედოფლების შესამკობელი, ძალიან მაინტერესებს, რა გავლენას ახდენდა მარგალიტის მაგიურობა მათზე?

- მარგალიტი ქალური სიბრძნისა და ინტუიციის სიმბოლოა და შესაბამისად, სწორედ ამ უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მარგალიტის ტარებით, ფართოდ აღიარებული „ქალური ინტუიცია“ იმატებს, მძაფრდება აღქმის უნარი და პარალელურად, ძლიერდება ქალური ენერგიაც. მარგალიტი - ზღვის ეს ულამაზესი და ძვირფასი საჩუქარი, ასევე განიხილება მშვიდობისა და ჰარმონიის სიმბოლოდ. ამიტომ მას შეუძლია, დაგეხმაროთ სტრესის გამკლავებასა და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში. მალაქიტი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ქვაა და შესაბამისად, მისი სამკაულად ტარება ადამიანს სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებასა და ყოფითი კეთილდღეობის მოპოვებაში ეხმარება. აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის სიცოცხლისუნარიანობას. კეთილდღეობის თვალსაზრისით კი, მალაქიტი, როგორც სიმდიდრის სიმბოლო, მატერიალური დოვლათის შექმნაში ეხმარება თავის მფლობელს. ცირკონი კი, სიწმინდის ქვაა და ასევე, საუკეთესო დამცავი საშუალება. ადამიანს ის ნეგატიური ემოციებისა და ენერგიისგან გათავისუფლებაში ეხმარება და ასევე, იცავს მავნებლებისგან.

- როგორც აღნიშნეთ, ეს გავლენაც ინდივიდუალურია, მაშ როგორ გავიგოთ შესაფერისია თუ არა არჩეული ქვა ჩვენთვის?

- არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ქვა სწორად არ გაქვთ შერჩეული და ეს ხდება მაშინ, როცა: არ გრძნობთ მისი ყიდვის საჭიროებას; გსურთ ქვის ყიდვა ან მისი თან წაღება, მაგრამ ხელში აღებისას გიჩნდებათ დისკომფორტი, დახრჩობის შეგრძნება, სიმძიმე მუცელში, მსუბუქი თავბრუდახვევა ან სხვა მსგავსი რამ; ორ განსხვავებულ მინერალს შორის გიჭირთ არჩევანის გაკეთება და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი უფრო მოგწონთ. დატოვეთ ორივე - გარკვეული დროის შემდეგ (ერთი დღე, ორი, მთელი კვირა) კი, პასუხი თავისთავად მოვა. თანაც, ერთ ქვას თუ რაღაც კონკრეტულ საკითხში შეუძლია დახმარება, მეორე სულ სხვა საქმეში წაგადგებათ. მაგალითად, ერთი მინერალი თუ თქვენს ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, მეორე ბიზნესში ან კარიერაში გაგიმართავთ ხელს. ამრიგად, ერთი და ორი კი არა, გარკვეული რაოდენობის ქვები შეგიძლიათ შეაგროვოთ ცალკეული ცხოვრებისეული შემთხვევისთვის; იმ შემთხვევაში, თუ მინერალი მოიპოვეთ ან იყიდეთ, მაგრამ სახლში მიტანისას, შინაგანი ხმა გიკარნახებთ, რომ არ უნდა ატაროთ - დაუჯერეთ ინტუიციას. დაბოლოს, აუცილებლად თავიდან მოიშორეთ ქვა, თუ მისი სახლში მიტანიდან გარკვეულ პერიოდში: ჩხუბი, სკანდალები დაიწყო ოჯახში, თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს ჯანმრთელობა შეგერყათ, ანდა პრობლემები შეგექმნათ სამსახურში, ბიზნესში. ეს ნიშნავს, რომ ქვა ან ძალიან ძლიერია თქვენთვის, ან უარყოფითი ენერგია მოაქვს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ასეთი შემთხვევებიც ხდება. შესაძლოა, ეს ქვა ოდესღაც შავ მაგიაში გამოიყენეს ან გეოპათოგენურ ზონაში იყო და უარყოფითი ენერგიებითა და პროგრამებითაა გაჯერებული. ანდა უბრალოდ, ამ ქვის ენერგია არ შეესაბამება თქვენსას და თქვენი ოჯახისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა