ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიური საფრთხეა ჩამალული ფეხსაცმელში და რატომ არ შეიძლება მისი ნაგავში გადაყრა

№47

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 29.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ამჯერად ერთ საინტერესო და არც თუ უვნებელ ფაქტს შევეხებით, რომელიც დღეს ასე მოდურ, სხვადასხვა საიტიდან ფეხსაცმლის ყიდვა-გაყიდვას ეხმაურება. ასე ბევრი იძენს სხვის ფეხსაცმელს - ბრენდულს, კარგად მოვლილს, რომელიც შეიძლება ახალიც კი გეგონოს, სამაგიეროდ, ღირებულება ხელმისაწვდომია... და რა არის ამაში ცუდიო, იკითხავთ. რა და... ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, ერთი შეხედვით, ამ უწყინარ და საჭირო ნივთში მაგიაა ჩამალული. დღეს ეზოთერიკოსი ბატონი ვანო ც. აგვიხსნის, თუ რატომ არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ტარება.

- ბევრი ხალხური მინიშნებაა ასოცირებული ფეხსაცმელთან. ზოგი წარსულის გადმონაშთია, ზოგი აბსოლუტური სისულელე, მაგრამ ზოგი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. ფეხსაცმელი არ არის მხოლოდ სამოსის ნაწილი, ის ჩვენი გზის ნაწილია, რომლითაც ცხოვრებას გავდივართ და საკუთარ კვალს ვტოვებთ როგორც დედამიწაზე, ისე ბედში. ამიტომ, სხვისი ფეხსაცმლის ტარება ნიშნავს სხვისი ენერგიით სხვის გზებზე სიარულს.

- მაშ რა ვუყოთ ძველ ფეხსაცმელს?

- ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ გაცვეთილ, დახეულ ფეხსაცმელს ავადმყოფობა და უბედურება მოჰქონდა. მაგრამ ნაგავში მისი გადაგდებაც საშიშია, რადგან არ იცი, ვინ აიღებს და რა მიზნით. ძველი ფეხსაცმლის მოსაშორებლად, ის ცეცხლში უნდა ჩააგდოთ და თქვათ: „ცეცხლში ჩაიწვი და ყველაფერი თან წაიღე”. ცეცხლი განწმენდის ელემენტადაა მიჩნეული და მის ალში გავლილი ფეხსაცმელი ვეღარ დააზიანებს ყოფილ მფლობელს. თუ ფეხსაცმელი წესიერად გამოიყურება, შეიძლება მისცეთ გაჭირვებულს, მაგრამ წინასწარ გაწმენდის რიტუალი უნდა ჩაუტაროთ. სუფთა წყალში გარეცხეთ და თქვით: „ჩემი იყო, ახლა არავისია“. ამ გზით ფეხსაცმელი ყოფილ მფლობელთან კავშირისგან თავისუფლდება და უკვე აღარაა საშიში, რომ ვინმე მის კარმას აიღებს.

- გარდაცვლილის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება?

- გარდაცვლილის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ეს პირდაპირი გზა იყო სიკვდილისკენ. როცა ადამიანი მიცვალებულის ფეხსაცმელს იცვამს, თითქოს მის კვალს მიჰყვება, იმავე სიბნელეში მიდის, საიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდება. არის კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება. როცა სხვის ფეხსაცმელს იცვამ, იქნება ეს ჩუსტები თუ ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ჩექმები, თითქოს სხვის გზას ადგახარ. ბევრი არც კი ფიქრობს, რომ ფეხსაცმელი წინა მფლობელის ისტორიას ინახავს. თუ ეს ადამიანი იტანჯებოდა, იყო უბედური და წარუმატებელი, ეს მისი გზაა, რომლის მორგებასაც საკუთარ თავზე ცდილობთ. ხელ-ფეხი ჩვენი ბედის ინდიკატორია. ფეხების ტკივილი გვაფრთხილებს: იმის მაგივრად, რომ საკუთარ გზას მივყვეთ, ვაკეთებთ იმას, რაც არ გვეხება. სხვისი ფეხსაცმელი სხვისი გზა და კარმაა, რომელსაც ყოველთვის ვერ გაუმკლავდები. ამასთან დაკავშირებით ოთხი გოგონას ისტორიას გიამბობთ, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩემს პრაქტიკაში. სხვადასხვა რაიონიდან დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულმა ოთხმა გოგონამ ერთი ბინის დაქირავება გადაწყვიტა. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, იმედითა და ამბიციებით სავსე და თითოეული ცდილობდა, საკუთარი გზა ეპოვა ახალ ადგილას. გოგონებს საკუთარი ჩუსტები ჰქონდათ ჩამოტანილი და ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ერთ დღეს ისეთი რამ არ მოხდა, ერთი შეხედვით, წვრილმანს რომ ჰგავს: ვიღაცას სხვა ოთახში დარჩა ჩუსტები, ვიღაცამ ნაჩქარევად სხვისი ჩაიცვა და კარის გასაღებად გაიქცა... ასე შეუმჩნევლად დაიწყეს ჩუსტების ერთმანეთში გაცვლა. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. თითქოს საერთო ბედით დაიწყეს ცხოვრება. ერთის პრობლემა ყველას პრობლემად იქცა, სიხარული – საერთო სიხარულად, ხოლო უბედურება – საერთო ტვირთად. ამ გოგონების ბედი თითქოს ძაფის ერთ გორგალში აიბლანდა და მათი სავალი გზები გაერთიანდა. ისინი კარგსაც და ცუდსაც ოთხად იყოფდნენ ისე, რომ ვერც კი ხვდებოდნენ, თითოეულის ცხოვრება ფეხდაფეხ რომ მიჰყვებოდა ერთ უცნაურ და არაპროგნოზირებად მარშრუტს. თითქოს სხვისმა ფეხსაცმელმა შეკრა მათი გზები და ყოველი გადადგმული ნაბიჯი იყო არა მხოლოდ ერთის, არამედ - დანარჩენებისაც.

- სტუმრად ფეხსაცმლის გამოცვლაზე რას გვეტყვით?

- ბევრი მასპინძელი სტუმარს ჩუსტებს სთავაზობს: ფეხი რომ არ გაგიცივდესო. მაგრამ, მაგიის თვალსაზრისით, ეს კატეგორიულად არასწორია. სხვისი ფეხსაცმელი სხვა ადამიანის ენერგია და გასავლელი გზაა. ვისაც ეს კარგად ესმის, არასდროს მოგთხოვთ მისი ჩუსტების ჩაცმას. ფეხსაცმლის ენერგია მისი მფლობელის გზის ნაწილია. ძველ ფეხსაცმელს ხშირად იყენებენ რიტუალებში: მათი საშუალებით შესაძლებელია ავადმყოფობისგან თავის დახსნა, უბედურების მოშორება ან მისი სხვაზე გადატანა. ტყუილად კი არ ამბობენ, ოთახში ცალი ფეხსაცმლით არ იარო, ტრავმას და უბედურებას იწვევსო. ჩვენი სამოსის თითოეული ელემენტი ატარებს ენერგიას, მაგრამ ფეხსაცმელი განსაკუთრებული გამტარია. შესაბამისად, მისგან თვითდაზიანებაც კი შეიძლება მიიღოთ. თუ ადამიანი გეტყვით, ცხოვრებაში ჩემი გზით არ მივდივარო, ჰკითხეთ: ეცვა თუ არა სხვისი ფეხსაცმელი. ძალიან ხშირად ეს არ არის ვინმესგან განზრახ გაკეთებული, ეს უფრო თვითდაზიანებაა, რომელიც უცოდინრობითა და დაუდევრობითაა გამოწვეული. ადამიანი, რომელიც სხვის ფეხსაცმელს იცვამს, თითქოს სხვისი ბედის, აზრებისა და გრძნობების გამოცდას ცდილობს. ის ეფლობა სამყაროში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის გზაზე, რომელიც მისთვის არ არის განკუთვნილი. ამ გზაზე ის შეიძლება გადააწყდეს სხვის გაჭირვებას, უბედურებასა და შიშებსაც კი, რომელიც უკვე მის ცხოვრებას ეჯაჭვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა