ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს მფლობელზე ძვირფასი ქვები და რატომ იფარავდნენ ინდოელი ქალები სხეულის ღია ნაწილებს სამკაულებით

№24

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 23.06, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ბეჭედი, მძივი, სამაჯური, ძეწკვი, ჯაჭვი, საყურეები, ყელსაბამი... აქედან რომელიმე მაინც ხომ გაქვთ და წარმოიდგინეთ, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, სხვა სამკაულმა - მკვეთრად შეცვალოს თქვენი ბედი, ზოგმა კი, პირიქით, კეთილდღეობა მოგიტანოთ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვა, კრისტალი ამკობს თქვენს სამკაულს. როგორ უნდა შეარჩიოთ ძვირფასი ქვა სამკაულისთვის, რომ მისგან სარგებელი თუ არა, ზიანი მაინც არ მიიღოთ; ან რა ხერხს უნდა მიმართოთ, უკვე დაბინძურებული კრისტალის გასაწმენდად, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი მარინა დ.

- უძველესი დროიდან ირთვებოდნენ ქალები სამკაულებით, მაგრამ მაშინ ამას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა - პატრონის დაცვა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს უძველესი გამოცდილება დაიკარგა და სამკაულებს ჩვენთვის ახლა წმინდა ესთეტიკური დანიშნულება აქვს. ძველთაგანვე ყველა ქვეყანას თავისი დამოკიდებულება და ტრადიციები ჰქონდა სამკაულების მიმართ, მაგრამ ინდოეთში მან საკულტო მნიშვნელობა შეიძინა. ბუნებრივი ქვებით შემკული ინდური სამკაულები სიმდიდრისა და ნაყოფიერების, სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლოა. მათი მოტივების უმეტესობა ბუნებას უკავშირდება. მაგალითად: სპილო ძალისა და საიმედოობის, ლომი - სიდიადის, თევზი კი კეთილდღეობის სიმბოლოა. სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე სამკაულის შეხება აძლიერებს ქალის ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) წერტილებს. თანაც, რადგან ტრადიციებისამებრ, ქალმა თავისი სხეული არ უნდა გამოფინოს, ინდოელი ქალის სხეულის ყველა ღია ნაწილს სამკაულებით ფარავდნენ...

- რა გავლენის მოხდენა შეუძლია სამკაულის თვალს ჩვენზე?

- თითოეულ ცოცხალ ქვას თავისი სპეციფიკური ენერგია აქვს, ამიტომ მისი ტარებისას საჭიროა რამდენიმე წესი დაიცვათ. მაშ ასე: ყველაზე მნიშვნელოვანია ქვის უნაკლო სისუფთავე - ასეთ თვალს შეუძლია მფლობელი ისეთი საფრთხეებისგან დაიცვას, როგორიცაა: დემონების ზეგავლენა, გველების, შხამისა თუ დაავადებათა ზემოქმედება, ცოდვის ჩადენის ცდუნება; დაზიანებულ ქვებს კი, საპირისპირო ეფექტი აქვს. ასევე, აუცილებელია ქვების გაწმენდა, რადგან მათში უარყოფითი ენერგია გროვდება - შეძენისთანავე ქვა შეგიძლიათ, გაწმინდოთ ღამით მარილიან წყალში. დაიმახსოვრეთ, ყოველგვარი მინარევებისგან თავისუფალი ძვირფასი ქვა, რომელსაც ბუნებრივი შინაგანი ბზინვარება აქვს - იღბალს მოგიტანთ; გატეხილს ან გაბზარულს მინარევებითა თუ ჩანართებით, რომელიც არც ბზინავს, დაბურული ან უხეშია, მხოლოდ უბედურება მოაქვს და არ უნდა გამოიყენოთ. ამიტომ, ახალი ქვა გაკეთებამდე, ხელისგულში მოიქციეთ და ეცადეთ, იგრძნოთ - თქვენია ის თუ არა. დააკვირდით, როგორ მოქმედებს ის თქვენზე და რა გრძნობებს აღგიძრავთ. მისი ტარებისას ყური უგდეთ საკუთარ სხეულს: თუ ადრინდელზე სწრაფად იღლებით, ღიზიანდებით ან თავს ცუდად გრძნობთ, უმჯობესია, უარი თქვათ მასზე.

- რომელი ძვირფას ქვები კურნავს თავის მფლობელს?

- ძვირფას და ნახევრად ძვირფას ბუნებრივ ქვებს უნიკალური კრისტალური საფარი აქვს, რაც ადამიანში აჩენს ნდობას მათი ჯადოსნური და სამკურნალო თვისებების მიმართ. კრისტალები ათასწლეულების განმავლობაში აგროვებენ და შემდეგ ასხივებენ დედამიწის ენერგიას, ქმნიან სივრცით ჰარმონიას, მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ძველად ნებისმიერი დაავადების წყაროდ ენერგეტიკული „მოსახლეები“ მიაჩნდათ, რასაც დამცავი ქვების საშუალებით კურნავდნენ. გავიცნოთ ეს უნიკალური ქვები, რომელთაგან პირველი აკვამარინია. ეს კრისტალი საუკეთესო მკურნალია ყელის, ბრონქების, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ბუნებრივი აკვამარინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ამ ქვით შემკული სამკაულები ხშირად გამოიყენება როგორც თილისმა. მარგალიტი ბევრ კულტურაში ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის ქვადაა მიჩნეული... და არც უმიზეზოდ! თუ დალევთ წყალს, რომელშიც მარგალიტებია ჩაყრილი, ორგანიზმში მჟავატუტოვანი ბალანსი აღდგება, რადგან პათოგენური ვირუსები და მიკრობები ტუტე გარემოში არ მრავლდებიან! გარდა ამისა, ძველად მარგალიტით მკურნალობდნენ დიაბეტის, შაკიკისა და ქალას შიდა წნევის დარღვევებს. კიდევ ერთი გამორჩეული კრისტალია კატის თვალი (მწვანე კვარცი და ყვითელი ქრიზობერლი). მისი გავლენა ყელის ჩაკრაზე უტყუარ მტკიცებულებებს ეფუძნება და შესაბამისად, რეკომენდებულია, ატაროთ მისი გულსაკიდი, მძივი ან ყელსაბამი. ის მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის ყველა დაავადებას და უმკლავდება ბრონქულ ასთმასა და ტონზილიტს. როგორც ხედავთ, ეს ქვა შეუფასებელია. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი” ქვაა აქატი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობისაა. მათგან ყურადსაღებია თეთრი, წითელი და შავი მინერალი. თეთრი აქატი, როგორც ახალგაზრდა სხეულის მფარველია, ბავშვების სიახლოვეს უნდა ინახებოდეს. ის ხელს უწყობს გაციებისა და მძიმე ინფექციების მკურნალობას. წითელი აქატი გულსა და სისხლის დაავადებებს კურნავს. ყველაზე ძლიერი და მრავალმხრივი თილისმა კი შავი აქატის სამკაულებია, რომელიც კომპლექსურად იცავს მფლობელს ნებისმიერი დაავადების, ბოროტი თვალისა და ცუდი ენერგიისგან.

- რა თვისებებს მატებს ცალკეული ქვა მფლობელს?

- ლალი თავდაჯერებულობას, ლიდერის თვისებებს, ჯანმრთელობასა და მხიარულებას სძენს პატრონს; მარგალიტი - სილამაზეს, სათნოებას, ქალურობასა და დედობრივ ინსტინქტს; მარჯანი - გამბედაობას, პრინციპულობას, პასუხისმგებლობის უნარს; ზურმუხტი - ინტელექტს, კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას; ბრილიანტი - სილამაზეს, სიყვარულს, სტილის გრძნობას, ქალურობას, არტისტულობასა და კრეატიულობას; ყვითელი საფირონი - სიბრძნეს, სულიერებას, კეთილდღეობას, ფინანსებს, თანაგრძნობას, ენთუზიაზმსა და რწმენას; ლურჯი საფირონი - სერიოზულობას, პუნქტუალობასა და გეგმაზომიერებას; კატის თვალი - გამძაფრებულ ინტუიციასა და მაგიურ შესაძლებლობებს. ყველა ენერგიის ჰარმონიზაციისთვის კი შეგიძლიათ, ნავარატნას (ცხრა ძვირფასი ქვა) სამკაულები ატაროთ, რომელიც დამზადებული უნდა იყოს სუფთა, ბუნებრივი ქვებით ან მძივებით და დამუხტული - სპეციალური მანტრებით. ასე რომ, ფრთხილად იყავით ბუნებრივ ქვებთან - შესაძლოა ავად ხართ და მიზეზს ვერ ხვდებით, „დამნაშავე“ კი ბეჭდის თვალია, რომელიც არ უნდა ატაროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა