რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე კონკრეტული სტიქიის ქვეშ დაბადება
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.03, 2021 წელი

ძველი აღმოსავლური ჰოროსკოპის კალენდრის მიხედვით, დროის ნებისმიერ მომენტში დედამიწაზე 5 სტიქიიდან ერთ-ერთი ბატონობს – მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი ან ლითონი. ეს სტიქიები არა მარტო ბუნებაზე, არამედ, ადამიანების ხასიათზეც ახდენენ გავლენას. ისინი, განსაზღვრავენ ჩვენს სულიერ ორგანიზებას, ჩვევებს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისა და ნივთების მიმართ. სტიქიების გავლენის მიხედვით, ადამიანები 5 ჯგუფად იყოფიან:
1 – მიწა: მიწის ელემენტის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 9 და 8) საიმედოები და მომთმენები არიან. მიწის ძალა, მათ ახლობლებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას ანიჭებს. ისინი ამბიციურები და იდეალისტები არიან. პრობლემებს ეტაპობრივად, ფხიზელ გონებაზე აგვარებენ. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. კონსერვატიული ხასიათის წყალობით, საკუთარი რესურსების გონივრულად გამოყენება შეუძლიათ. კარგი ურთიერთობა აქვთ ფულთან. ემოციებს არ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება აქვთ, რომ სხვებს უყვარდეთ. ყველაზე მეტად გაურკვევლობა აშინებთ.
მათი მოღვაწეობის სფეროებია: ვაჭრობა, ლანდშაფტის დიზაინი, დაზღვევა, არქიტექტურა, მეცნიერება, სტატისტიკა. სეზონი – ყველა, რადგან მიწა არის პასუხისმგებელი სეზონების ცვლილებებზე.
სტიქიის ფერი – ყვითელი.
მგრძნობიარე ორგანო – საჭმლის მომნელებელი სისტემა, კერძოდ, ელენთა და კუჭი.
2 – ცეცხლი: ცეცხლის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 7 და 6) თავგადასავლების მოყვარულები არიან, აქტიურები და ენერგიულები, აქვთ ორატორობის, ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორობის ნიჭი. ვერ იტანენ მარტოობას, ზედმეტად მიჯაჭვული არიან ოჯახის წევრებზე. საკუთარ თავში დარწმუნებულები, ჭკვიანები და მეგობრულები არიან, ამასთან, მეტისმეტად ემოციურები, მოუთმენლები, ეგოისტურები და ამბიციურებიც.
ეს ადამიანები ყველაზე ხშირად მასწავლებლის და ექიმის პროფესიას ირჩევენ. ხშირად ხდებიან ხელმძღვანელები, სამართლიანობისთვის მებრძოლები, ლიდერები და ორგანიზატორები.
სეზონი – ზაფხული.
ფერი – წითელი.
მგრძნობიარე ორგანო – გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
3 – ხე: ადამიანები, რომლებსაც ხის სტიქია მფარველობს (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 5 და 4) ელეგანტურები, არტისტულები, კრეატიულები, შრომისმოყვარენი, ამასთან, ხელგაშლილები და პრინციპულები არიან. საკუთარი თავის რწმენა მათი ხასიათის საუკეთესო თვისებაა. ერთგული მეგობრები არიან და აქვთ თანაგრძნობის უნარი. საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას იღებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ.
ხის სტიქიის ადამიანებს შორის წარმატებული ფერმერები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები და მწერლები არიან. სეზონი – გაზაფხული.
ფერი – მწვანე.
მგრძნობიარე ორგანო – ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი.
4 – წყალი: წყლის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 3 და 2) მომხიბვლელები და გულისხმიერები არიან, აქვთ თანაგრძნობის უნარი. ძალიან ჭკვიანები და კრეატიულებიც არიან, ასევე, დამოუკიდებლები და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესიას ითვისებენ. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, თუმცა სხვების გავლენის ქვეშაც ექცევიან.
წყლის ადამიანების მოღვაწეობის იდეალური სფერო ბიზნესი და ხელოვნებაა.
სეზონი – ზამთარი.
ფერი – შავი.
მგრძნობიარე ორგანო – ძვლები და გამოყოფის სისტემები.
5 – ლითონი: ლითონის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 1 და 0) სიცოცხლისუნარიანები და დამოუკიდებლები არიან, რაც ძლიერი ხასიათით არის განპირობებული. მიზანდასახულები და მოწესრიგებულები არიან. ყოველთვის და ყველაფერში იცავენ ბალანსს. გამოირჩევიან საიმედოობით და სიმტკიცით. მიზნისკენ მიისწრაფვიან და ყველა პრობლემას მარტივად აგვარებენ.
დაბადებით სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან, ამიტომ მათი მოღვაწეობისთვის საუკეთესო სფერო იურისპრუდენციაა. ისინი კარგი ადვოკატები და პოლიტიკოსები გამოდიან. წარმატებული კარიერის გამო მზად არიან, უარი თქვან პირად ბედნიერებაზე.
სეზონი – შემოდგომა.
ფერი – თეთრი.
მგრძნობიარე ორგანო – ფილტვები და სასუნთქი სისტემა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან