ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ძალის მონიჭება შეუძლია მარჯვენა მაჯაზე შებმულ სამ სხვადასხვა ფერის შალის ძაფს და როგორ მივიღოთ პასუხი სამყაროსგან ნებისმიერ ყოფით კითხვაზე ჭიქა წყლის საშუალებით

№49

ავტორი: ნანა წერეთელი 10:07 11.12, 2020 წელი

მაჯაზე შებმული ძაფის
განმარტება
დაკოპირებულია

წითელი ძაფი რომ  ბევრს აქვს შებმული ხელზე, დიდი მტკიცება არ სჭირდება - თავი რომ დავანებოთ ნაცნობ-მეგობრებსა და ხალხს - ქუჩაში, ტელევიზიის ეკრანიდანაც ხშირად ჩანან ასეთი „სამაჯურით“ მაჯა დამშვენებული სელებრითები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამგვარი სამაჯურის გავლენა ადამიანის კეთილდღეობაზე ძაფის შეფერილობას უკავშირდება. მათგან, რომელი რისგან დაგიცავთ, ან რა მაგიური გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენს რჩეულზე წითელი ძაფით „დაბმამ“ და ასევე, როგორ მიიღებთ პასუხს უმნიშვნელოვანეს კითხვაზე სამყაროსგან ჭიქა წყლის საშუალებით - ამ ყოველივეზე სათანადო განმარტებებით, გვიამბობს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლაურა ს. 


- წითელი ძაფი მაჯაზე თუ თქვენს ხელშეუხებლობასა და უვნებლობას უზრუნველყოფს ხულიგნებისა და არაკეთილმოსურნეთაგან; ნარინჯისფერი და ყვითელი - შურიანი ადამიანისგან, გათვალვისა და ჯადოსგან დაგიცავთ.

- მწვანე სამაჯური, გარდა იმისა, რომ ფულიან საქმეში წარმატების გარანტია, ასევე, ქურდებისა და თაღლითებისგანაც დაგიცავთ. ცისფერი და ლურჯი დაგაჯილდოებთ ინტუიციითა და საუბრის წარმართვის უნარით. ასე რომ, თუ ურთიერთობების გაბმა გიჭირთ, გაიკეთეთ აღნიშნული ძაფებისგან სამაჯური და ის თქვენ სასიამოვნო მოსაუბრედ გაქცევთ.

- იისფერი ძაფი დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ სახიფათო სიტუაციებს და დაგიფარავთ უბედური შემთხვევებისგან. ის დაეხმარება ასევე, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რადგან ეს ფერი აადვილებს სწავლის პროცესს და ადამიანს უღვივებს ცნობისწადილს, სწრაფვას - ყოველივე ახლისადმი და ანვითარებს მეხსიერებას.

- მარჯვენა მაჯაზე შემოხვეულ სამ შალის ძაფს (შეიძლება სხვადასხვა ფერიც იყოს) კი, შეუძლია, ძალების აღდგენა და გაჯანსაღება. რაც მთავარია, ძაფები უნდა განასკვოთ შვიდჯერ, თითოეული ნასკვი ცალკეულ სულიერ განზომილებას აღნიშნავს. ნასკვი კი აუცილებლად იმან უნდა გაგიკეთოს, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და თქვენც ბოლომდე ენდობით.

- რა კავშირი აქვს წითელ ძაფს შეყვარებულის „დაბმასთან“?

- შეყვარებული არ რეკავს და არც გწერთ? შეგიძლიათ, ის ძაფით „შეკრათ“. თუ როგორ? - ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებ.

ორ გაუთხოვარ დაქალთან ერთად, მსუბუქ „ფართიზე“ ჩემთან შევიყარეთ - ხაჭაპურსა და ტკბილეულს ცოტა ლიქიორიც რომ მივაყოლეთ, ჭორაობაც რომ მოგვბეზრდა, წავაწყდით ვიდეოს, სადაც ქალი მამაკაცის „შესაბმელ“ ხრიკებზე ლაპარაკობდა: ტრუსები ჭაღზე რომ უნდა გადაფინო და მსგავს სისულელეებზე.

სხვა საქმე რომ არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, „გვეკაიფა“. ინსტრუქცია ასეთი იყო: აიღებ ფურცელს, ზედ გარკვევით დაწერ შენთვის საინტერესო მამაკაცის სახელსა და გვარს, დაკეცავ, შემოახვევ წითელს ძაფს და ტანსაცმელზე ისე მიიმაგრებ, რომ იატაკზე კუდივით დაგთრევდეს - სიმბოლოდ იმისა, რომ ფურცელზე მოხსენიებულმა ობიექტმაც ასევე გდიოს კუდში.

ჩვენგან პირველმა ეს ყველაფერი გაიმეორა ლალიმ, რომელმაც შაბათს ბარში სიმპათიური ახალგაზრდა გაიცნო და ახლა, ხუთშაბათს დაწერა მისი სახელი და გვარი. არ გასულა 2 საათიც, რომ იმ მამაკაცმა მოსწერა (გაითვალისწინეთ, რომ ბარში შეხვედრის შემდეგ არცერთხელ არ შეხმიანებიან ერთმანეთს 5 დღის განმავლობაში). ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩვენზე - ამ 30 წელს გადაცილებულ ქალებზე, რომ მიუხედავად იმისა, კარგა ხანია, გათხოვილი ვარ, მეც გავაკეთე იგივე. იმ დროს ჩემი ქმარი მივლინებაში იყო და იშვიათად ახერხებდა დარეკვას. ჰოდა, დავწერე თუ არა მისი სახელი ქაღალდზე და ძაფზე კუდივით გამოვიბი, სულ რაღაც ნახევარ საათში დამირეკა. თან, მითხრა: რომ ძალიან ვუყვარვარ და ვენატრები. ძალიან გამიკვირდა, რადგან უკვე დიდი ხანია, სიყვარულში აღარ გამომტყდომია. ნამდვილად მაგიამ იმოქმედა.

- ჭიქა წყლით ქვეცნობიერის მართვას როგორღა შევძლებთ, იქნებ ესეც აგვიხსნათ?

- ჭიქა წყლის საშუალებით შეიძლება, მიიღოთ პასუხი ნებისმიერ ყოფით კითხვაზე. პარაფსიქოლოგია გვასწავლის, როგორ ვიმუშაოთ საკუთარ ქვეცნობიერზე და სხვადასხვა მეთოდით ვმართოთ ის. თუ ადამიანი მოახერხებს ქვეცნობიერის დაქვემდებარებას, ტექნიკა არათუ იმუშავებს, არამედ ჭეშმარიტად შეცვლის მის ცხოვრებას. საკმარისია, მხოლოდ მისი გონივრულად გამოყენება.

ახლა განვიხილავთ მედიტაციის მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია ერთადერთ მომენტზე - შინაგანად ადამიანს აქვს გიგანტური პოტენციალი, ხოლო მთელი სამყაროს სიბრძნე დაბადებისთანავე თან დაჰყვება. მთავარია, მხოლოდ ამ ძალისა და სიბრძნის გაღვიძება.

დავუბრუნდეთ ისევ ჭიქა წყალს, რომელიც ხსენებულ მეთოდთაგან ერთ-ერთია: ძილის წინ აიღეთ ჩვეულებრივი მინის ჭიქა და აავსეთ წყლით. მერე დაიჭირეთ ხელში და გონებით რაიმე მნიშვნელოვანი ჰკითხეთ, რაზეც პასუხი გჭირდებათ. ამასთანავე, კითხვა აუცილებლად უნდა იყოს: მოკლე, მკაფიო, ზედმეტი ფიქრისა და ორაზროვნების გარეშე. აზრი ჩამოაყალიბეთ სწრაფად, პირდაპირ და ნათლად - როგორიც მზის სხივია.

შემდეგი ნაბიჯია: წყალი აუცილებლად დალიეთ (ნახევარი ჭიქა) და საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ეს ქმედებები საჭიროა, სამყაროსგან გზავნილის მისაღებად.

ამის მერე დასაძინებლად დაწექით, ოღონდ მანამდე ჭიქაში დარჩენილი წყალი ოთახში დატოვეთ. შეგიძლიათ საწოლის გვერდით იატაკზე ან ტუმბოზე დადგათ. გზავნილი კი სიზმრად მოვა. თუ ასე მოხდა, დილით ჭიქაში დარჩენილი წყალი დალიეთ და სამყაროს მადლობა გადაუხადეთ. მაგრამ თუ არ „გაცისკროვნდა“, ის წყალი მაინც უნდა დალიოთ და თავსაც იგივე სიტყვები გაუმეოროთ. შემდეგ მთელი დღე გაატარეთ ჩვეულებრივ, ოღონდ უყურადღებოდ არ დატოვოთ არცერთი დეტალი. შეიძლება გონება უეცრად „გაგიცისკროვნდეთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა