ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა დაუბარა ანდერძით დავით აღმაშენებელმა შიომღვიმელ ბერებსა და საქართველოს მომავალ მეფეებს

№45

ავტორი: გაიოზ მამალაძე 20:00 17.11

დავით აღმაშენებელი
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დაახლოებით, 1123-1124 წლებში შირვანში ლაშქრობის წინ დავით აღმაშენებელი ასულა შიომღვიმის მონასტერში, მამა შიო მღვიმელის საფლავთან სალოცავად და გამარჯვების შესავედრებლად. უხილავს მისი ბრძანებით წამოწყებული ეკლესიის მშენებლობა დასრულებულად და მიუღია იქაური მამების დალოცვა. იქვე წერს: „სასომან და განმანათლებელმან ჩემმან, ბერმან არსენი, მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა“.

პირველ რიგში, შიომღვიმის მონასტრისადმი ანდერძში ჩვენი ხელმწიფე, თავისი ცხოვრების ერთგვარ შეფასებას გადმოსცემს, კარგად იცის, რომ საოცარ, „მიუწვდომელ“ წარმატებებს მიაღწია მოღვაწეობისას და წარმატებების წყაროდ უფლის წყალობა მიაჩნია.

„ვინათგან მსთვა მან წყალობად და სულგრძელმან მხედველობათა შინა ცოდვათასა და წყალობითა სიყვარულისა თვისსა მიმართ მიმზიდველმან ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩვენნა მიუწვდომელნი ქველისმოქმედებანი, რომელთათვის ყოვლად უმადლოè ესე, ჯერისაებრ ვერმმადლობელიცა არა მომიძაგა და არა დააცადა ჩვეულებითი წყალობაè დღესდღემდე უგბილსა სულსა ზედა“.

აღნიშნულ წყალობათაგან ერთ მაგალითზე ქვემოთ მოგითხრობთო: „რომელთა კერძოი რაიმე და ურიცხვთაგან ერთი მიზეზად თხრობისავე მივსცე თხრობასა“.

მემკვიდრეს, თანამებრძოლებს, შთამომავლებს ამცნობს ჩვენი ხელმწიფე, რომ მისი მეფობა ღვთის განგებულებად, ღვთისგან მიღებულ დავალებად მიაჩნია, თავმდაბლად არაღირსეულად თვლის თავს იმ წყალობებისთვის, რაც უფალმა სიტკბოებით უბოძა: „თვით იგი ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა, თვისითა რაèთამე განგებითა არა უღირსმჩენელმა შარავანდსა შინა პატიოსანსა უპატიოებისა ჩემისამან, აქაითგანვე აღიღო ხელი სიტკბოებითა თვისითა განძღებად ჩემდა“.

საკუთარი სასწაულებრივი გამარჯვებების შემოქმედად, მისი მტრების დამამარცხებლად მეფეთა მეფეს ანუ უფალს თვლის: „და თვით მეფე მეფეთაè იქმოდა საჭირველთა უჭირველად: ცხადთა წინააღმდგომთა განგებულისა თვისისათა მისცემდა მოსასრველად; იდუმალთა, კვალად ზაკვისა თვის შორის მფარველთა, არა შეუნდობდა სიცბილად, რომელთა თანად თვით მიიღეს ზაკვისა მათისათვის საცთური“.

შემდეგ, შიომღვიმის მონასტრისადმი ანდერძში ჩვენი მეფე გვიამბობს, დაახლოებით, 1103-1104 წლების ამბავს, დიდაზნაურ ძაგანისა და მისი ძმის, მოდისტოს (რომელიც მღვდელმთავრობიდან გადააყენეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე) მეფის (პატრონის) და ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. დანაშაულები არ აპატია მათ უფლის სამართალმა და დავამარცხეო.

როგორც ჩანს, დაახლოებით, 1103-1104 წლებში, დავით მეფეს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ძაგანმა. მეფემ ზედაზნის ციხე აიღო. დამარცხებული ძაგანი შიომღვიმეში გაიქცა დასამალად, შეიძლება, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად. შიომღვიმეში მოღვაწე ბერები, რა თქმა უნდა, ქვეყნის ერთიანობისა და მეფის ერთგულები იყვნენ. მათ დააკავეს და მეფეს გადასცეს დამნაშავე დიდაზნაური, რისთვისაც უფალს ადიდებდა მეფე და წმიდა შიო მღვიმელის საფლავს ეთაყვანა: „და ძაგანი, მღვიმეს შელტოლვილი, მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულება? აჩვენეს ჩვენდა მომართ მამათა მემღვიმეთა, რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაè. მადლობად აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და თაყვანის ვეც ღმერთშემოსილისა წმიდისა მამისა შიოის საფლავსა“.

მონასტერში იხილა მონასტრის წინამძღვარი მიქაელ მემღვიმე და პატიოსანი ბერები, გაიხარა წმიდა ადამიანებისა და სამოთხის მსგავსი სავანის ხილვით.

მოიხმო წმიდა არსენ ბერი და გულისწადილი განუცხადა: „მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოè ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაè, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა“.

დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მონასტერს განუახლა ძველ მეფეთა წყალობანი და სამეფოდ გამოაცხადა, გაათავისუფლა ბეგარისგან, ბაჟისგან, ყველასგან და ყოველგვარი ვალდებულებებისგან, ანდერძით დიდი ფულადი სახსარი დაუტოვა მონასტერს, უბოძა მამულები, აჩუქა ძვირფასეულობა, სამსახურებელი, საეკლესიო ნივთები, გადასცა მრავალი ცხვარი და საქონელი, დაუნიშნა მომსახურე პერსონალი, სარჩო და ღვინო. დაიბარა, იქვე ახალაშენებულ ტაძარში, რომელსაც „ჩემს ეკლესიას“ უწოდებს, დავანებულიყო ქრისტეს ჯვრის ნაწილისგან დამზადებული მისი წმიდა ჯვარი და ორი სკივრი წმიდა ნაწილებისა და მომავალში არავის არაფერი დაეკლო შიომღვიმის მონასტრისათვის.

შიომღვიმის მონასტერში იმ დროს მოღვაწე და მომავალში მოღვაწე ბერებს კი დაუბარა, მისთვის ელოცათ (ილოცონ):

„წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებლად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული (ღვინის ჭურჭლის ზომა – გ. მ.) მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ:

„უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი!“

ასევე, ყოველ დღესასწაულზე „მემსგეფსე ყოველთა კვირიაკეთა ჩემთვის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამაè მემღვიმე მას დღესა სერსა (საღამოს სადღესასწაულო ვახშამს – გ. მ) უყოფდეს“.

დაიბარა მეფემ, მისი გარდაცვალების დღე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნონ: „რომელსაცა დღესა ჩემი განყოფაè იქმნეს ხორცთა ამათგან უბადრუკთა და მრავალმცოდველთა, ღამისთევაè და ლოცვაè ყონ ყოველმან სიმრავლემან, და მას დღესა ჟამისწირვაè ჩემთვის აესრულებოდის“.

ამავე ანდერძში საქართველოს მომავალ მეფეებსა და მმართველებსაც მიმართა ჩვენმა დავით აღმაშენებელმა:

„და თქვენ, შემდგომად მომავალნო მეფენო!

ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შეჰგვედრებ წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩვენსა, რომელ არ სირცხვილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან, მოიხსენნეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს ვის გაარყუნევით კულა მას დიდებულსა ლავრასა!“

დავით აღმაშენებლის ანდერძში შიომღვიმისადმი მეფის მხრიდან სხვა სურვილიც ჩანს, გარდა იმისა, რომ მისი სულის ცხონებისთვის და მეფეებისთვის ილოცონ, ჩვენი ხელმწიფე შიომღვიმის საღვთისმეტყველო-სალიტერატურო სკოლის განვითარებაზეც ზრუნავდა. საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო საქმიანობას მხარდაჭერა სჭირდებოდა მეფეთაგან და შეუვალობა, თავისუფლება.

ანდერძის ბოლოს დავით მეფე ითხოვს მისი ანდერძის შესრულებას და ხოლო ანდერძის დამრღვევის ან შიომღვიმის მონასტრის შემაწუხებლის დასჯას ღვთისგან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, მამა შიოსგან და ამბობს: „სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი