ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა დამსახურება მიუძღვის ვახტანგ მალაყმაძეს თურქეთის ეთნიკური ქართველებისა და სამშობლოს წინაშე

№52

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 04.01, 2023 წელი

ვახტანგ მალაყმაძე
დაკოპირებულია

XX საუკუნის თურქეთის ეთნიკურ ქართველთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ახმედ მელაშვილის თანამებრძოლს, საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს ვახტანგ მალაყმაძეს, რომლის თურქული სახელია ჰაირი ჰაირიოღლუ.

ვახტანგ მალაყმაძის წინაპრები, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, სოფელ ჩიქუნეთიდან წასულან მუჰაჯირებად და დასახლებულან ბურსის ვილაიეთის ინეგოლის რაიონის სოფელ ხეირიეში (ჰაირიე). სოფელი ხეირიე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით არის დასახლებული. დაარსდა XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველ მუჰაჯირთაგან.

1936 წელს სოფელ ხეირიეში აჰმედ მალაყმაძესა და მის მეუღლეს, აიშეს შეეძინათ ვაჟი – ვახტანგი. ვახტანგის გარდა, მშობლებს სამი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ – სერვეთი, საამი, ალი, სულთანი. ვახტანგი 1960 წელს სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლაში შევიდა სასწავლებლად და მისი დამთავრების შემდეგ, სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. პარალელურად, ვახტანგ მალაყმაძე სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ის იყო არაერთი ქართული საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, ბევრს მუშაობდა ქართული კულტურის გადარჩენისათვის.

ვახტანგ მალაყმაძემ ქართული ლაპარაკი ოჯახში ისწავლა. ბავშვობაში გულისყურით უსმენდა თანასოფლელთა საუბარს საქართველოზე, სწავლობდა ქართულ ხალხურ ლექსებსა და სიმღერებს. ყველგან ქართული ლექსისა და სიმღერის ახმიანებას ცდილობდა. გადაწყვიტა, ქართული ფოლკლორის ქაღალდზე გადატანა და მისი დაფიქსირება ლათინური გრაფიკით სცადა. მიხვდა, რომ ლათინური ანბანი სრულად ვერ გამოხატავდა ქართული მეტყველების თავისებურებებს და ინეგოლის რაიონის ბიბლიოთეკებსა და არქივებში ქართული დამწერლობის, ქართველებისა და ქართული კულტურის შესახებ მასალების ძიება დაიწყო. ადგილობრივ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, დავიწყებისგან გადაარჩინა ქართველთა მუჰაჯირობის ისტორია, გამოავლინა ადგილობრივ მოღვაწე ქართველთა ბიოგრაფიები, მოიძია გამორჩეული ქართველების საფლავები, ძეგლით შეამკობინა, რომლებზეც ამოტვიფრულია ამ მოღვაწეთა ღვაწლი და დამსახურება.

სტამბოლის ცენტრში ქართულ კათოლიკურ სამონასტრო კომპლექსის კედელზე მან შემთხვევით თვალი მოჰკრა ქართულ წარწერას. ვახტანგ მალაყმაძე გაეცნო მონასტრის წარმომადგენლებს და სთხოვა ქართული ანბანისა და წიგნების ჩვენება. მონასტრის ბიბლიოთეკაში ძალიან სწრაფად შეისწავლა ქართული ანბანი და სულ მცირე ხანში ქართულად წერაც დაიწყო.

ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენის მიზნით, ახმედ მელაშვილი, ვახტანგ მალაყმაძე და მათი თანამოაზრეები XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყებენ აქტიურ მუშაობას. 1968 წელს ახმედ მელაშვილის თაოსნობით გამოიცა თურქულად დაწერილი კრებული „გურჯისტანი“. მასში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და ფოლკორის შესახებ. კრებულში შევიდა ვახტანგ მალაყმაძის მიერ თარგმნილი იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“. ასევე, ვახტანგ მალაყმაძემ მოამზადა, თურქულად თარგმნა და გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები”. წიგნი ორტომეულის სახით დაიბეჭდა და გამოცემისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ვახტანგ მალაყმაძე დიდი ხანი მუშაობდა საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1997 წელს გამოიცა მის მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას „საქართველოს ისტორია“. წიგნი განმეორებით 2000 წელს გამოსცეს. 1998 წელს და განმეორებით 2005 წელს გამოიცა ვახტანგ მალაყმაძის მიერ მომზადებული, შედგენილი და თურქულად თარგმნილი ნაშრომი სახელწოდებით „ტრაპიზონიდან აფხაზეთამდე – აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ხალხების ისტორია და კულტურა“.

ვახტანგ მალაყმაძე ასევე იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. ის ქართული იდენტობისა და კულტურის გადარჩენისკენ მიმართული ყველა კეთილი წამოწყების მონაწილე, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში, ინიციატორც იყო. თავად მუსლიმი გახლდათ, მაგრამ ნებისმიერი საზოგადოებრივი შეხვედრის დროს ავითარებდა აზრს, რომ მთავარი ქართველების ერთიანობაა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებულობისა.

ვახტანგ მალაყმაძე საქართველოში რამდენჯერმე მოიწვიეს. პირველად 1977 წელს ესტუმრა ისტორიულ სამშობლოს. იგი მონაწილეობდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმებში, ილიასა და აკაკის საიუბილეო საღამოებში. 1960 წელს ვახტანგ მალაყმაძემ დაწერა ლექსი - „ბედნიერების მათხოვრები”, რომელიც მთელ თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ლექსზე დაიწერა მუსიკა, რომელიც 60-იანი წლების პოპულარულ სიმღერად იქცა.

ვახტანგ მალაყმაძემ წელიწად-ნახევარი იშრომა ლაზთა ისტორიისა და წარმომავლობის საკითხების კვლევაზე. ერთ-ერთი პირველი ნაშრომი, რომლითაც თურქული საზოგადოება და თავად ლაზები გაეცნენ ლაზთა ისტორიის, წარმომავლობისა და კულტურის საკითხებს, იყო ვახტანგ მალაყმაძის მიერ თურქულად თარგმნილი და 1992 წელს გამოცემული მუჰამედ ვანილიშისა და ალი თანდილავას „ლაზების ისტორია“. ამ ნაშრომის გავრცელებით დაიწყო ლაზთა ტრადიციული კულტურის შენარჩუნებისათვის ბრძოლა და აღნიშვნა იმ ობიექტური რეალობისა, რომ ლაზთა ეთნოგენეზის ისტორია ქართველთაგან განუყოფელია.

ვახტანგ მალაყმაძის მეუღლე ეთნიკურად ქართველი იყო. ჰყავდათ სამი შვილი. 1987 წელს გაუკვეველ ვითარებაში დაიღუპა მათი 17 წლის ვაჟი – გიურქანი. მეორე ვაჟს – ვაჟა (გიურჯა) მალაყმაძეს სამი შვილი ჰყავს: არჩილი, თამარი და ლაშა. ქალიშვილი ნესტანი (ნესრინი) ქართველზეა გათხოვილი და ორი შვილი ჰყავს.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვახტანგ მალაყმაძემ მხედველობა დაკარგა. ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო. გარდაიცვალა 2002 წელს. 2017 წელს ვახტანგ მალაყმაძის არქივი და ბიბლიოთეკა გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს კი ჰაირი ჰაირიოღლუს სახელი მიენიჭა.

გამოყენებული მასალების წყარო: გუჯეჯიანი, როზეტა. ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუს) (1936-2002 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები; გუჯეჯიანი, როზეტა. ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე თურქეთში; გუჯეჯიანი, როზეტა. ეთნოკულტურული პროცესები ბურსის რეგიონის (თურქეთის რესპუბლიკა) ეთნიკურ ქართველთა შორის; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა