რა არსებები უსახლდებიან ადამიანს ბიოველზე და რის და ვის წინააღმდეგ იყენებენ ისინი „მეზობლის“ ენერგიას
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 15.03
სულში რაღაც (ეშმაკი) ჩაუსახლდაო, იტყვიან ხოლმე მავანზე, მაგრამ მისგან დაცული არავინაა. დღეს თუ ნათელი და სუფთა პიროვნება ხართ, ხვალ შეიძლება, მიცვალებულთა, ბნელი არსებების ან დემონის „მეზობელი“ გახდეთ - თქვენს ბიოველზე ისე შემოიჭრან, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ და თან, ათასი უსიამოვნება და უბედურება მოგიტანონ. რა არის ბნელ არსებათა ადამიანის ბიოველზე „ჩასახლების“ მიზეზი, რა ნიშნების მიხედვით უნდა ამოიცნოთ და შემდეგ თავიდან მოიშოროთ ისინი, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაკა ლ.
- ადამიანმა საკუთარ ბიოველზე ბნელი ძალები შეიძლება თავადვე მოიზიდოს და ამის მიზეზი ცუდი კარმა ან უარყოფითი თვისებები იყოს. ასეთი „მეზობლები“ კი ძალიან მძიმე ტვირთია და დროზე უნდა მოიშოროთ. თავად არსად წავლენ, თქვენ კი მათი წყალობით, ვამპირად იქცევით გარშემო მყოფთათვის. რადგან საკმარისი ენერგია არ გაქვთ, სხვისგან იტაცებთ, თან ისე, რომ თვითონაც გეყოთ და „იმ ბიჭსაც”. თუმცა ვამპირიზმი ყოველთვის ქცევით როდი ვლინდება. ზოგი ნორმალურად იქცევა, მაგრამ რაღაც წვრილმანები მაინც იჩენს თავს გარშემო მყოფთა გასაღიზიანებლად.
- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ, რომ ჩვენს ველზე „მტრის ბანაკია“?
- არსებობს ადამიანთა რამდენიმე ტიპი და პირველი მათგანი ამას ავლენს: ქედმაღლობით, ამპარტავნებით, განდიდების მანიით. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მას, ისეთი არაფრისთვის მიუღწევია, სხვებზე უკეთესი და გამორჩეული იყოს, მაგრამ, თითქოს რაღაც ძალა (ჩასახლებულები) აძლევს უპირატესობის უფლებას. მეორე ტიპის საქციელი ერთგვარი მუქარაა: ვინც მაწყენინებს, დილამდე ვერ იცოცხლებსო, რაც დემონებისა და ბნელი არსებების შთაგონებით ხდება და არცთუ უსაფუძვლოდ. სხვის ველზე „ჩასახლებული“ უწმინდური არსებები „მასპინძლის“ ენერგიას აგროვებენ და სხვებზე თავდასხმისთვის იყენებენ. თავად დემონებს საკუთარი ენერგია არ აქვთ და ყველაფერს „ოკუპირებული“ პირის ძალებით აკეთებენ, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს ამაზე, თუმცა ზუსტად იცის, რომ მიზანს არ ააცდენს და ამიტომაც იქცევა ასე თავხედურად. მესამე ტიპი - გამუდმებით აგვიანებს, თუმცა ამისთვის ბოდიშს არ იხდის, მოურიდებლად აწყვეტინებს სხვას საუბარს, კითხვას სვამს, პასუხს კი არ უსმენს... ასეთი წვრილმანი უსიამოვნებებისთვის თითქოს არც უნდა გაბრაზდე, მაგრამ ურთიერთობა მოსაბეზრებელი და არაკომფორტული ხდება. რაც შეეხება მეოთხე ტიპის „დემონჩასახლებულს“, თავის სარკაზმით გაღიზიანებულსა და გაბრაზებულ მოწინააღმდეგეს, ხშირად იმით „ამშვიდებს“, რომ იხუმრა: „მოგეჩვენა, ცუდი არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ, ფსიქიკა არ გაქვს მთლად წესრიგში“. ამიტომ, თუ „მსხვერპლის სინდრომი“ გაქვთ, „დემონებიანი“ ადამიანი უბრალოდ მაგნიტივით გიზიდავთ. ხომ გაგიგონიათ: მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო. გაწუხებთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებთ და ურთიერთობას ისევ აგრძელებთ. ყველაზე ნათელი ნიშანი კი იმისა, რომ თავს „დემონებიანი“ პიროვნება გესხმით, მოულოდნელი უსიამოვნებები, დაავადებები, უბედური შემთხვევები და ტრავმებია, რაც მასთან ჩხუბსა თუ უთანხმოებას მოჰყვება. შესაძლოა, ამ დროს გაღიზიანება, გაბრაზება, მტრობა არც კი გამოგიხატავთ, მაგრამ შინაგანად იგრძენით. ამ შემთხვევაშიც დარტყმას ელოდეთ - „ისინი“ არა მხოლოდ თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებზე რეაგირებენ, არამედ აზრებზეც. მთავარია, არ შეგეშინდეთ. ისინი თქვენს ნაკლოვანებებზე „მუშაობენ“ და თუ თავადვე შეუწყობთ ხელს შიშის, ნეგატივის, გაღიზიანების ჩამოყალიბებას, ეს უბედურებას გამოიწვევს. ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ ნურც კონფლიქტის პროვოცირებას ეცდებით. უბრალოდ, შეუმჩნევლად დატოვეთ ის და აღარ დაუკავშირდეთ. ვამპირების დამშვიდება, შეწყნარება შეუძლებელია. ისინი თქვენზე არ ბრაზდებიან, მხოლოდ საკვები ხართ მისთვის.
- თუ აღმოჩნდა, რომ თავად ვართ „ჩასახლებულთა“ „მასპინძელი?“
- ეს არცთუ იშვიათია, როცა მათი „მსხვერპლი“ კარგი, ნორმალური ადამიანებიც არიან და ამის შემჩნევა არ არის რთული. თუ თქვენში მკვეთრად იმატა ამპარტავნების, პრეტენზიულობის, უკმაყოფილების, მრისხანების გამოხატვამ - დიდი ალბათობით, ეს ბნელ არსებათა გავლენაა. მოიშორეთ ეს ფიქრები და გრძნობები და ისიც წავა - სამყაროსადმი ყოვლისმომცველი მიმღებლობისა და სიყვარულის მაღალ ვიბრაციას ვერ გაუძლებს.
- როგორ დავაღწიოთ მათ თავი?
- მათგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან არსებობს რამდენიმე ტიპი. სიაში პირველია: საგვარეულო დემონები, რომლებიც მემკვიდრეობით გერგოთ და კლანის მფარველებადაც კი მიიჩნევიან - ბევრი ეზოთერიკოსი მათთან მეგობრობასაც გირჩევთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ „ისინი“ მუდმივად გჭამენ, ხასიათს გიფუჭებენ და კონფლიქტებს იწვევენ; შემდეგია გარდაცვლილი ნათესავი ან საყვარელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდითაა: გელაპარაკებათ, გპასუხობთ, გრძნობთ, რომ მარტო არ ხართ და ეს სიახლოვე შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ცხოვრებაში გქონდათ მასთან. ასეთ „მეზობლობაში“ კი, როცა ორნი ერთსა და იმავე სასიცოცხლო ნაკადზე სხედან, ხდება სწრაფი დაბერება, ძვლები მყიფდება და იწყება იმუნიტეტის პრობლემები; ზოგი გარდაცვლილი შეიძლება სიყვარულის კი არა, ვალის გამო „ჩაგისახლდათ“, ან პირდაპირ თუ ირიბად, მის სიკვდილში ხართ დამნაშავე. მას შეუძლია, „იცხოვროს თქვენთან“, მაგრამ არ დაგიკავშირდეთ, უბრალოდ, ლიმონივით გამოგწუროთ. ასეთების მოშორება ყველაზე რთულია. უპირველესად, უნდა დაფაროთ ვალი და გულწრფელად მოინანიოთ, რომ მას ზიანი მიაყენეთ. მაშინაც კი, თუ ეს იყო უნებლიეთ და არა განზრახ, მონანიება სავალდებულოა; ასევე, არიან „მეზობლები“, რამდენიმე სიცოცხლეს რომ სდევდნენ თან და უკვე ჩვენი ნაწილი გახდნენ: თითქოს ერთ ადამიანში ორი-სამი ინდივიდი ცხოვრობს განსხვავებული ხასიათით, შეხედულებებით, მუდმივ წინააღმდეგობებშია. თავს იჩენს ბრაზი, სიმთვრალე, ეჭვიანობა, შური, ტირანია და სხვა მსგავსი ცოდვები, ამ დროს კი ყველაფერი თავად ინდივიდზეა დამოკიდებული - სანამ მას არ მოუნდება საკუთარი მანკიერებებისგან თავის დაღწევა, „მეზობლებს“ ვერ მოიშორებს. მათი ევოლუციური დანიშნულება ადამიანის ფსკერამდე დაშვებაა, რის შემდეგაც ის იძულებულია, ამოყვინთოს და გადარჩეს ან დაიხრჩოს. მართლაც ძალიან ძნელია ასეთი „დევნილების“ გაყრა. საჭიროა ზეციური ძალების დახმარება, რათა „დაუპატიჟებელი მეზობლები“ იმ სამყაროში გადაიყვანონ, სადაც კარმის მიხედვით უწევთ ყოფნა. გარდა ამისა, შინაგანადაც უნდა იმუშაოთ იმ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, რამაც ეს ბნელი ძალები მოიზიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან