რა არის ცრურწმენა და რა მინიშნებების მიხედვით გვამცნობს ის მოსალოდნელი ხიფათისა თუ უბედურების შესახებ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 05.04
ჩვენო რუბრიკის დღევანდელი თემაა ცრურწმენა და ალბათ, გაგიკვირდებათ, რა არის ამაში ახალიო. მხოლოდ ის, რომ ამჯერად ცრურწმენების დიდ „თაიგულს“ გთავაზობთ მთელი მსოფლიოდან. მათგან ბევრი რამ ნაცნობია ჩვენთვის, ბევრსაც სრულიად უცხოსა და განსხვავებულს წააწყდებით. თუ რა აღმოჩნდება ამ ნაკრებიდან თქვენთვის მისაღები, სარწმუნო და გასათვალისწინებელი, თავად განსაზღვრეთ. თემაზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თაზო ვ.
- როცა ამდენი ჩვენი თანამემამულეა ემიგრაციაში და დედამიწის თითქმის ყველა წერტილში ცხოვრობს, განსაკუთრებით აქტუალურია, ვიცნობდეთ სხვა ქვეყნების ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას, მათ შორის, ხალხში დამკვიდრებულ ცრურწმენებსაც. ამისთვის კი, უპირველესად, ავხსნათ: რა არის ცრურწმენა? - ეს არის შიში, რომ გარკვეულ ვითარებაში რაღაც აუცილებლად მოხდება, რის შეცვლაც შეუძლებელია... და ეს არ არის გაფრთხილება - ეს რომელიმე უსიამოვნო მოვლენის გარდაუვალობაა...
- მაშ, რა ცრურწმენები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში?
- დავიწყებ ინდოეთით. ცრურწმენის თანახმად: პატარძალი თუ ბრტყელტერფიანია ქორწინების შემდეგ მალევე დაქვრივდება - ამიტომ დაქორწინებამდე ინდოელი მამაკაცი საპატარძლოს ფეხებს უმოწმებდა, რომ დარწმუნებულიყო, სიკვდილი არ ემუქრებოდა; ინდოელთა წესია ასევე, დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ აბაზანის ან შხაპის მიღება, რათა სასაფლაოდან რაიმე უწმინდური არ „აიკიდონ“; ფრჩხილების მოჭრა და თმის დაბანა აკრძალულია სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, თუმცა ფრჩხილების დაჭრა საერთოდ არ არის მისაღები საღამოობით - უბედურება მოაქვს; ფეხების ქნევა გამდიდრების შანსს დაგაკარგვინებთ, ან ახლო მომავალში უსიამოვნებას მოგიტანთ; ასევე, ინდური ცრურწმენის მიხედვით, თავით ჩრდილოეთისკენ ძილი, სასიკვდილოა, ამიტომ, უმეტესობას სასთუმალი სამხრეთისკენ აქვს.
- საინტერესოა, რამდენად განსხვავდება მინიშნება-ცრურწმენების მიხედვით ევროპა აზიისგან...
- თავად განსაზღვრეთ, თუნდაც საფრანგეთის მაგალითზე: ფრანგების რწმენით, პური „ბაგეტი“ მაგიდაზე თუ ძირით ქვევით არ დევს, უბედურება დატრიალდება - შუა საუკუნეებში ეს სიკვდილით დასჯის მაუწყებლადაც კი მიაჩნდათ და მიუხედავად იმისა, ჯალათების დრო დიდი ხანია გავიდა, ფრანგებს მაინც სჯერათ ამ მინიშნების; ჭიქა ღვინის აწევისას თვალებში უნდა უყურო მას, ვისაც სასმისს მიუჭახუნებ - ეს ცრურწმენა იმ დროიდანაა, როცა მკვლელობის მეთოდად სასმელში შხამის ჩაყრა იყო გავრცელებული - თუ მოწინააღმდეგეს თვალებში ჩახედავ, შეიძლება მისი მზაკვრული ქმედებაც აიცილო თავიდან; ძაღლს თუ კვალში ჩაუდგებით და პირველ ნაბიჯს მარცხენა ფეხით გადადგამთ, ბედნიერი იქნებით, მაგრამ თუ მარჯვენა ფეხით - დიდი უბედურება გელით; სეირნობისას მარცხენა ფეხს თუ ძაღლის მოსაქმებულში ჩადგამთ - ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად გაგიმართლებთ, მარჯვენა ფეხის შემთხვევაში კი - თქვენი საქმე ცუდადაა; ოჯახში თუ მხოლოდ ბიჭები იბადებიან, მშობლებს კი გოგონას ყოლა სურთ, ბუს თვალებში უნდა ჩახედონ - ფრანგებს მიაჩნიათ, ქალი და ბუ თუ ერთმანეთს თვალებში ჩახედავს, გოგონას დაბადება გარდაუვალია. გადავიდეთ გერმანიაში. დავიწყოთ ცრურწმენით, რომელიც სადღეგრძელოს უკავშირდება: თუ მისი წარმოთქმისას, „ვაშა“ შესძახეთ და წყლიანი ჭიქა მიუჭახუნეთ თანამესუფრეთა სასმისებს, ეს ნიშნავს, რომ ვისი სადღეგრძელოც შეისვა, თქვენ მას სიკვდილი უსურვეთ - ამიტომ, უალკოჰოლო სასმისით ნურავის მიუჭახუნებთ ჭიქაზე; ახალმოსახლეებს გერმანელები პურითა და მარილით ასაჩუქრებენ, რათა ბარაქა სახლში არასდროს გამოელიოთ და გაჭირვება არ იგრძნონ; თუ ქუჩაში თქვენკენ ორი მოხუცი ქალი მოემართება, გერმანელთა მინიშნებით, მათ შორის გავლა უიღბლობას გიქადით.
- ყველაფერს, ალბათ, აქ ვერ ჩამოთვლით, მაგრამ იქნებ რამდენიმე მინიშნება კიდევ დაგვისახელოთ დანარჩენი მსოფლიოდან?
- მაშ მოკლედ: ჩინეთში გრძელ მაკარონს ერთიანად, დანაწევრების გარეშე შეისრუტავენ, რადგან მინიშნების მიხედვით, უწყვეტი სპაგეტი ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია; ყველაზე დიდი საშინელება ჩინეთში ციფრი „ოთხია“: ფაქტი ისაა, რომ სიტყვები „ოთხი” და „სიკვდილი” ჩინურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ისე ეშინიათ მისი, ხმამაღლა წარმოთქმასთან ერთად, დაწერასაც კი ერიდებიან, მაგალითად, ლიფტებსა და ზოგიერთ სასტუმროშიც სართულისა თუ ოთახის ნუმერაციიდან „ოთხიანი“ საერთოდ ამოღებული აქვთ. ესპანეთის ცრურწმენებიდან კი დღემდე უცვლელ ტრადიციადაა შემორჩენილი, ახალი წლის ღამეს, 12 საათზე ყურძნის 12 მარცვლის შეჭმა, რათა მთელი წლის განმავლობაში წარმატებები არ მოაკლდეთ; სამშაბათს თუ 13 რიცხვია, ესპანეთში მნიშვნელოვან საქმეს არავინ მოჰკიდებს ხელს, რადგან დიდი მარცხით დამთავრდება; ხოლო თუ ცოცხი მარტოსული ადამიანის ფეხს შეეხო, ის მთელი ცხოვრება მარტო დარჩება. ფინეთში ობობას მოკვლას მეორე დღეს აუცილებლად წვიმა მოჰყვება; არგენტინაში აკრძალულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, კარლოს მენემის სახელის წარმოთქმა - მისი ორი საპრეზიდენტო ვადის პერიოდს მრავალი „ბნელი“ საქმე უკავშირდება და ალბათ, ამიტომაც ეშინიათ არგენტინელებს მისი სახელის ხსენების, მაგრამ რაღაც მიზეზით, ეს თუ მაინც მოხდა, წყევლა იცით, როგორ უნდა მოიხსნათ? - ქალი შეუმჩნევლად უნდა შეეხოს მარცხენა მკერდს, კაცმა კი გენიტალიის მიდამოებში დაიდოს ხელი; ბრაზილიაში საფულის იატაკზე დავარდნა წარუმატებლობის ნიშანია - გაღარიბება მოჰყვება. ეგვიპტელები კი მაკრატელს მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ - თუ ხელში აიღებ და არაფერს გაჭრი - უბედურება გელის და კიდევ უფრო უარესს უნდა ელოდე, თუ გაშლილს დატოვებ. მაგრამ, თუ მაკრატელს ბალიშის ქვეშ დადებთ, მძინარე ადამიანს კოშმარებისგან იხსნით. უცნაური ცრურწმენაა გავრცელებული იაპონიაში - ბავშვებს ჭექა-ქუხილის დროს მუცელი დაფარული უნდა ჰქონდეთ, თორემ ჭექა-ქუხილის ღმერთი რაიჯინი მათ ჭიპს მოჰპარავს და შეჭამს. ჯერჯერობით ესაა და დანარჩენზე სხვა დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან