რა არის მაგიური არხი და როგორ შეიძლება გაიგოთ, რომ სწორედ მისი საშუალებით გაედინება თქვენი სასიცოცხლო ენერგია
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

მაგიური არხების სიმპტომები: როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენგან ენერგია ჟონავს - ამისთვის საჭიროა, იცოდეთ: რა არის მაგია და ენერგეტიკული არხები, რა ნიშნებით შეგიძლიათ ამოიცნოთ, რომ თქვენგან სასიცოცხლო ძალები გაედინება. ამ თემაზე ისაუბრებს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერ მ. და თქვენ შეიტყობთ: რატომ არის საშიში ასეთი არხები, როგორ „გიერთებენ“ მას თქვენი მტრები, რატომ ყალიბდება ზოგიერთი კავშირები მაგიის გარეშე და როგორ უნდა მიხვდეთ დროულად, რომ სხვისი სიცოცხლის დონორი გახდით.
- რა არის მაგიური არხები?
- მაგიური არხი ხელოვნურად შექმნილი უხილავი კავშირია, რომელიც თქვენსა და სხვა ადამიანს, უწმინდურ არსებას ან ადგილს შორის მყარდება. წარმოიდგინეთ მილი, რომლის საშუალებითაც, გარკვეული რიტუალის გავლენით, ხდება თქვენი ჯანმრთელობის, ფულის, იღბლის, ენერგიის, შთაგონების, ახალგაზრდობის რესურსთა გადინება. არხები კი იქმნება სხვადასხვა მიზნით. ეს არის: ქურდობა - როდესაც თქვენი ძალა და სარგებელი კონკრეტული ადამიანისკენ მიედინება; განადგურება - როცა მტერი თქვენს რესურსებს თავისთვის კი არ იპარავს, რიტუალის ძალით „არსაით“ - „მოუსავლეთში“ უშვებს, სურს, უბრალოდ, გაქრეს; ნეკრობმა - როდესაც გარდაცვლილს (ან მის სულს) „მიაბამენ“ ცოცხალ ადამიანს, რათა მას ძალა გამოაცალოს; ადგილთან ბმა — არხების საშუალებით მსხვერპლის სასიცოცხლო ენერგია ებმის გარკვეულ მიწას, სახლს, ბიზნესს, სასაფლაოს.
- შესაბამისი რიტუალების გარეშე თუ დგება ტოქსიკური კავშირები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- ენერგეტიკული არხები ყოველთვის რიტუალების გავლენით არ იქმნება. ის შეიძლება ბუნებრივადაც ჩამოყალიბდეს მჭიდრო ემოციურ ან ოჯახურ კავშირში მყოფთა შორის, როგორიცაა: ცოლ-ქმარი, დედა-შვილი, დედმამიშვილები, ახლო მეგობრები და შეყვარებულები. ასეთ წყვილებში ხშირად ხდება, რომ: ერთი მათგანი იზრდება, ვითარდება, ყველაფერ საუკეთესოსკენ ისწრაფვის, ხოლო მეორე - ნეგატივში, წყენაში, შურში, ჩივილებშია ჩარჩენილი. შედეგად, „ტოქსიკური“ პარტნიორი ან ნათესავი იწყებს არაცნობიერად „დაკავშირებას“ უფრო ძლიერ ადამიანთან და მისგან სიცოცხლისუნარიანობას, იღბალს, რესურსებს იღებს. ეს ჯადო არ არის, ცხოვრებისეული გარემოებები და ენერგიათა ცვლის კანონებია. თუმცა დონორი იმავე შეგრძნებას განიცდის, რასაც მაგიური არხის შემთხვევაში იგრძნობდა: მუდმივ დაღლილობას, აპათიას, ფინანსურ პრობლემებს, იღბლისა და ბედნიერების სხვისკენ გადადინებას.
- როგორ გავიგოთ, რომ მაგიური არხი „მოგვაერთეს“?
- ორგანიზმი ამას გაგრძნობინებთ დაღლილობით, მუდმივი სიცარიელის შეგრძნებით. რამდენიც არ უნდა იძინოთ, მაინც გამოუძინებელი ხართ და დასვენების შემდეგაც კი, ვერ იღდგენთ ენერგიას. „ცარიელ ჭურჭლად“ იქცევით: არანაირი ემოცია, შთაგონება, არანაირი სურვილი, რომ რაიმე აკეთოთ. ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდება: ხშირია ავადობა, უკურნებელი დაავადებები, მუდმივი გაციება, ზურგისა და თავის ტკივილი. ასევე, დანაკარგებია ყოველმხრივ: ქრება ფული, იშლება გარიგებები, სამსახურში არაფრად გაგდებენ, ნივთები იკარგება... გექმნებათ გარეგნობის პრობლემებიც: უეცარი დაბერება, გამომშრალი კანი, დაღლილი სახე, თმა და ფრჩხილები სუსტდება, თვალები ბზინვარებას კარგავს. ჩნდება ძლიერი აპათია და ცხოვრებისადმი ინტერესს კარგავთ, არაფერი გსიამოვნებთ, ფიქრობთ, რომ ეს „თქვენი ცხოვრება არ არის“. უცხოვდებიან საყვარელი ადამიანები, თავს გარიდებენ, მეგობრები ქრებიან, ოჯახთან ურთიერთობა უარესდება. ზოგჯერ გრძნობთ, რომ გითვალთვალებენ, ვიღაც თქვენს სიახლოვესაა, ამ დროს კი მარტო ხართ. მოულოდნელი შიშები, პანიკური შეტევები, შფოთვა, სიკვდილზე ფიქრი, უიმედობა, სამყაროსგან გაქცევის სურვილი. ხედავთ განმეორებად სიზმრებს, სადაც წყალი ჟონავს, ფუჭდება ონკანები, იქაურობა იტბორება და თქვენც თან გითრევთ - ეს ენერგეტიკული სიმბოლოებია.
- რა ნიშნებით ხასიათდება არხის ტიპები?
- შეიძლება ასე დავნომროთ: 1. ადამიანისკენ მიმართული არხი - როცა თქვენი წარმატებები და იღბალი მოულოდნელად გადადის სხვაზე თქვენი გარემოცვიდან - თქვენ აგებთ, ის კი იწყებს აყვავებას, მდიდრდება, ახალგაზრდავდება, იღებს ყველაფერს, რაც ადრე თქვენი იყო. 2. არხი „არსაითკენ“: როცა ყველაფერი მხოლოდ უარესდება, თქვენ კი სუსტდებით და ღარიბდებით. 3. ნეკრობმა: ჩნდება ობსესიური ფიქრები სიკვდილზე, გიპყრობთ მელანქოლია, დეპრესია, სიცივის, სიმძიმის შეგრძნებები, არაფერი გახარებთ, გესიზმრებათ გარდაცვლილები, გიზიდავთ სასაფლაოები, გრძნობთ უცნაურ სუნს. 4. ადგილს მიმჯაჭვავი არხი: როცა სახლში წასვლა არ გსურთ, თავს ცუდად მხოლოდ გარკვეულ სივრცეში გრძნობთ - ყველაფერი ინგრევა, როგორც კი ფეხს თქვენს ბინაში ან სამსახურში შედგამთ. სანამ ასეთი არხი მოქმედებს, თქვენი რესურსები თქვენი არ არის - ვიღაც იყენებს მას ან მოუსავლეთში გზავნის. რაც მეტხანს იქნებით ასე, დაღლილობა, ავადმყოფობა უფრო მოიმატებს, შეიძლება, მიხვიდეთ პიროვნულ დაცემამდე, ქრონიკულ წარუმატებლობამდე და ფატალურ შედეგამდეც კი.
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვეჭვობთ, რომ მაგიური არხი „შეგვიერთეს“?
- არ გადადოთ დიაგნოსტიკა. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაინახოს, სად და ვისთან მიდის თქვენი ენერგია; არ შეეცადოთ არხის დამოუკიდებლად მოშორებას - ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, თქვენ მხოლოდ გააუარესებთ სიტუაციას; არხის აღმოჩენის შემდეგ, გაწმინდეთ ის და დააყენეთ ინდივიდუალური დაცვა; სიფრთხილით მოეკიდეთ საჩუქრებს, ნაპოვნ, მოულოდნელად გამოჩენილ ან გაუჩინარებულ ნივთებს; აკონტროლეთ სიზმრები და თქვენი შინაგანი მდგომარეობა, არ უგულებელყოთ პირველი განგაშის ზარები; აკონტროლეთ ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან: თუ ყველაფერს გასცემთ და საპასუხოდ მხოლოდ დაღლილობას და უმადურობას იღებთ, დროა, საზღვრები დააწესოთ. გაითვალისწინეთ, მაგიური, ენერგეტიკული და სასიცოცხლო არხები მითი კი არა, მკაცრი რეალობაა მათთვის, ვინც ვიღაცის „საკვებად“ იქცა. თუ გრძნობთ, რომ ძალა არ გაქვთ, ცხოვრება ხელიდან გეცლებათ, თქვენი გარემოცვიდან კი, ამ პრობლემების ფონზე, ვიღაც აყვავდა, ნურაფერს დაელოდებით - მოუძებნეთ მიზეზს ახსნა და დაიწყეთ მოქმედება. თქვენი ენერგია მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან