ჰოროსკოპი და შეუცნობელი

მრუდე სისწორე

№4

ავტორი: ნია დვალი 20:00 02.02

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

მაღვიძარამ დარეკა თუ არა, ელენემ მაშინვე გაახილა თვალები, თითქოს ზარს ელოდებოდა და თავს ყასიდად იმძინარებდაო. ზარად თავისი საყვარელი მელოდია ჰქონდა დაყენებული, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს ახსენებდა და ამიტომ დილით, თუნდაც, ადრიანად გაღვიძება ეხალისებოდა: ეს მელოდია წარსულის იმ ადგილას აბრუნებდა, სადაც ძალიან ბედნიერი იყო. გაიზმორა და მაინც შეხედა საათს – ზუსტად დილის რვის ნახევარს აჩვენებდა. ხალათი მოიცვა, ფეხები ჩუსტებში გაუყარა და ოთახიდან პეპელასავით მსუბუქად გაფრთხიალდა. ჩაიდანში წყალი ჩაასხა და შეაერთა, ტოსტერი ჩართო, ოთხი ნაჭერი პური ჩადო და თავისი 7 წლის ვაჟის, ბექას, ოთახში შევიდა. ფარდა გადასწია, შვილისკენ დაიხარა, თავზე ხელი გადაუსვა და ყურში უჩურჩულა:

– მზე ამოვიდა, ჩემო ბიჭო, გაიღვიძე, სკოლაში უნდა წავიდეთ, გაახილე შენი ლამაზი თვალები, თორემ დავაგვიანებთ, – პატარა ბიჭუნა თვალებს ისრესდა და არაფრის დიდებით არ უნდოდა ადგომა თბილი საწოლიდან:

– დედა, 5 წუთი კიდევ... გთხოვ, ოღონდ ფაფას არ შევჭამ, იცოდე. და სკოლის შემდეგ შენთან არ მინდა სამსახურში წამოსვლა. ვიწყენ...

– არც მოგიწევს, პური გაგიხუხე და შენი საყვარელი ავოკადოს კარაქით მოგართმევ, – ელენე შვილს უყვავებდა, – სამსახურში კი მძღოლი მოგიყვანს. სახლში მარტო ვერ დაგტოვებ. შენი ძიძა ავადაა და რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ვერც უცხოს ვერ მოვიყვან, ვერავის ვანდობ ჩემს განძს, – ელენე შვილს ეფერებოდა და ასე აფხიზლებდა:

– სამზარეულოში გელოდები, ხელ-პირი დაიბანე და ტანსაცმელი ჩაიცვი, გამზადებულია.

ელენეს თითოეული დღე გაწერილი ჰქონდა: შვილი სკოლაში უნდა მიეყვანა, შემდეგ სამსახურში მისულიყო. სადაც ორომტრიალი ეწყებოდა; შეხვედრები, მოლაპარაკებები, პროდუქციის შემოწმება და ასე გრძელდებოდა გვიან საღამომდე, უმეტესწილად კი – ღამემდე.

ელენეს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და ბუტიკი ჰქონდა, რომელიც თავად შექმნა, თუმცა ყველაფერი ნახევრად სარდაფის ერთ ოთახში დაიწყო, სადაც ელენე ქუდებსა და შარფებს ამზადებდა, მაგრამ წარმოება თანდათან გააფართოვა და ახლა ნებისმიერ ტანსაცმელს კერავდნენ, რა თქმა უნდა, ელენეს დიზაინით. თავიდან ეშინოდა, იმიტომ რომ არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, მაგრამ დროთა განმავლობაში საქმე საათივით აეწყო, თუმცა ეს მისი „მეორე შვილი“ საკმაოდ ბევრ დროს ართმევდა და ბექასთვის ძალიან ცოტას უტოვებდა, ამიტომ ხშირად მიჰყავდა სამსახურში სკოლიდან, მაშინაც კი, როდესაც ძიძა საკმაოდ ჯანმრთელად გრძნობდა თავს: ელენეს უნდოდა, რომ მეტ ხანს ყოფილიყო შვილის სიახლოვეს, რომელსაც მუდმივად აკლდა დედასთან ურთიერთობა, თუმცა სწორედ დედის უდროობისა და გადატვირთულობის წყალობით არ აკლდა ბექას არაფერი, მაგრამ ელენე მაინც სინდისის ქენჯნას გრძნობდა შვილის მიმართ.

ახლაც დაავიწყდა, რომ ბექა იყო სკოლიდან გამოსაყვანი და ცურვაზე წასაყვანი, მძღოლს მისმა თანაშემწემ შეახსენა. ცურვის შემდეგ ბექა ელენეს ოთახში უკმაყოფილო სახით შევიდა და გაბუტულივით დაჯდა. უხალისოდ პასუხობდა დედამისს შეკითხვებზე, მაგრამ მაინც დაწვრილებით მოუყვა, რა მოხდა იმ დღეს სკოლაში, ბოლოს კი ვერ მოითმინა და სთხოვა:

– მოდი, მამიკოს დავურეკავ, მასთან ვიქნები, სანამ შენ მუშაობას დაამთავრებ, გთხოვ, თან, მომენატრა, დიდი ხანია, არ მინახავს, – ბექა მუდარით სავსე თვალებით უყურებდა დედას. ელენეს გული მოუკვდა, ვინაიდან იცოდა, რას უპასუხებდა შვილს მამა, მაგრამ მაინც ხალისიანად უთხრა:

- კარგი, დაურეკე, მაგრამ არ მგონია, ეცალოს, ხომ იცი, ბევრი საქმე აქვს.

ბექამ დედამისს წინადადების დასრულება არ აცალა, გახარებული დასწვდა თავის ტელეფონს და დედას მადლიერების ნიშნად გაუცინა.

– მამიკო, დედასთან ვარ, სამსახურში, გავისეირნოთ ან შენთან ვიქნები საღამომდე, მერე დედა გამომივლის, – ბავშვი თან დედამისს უყურებდა და ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა.

მეორე მხარეს დუმილი ჩამოწვა, ელენე მაინც უღიმოდა შვილს, თითქოს ამხნევებდა. მამამ, როგორ იქნა, ხმა ამოიღო:

– მოდი, სხვა დროს იყოს, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. გკოცნი, – ბექას თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

ელენესაც გაუფუჭდა ხასიათი. ხედავდა, შვილი როგორ იწევდა მამისკენ, მამამისს კი არასდროს ეცალა და იშვიათად ნახულობდა თავის ვაჟს, მაგრამ ჩვეულებისამებრ არ შეიმჩნია:

– იცი, რა მოვიფიქრე?! ახლა შესვენებას გამოვიცხადებ და მე და შენ წავიდეთ სადმე, შენი საყვარელი პიცა შევუკვეთოთ და „კოკა კოლასაც“ კი გიყიდი, მერე ცოტას წავიმუშავებ და სახლში ადრე დავბრუნდეთ. შაბათს კი ცირკში წაგიყვან, ახალი პროგრამაა და მოგეწონება, – ბავშვი ისევ გამხიარულდა და დედას გახარებულმა დაუქნია თავი.

როდესაც უკან დაბრუნდნენ, ელენემ შვილს უთხრა:

– ახლა შენ იმეცადინე, მე საამქროში ჩავალ და ამოვალ, – ბექამ თავი დაუქნია.

ელენე კაბინეტიდან გავიდა და, დაახლოებით, ერთ საათში უკან დაბრუნდა. ბექა დივანზე იწვა, გორგალივით დახვეული და ტკბილად ეძინა. ელენემ პლედი გამოიტანა მოსასვენებელი ოთახიდან და შვილს დააფარა. შემდეგ ყავა დაისხა, სავარძელში დაჯდა და თვალები დახუჭა. თავისი ბავშვობა გაახსენდა...

***

– დედა, საღებავები მიყიდე, დამიმთავრდა, – ელენე სამსახურიდან მოსულ დედას შემოსასვლელში ელოდებოდა. დედამისი, ჩვეულებისამებრ, ცუდ ხასიათზე იყო, გადაღლილი და გაბოროტებული.

– ხომ შეიძლება, სახლში შემოსვლა მაცალო? – შეუღრინა დედამ შვილს. ელენეს შერცხვა და უკან დაიხია.

– არ შემიძლია შენი სახის დანახვა, როგორ ჰგავხარ მამაშენს. არ შეიძლება, რომ ცოტა დამაცადო, დავისვენო და მერე მოხვიდე შენი პრეტენზიებით... ან რა, მამა არ გყავს?! მას ვერ ეტყვი, რამე თუ გჭირდება, სულ დედა-დედას რომ გაიძახი?

მართლაც, ელენე მამამისის ასლი იყო, რაც დედამისს ხშირად აღიზიანებდა, ოღონდ, როცა დაღლილი იყო, მაგრამ, რაკი ელენეს დედა ყოველთვის დაღლილი იყო, შვილიც მუდმივად აღიზიანებდა, თუმცა ელენეს ბრალი ნამდვილად ვერ იქნებოდა, თუ მამამისს ჰგავდა და ვერც ის, რომ დედამისი სწორედ მამამისს გაჰყვა ცოლად. ელენეს მამა სვამდა, ამიტომ ცოლმა სახლიდან, ფაქტობრივად, გააგდო, თუმცა თავიდან მაინც ვერ მოიშორა, იმიტომ რომ, რამდენჯერაც დალევდა (ეს კი იშვიათად არ ხდებოდა), მიდიოდა და სკანდალებს აწყობდა, რაც, როგორც წესი, პოლიციის გამოძახებით მთავრდებოდა და ამიტომ ელენე ქუჩაშიც და სკოლაშიც თავდახრილი დადიოდა, ეგონა, რომ ყველა მას დასცინოდა და მის ცხოვრებას განიხილავდნენ. ელენემ მაშინ არ იცოდა, რომ ადამიანები სხვებს ნაკლებად ამჩნევენ, მით უმეტეს, თუ იმ სხვებს მაღალი ან გამოსაჩენი სოციალური სტატუსი არ აქვთ.

– და დაანებე თავი იმ წრეზე სიარულს. ფული არ მაქვს, ჯღაბნი სისულელეებს, – ელენეს კიდევ ერთხელ დასწყდა გული დედამისის სიტყვებზე და თავის ოთახში შევიდა. მიხვდა, რომ საღებავებს არავინ უყიდდა და ძალიან ნანობდა, რომ საღებავები საერთოდაც ახსენა.

დედამ მიაძახა:

– გამოდი იმ წრიდან. სისულელეებში გადასაყრელი ფული არ მაქვს. არ გესმის?! - დედამისს გაანჩლებული ხმა ჰქონდა.

– მესმის, გამოვალ, - გასძახა ელენემ, თავისთვის კი გაიფიქრა:

– რომ არ მეხსენებინა, იქნებ გადაეხადა ფული... ნეტავ, მალე გავიზარდო, რომ ბევრი საღებავი ვიყიდო და ვხატო, რამდენიც მომინდება.

ელენე დაწვა, საკმაოდ გვიანი იყო. ამდენ ხანს იმიტომ შემორჩა, რომ დედამისს ელოდებოდა და სლუკუნი დაიწყო. ძალიან უნდოდა ახალი საღებავები, იმიტომ რომ ძველი დაუმთავრდა და მისი თითები თითქოს ემუდარებოდნენ, დაგვახატვინეო. ელენეს სლუკუნში ჩაეძინა, მაგრამ ყვირილის ხმებმა გამოაღვიძა. მიხვდა, რომ მამამისი მოვიდა. ბავშვმა საბანი თავზე გადაიფარა, ყურები თითებით დაიცო და ღიღინი დაიწყო, რომ არაფერი გაეგონა...

დილით, როდესაც გაიღვიძა და სამზარეულოში გავიდა, სახლში არავინ იყო. ელენემ ამოიოხრა და გაზი აანთო, ჩაიდანი დაადგა. მაცივარი გამოაღო, მაგრამ იქ არაფერი დახვდა, რაც საუზმისთვის გამოადგებოდა. ჩაიდანი გამორთო და თავის ოთახში გავიდა. ჩაიცვა და კარი გაიკეტა.

სკოლა ელენეს ერთადერთი თავშესაფარი იყო, ვინაიდან სწავლაში აქსოვდა თავის ყველა გამოუთქმელ დარდსა და სიტყვას. მასწავლებლებს უყვარდათ ელენე, აი, თანაკლასელებს კი – აშკარად არა. რადგან კარგად სწავლობდა, ვერ დასცინებდნენ, ამიტომ ელენეს გამორჩეულობას ელენეს არშემჩნევით არ იმჩნევდნენ. მაგრამ, რაც მთავარია, ეს მდგომარეობა საკმაოდ ხელსაყრელი იყო ელენესთვის: არავინ აწუხებდა. საკლასო ოთახში შევიდა და თავის ადგილას დაჯდა. გაკვეთილი ჯერ არ დაწყებულიყო. არც ბავშვები ჩანდნენ. ელენე ყველაზე ადრე მისულიყო.

გოგონა ფანჯარაში იყურებოდა და ხეებზე შერჩენილ ყვითელ ფოთლებს ათვალიერებდა, რომლებსაც ნელი სიოც კი ჯაბნიდა და უმოწყალოდ ყრიდა მიწაზე.

– ნეტავ, მეც ამ ფოთლებივით გავქრე, - გაიფიქრა ელენემ და ისევ ცრემლები მოადგა თვალებზე, – არავის მე არ ვუყვარვარ, სულ არავის.

– რა ადრე მოსულხარ, ჩემო გოგო? - საკლასო ოთახში ხატვის წრის მასწავლებელმა, დალიმ შემოყო თავი. დალი ახალგაზრდა, მოხდენილი ქალი იყო და ელენეს ყოველთვის უხაროდა მისი დანახვა – თითქოს მზე ამოვიდაო.

– დიახ, მას. ადრე მომივიდა მოსვლა, – ელენე ჯარისკაცივით წამოხტა.

– ძალიანაც კარგი, რომ ადრე მოხვედი. შენთვის საჩუქარი მაქვს, – დალიმ ჯერ უკან მიიხედა, ხომ არავინ მოდისო, შემდეგ კი თამამად შეაბიჯა საკლასო ოთახში და ზურგს უკან დამალულიც გამოაჩინა: დიდ ყუთში მოლბერტი, სადგამი და საღებავები ეწყო,.

ელენეს გაოცებისა და მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა და მთელ სახეზე ნაპერწკლები აუკიაფდა. ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

– შენია, ჰო, შენია, – უღიმოდა დალი გოგონას, რომელიც უცებ, რატომღაც, მოიღუშა.

დალი შეშფოთდა:

– რა მოგივიდა? არ მოგწონს? როგორი გინდა, გამოვცვალოთ.

ამის გაგონებაზე ელენეს კიდევ უფრო დაუსევდიანდა სახე და ჩუმად წარმოთქვა:

– დედაჩემმა მითხრა, ფული არ გვაქვსო... ვეღარ ვივლი...

– და ამიტომ მოიწყინე? რა პრობლემაა? მე მეგონა, რამე სერიოზული მოხდა და ხატვა გადაგიყვარდა. ივლი, აბა, არ ივლი?! ჩემთან სახლშიც იარე, ერთად ვხატოთ ხოლმე;

ელენეს თვალები ისევ გაუბრწყინდა და მასწავლებელს გახარებულმა თავი დაუქნია, მერე ისევ დედამისი გაახსენდა:

– მას, შეიძლება, ესენი რომ თქვენთან იყოს? დედაჩემი ხატვას მიშლის.

ამის გაგონებაზე ახლა უკვე დალი წამოჭარხლდა, მაგრამ თავი შეიკავა:

– არანაირი პრობლემა არ არის, შევინახოთ ჩემთან, თუ გინდა, ოთახში, სადაც შენ იტყვი, – შესთავაზა გოგონას.

ელენეს უნდოდა ეთქვა, თქვენთანო, მაგრამ მოერიდა. დალი მასწავლებლის ლამაზი ბინა მოსწონდა, იქ რომ მიდიოდა, თითქოს სხვა, პარალელურ სამყაროში ხვდებოდა, სადაც თავისი უბადრუკი ყოფა ავიწყდებოდა. დალი თითქოს მიხვდა:

– მგონი, ჯობია, ჩემთან იყოს, სახლში. მოხვალ ხოლმე და ხატავ, რამდენიც გაგიხარდება.

გოგონამ ისევ ენერგიულად დაუქნია თავი. დალიმ ელენეს თვალი ჩაუკრა, ყუთი აიღო და საკლასო ოთახიდან გავიდა. ელენეს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა და აღარც კი ახსოვდა, რომ რამდენიმე წუთის წინათ გაქრობას ნატრობდა.

დალი ელენეს ჟანგბადის ბალიში იყო, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა თუ არა, მაშინვე გაკვეთილებს ამზადებდა, შემდეგ კი დალისთან სახლში მიიჩქაროდა, რომ ეხატა და დალის ბინის სიმშვიდით დამტკბარიყო. გზაში ელენე ოცნებობდა, რომ მასაც დალის მსგავსი ლამაზი ბინა ექნებოდა, მყუდრო და თბილი. დალი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ელენეს ეხებოდა: თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე და ბავშვიც ფისოსავით იტრუნებოდა. ელენეს დედა ვერაფერს ხვდებოდა, იმიტომ რომ დღისით არასდროს იყო სახლში: მუშაობდა, ხოლო, რადგან სახლი ყოველთვის დალაგებული ხვდებოდა და შვილი აღარ აწუხებდა, საღებავები მიყიდე და წრის ფულია გადასახდელიო, არც კი ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ელენე სახლში ან საერთოდაც, იყო თუ არა სახლში.

ამასობაში ელენეც დამამთავრებელ კლასში გადავიდა და დედამისს მორიდებულად უთხრა, თუმცა ამ მომენტს საგანგებოდ არჩევდა. იმ დღეს დედა კარგ ხასიათზე ეჩვენა, ამიტომ გაუბედა და სთხოვა:

– მინდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო, დალი მას... – მაგრამ დედამისმა წინადადების დასრულება არც კი აცალა, ისე დაიქუხა:

– რა სამხატვრო აკადემია?! და შენი ნაჯღაბნები ვის სჭირდება?! ამით როგორ უნდა იცხოვრო? თუ შენ გგონია, რომ ისევ მე გარჩენ, შენ კიდევ ისწავლი და მე დამაწვები მამაშენივით კისერზე?! ის დღე დაიქცა, თქვენ რომ გადაგეყარეთ.

– ისე ამბობ, თითქოს მე გაგაცანი ან გთხოვე, გამაჩინე-მეთქი, – ელენემ პირველად შეუბრუნა ენა დედამისს, რაც ორივესთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. უფრო კი დედამისისთვის, რომელმაც თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი გაუგონია:

– კერვა გეხერხება, ჰოდა, დაამთავრე რამე კურსები და შეკვეთები აიღე, – ელენე ამჯერად ხმას არ იღებდა, აი, ამან კი დედამისი გააბრაზა.

– ენა გადაყლაპე? არ გესმის, რას გეუბმები? - ელენემ ისევ არაფერი უპასუხა, ისე გავიდა სამზარეულოდან, მაგრამ დედამისი არ ცხრებოდა:

– ხმა ამოიღე, გოგო! არ გესმის, რომ გელაპარაკები? ხვალვე მოგიყვან კლიენტს და ქვედატანი შეუკერე. გეხერხება და ცოტა მომეხმარე, – ელენე მიხვდა, რომ დედამისს უნდა დათანხმებოდა, თორემ დიდი უსიამოვნება არ ასცდებოდა.

– კარგი, როგორც იტყვი, - უთხრა წყნარად.

– ჰოდა, ასე და მეორედ არ გავიგონო, რაც თქვი. უნდა მომეხმარო.

- რა თქმა უნდა, – დაეთანხმა შვილი და ელენემ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ სახლიდან წავიდოდა, ოღონდ როგორმე მიეღწია სკოლის დამთავრებამდე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ელენე მაინც დედის მადლიერი იყო, ვინაიდან მიახვედრა, რა შეიძლებოდა, ქცეულიყო მისი დამოუკიდებელი ცხოვრების წყაროდ: კერვა, დიახ, კერვა, რაც მას ძალიან კარგად ეხერხებოდა და საკერავი მანქანაც კი ჰქონდა, რომელიც მეზობლის მოხუცმა ქალმა აჩუქა, რომლის წყალობითაც კერვა ისწავლა.

ელენემ იცოდა, რომ დედამისი არ გააკონტროლებდა, თუ მის დასანახავად მის მიერ მოყვანილ კლიენტებს შეუკერავდა, რის ფულსაც, ცხადია, დედამისი აიღებდა, ამიტომ შეეძლო, შეკვეთები თავადაც აეღო. და თუმცა არ იცოდა, როგორ მოაბამდა თავს ამდენ საქმეს, ხატვასა და სწავლას, მაგრამ ხვდებოდა, რომ, თუ ამ ხაფანგიდან თავს ვერ დააღწევდა, აუცილებლად დაემსგავსებოდა დედამისს – ცხოვრებით გატანჯულსა და უკმაყოფილო ქალს, ვისაც არავინ უყვარდა საკუთარი თავის თამადობით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული