ჰოროსკოპი და შეუცნობელი

მოჭადრაკე

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.03

მოჭარდაკე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #10 (1210)

თვრამეტი წლის რომ შევსრულდი, ეტაპით რუსთავის კოლონიაში გადამიყვანეს. გათავისუფლებამდე კიდევ ორი წელი მქონდა დარჩენილი. კანონით, „სტროგაჩებში“ ჯდომა არ მეკუთვნოდა. ჯერ ერთი, რომ მძიმე დანაშაული არ მქონდა ჩადენილი, არც რეციდივისტი ვიყავი და მხოლოდ პირველ „სროკს“ ვიხდიდი. იქ კი, ყველაზე „მცირესროკიანს“ ათი წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრების 95 პროცენტი რეციდივისტი იყო და თითოეულ მათგანს სამი და მეტი „სროკი“ ჰქონდა მოხდილი. ამ კონტინგენტს ემატებოდნენ „კანონიერი ქურდები“. ისინი საშიში დამნაშავეების კატეგორიაში გადიოდნენ, რადგან „შავი სამყაროს“ მმართველები იყვნენ. მართალია, უკვე ციხის საკმაო გამოცდილება მქონდა და კრიმინალურ წეს-ჩვეულებებსაც კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. შედარებისთვის – ცხვარი რომ შეაგდო მგლების ხროვაში. როდესაც მითხრეს, სად მივყავდით, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და არც არაფერი მითვქამს. ან, რა აზრი ჰქონდა ხმის ამოღებას. მცირე პროტესტიც რომ გამომეთქვა, ჩემი სიტყვები უმალვე „გაბაზრდებოდა“ და დიდი ალბათობით, უკვე „ზონაში“ დამხვდებოდა წინ. მართალია, „სტროგაჩებში“ ჩემი გამწესების ნამდვილი მიზეზი არ ვიცოდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაცაში იყო საქმე და იმ რაღაცის ამოხსნაზე დავიწყე ფიქრი. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შევიტყვე. მაგრამ „სტროგაჩებში“ შესვლისას მხოლოდ ვარაუდებით ვსაზრდოობდი და ისიც კი ვიფიქრე, ჟოჟომ ხომ არ „გამიჩალიჩა“-მეთქი.

„სტროგაჩების“ „ზონა“ 400 პატიმარზე იყო გაანგარიშებული. ათი 40-40-კაციანი რაზმეულისგან შედგებოდა და მეხუთე რაზმეულში გამამწესეს. წესიერად არც კი ვიყავი დაბინავებული, რომ ოცდახუთიოდე წლის ბიჭი წამომადგა თავზე და მითხრა:

– კოტე ჩადუნელი შენ ხარ?

– დიახ. მე ვარ, – ვუპასუხე ბიჭს.

– პრეზიდიუმში გიბარებენ და მალე მოდი, – გაუმართავი გრამატიკით მითხრა მან და წავიდა.

პრეზიდიუმს ქურდების ბარაკს უწოდებდნენ. ანუ ქურდები მიბარებდნენ და გამოცხადება სავალდებულო იყო. ჩემს რაზმეულში ერთი პატიმარი ირიცხებოდა, რომელსაც მამამისის მკვლელის მკვლელობის გამო თერთმეტწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კარგი ბიჭი იყო. მას მე „მალალეტკებში“ დავუახლოვდი და „სტროგაჩებში“ ჩემზე ადრე გადაიყვანეს. ახალ ზონაში პირველი ნაცნობი ის შემხვდა. თავადვე გამომეცნაურა და პრეზიდიუმიდან გამოგზავნილი რომ წავიდა, მითხრა:

– ეგ „ბზრიალაა“, ქურდების „შესწიორკა“. მაგას და მაგის „პაძელნიკს“ 12 წელი „ტუფტაზე“ აქვს აკიდებული. რაიკომის მდივნის სახლში შეძვრნენ და „შკატულკა“ მოიპარეს. იქ კი თბილისში, „ცეკას“ ბიუროზე წასაკითხი მოხსენების ნაბეჭდი ფურცლები ელაგა. ამ კრეტინებს კი ეგონათ, რომ შიგნით ოქროს სამკაულებიაო. როდესაც ნახეს, რომ ოქრო იქ აღარ იყო, „შკატულკა“ მდინარეში გადააგდეს. მილიციამ კი მეორე დღეს დააპატიმრა და თორმეტი წელი აკიდეს.

– საცოდავები, – გამეცინა მე და ვკითხე, – მეორეს რა ჰქვია?

– „ჩიკორა“, – თქვა ჩემმა ნაცნობმა და დაამატა, – ის უფრო მაგარი კრეტინია. შენ თვითონ ნახავ. ახლა კი წადი, შარი არ მოგდონ, რატომ დააგვიანეო. ალბათ, „აბსლუგში“ მუშაობას შემოგთავაზებენ და „ნაეზდი“ არ გააკეთებენო. ვიცი, ასეთი რამ არ გეშლება, მაგრამ, მაინც გაფრთხილებ.

„სტროგაჩებში“ სულ ექვსი ქურდი იხდიდა სასჯელს. მათ ბარაკში რომ შევედი, „ბზრიალა“ და „ჩიკორაც“ იქ დამხვდნენ. წამით არ ჩერდებოდნენ. იერარქების ბრძანებებს ასრულებდნენ და სრულიად ამართლებდნენ თავიანთ მეტსახელებს.

ქურდულ ბარაკში თხუთმეტი საწოლი იდგა. სამ-სამ მწკრივად და ხუთ რიგად განლაგებული. პირველი ორი მწკრივი ქურდების იყო. დანარჩენი კი – ეგრეთ წოდებული, „მომვლელების“, რომლებიც სინამდვილეში, მათი „შესწიორკების“ ფუნქციებს ითავსებდნენ. ქურდული მწკრივები ჩაბნელებული იყო და მხოლოდ ფანჯრის ქვეშ განთავსებულ საწოლზე იწვა ვიღაც. ბარაკის შუა ნაწილში, მარცხენა მხარეს უზარმაზარი მაგიდა იდგა. მასზე ლამფა აენთო და მაგიდასთან ორი ადამიანი იჯდა. ექვსი ფეხზე იდგა მათ შორის იყვნენ „ბზრიალა“ და „ჩიკორა“, რომლებიც მზად იყვნენ, „პატრონების“ ნებისმიერი ბრძანება შეესრულებინათ და მლიქვნელურად თვალებში შესციცინებდნენ მათ. შევედი. მივესალმე. პასუხი არ მიმიღია. არც არავის უთქვამს, დაჯექიო. მაგიდიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით გავჩერდი და მაგიდასთან მსხდომთ მივაჩერდი.

– „ბზრიალ“, ჩეფირი მოადუღე, – თქვა ერთ-ერთმა მაგიდასთან მჯდომმა და დაამატა, „ჩიკორ“, სპიჩკა!

„ჩიკორამ“ „მბრძანებელს“ სიგარეტზე ასანთი მოუკიდა. „ბზრიალამ“ კი ჩეფირი მიუტანა. „მბრძანებელმა“ ორი ყლუპი მოსვა. ორი „ნაპასი“ დაარტყა და მიკადრა:

– „მალალეტკებიდან“ გადმოგაეტაპეს, ხომ?

– დიახ, – მივუგე „მბრძანებელს“.

– რას აპირებ?

– რასთან დაკავშირებით? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე „მბრძანებელს“.

– „აბსლუგაში“ კაცი გვჭირდება.

– „აბსლუგაში“ არ ვიმუშავებ. არ ვარ ჩვეული.

– რატომ, ბიჭო. ქურდი ხარ?

– ქურდი არ ვარ, მაგრამ, არც „აბსლუგის“ კაცი ვარ.

– ქურდებს პატივს სცემ?

– დიახ. რა თქმა უნდა.

– ქურდის სიტყვის გჯერა?

– მჯერა.

– ქურდის სიტყვას შეასრულებ?

– დიახ. ქურდულ სიტყვას შევასრულებ, – ოდნავი სახეცვლილებით მივუგე ქურდს, რომლითაც არსი რადიკალურად იცვლებოდა, მაგრამ ის ამას ვერ მიხვდა და მითხრა:

– ჰოდა, ქურდი კაცი გეუბნები, რომ „აბსლუგაში“ კაცი გვჭირდება და იმუშავე.

ამ სიტყვების მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ან მათ ნებას უნდა დავყოლოდი და „აბსლუგაში“, ანუ მომსახურე პერსონალში, გავმწესებულიყავი, რაც ჩემს ავტორიტეტს თითქმის ნულამდე დასწევდა ან ქურდებს უნდა დავტაკებოდი. მეთქვა მათთვის, რომ არაქურდულ წინადადებას მთავაზობდნენ და ამით სიცოცხლეს მოვისწრაფებდი, რადგან, ქურდების ბრძანებით; ზონა „გადამივლიდა“... ერთი სიტყვით ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი და განწირული ვიყავი. თუმცა, მაინც მეორე ვარიანტი ვამჯობინე. პირი დავაღე იმის სათქმელად, – არაქურდულ სიტყვას მეუბნებით-მეთქი, თან შეტევის მოსაგერიებლად მოვემზადე. მაგრამ ნაცნობმა ხმამ გამაჩერა:

– ვა, რა ნაცნობი ხმაა. ერთი აქეთ შემობრუნდი, შეგხედო.

შევტრიალდი. უცებ, ფანჯარასთან ლამფა აინთო. საწოლზე წამომჯდარ კაცს თვალი შევავლე და სანამ რაიმეს ვეტყოდი, თავად მან მითხრა:

– ამას ვის ვხედავ, კოტე, შენ ხარ?

– ძია ლადო, გამარჯობა, – ვთქვი და მისკენ გავემართე.

ლადიკა საწოლიდან წამოდგა. ჩემკენ გამოემართა. გადამეხვია და მითხრა:

– საიდან სადაო? აქ როგორ გაჩნდი?

– გუშინწინ თვრამეტი წლის გავხდი და ერთი საათის წინ გადმომიყვანეს ავჭალიდან.

ლადიკამ მხარზე ხელი მომხვია. მაგიდასთან მივედით და მითხრა:

– დაჯექი, რა ფეხზე დგახარ.

სკამებზე მოკალათებული ქურდები პირდაღებული გვიმზერდნენ. უმალვე ფეხზე წამოდგნენ და ადგილები დაგვითმეს. ლადიკა მათ არც კი უყურებდა და მე მელაპარაკებოდა.

– „ბზრიალ“, „ტუმბოჩკიდან“ სიგარეტი მომიტანე, მიუბრუნებლად თქვა ლადიკამ და ორიოდე წამში „მარლბოროს“ კოლოფი მაგიდაზე იდო.

– მოწევა ხომ არ დაგიწყია? – მკითხა ლადიკამ და როდესაც ვუთხარი, არა-მეთქი, დაამატა, – ყოჩაღ, ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდე.

ლადიკა ფეხზე მდგომებს ზედაც არ უყურებდა. აშკარად აიგნორებდა მათ და ამით ხაზს უსვამდა საკუთარ პრიორიტეტულობას და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ლადიკა „სტროგაჩების“ „მაყურებელი“ იყო და მის სიტყვას კანონის ძალა ჰქონდა.

ათიოდე წუთი რომ ვილაპარაკეთ, ლადიკამ თქვა:

– „სევან-ჯან“, რას უდგახარ, ჭაჭა გაჩითე და ჩამაასხი, ჩემი პატარა ძმის სადღეგრძელო უნდა დავლიო.

„სევანა“, იგივე ლეონ ვართანოვიც კანონიერ ქურდი იყო. მას არავისთვის გადაუბარებია ლადიკას დავალება. კისერი წაიგრძელა და ჰკითხა:

– ლადიკ-ჯან, რომელი ჭაჭა გინდა, ჩემი „ზემლიაკების“ „ნაგრევი“ თუ მეორე?

– გურული, ბიჭო!

„სევანამ“ 100-გრამიანი ჭიქა გურული ჭაჭით აავსო. ლადიკამ სასმისი ასწია და მითხრა:

– შენ გაგიმარჯოს, ძამიკო. დღეგრძელი და ბედნიერი გამყოფოს უფალმა! – ლადიკამ ჭიქა ბოლომდე გამოცალა.

ამასობაში „ციცქამ“ მაგიდაზე ჩეფირი დადგა, ლადიკამ გააბოლა („ციცქას“ მოაკიდებინა), ჩეფირი მოსვა და მითხრა:

– მეხუთე რაზმეულში ჩაგასახლეს?

– დიახ, ძია ლადო.

– აქ იცხოვრებ, – თქვა ლადიკამ და „ბზრიალას“ გასძახა:

– „ბზრიალ“, წადი და კოტიკას „ვეშჩები“ მოიტანე ბარაკიდან.

„ბზრიალა“ გაშპა. ლადიკამ კი „ჩიკორას“ გასძახა:

– „ჩიკორ“ „ნადზორებს“ უთხარი, რომ კოტე ჩადუნელი ჩემს ბარაკში იცხოვრებს და ზონის უფროსს გადასცენ.

„ჩიკორაც“ გაშპა. ლადიკამ კი ახლა „ციცქას“ უთხრა:

– „ციცქა“, ჩემს პატარა ძმას ადგილი გაუცვალე. მინდა, გვერდით მყავდეს.

„ციცქამ“ უხმოდ შეასრულა ბრძანება. რადგან „ჩიკორა“ და „ბზრიალა“ ბარაკში არ იმყოფებოდნენ, „კოიკის“ გაცვლა თავად მოუწია და კომოდის შიგთავსი და თეთრეულ-საბანი თვითონ გადაიტანა სამი მწკრივით ქვემოთ. ამასობაში „ბზრიალა“ და „ჩიკორა“ დაბრუნდნენ და „ბზრიალამ“ ლადიკასგან ხელმარჯვნივ „ციცქას“ ყოფილ „კოიკაზე“ გამიშალა საწოლი და ჩემი პირადი ნივთები კი კომოდში განათავსა. ამრიგად, „სტროგაჩებში“ ჩემი ჩასახლებიდან 2 საათის შემდეგ რუსთავის ყველა ზონებში იცოდნენ, რომ ლადიკას უმცროსი ძმა ვიყავი და ეს იყო ჩემი ხელშეუხებლობის მტკიცე გარანტია.

ლადიკას გვერდით 2 წელიწადი გავატარე. მასზე 1 წლით ადრე მიმთავრდებოდა „სროკი“. ამ ხნის განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა მსოფლიოში. ლადიკა ამ ცვლილებებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და საკმაოდ საფუძვლიან ანალიზსაც აკეთებდა. ამ ხნის განმავლობაში ბებია ელენე გარდაიცვალა, რაც ძალიან განვიცადე. ვტიროდი და ლადიკა მანუგეშებდა. ლადიკას ძალისხმევით, ბებიაჩემი წესისამებრ დაასაფლავეს და ერთი დღით ზონიდანაც კი გამიშვეს, რომ დასაფლავებას დავსწრებოდი. ხოლო, როდესაც ჩემი გათავისუფლების ჟამი მოახლოვდა, „სვაბოდაზე“ გასვლამდე სამი დღით ადრე ლადიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:

– კოტე, შვილო, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და ყურადღებით მომისმინე.

შვილო, პირველად გავიგონე ლადიკას პირიდან. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული და საიდუმლო თემა უნდა ენდო ჩემთვის და ვუთხარი:

– გისმენ, ძია ლადო.

– რასაც ახლა გეტყვი, უდიდესი საიდუმლოა. სიკვდილ-სიცოცხლეს უტოლდება და მისი ცოდნა უაღრესად საშიშია. წარმოიდგინე, დიდ სიმაღლეზე, ტროსზე მოძრავი მუშაითი, რომელიც დაზღვევის გარეშე გადაადგილდება. საკმარისია, მან ოდნავ არასწორი მოძრაობა გააკეთოს, რომ ფეხი დაუცდება, ჩამოვარდება და დაიღუპება. შენ ახლა სწორედ ასეთ ტროსზე უნდა შედგა ფეხი და უშეცდომოდ იარო. ხომ გესმის?

– დიახ, ძია ლადო, მესმის.

– თუ თანახმა ხარ, ასეთ გზაზე დადგე, მაშინ გავაგრძელებ. თუ არა და ამაზე შევწყვიტოთ და ერთ კვირაში გახვალ და არანაირი ვალდებულება არ გექნება.

– თანახმა ვარ.

– მაშ, კარგი. მოკლედ, მსოფლიო იცვლება და ყველაფრის გადანაწილების პროცესი დაიწყო. ვიცვლებით ჩვენც, ქურდებიც და თუ ამ ტალღაში არ ჩავჯდებით, გლობალური ნგრევის „პრიკუპში“ მოვყვებით. სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშლება. ერთხანს ყველგან დიდი „ბესპრეძელი“ გამეფდება და ყველა სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაერთვება. შეეცდებიან, რაც შეიძლება, მეტი წილი წაიღონ თავისკენ, ჩვენ კი ასე გადავწყვიტეთ, ის დიდძალი „ობშჩიაკი“, რასაც ვფლობთ, ლეგალურად გადავაქციოთ. ლაპარაკია ათეულ მილიონებზე. ამას კი ჭკვიანი, ენერგიული და ახალგაზრდა კაცი სჭირდება. წლებია, გაკვირდები და სწორედ ამ კაცის როლს გთავაზობ. ანუ, „ობშჩიაკს“ შენ ჩაიბარებ, დაატრიალებ, გაზრდი და საჭიროებისამებრ გაანაწილებ.

– ძია ლადო, ამ ყველაფერს ხომ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია?

– სწორი შენიშვნაა. ამ ყველაფერს შენ აქედან გასვლის შემდეგ შეიძენ. 20 წლის ხარ. 25-სა და 40 წელს რომ აღწევს ადამიანი, გარეგნობა ეცვლება, ხოლო თუ ამ ყველაფერს მცირე კოსმეტიკას დაუმატებ, ფაქტობრივად, სხვა ადამიანად „იჩითები“. გასვლისთანავე ერთი კაცი უნდა ნახო და დანარჩენს ის გეტყვის და მოგიგვარებს. გაიგე, ხომ?

– დიახ, ძია ლადო, ყველაფერი გავიგე.

„სროკიდან“ რომ გავთავისუფლდი და საჭირო კაცი ვნახე. მან მე ახალი პასპორტი გადმომცა და ასე გავხდი მერაბ ახალკაცი. შემდგომ რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში გავემგზავრე და 2 წლის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლე სამი ევროპული ენა. ამასობაში, საბჭოთა კავშირიც დაიშალა. 22-27 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტში დავეუფლე ბიზნესმენეჯმენტსა და ეკონომიკის პროფესიებს. სანამ მე იქ ვსწავლობდი, როგორც ლადიკამ მითხრა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საშინელი განუკითხაობა მძვინვარებდა. დიპლომი რომ ავიღე, ჯერ ერთ-ერთ ბრიტანულ ფირმაში დავიწყე მუშაობა, თანაც, ძალიან მალე გავხდი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე. 30 წლისამ კი საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე. დიდი ინვესტიციები მოვიზიდე და ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გავხდი. ჩემი ბიზნესი მთელ მსოფლიოშია განთავსებული. ბრუნვა მრავალ ასეულ მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ყოველწლიურად იზრდება და ფართოვდება. როგორი მონიტორინგი და აუდიტიც არ უნდა ჩატარდეს, საბუთებში ერთ არალეგალურ ცენტსაც კი ვერ აღმომიჩენს, ყველაფერი კანონიერად მაქვს დალაგებულ-აწყობილი. რაც შეეხება განაწილებას, როდესაც მსგავსი სიგნალი მომდის, თანხებს საქველმოქმედო ხაზით ვგზავნი საჭირო მიმართულებით. აბა, ვინ წარმოიდგენს რომ მთელი ეს ბიზნესი და უძრავ-მოძრავი ქონება იმ ჯგუფის „ობშჩიაკია“, ვინც მე ამ ადგილზე გამამწესა. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე არც ის ვიცი, თუ კონკრეტულად რომელი ჯგუფის ინტერესებს ვემსახურები და არც მინდა ამის ცოდნა. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ჯგუფის მესვეურებისთვის მე ვარ მერაბ ახალკაცი, მეტსახელად „მოჭადრაკე“.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი