ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ბედისწერის რა ნიშნებს გვიგზავნის საკუთარი სხეული

№52

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 09.01

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ხალხურმა გადმოცემებმა უამრავი ისეთი მინიშნება შემოგვინახა, დღემდე აქტუალობა რომ არ დაუკარგავს და ზოგჯერ ინსტინქტურადაც კი ვემორჩილებით. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მინიშნებები სახის ნაკვთებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ლოყის ან ყურის უეცარი აწითლება-სიმხურვალე, თვალების ქავილი თუ აკნე შუბლსა და ნიკაპზე, ასევე, სახის ტრავმაც კი. თუ გსურთ, გაიხსენოთ, ან სულაც ახლა შეიტყოთ, რას გამცნობთ ამ მინიშნებებით სამყარო, რას გიწინასწარმეტყველებთ, ან, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილოთ, ამ ყველაფერს შეიტყობთ რუბრიკის სტუმრის, ეზოთერიკოსი ქალბატონის, მანანა უ-ს ინტერვიუდან.

- სახე სხეულის მხოლოდ ნაწილი და საოცრად მგრძნობიარე ინსტრუმენტია, არა მხოლოდ ჩვენი ემოციების გამოსახატად, არამედ ბედისწერის ფარული მინიშნებების გადმოსაცემადაც. უძველესი დროიდან ამჩნევდნენ ადამიანები, რომ სახეზე უმცირესი ცვლილებაც კი - უეცარი წამოხურება, მსუბუქი ქავილი ან მოულოდნელი გამონაყარი - შეიძლება იყოს საიდუმლო შეტყობინება, ზეციური მინიშნება. მოდი, შევუდგეთ საინტერესო მოგზაურობას ხალხურ მინიშნებათა სამყაროში და ამოვხსნათ, რას „ჩაგვჩურჩულებენ“ ეს ძლივს შესამჩნევი, მაგრამ გამომსახველობითი სიგნალები.

- ლოყები ხშირად გამწითლებია უეცარი სიმხურვალისგან და ვიღაც გჭორავსო, უთქვამთ...

- როდესაც სახეზე მოულოდნელად წამოგახურებთ და ლოყები, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გიწითლდებათ - ეს შემთხვევითი არ არის! ბრძენი წინაპრები ამ მოვლენას სხვათა ფიქრების გამოვლინებად მიიჩნევდნენ, ჩვენკენ განუსაზღვრელი მანძილისა და დროის გავლით რომ მოემართება. ახსნა კი ასეთია: თუ მარჯვენა ლოყა გიხურთ - ვიღაც სითბოთი და სინაზით გიხსენიებთ: ან გულაჩქროლებული ფარული თაყვანისმცემელია, ან - ძველი მეგობარი, რომლის კეთილი სიტყვები შორიდანაც გათბობთ. მარცხენა ლოყის წვისას, რომანტიკის დრო ნამდვილად არ არის. ვიღაც ზურგს უკან ავად ჩურჩულებს - გაღიზიანებულია ან თქვენი შურს. მაგრამ ნუ იდარდებთ - იქნებ ცვლილებათა ქარმა მოუბერა და მალე, ყველაფერ უსარგებლოს თან წაიღებს. ორივე ლოყის აწითლება - ცრემლს გიწინასწარმეტყველებთ. მაგრამ, იქნებ ეს დიდი ხნის ნანატრი შეხვედრით გამოწვეული ბედნიერების ცრემლებია, ან სულაც, მოულოდნელი სიხარული?! არსებობს ერთი უძველესი და ულამაზესი რიტუალი: აიღეთ ოქროს ბეჭედი (უმჯობესია, საქორწინო) და მსუბუქად გადაისვით გახურებულ ლოყაზე. თუ ბეჭედმა ღია, ძლივს შესამჩნევი კვალი დატოვა, თქვენზე ვიღაც სიყვარულითა და აღტაცებით ლაპარაკობს; ხოლო, თუ კვალი მუქია, ვიღაც არცთუ სასიამოვნოდ მოგიხსენიებთ.

- ყურების სიწითლე-სიმხურვალე რის მანიშნებელია?

- ყური ჩვენი მგრძნობიარე ანტენაა, რომელიც ათასობით კილომეტრის მანძილზეც კი იჭერს ხმადაბალ საუბარს. რაც შეეხება ამ ორგანოთა წვასა და აწითლებას, თუ მარჯვენა ყური გეწვით - გაქებენ: ან ბოსი აფასებს თქვენს ტალანტს კოლეგების წინაშე, ანდა, ვიღაც ანდობს მეგობრებს, რომ თქვენდამი ფარული სიმპათია აქვს. აი, მარცხენა ყური თუ გიხურთ: ვიღაც აშკარად უკმაყოფილოა და ემოციებს ვერ მალავს. თუმცა არ ინერვიულოთ - ჭორებს, შემოდგომის ფოთლებივით სწრაფადვე წაიღებს ქარი. გადავიდეთ თვალის ქავილზე, რაც ცრემლს ან უკონტროლო სიცილს ნიშნავს - ბედი ამ მინიშნებებს შეფარვით, სწორედ თვალის საშუალებით გვიგზავნის. ასე რომ, თვალების ქავილი ყოველთვის არ არის დაღლილობის ან ალერგიის ნიშანი - მარცხენა თვალის შემთხვევაში - კარგ ამბებს დაელოდეთ: დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას, მოულოდნელ საჩუქარს ან სასიამოვნო, გულისამაჩუყებელ სიურპრიზს; მარჯვენა თვალი კი - სამწუხაროდ, სევდის მაცნეა. მაგრამ ნუ იდარდებთ - ყველაზე მწარე ცრემლებიც კი, ბოლოს მაინც შრება.

- დროს თუ აქვს მნიშვნელობა ამ სასწაულების ასახდენად?

- თქვენ წარმოიდგინეთ და კვირის დღემაც კი, შეიძლება გიკარნახოთ: რას გპირდებათ აწითლებული სახე, მაგალითად, ორშაბათს და ეს არის — ახალი ნაცნობობა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება; სამშაბათს — ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები, რომ საყვარელ ადამიანებთან ჩხუბს აარიდოთ თავი; ოთხშაბათს — გელით სასიამოვნო შეხვედრა, შესაძლოა, რომანტიკული პაემანი ან გულთბილი საუბარი ჩაის ფინჯანთან ერთად; ხუთშაბათს — წარმატება ბიზნესში, როცა სამუშაო ფულთან ერთად, ნამდვილი სიამოვნებაცაა; პარასკევს — მოულოდნელი ამბები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები; შაბათს — სიურპრიზი, რომელიც გაურკვევეია, სასიამოვნოა თუ - არა; კვირას — უდარდელი გართობა, სიცილი და თბილი შეხვედრები საყვარელ ადამიანებთან.

- გამიგია, სახეზე აკნეც (მუწუკი) კი, ბედისწერის გზავნილიაო...

- ყველაზე საძულველი მუწუკიც კი შეიძლება სამყაროს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გზავნილად იქცეს. თუ ცხვირზე გაქვთ — ვიღაც თქვენზეა შეყვარებული და შეიძლება, სწორედ ისაა, ადრე რომ არასდროს შეგიმჩნევიათ. შუბლზე ამოსული მუწუკი გამცნობთ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებების დრო დადგა და საბოლოოდ, დამსახურებული ჯილდოც გელოდებათ. აკნე ნიკაპზე კი - პირად ცხოვრებაში ცვლილებების მანიშნებელია - ახალ სიყვარულს შეხვდებით, ან კვლავ ძველი გრძნობები იფეთქებს.

- მაგრამ სიწითლე, თუ სახის რაიმეზე დარტყმამ, ტრავმამ გამოიწვია?

- ეს მხოლოდ შემთხვევითობა არ არის. მაგალითად, თუ შუბლი დაარტყით - მალე რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება მოგიწევთ; ცხვირი - სიახლეებს ელოდეთ და შესაძლოა, მოულოდნელადაც გეწვიოთ; ლოყა - ურთიერთობისას მეტი სირბილე და თანაგრძნობა გამოიჩინეთ, რათა ზედმეტი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. აქვე გეტყვით, რომ თუ ობობა პირდაპირ სახეზე დაგეცათ, პანიკაში ნუ ჩავარდებით - ეს კარგის ნიშანია. თუ საკუთარი ქსელის „თოკით“ დაეშვა თქვენს სახეზე - სასიხარულო ამბავს გაიგებთ; ხოლო თუ ზემოდან ჩამოვარდა - იღბალი უკვე კარზე გიკაკუნებთ, მოემზადეთ ბედნიერებისთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი