ისტორია

ვისზე გათხოვდა მეორედ რუსუდან მეფის ასული, გურჯი ხათუნი და რა უქნეს მონღოლებმა მის მეორე ქმარს

№29

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.07

ისტორია
დაკოპირებულია

1236 წელს, პოლიტიკური მოსაზრებით, რუსუდან მეფის ასული, 13 წლის თამარი, ცოლად მიათხოვეს რუმის სულთანს, ყიას ედ-დინ ქეი ხოსრვევ მეორეს („ყიასდინს“). რუსუდან მეფემ დიდი მზითვი გაატანა ქალიშვილს, მზითებში მისცეს ქალაქი აწყურიც. აწყური დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ და დიდი შემოსავალი ჰქონდა. იმ დროიდან აწყურის შემოსავალი გურჯი ხათუნისა და მისი ქმრის იყო.

1243 წელს ქოსე-დაღის ბრძოლაში მონღოლებმა, ქართველების დახმარებით, დაამარცხეს ყიასდინი. რუმის სასულთნო მონღოლთა ვასალი გახდა. სასულთნოს დასავლეთი ნაწილი დაუტოვეს სულთანს. აღმოსავლეთი მონღოლებმა თავის პირდაპირ მმართველობაში შეიყვანეს.

ქოსე-დაღის ბრძოლაში თავი გამოიჩინა სულთნის ვეზირის, მუჰაჯაბ ალ-დინ ალი ალ-დაილამის ვაჟმა, მუინ ალ-დინ სულეიმანმა. მუჰაჯაბ ვეზირი წარმოშობით ირანიდან ყოფილა. სულეიმანმა მიიღო კარგი განათლება. მამამისმა იგი დაანიშნინა ჯერ ქალაქ თოქათის, მერე კი ქალაქ ერზინჯანის მმართველად. სულეიმანმა მოახერხა მონღოლებთან დაახლოება. მონღოლი ნოინის, ბიჩოს რეკომენდაციით, სულთანმა ის მრჩევლად დაინიშნა. სულეიმანს მეტსახელად ფერვანე (ჩვენი ჟამთააღმწერლის მიხედვით „ფარმანა”) შეარქვეს, რაც ნიშნავს „სულთნის პირად დამხმარეს“. ის ინტრიგების დიდოსტატად მიიჩნევა.

1246 წელს ქართველთა სიძე – სულთანი ყიასდინი შეთქმულებმა მოკლეს. ქვრივი გურჯი ხათუნი ცოლად მოიყვანა სულეიმანმა და სახელმწიფოშიც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. აწყური სულეიმან ფერვანეს საკუთრებაში გადავიდა, როგორც მისი ცოლის მზითვი.

მონღოლებმა სასულთნოს სათავეში დაამტკიცეს სულთნის უფროსი ვაჟი – ქეი-ქავუს მეორე, ყიასდინის შვილი ბიზანტიელი ქალისგან, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრედ გამოცხადებული იყო უმცროსი ვაჟი – ქეი-ყუბადი, მაგრამ ის მხოლოდ 7 წლის გახლდათ. ძმები ერთმანეთს ებრძოდნენ და ამიტომ, მონღოლებმა, იკონიაში წესრიგის დამყარების მიზნით, სასულთნოს ტერიტორიის ნაწილები დაუმტკიცეს მის ძმებსაც: ქილიჩ-არსლან (ყილიჩ არსლან) მეოთხეს, ყიასდინის ძეს – თურქი ქალისგან და ქეი-ყუბად მეორეს, ყიასდინის უმცროს ვაჟს – გურჯი ხათუნისგან. თუმცა, დაპირისპირება გაგრძელდა. 1257 წელს გარდაიცვალა თამარის შვილი – ქეი-ყუბადი. ქეი-ქავუსმა კი დაკარგა ტახტი. საბოლოოდ ტახტზე დარჩა ყილიჩ არსლანი.

ფერვანემ აიღო სინოპი და ქალაქის გარშემო მყოფი თორმეტი ციხესიმაგრეც წაართვა ტრაპიზონის იმპერიას და დაეპატრონა აღებულ ტერიტორიას, რაც არ მოეწონა სულთანს, რადგან ვეზირის ძალაუფლება და გავლენა შეუზღუდავი ხდებოდა. ფერვანეს მტრებს რომ მის წინააღმდეგ არ ემოქმედათ და სულთანი არ გამოეყენებინათ, ფერვანემ თავისი მბრძანებელი დაახრჩობინა, ამბობენ, მონღოლების თანხმობითო. 1265 წელს მონღოლებმა ტახტზე აიყვანეს ქილიჩ-არსლან მეოთხის მცირეწლოვანი ვაჟი ქეი-ხოსროვ მესამე. ახალი სულთანი მცირეწლოვანი იყო და ქვეყანას ვეზირი ფერვანე მართავდა.

1266 წელს საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობები დავით ულუსა და სარგის ჯაყელს შორის. დავით მეშვიდემ ტფილისში ჩამოსული სარგისი დაატყვევა. სარგისის მომხრე აზნაურები გაემგზავრნენ საილხანოში და ყაენ აბაღას აცნობეს ამის შესახებ. აბაღას მოსწონდა სარგისი და მეფეს მოსთხოვა, გაეთავისუფლებინა სამცხის სპასალარი. მეფე დათანხმდა. სამცხე გახდა საილხანოს ხასინჯუ, პირდაპირ დაემორჩილა ყაენს, ანუ, ფაქტობრივად, გავიდა საქართველოს იურისდიქციიდან.

1270 წლიდან კვლავ დაიძაბა ურთიერთობები საილხანოსა და ეგვიპტელ მამლუქებს შორის. ფერვანე ორივე მხარეს უმტკიცებდა ერთგულებას, მონღოლებს – ღიად, ეგვიპტელებს – ფარულად. 1275 წელს ეგვიპტის სულთანი ბაიბარს პირველი, რომლის სრული სახელია აზ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი, ქართული წყაროებით ფუნდუყადარი, დიდი ჯარით შევიდა სირიაში. სირიის დიდი ნაწილი ეგვიპტის სამფლობელოდ მიიჩნეოდა. ბაიბარსს უნდოდა, ანატოლის ცენტრში ელაშქრა. ფერვანემ ის გადაარწმუნა და ურჩია, შეჭრილიყო კილიკიაში. ანატოლიის ცენტრი მისი ინტერესი იყო, იქ გახლდათ რუმის სასულთნო.

ბაიბარსის რეიდმა აღფრთოვანება გამოიწვია სელჩუკთა შორის, რომელთაც უნდოდათ მონღოლთა უღლის გადაგდება.

ფერვანე ფარულად დაუკავშირდა სულთან ბაიბარსს და შესთავაზა, ერთიანი ძალებით დაემარცხებინათ მონღოლები და განედევნათ მცირე აზიიდან.

1277 წელს საილხანოს ყაენმა, აბაღამ გადაწყვიტა, დაემარცხებინა ეგვიპტე. ამისთვის მოსთხოვა სულეიმან ფერვანეს, დახმარებოდა მონღოლთა ჯარს. აბაღამ არ იცოდა, რომ ფერვანე შეკრული იყო ფუნდუყადართან (ბაიბარსთან). უფრო სწორად, ორმაგ თამაშს თამაშობდა.

მონღოლთა ჯარში, როგორც იმ დროს ყოველთვის, ქართველებიც იყვნენ. მონღოლთა დასახმარებლად სამცხის რაზმი ჰყავდა წაყვანილი სარგის ჯაყელსაც.

1277 წლის 18 მარტს გაიმართა დიდი ბრძოლა ეგვიპტის ჯარსა და მონღოლებს შორის ელბისტანში. მონღოლთა და ქართველთა ჯარი მოულოდნელად გადააწყდა ეგვიპტელი სულთნის ჯარს, რომელსაც ცნობები ჰქონდა. ბაიბარსმა მონღოლები და ქართველები დაამარცხა. მონღოლებმა და ქართველებმა, მიუხედავად ალყაში მოხვედრისა, უკან არ დაიხიეს. მონღოლთა და ქართველთა ჯარმა დიდი ზარალი ნახა. იმ ბრძოლაში 3 000 ქართველი მონაწილეობდა. მათგან დიდი ნაწილი შინ ვერ დაბრუნდა.

ფერვანეს მზად ჰყავდა სელჩუკთა ჯარი. ორივე მხარე, როგორც ეგვიპტელები, ისე მონღოლები, მისგან დახმარებას ელოდნენ. მაგრამ, ფერვანე არც ერთს არ დაეხმარა, გადაუხვია და ჩრდილოეთისკენ, ქალაქ თოქათშში გაემგზავრა, ჭაბუკ სულთანთან ერთად.

გამარჯვებული ბაიბარსი 23 აპრილს ტრიუმფით შევიდა კესარიაში (კაისერში), რუმის მეორე დედაქალაქში. მაგრამ, მერე მიბრუნდა სირიისკენ. მისი ჯარის მარცხენა ფრთამ დიდი ზარალი ნახა და ბაიბარსი წუხდა ამაზე. ეგვიპტელებმა დატოვეს რუმის ტერიტორია. ამასობაში აბაღას აცნობეს მისი ჯარის დამარცხების შესახებ და ის ახალი ჯარით პირადად გამოემართა ანატოლიისკენ. იკონიაში შესულმა მონღოლებმა სასტიკად დასაჯეს სელჩუკები – ათასობით ადამიანი დახოცეს. ფერვანე დააპატიმრეს და აბაღას მიჰგვარეს. ჩვენი ჟამთააღმწერელი წერს, აბაღა არ იყო დარწმუნებული ფერვანეს ღალატში და ჭოჭმანობდა, მაგრამ ნოინებმა მოკლეს ფერვანეო. გურჯი ხათუნის, თამარის მეორე ქმარი სიკვდილით დასაჯეს 1277 წლის 2 აგვისტოს.

აწყური ყაენმა გადასცა სარგის ჯაყელს და მის ძეს, ბექას. ასე დაუბრუნდა აწყურის შემოსავალი ქართულ ეკონომიკას, მართალია, ჯერ მხოლოდ სამცხისას, ჯაყელებისას, მაგრამ მაინც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი