ისტორია

ვისთან გადავიდა ერთ-ერთი წვეულების დროს ვახტანგ მეხუთე ალავერდს და როგორ მოეწონა ქართული ღვინო ფრანგ მოგზაურს

№21

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.06, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ქართლის მეფე როსტომი (როსტომ ხანი, ხოსრო მირზა) აღიზარდა ირანში, ტფილისის ტახტზე ასვლამდე კარგა ხანს ცხოვრობდა და მსახურობდა შაჰის კარზე და დიდი თანამდებობები ეკავა. შემდეგ შაჰმა ქართლის მმართველობა უბოძა. შაჰისთვის ის იყო ვალი (გურჯისტანის ვალი), მოადგილე, შაჰის მოხელე. ქართველები მეფედ თვლიდნენ. ერთგვარი კომპრომისი შედგა შაჰსა და ქართველებს შორის. ვალი (მეფე) უნდა ყოფილიყო მაჰმადიანი, შაჰის ერთგული, სამაგიეროდ, ქართველებს ეყოლებოდათ ბაგრატიონი ხელმწიფე, ქართველი. ქვეყანაში არ იქნებოდა აკრძალული ქრისტიანობა და ასე შემდეგ.

როსტომ მეფეს ცოლად ჰყავდა ქეთევან აბაშიშვილის ასული, რომელიც მალე გარდაიცვალა. შემდეგ ითხოვა ოდიშის მთავრის, ლევან მეორე დადიანის და, მარიამი. მარიამი მანამდე გათხოვილი იყო გურიის მთავრის, მამია მეორე გურიელის ვაჟზე, სიმონზე. სიმონ გურიელმა მოკლა საკუთარი მამა, დაიკავა გურიის მთავრის ტახტი, მერე კი ლევან მეორე დადიანის მკვლელობის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დადიანი გადარჩა, დაამარცხა მტრები, მათ შორის სიმონ გურიელიც, ის დააბრმავა, წაართვა ცოლ-შვილი და თავისთან წაიყვანა, გურიელის ტახტი კი სხვას გადასცა. ლევან მეორე დიდი სიამოვნებით დათანხმდა წინადადებას, მარიამი როსტომისთვის მიეთხოვებინა.

როსტომ ხანი უშვილო იყო. გადაწყვიტა ეშვილა ქართველი და ტახტი დაეტოვებინა ქართველისთვის. რამდენიმე კანდიდატი ჰყავდა, მაგრამ, ზოგთან არ გაუმართლა, ზოგი გარდაიცვალა. გარდაიცვალა მისი გერიც, ოტია გურიელი. როსტომ ხანმა იშვილა მუხრანბატონთა საუფლისწულოს მეთაური, ვახტანგი. ვახტანგი იყო ქართლის ბაგრატიონთა გვერდითი შტოს წარმომადგენელი, ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის (1479-1505) შთამომავალი და ქართლის ტახტის კანონიერი პრეტენდენტი. ტახტის მემკვიდრის რანგში ვახტანგსაც მოუწია მაჰმადიანობის მიღება, სხვანაირად ტახტზე ვერ ავიდოდა და ტფილისის ვალად შეიძლება სპარსელი დაენიშნა შაჰს.

მეჩვიდმეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი (1643-1713) აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდა. იყო საქართველოშიც. შარდენმა თავისი მოგზაურობა და შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა წიგნში – „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“.

საქართველოში მოსვლისას შარდენი მიწვეული ყოფილა ვახტანგ მეხუთის (შაჰ-ნავაზის, 1658-1675) კარზე. მისი ვიზიტით დაინტერესებული ყოფილან თვითონ მეფე, რა თქმა უნდა, პირადად შარდენი და ქართლში იმ დროს მყოფი კაპუცინები. შარდენი წერს:

„როდესაც შაჰ-ნავაზს გაუგია ჩემი ვინაობა და შეუტყვია, რომ განსვენებული შაჰისგან ვიყავი გაგზავნილი თავის საქმეზე ევროპაში, პრეფექტისათვის უბრძანებია: უთხარი ჩემ მაგიერ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასი სტუმარია, რომ ძალიან მიამა მისი მოსვლა და სასიამოვნო იქნება ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდეს ჩემს სანახავადო“.

შარდენს გარკვეული დრო სჭირდებოდა მეფესთან აუდიენციისთვის მოსამზადებლად, მაგრამ კაპუცინები აჩქარებდნენ:

„მითხრეს, რომ მეფეს მოუთმენლად სურს ევროპის ამბავი შეიტყოს შენგანაო. ნამდვილად კი, თურმე, თვით კაპუცინებს უნდოდათ, რომ მალე მეფის წინაშე წარვედგინეთ, რადგან სპარსეთის შაჰის ახლობელი ვიყავი. იმათ ეგონათ, რაკი მე წარმადგენდნენ მეფის წინაშე, მეფე უფრო მეტს პატივსა სცემდა თვით კაპუცინებსაც. კაპუცინებმა მე და ჩემს ამხანაგს გვთხოვეს: რომელიც უფრო კარგი ტანისამოსი გაქვთ, ის ჩაიცვით და მეფესაც კარგი ძღვენი მიართვითო. მე შევასრულე იმათი ყოველივე სურვილი, რამდენადაც კი შემეძლო, რომ ამით გადამეხადნა მათთვის ის დიდი სიკეთე, რომელიც მათგან მახსოვდა და რომლითაც დავალებული ვიყავი“.

მეფემ შარდენი დიდი პატივით მიიღო. ფრანგმა გადასცა ქართველ მეფეს ძვირფასი საჩუქრები, რითიც ხელმწიფე ძალიან კმაყოფილი დარჩა. სტუმრების პატივსაცემად გაიმართა პურობა, რომელიც შარდენს ძალიან მოეწონა, რადგან, მისი მისამართით დიდი კეთილგანწყობა გამოიჩინა მეფემ, პირადად აკვირდებოდა როგორ მიირთმევდნენ უცხოელი სტუმრები, პირადი ბრძანებით უგზავნიდა სუფრაზე კერძებს და სასმელს. გაუგზავნა ღვინო დასალევად იმ ოქროს თასით, რომლიდანაც თვითონ დალია, როგორც ჩანს, ალავერდს გადავიდა შარდენთან: „მეფემ გამომიგზავნა თავისი სასმელი ღვინო იმ თასით, რომლითაც თვითონ მიირთმევდა“.

შარდენსა და მის მეგობრებს ღვინოს მიართმევდა სასახლის წარმომადგენელი, „კეთილშობილი“, რაც მთავარია, ქართული წესის მიხედვით, სმას არ აძალებდა მეფე, ქართველები კი დიდი სასმისებით სვამდნენ. შარდენი წერდა, რაც იქ ღვინო დალია ჩემ გვერდით მჯდომმა, მე რომ დამელია, მოვკვდებოდიო.

ვახტანგ მეხუთისთვის მაჰმადიანობის შენარჩუნება იყო მისი ქართლის ტახტზე ყოფნის გარანტი. შაჰნავაზი რომ ფორმალურად აღიარებდა მაჰმადიანობას, იმითაც ჩანს, რომ ღვინოსაც სვამდა და სხვებსაც ბევრს ასმევდა.

მიუხედავად მეფის მაჰმადიანობისა და მიუხედავად, ქართლში, დიდებულთა შორის, მაჰმადიანობისა და სპარსული წეს-ჩვეულებების გავრცელებისა, ქართლი მაინც მართლმადიდებლურ ქვეყნად რჩებოდა და ძალიან დიდი გავლენა და პატივისცემა ჰქონდათ კათალიკოსს, ეპისკოპოსებსა და სასულიერო პირებს.

შარდენი აღნიშნავს, რომ მათთვის, ვინც მარხულობდა სპეციალური სამარხვო კერძები ყოფილა დამზადებული. სუფრაზე განსაკუთრებული წესრიგი ყოფილა: „აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, თუ რა წესიერება და დიდი მოკრძალება სუფევდა ამ შექცევის დროს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ღვინო ბევრი სვეს. გასაოცარი სიუხვე იყო ხორაგისა, სახსნილოც მოჰქონდათ და სამარხვოც, რადგან სადილზე პატრიარქი და ეპისკოპოზებიც იყვნენ, რომლებიც თავის დღეში არ ჭამდნენ ხორცს. ჩვენ სადილზე სამი საათი ვისხედით და მერე ავდექით. სხვა სტუმრები ზოგნი კიდეც წასულიყვნენ შინ“.

მეორე დღეს: „მეფეს გამოეგზავნა ჩემთვის ორი ღვინით სავსე საღვინე, ორი ხოხობი, ოთხი კაკაბი. კეთილშობილმა, რომელმაც მოსაკითხი მოატანინა, მითხრა: - მეფემ შემოგითვალა, ხომ არაფერი გიჭირს, კაპუცინები ხომ კარგად გართობენო; თუ ჩემი გამოგზავნილი ღვინო მოგეწონოთ, ყოველდღე წააღებინე ჩემი სარდაფიდანო. მე ვთხოვე კეთილშობილს: დაარწმუნეთ მეფე, რომ ჩემი მასპინძლები არას მაკლებენ, და ჩვენ ერთად დავლევთ მის მიერ გამოგზავნილ ღვინოს და მას ვადღეგრძელებთ“.

საფრანგეთი ცნობილია შესანიშნავი ღვინოებით, ფრანგ შარდენს უამრავი ქვეყნის ღვინო ჰქონდა დაგემოვნებული და ჩვენი მეფის ღვინოზე წერს:

„იმ ღვინოზე უკეთესი ღვინო არ შეიძლებოდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი