ვისი შთამომავლები შეიძლება, ყოფილიყვნენ მცხეთის სამეფოს პირველი მმართველები
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00
(იბეჭდება შემოკლებით)
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ფარნავაზი გახლდათ ქართლის მეორე მეფე, პირველი მეფე იყო აზო. „მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, სადღაც იყო არიან ქართლი – სხვა ქართლი და იქაური მეფის შვილი იყო აზო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა (მაკედონელის სარდალმა) მცხეთაში და ისტორიული საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებში გააბატონა.
„არიან ქართლი“, ბევრი მეცნიერის აზრით, ისტორიული საქართველოს, სადღაც, სამხრეთ-დასავლეთში უნდა ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, – ამ საკითხს დღეს არ ჩავუღრმავდეთ, ვინაიდან, ჩვენი დღევანდელი წერილის თემაა სხვაა – დღესაც რამდენიმე ქართლი გვაქვს ისტორიულ საქართველოში: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ზემო ქართლი (მესხეთი). ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „ზემო ქართლი არა თუ შიდა ქართლი არს. ზემო ქართლი სამცხისა, ესე იგი, სამესხეთოსა ადგილნი არიან, შიდა ქართლით ვიდრე ტრაპიზონამდე და ვიდრე არზრუმისა და ერევნისა საზღვრებადმდე“. ამგვარად, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, აზო იყო არიან ქართლის მეფის ვაჟი ანუ ქართული დინასტიიდან. დავით აღმაშენებლის მეგობრის, არსენ ბერის მიხედვით, ჩვენ არიან ქართლის ენაზე ვსაუბრობთ – „მათი ენა ვუწყით“.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით აზონი უზურპატორი და არაქართველი იყო, ალექსანდრეს ნათესავი მაკედონიიდან – „ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით“. ქართლის პირველი მეფე კი იყო ფარნავაზი – ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის შთამომავლის, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზის დედა ყოფილა სპარსი ასპანელი (ისპაანის ოლქიდან). თეიმურაზ ბაგრატიონი, ძველი ცნობების საფუძველზე, გვამცნობს, რომ ფარნავაზის დედა იყო სპარსეთის მეფის, დარიოს მესამის ასული.
აქემენიდთა იმპერიის დიდებულთა საგვარეულოს, ფარნაკიდების შესახებ ბოლო ხანს (მეოცე საუკუნის ის ბოლო წლები – ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი) უცხოეთში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, რომელთაც დინასტიაში ჰყოლიათ სამი ფარნაბაზი (ფარნაბაზუსი), 2017 წელს „თბილისელების“ ფურცლებზე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ჩვენი ფარნავაზ მეფის დედა შეიძლება, ყოფილიყო აქემენიდების დინასტიის განაყოფი დიდებულების – ფარნაკიდების დინასტიის წარმომადგენლის, სპარსეთის მეფე დარიოს მესამის ერთ-ერთი სარდლის, ფარნაბაზ მესამის ასული.
ფარნაბაზ მესამე ფარნაკიდი-აქემენიდი იყო აქემენიდების დიდ იმპერიაში შემავალი ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპის, არტაბაზ მეორის ვაჟი.
სიტყვა სატრაპი, kshathrapavan მოდის ძველი სპარსულიდან და ნიშნავს სამეფოს დამცველს, ნაწარმოებია სიტყვიდან kshathra – სამეფო, პროვინცია. ძველბერძნულად ასე ხსნიდნენ ამ ტერმინს – სპარსელთა მეფისნაცვალი.
მეფე დარიოს პირველმა შექმნა სპარსეთის უზარმაზარი იმპერია და დაჰყო 20 სატრაპიად, რომლებიც, ხშირად, ემთხვეოდა დაპყრობილი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ადგილობრივ ენას და კანონებს არ ერჩოდნენ, თუმცა, სატრაპიები იხდიდნენ ხარკს, ვალდებული იყვნენ, გამოეყვანათ ჯარი სპარსეთის ინტერესების დასაცავად და დამორჩილებოდნენ სპარსეთის შაჰის სატრაპს.
სპარსეთის მონარქები სატრაპებად ნიშნავდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მოგვარეებს, ნათესავებს ან ერთგულ დიდებულებს. სატრაპებს, ადგილებზე ჰქონდათ შეუზღუდავი ძალაუფლება. ამიტომ, თანამედროვეობაში ეს სიტყვა დესპოტის სინონიმადაცაა მიჩნეული და ასევე, დამპყრობლის ინტერესების გამტარებლად. სატრაპიაში სატრაპები კრეფდნენ გადასახადებს, ხარკს, ხელმძღვანელობდნენ სპარსულ გარნიზონებს და ადგილობრივ ჯარს, იყვნენ უმაღლესი მოსამართლეები და ჰქონდათ უფლება საკუთარი მონეტის მოჭრისა.
სატრაპ არტაბაზ მეორის დედა, სავარაუდოდ, იყო სპარსეთის შაჰის, არტაქსერქსე მეორის ასული აპამა. მამამისს, ფარნაბაზ (ფარნაბაზუს) მეორეს, სხვა ქალებიც ჰყავდა, თუმცა, არტაბაზმა თავის ერთ ქალიშვილს დაარქვა აპამა, რაც დედამისის სახელი უნდა ყოფილიყო. არტაბაზს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი, როდოსიდან, ცნობილი ბერძენი სარდლების, რომლებიც მასთან მსახურობდნენ, მენტორისა და მენონის და. ალბათ, მისგან შეეძინა არტაბაზს ფარნავაზ მესამე. ისე, დიოდორე სიცილიელის მოხედვით, მას ჰყავდა 11 ვაჟი და 10 ქალიშვილი, ალბათ, სხვადასხვა ქალისგან.
სატრაპებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ადგილზე, ამიტომ, ხშირად სეპარატიზმისკენ იხრებოდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 358 წელს, სხვა სატრაპებთან ერთად, სატრაპი არტაბაზი აუჯანყდა შაჰს, დამარცხდა და სახლეულთან ერთად გაიქცა მაკედონიაში, ფილიპე მეორესთან, სადაც არტაბაზის შვილებმა გაიცნეს უფლისწული ალექსანდრე მაკედონელი. შემდეგში არტაბაზის ქალიშვილი, ბერსინე, ალექსანდე მაკედონელის საყვარელი გახდა და გაუჩინა ვაჟი, ჰერაკლე.
ჩვენმა ფარნავაზმა ცოლად მოიყვანა დურძუკი (ძურძუკი) ქალი, ცხადია, წინამძღოლის, მთავრის ასული. ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ძმის – კავკასიელების წინაპრის, კავკასოსის შთამომავალი. დურძუკები იყვნენ თანამედროვე ვაინახების: ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრები. ფარნავაზმა თავის ერთი და მიათხოვა ეგრისის ერისთავს, ქუჯის, მეორე და მიათხოვა ოვსთა მეფეს.
ფარნავაზის თანაშეთქმული და თანამებრძოლი, ეგრისის ერისთავი ქუჯი, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ყოფილა „ქართლოსანი“, ანუ გამოდის ქართლოსიანთა რომელიღაცა უმცროსი შტოდან ან ბატონიშვილი ვახუშტი იქნებ გულისხმობს ზოგადად ქართველს („ნათესავით ქართველს“). ამიტომ მიმართა ფარნავაზს ქუჯიმ ასე: შენ ხარ მემკვიდრე თავთა მათ ქართლისათა და შენ გეკუთვნის მეფობაო. „ქართლის ცხოვრებისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობების კონტექსტით, შეიძლება ვივარაუდოთ, ქუჯი ეგრისის მთავრად, ერისთავად დანიშნული უნდა ყოფილიყო ფარნავაზის ბიძის, მცხეთისა და ქართლის მამასახლისის, სამარას მიერ. შესაძლოა, აზონმა დანიშნა, რადგან აზონს დიდი ძალაუფლება ჰქონდა დღევანდელი საქართველოს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩრდილო კავკასიაში, ვითარცა ალექსანდრეს (ალექსანდრეს სარდლის) მიერ დანიშნულს.
შეიძლება ქუჯი ყოფილიყო ეგროსის შთამომავალი, ქართლოსის უმცროსი ძმისა. ძმების – ქართლოსის, ეგროსისა და ჰეროსის შთამომავლებმა შექმნეს ქართველი ხალხი (მათმა სხვა ძმებმა სხვა ხალხები კავკასიაში). ასეთ პრინციპში დინასტიური უპირატესობა ეკუთვნოდა ამ სამ ძმათაგან უფროსს, ქართლოსს და მისი შთამომავლების უფროს შტოს. თუ ქუჯი მართლაც ეგროსიანი იყო, შესაძლოა, აღიარებდა ქართლოსის შთამომავალთა უპირატესობას, როგორც არის ხოლმე დინასტიაში უფროსი და უმცროსი შტოები.
ფარნავაზს ჰყავდა ვაჟი, საურმაგი, რომელიც ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





