ისტორია

ვისი შთამომავალი, მემკვიდრე და ნათესავი იყო გიორგი მეორე და ვინ იყო მისი მემკვიდრე

№32

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 20.08, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ბაგრატ მესამე ბაგრატიონი ისრაელის წინასწარმეტყველი მეფსალმუნე მეფის, დავითის 74-ე შთამომავლად ანუ ქრისტეს ნათესავად მიიჩნეოდა. მისი დინასტია ყველაზე პრესტიჟული საგვარეულო გახლდათ იმდროინდელ საქართველოში (ისრაელის მეფეთა წარმოშობის შესახებ – სხვა დროს).

ბაგრატ მესამე იყო სამი სამეფოს ტახტის მემკვიდრე – მემკვიდრე აფხაზთა მეფისა, მემკვიდრე იმიერ-ტაოს ხელმწიფისა და მემკვიდრე ამიერ-ტაოს, ქართველთა მეფისა. მან, დიდი ქართველების დახმარებით და რაც მთავარია, უფლის წყალობით, შეძლო აფხაზთა და ქართველთა ქართული სამეფოების გაერთიანება.

შემდეგ დაიკავა კახთა და ჰერთა ქართული მიწებიც, რომელთა ხელმწიფეს, კვირიკე მესამეს, ვაჟი არ ჰყავდა და ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა თავის დისწულს – ტაშირ-ძორაგეტის სომეხი მეფის, დავით უმიწაწყლოს ერთ-ერთ ვაჟს, გაგიკს. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო ქვემო ქართლში, ძირითადად, ქართულ მიწებზე ნაძალადევად შექმნილ „სომხური დინასტიის“ სამეფო იყო. თუმცა, მისი მიწების უდიდესი ნაწილი ძველი ქართველი მეფეების შთამომავალთა საკუთრება გახლდათ, ამგვარად, კახეთი და ჰერეთი, ასევე, ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (ქვემო ქართლი), ბაგრატიონების სამემკვიდრო იყო, რადგან ისინი იყვნენ ქართველები, ქართველთა მეფეები და ქართლის დიდი ხელმწიფის, ვახტანგ გორგასლის შთამომავლები ქალის მხრიდან და სრულუფლებიანი მემკვიდრეები. ბაგრატ მესამემ დააპატიმრა კვირიკე მესამე და შემოიერთა კახეთ-ჰერეთი. მაგრამ, ბაგრატ მეფის სიკვდილის შემდეგ კვირიკე მესამის მომხრეებმა მოახერხეს კვირიკეს გათავისუფლება და ტახტზე დაბრუნება.

ბაგრატიონთა სამემკვიდრო იყო, რა თქმა უნდა, ტფილისიც, ვახტანგ გორგასლის ქალაქი, რომელიც იმ დროს არაბების ხელში გახლდათ.

ბაგრატ მეოთხის პირველი ცოლი იყო ბიზანტიის კეისრის, რომანოზ მესამის ძმის ასული, ელენე, რომელიც მალე გარდაიცვალა. ბიზანტიამ კვლავ გააგრძელა თავისი იმპერიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისადმი. სანამ ჩვენს რეგიონში სელჩუკები მოძლიერდებოდნენ, ბიზანტიას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან. რამდენჯერმე სცადა ბაგრატ მეოთხის ჩანაცვლება თავისი ინტერესების გამტარებელი სხვა ბაგრატიონით. როცა ეს არ გამოუვიდა, ლიპარიტ ბაღუაშის ხელით ასუსტებდა ჩვენს მეფეს. მაგრამ, თურქების წარმატებებმა შეცვალა ბიზანტიის დამოკიდებულება ჩვენი მეფისადმი. ბაგრატ მეოთხისადმი მტრული პოლიტიკა ბიზანტიამ, მოყვრობისა და მოკავშირეობის პოლიტიკით ჩაანაცვლა. ბიზანტიას სჭირდებოდა მოკავშირე აღმოსავლეთში, რაც შეიძლება ძლიერი, მტკიცე, მებრძოლი, აღმატებული ხელმწიფე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში თურქებთან ბრძოლას ჩაუდგებოდა სათავეში.

ჩვენი ხელმწიფე აღიარეს მოკავშირედ. ბაგრატის ქალიშვილი, ხუთიოდე წლის მარიამი, ბიზანტიის სამეფო კარმა გასაზრდელად ითხოვა. იმ დროს ბაგრატ მეფეს მიანიჭეს ნოველისიმოსის წოდება. ნოველისიმოსობა იმპერატორის ნათესავებს ენიჭებოდა ან ძალიან ახლობელ მოკავშირეებს. 1065 წელს ბაგრატ მეფის ასული მართა-მარიამი მიათხოვეს ბიზანტიის კეისრის, კონსტანტინე დუკას ვაჟს, მიხეილს, მომავალ კეისარს. მერე ის შემდეგმა კეისარმა, ნიკიფორე მესამემაც შეირთო.

ბაგრატ მეფისა და საქართველოს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ბიზანტიისათვის. საქართველო იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ეს კი ხელს აძლევდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფეს ბიზანტიელებმა უკვე სევასტოსის ტიტული უბოძეს. სევასტოსობას, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ აღმოსავლეთში, შემდეგ მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან საკუთარი ოჯახის წევრებს. ამგვარად, ბაგრატ მეფე იყო სუვერენული ქვეყნის სუზერენი და ამავე დროს, ბიზანტიელების აზრით, ბიზანტიურ-მართლმადიდებლური სივრცის სევასტოსი.

გიორგი ბაგრატ მესამის ძეს, 1072 წლამდე, მემკვიდრეობისას, მინიჭებული ჰქონდა კურაპალატის ტიტული ბიზანტიის კეისრისგან. გამეფებიდან მალე, როგორც ჩანს, ნოვილისიმოსი გახდა, შემდეგ სევასტოსიც. მეფე გიორგი მეორე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიისთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის, რადგან სელჩუკებისგან ერთ-ერთ პირველ დარტყმას საქართველო იღებდა და ჩვენმა ხელმწიფემ ერთხელ სელჩუკები დაამარცხა კიდეც ფარცხისის ბრძოლაში. არ ეპუებოდა ბიზანტიასაც, ჯერ თვითონ ჩამოართვა მათ რამდენიმე ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და ჩააყენა თავისი გარნიზონები. შემდეგ ბიზანტიამ ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცა კარი (ყარსი) მიმდგომი ტერიტორიებით. ეს იყო დიდი აღიარება, ფაქტობრივად, სომხური ვანანდის სამეფოს მფლობელობის გადაცემა საქართველოს მეფისათვის (მანამდე, 1065 წელს, ვანანდის მეფემ, გაგიკმა თავისი სამეფო, იურიდიულად გადასცა ბიზანტიას). თუმცა, ბიზანტიას უნდოდა ამ მიწებისთვის ებრძოლა საქართველოს. დაახლოებით, 1080 წელს, გიორგი მეფეს მიანიჭეს კესაროსის ტიტული. კესაროსობა იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა. გიორგი მეორის კესაროსობად აღიარება მიანიშნებს მის პოლიტიკური წონას კავკასიასა და წინა აზიაში და განსაკუთრებით, ბიზანტიისათვის. ანუ, იმ ხანებში, როცა ბიზანტია აუქმებდა სომხურ სამეფოებს, საქართველოსთან დათმობა და ჩვენი მეფეების გულის მოგებაზე ზრუნვა უწევდა.

ამგვარად, მთელი ქართული ქვეყნების ტახტების მემკვიდრეები იყვნენ: ბაგრატ მესამე და მერე მისი ვაჟი გიორგი პირველი, მერე – გიორგი პირველის ვაჟი, ბაგრატ მეოთხე, შემდეგ – ბაგრატ მეოთხის ძე, გიორგი მეორე...

გიორგი პირველის პირველი ცოლი და ბაგრატ მეოთხის დედა იყო მარიამ დედოფალი, სომხური სამეფოს, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული. ამგვარად, გიორგი მეორე სომეხთა ერთ-ერთი მეფის შვილიშვილი გახლდათ.

ბაგრატ მეოთხეს მეორე ცოლად ჰყავდა ოსთა მეფის ასული ბორენა დედოფალი. ამგვარად, გიორგი მეორე. დედის მხრიდან. ოსთა ერთ-ერთი მეფის შვილიშვილი იყო.

ამრიგად, საქართველოს მეფე გიორგი მეორე მთელი კავკასიის უმთავრესი ლიდერი გახლდათ.

გიორგი მეორის და, მარიამი, კი, როგორც ვთქვით, ბიზანტიის დედოფალი გახლდათ.

გიორგი მეორის მამიდაშვილი, გურანდუხტის ასული, მარიამი გათხოვილი იყო თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე. 1072 წლის 25 ნოემბერს, ბაგრატ მეოთხის გარდაცვალებიდან ერთ დღეში, მოკლეს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი. სელჩუკთა სასულთნოს ტახტზე ავიდა 13 წლის მელიქ-შაჰი, რომელიც სიკვდილის წინ სულთანმა ჩააბარა დიდ ვაზირს, ნიზამ-ალ-მულკს. ნიზამ ალ-მულკი გახდა გიორგი მეორის სიძე, რადგან, ალფ-არსლანის ყოფილი ცოლი – ბაგრატ მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი, რომელიც იყო ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით პირველის ვაჟის, სუმბატის ქალიშვილი, სულთნის გარდაცვალების მერე, ნიზამ ალ-მულკმა შეირთო ცოლად.

გიორგი მეორის მეუღლეს ერქვა ელენე. მისი ვინაობის შესახებ არაფერია ცნობილი. ალბათ, რომელიმე ხელმწიფის ასული იქნებოდა, ერთიანი საქართველოს მეფეებს მხოლოდ თანაბარი ღირსების მქონე მეფე-მთავრის ასულის მოყვანა შეეძლოთ ცოლად.

მეფე გიორგის ჰყავდა „მარტოდ შობილი“ ვაჟი დავითი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი