ვისი შთამომავალი იყო მონღოლთა ძლევამოსილი ვაზირი, რომლის მხარდაჭერაც გიორგი ბრწყინვალემ გამოიყენა
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.06, 2023 წელი

დიმიტრი თავდადებულის გარდაცვალების შემდეგ მისი უმცროსი ვაჟი – გიორგი უფლისწული „წარიყუანა პაპამან მისმან ბექამან (ჯაყელმა) და აღზარდა საკვირველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა“.
1299 წელს საილხანოს ყაენმა, ყაზანმა მცირეწლოვანი გიორგი ტფილისში მეფედ დასვა ცოტა ხნით. შემდეგ ვახტანგ მესამე გაამეფეს თათრებმა.
1304 წელს მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოს ილხანთა ტახტზე ავიდა ოლჯაითუ, რომელსაც ქართველები „ხარბანდას” უწოდებდნენ. ყაენის დედა, ურუქ-ხათუნი, ქრისტეს მიმდევარი ყოფილა. დაახლოებით, 9-10 წლის ასაკში, 1289 წელს, დედას ქრისტიანულად მოუნათლავს ოლჯაითუ და მაშინდელი რომის პაპის, ნიკოლოზ მეოთხის პატივსაცემად, ნიკოლოზი უწოდებია მისთვის. არღუნ ილხანს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან. 1295 წელს ხარბანდამ მიიღო ისლამი და ეწოდა ყიას ედ-დუნია ვა-დ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯაითუ სულთანი.
1207 წელს ულუსის ამირა გახდა ჩობან ნოინი, ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი საილხანოში. ჩობანი ყოფილა მონღოლთა სულდუსების ტომიდან. სულდუსების ტომი დიდ პატივში იყო, ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენის დროიდან, რომლისთვისაც დიდი სამსახური გაუწევიათ. როცა მომავალი ჩინგიზ (დიდი) ყაენი, ჭაბუკი თემუჩინი გაიქცა ტაიჩიუდების ტომის ტყვეობიდან, მას დაადევნეს მდევრები. ერთ-ერთმა მდევარმა, ჩობანის პაპის პაპის მამამ, სორქან-შირამ მდინარის ლელქაშებში იპოვა თემუჩინი, მაგრამ შეეცოდა, არ დაიყვირა და ჩუმად ურჩია, დარჩენილიყო მდინარეში – შეჰპირდა, არ გაგცემო. როცა მდევრებმა გვერდი აუქციეს თემუჩინს, მან თავი შეაფარა სორქან-შირას იურტას (კარავს), რადგან იქ ძებნას არ დაუწყებდნენ. რომ დაბრუნდა სორქან-შირა თავის ვაჟებთან ერთად იურტაში და იქ თემუჩინი დახვდა, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ, ისევ არ გასცა გაქცეული. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფარება გაქცეულის თანამზრახველობას ნიშნავდა, რისთვისაც მკაცრი სასჯელი, ალბათ, სიკვდილი, ელოდა. სორქან-შირას ვაჟები – ჩიმბაი და ჩილაუნი (ჩობანის პაპის პაპა) გამოექომაგნენ თემუჩინს, სთხოვეს მამას და დატოვეს იურტაში. თემუჩინი მათ იურტაში იმალებოდა, სანამ ტაიჩიუდები არ წავიდნენ. სორქან-შირამ ცხენი მისცა და გაუშვა. როცა თემუჩინი აღზევდა, დაუფასა და ჩილაუნი სამსახურში მიიღო. ჩილაუნი კლდეს ნიშნავს მონღოლურ ენაზე.
1203 წელს თემუჩინმა დააარსა პირადი გვარდია, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგებოდა, ერთ-ერთის მეთაური, ნუკერი, გახდა ჩილაუნი – ჩობანის პაპის პაპა. 1206 წელს, როცა თემუჩინი ჩინგიზ ყაენად აირჩიეს, მან ჩილაუნს დიდი პრივილეგიები მისცა. მათ შორის, დიდი პატივი – ნადირობისა და ბრძოლის დროს პირადად მოპოვებულის თავისთვის დატოვება.
ჩობანის პაპა თუდანი 1263 წელს მონაწილეობდა საილხანოს დამაარსებლის, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის, ჰულაგუს კამპანიაში, ოქროს ურდოს წინააღმდეგ, სადაც თავი გამოიჩინეს: ჩვენმა მეფემ – დავით ულუმ, ბექა ჯაყელის მამამ – სარგისმა, პაპა სარგისად წოდებულმა და სხვა ქართველებმა. შემდეგ თუდანი დაინიშნა დიარბექირის მმართველად. იგი დაღუპულა მამლუქებთან ბრძოლაში, 1277 წელს. ნაკლები ცნობებია ჩობანის მამაზე, მელიქზე. მას მონაწილეობა მიუღია 1258 წელს მონღოლთა მიერ ბაღდადის აღებაში, სადაც თავი ისახელა დავით მეშვიდე ულუმ თავისი ჯარით.
ჩობანი, არღუნ ყაენის გარდაცვალების მერე, სხვა ნოინებთან ერთად, მიემხრო ქეღათუს, არღუნ ყაენის ძმას და დაეხმარა ტახტზე ასვლაში. შემდეგ ყაზან ყაენის მხარე დაიჭირა, როცა ტახტზე ყაზანი ავიდა.
1307 წელს გილანის კამპანიის დროს, ამირა ხუტლუ-შაჰს, რომელიც ბრძოლის დროს სკამზე ჩამოჯდა და ქუდმოხდილი ისვენებდა, ისარი მოხვდა შიშველ თავზე და მკვდარი ჩამოვარდა სკამიდან. ულუსის ამირა გახდა ჩობანი. შემდეგ მან ცოლად მოიყვანა ყაენ ოლჯაითუს ასული, დოვლანდი ხათუნი.
ჩვენი ახალგაზრდა მეფე – გიორგი დიმიტრის ძე ვაზირ ჩობანს ეხმარებოდა სხვადასხვა ლაშქრობაში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მეომარმა, სარდალმა და ჩობანის სიმპათია დაიმსახურა.
1216 წელს გარდაიცვალა ოლჯაითუ ყაენი და ტახტზე ავიდა ოლჯაითუს მცირეწლოვანი ვაჟი აბუ საიდ ყაენი. 12 წლის აბუ საიდმა, მამის სიკვდილისწინა რჩევით, ულუსის ამირობა დაუტოვა ჩობანს. შემდეგ გარდაიცვალა ჩობანის კონკურენტი ამირა სევინჯი და ჩობანი გახდა უძლიერესი ვეზირი და პოლიტიკოსი საილხანოში, „ალ-ტამღის“ (წითელი ბეჭდის) მფლობელი. მთელი ძალაუფლება ჩობანსა და მის ვაჟებს ჩაუვარდათ ხელში. ჩობანმა თავისი რამდენიმე ვაჟი დანიშნა სხვადასხვა პროვინციის გამგებლად.
როცა გიორგი დიმიტრის ძემ გაიგო ოლჯაითუს გარდაცვალების შესახებ, გაემგზავრა საილხანოში. „შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო, ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი“. ტახტზე მეორედ ასულმა გიორგი მეხუთემ შემოიმტკიცა ქვემო ქართლი და თავისი დედულეთი, სამცხე. ჯაყელებმა, ბექას ძეებმა, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს დისწულ მეფეს, რომელსაც ზურგს საილხანო, პირადად, ჩობანი უმაგრებდა.
ივანე ჯავახიშვილი წერს: „იმდროინდელი არაბული ცნობით, ჩობანი საქართველოს მეფის გულითადი მეგობარი იყო: იგიც გიორგი ბრწყინვალეს აფასებდა და ყოველთვის, როდესაც კი საჭირო იყო, მას მხარსაც უჭერდა და კიდეც ეხმარებოდა... ჩობანისთვის საქართველოს მეფე, მარტო როგორც პირადი მეგობარი, კი არ იყო ძვირფასი, არამედ როგორც მისი საუკეთესო თანამოაზრე“.
ჩობანის კეთილგანწყობა კარგად გამოიყენა ჩვენმა ხელმწიფემ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს გაძლიერება დაიწყო. მემატიანე წერს: „დაიწყო მთიებმან აღმობრწყინებად“.
ჟამთააღმწერელი წერდა გიორგი დემეტრეს ძეზე: „განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან, ვითარცა მარგალიტისთვის თქმულ არს მარტოება უმჯობესისათვის, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“.
გიორგი მეხუთის მეფობის პირველ ხანებში კათალიკოსი იყო ექვთიმე (ეფთვიმე) მესამე, რომელიც ეხმარებოდა ხელმწიფეს ქვეყნის ფეხზე დაყენებაში. ერთად გაწმინდეს ეკლესია უღირსთაგან.
ბრწყინვალე მეფემ დაიწყო საქართველოს კვლავ გაერთიანება-გაძლიერება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან