ისტორია

ვისი ხელმძღვანელობით გაუწიეს წინააღმდეგობა ხლათელებმა ჯალალედინს

№44

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.11

ისტორია
დაკოპირებულია

მატყუარა იყო ჯალალედინი, ვირეშმაკა, საქართველოში შემოჭრამდე მაჰმადიანებს ატყუებდა, ქართველების წინააღმდეგ გამოლაშქრება მაჰმადიანთა დაცვის მიზნით მინდაო. ასე უამრავი მაჰმადიანი მეომარი მიუმატა თავის ხორეზმელ მეომრებს. პარალელურად, სცადა ქართველების მოტყუება: მონღოლების წინააღმდეგ შევკავშირდეთ, თორემ თქვენ მათ მარტო წინ ვერ აღუდგებითო.

ჩუმად მოატყუა ან დააშინა საქართველოში, კერძოდ ტფილისში, მცხოვრები მაჰმადიანები, მიიმხრო და ღალატით გააღებინა ტფილისის კარი და აიღო ქალაქი. ტფილისის აღების მერე მეზობელი მაჰმადიანური ქვეყნების დამორჩილება გადაწყვიტა – ბევრი ფული სჭირდებოდა საკუთარი ბანდების გულის მოსაგებად. განსაკუთრებით აინტერესებდა მდიდარი ქალაქი ხლათი. დიდი ქალაქი ხლათი მდებარეობდა ისტორიული სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ქალაქი ხლათი გაშენებული იყო ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან. მასზე გადიოდა საქარავნე გზები, უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა და ვანის ტბის გარშემო დიდ ტერიტორიებს ფლობდა. სომეხი მოსახლეობა ბლომად იყო ხლათის სამთავროში. ხლათის მაჰმადიან მბრძანებლებს შაჰ-არმენებს უწოდებდნენ. ბევრი ცხოვრობდა მაჰმადიანიც ქალაქ ხლათში და ხლათის სასულთნოში – ქურთები, თურქები და სხვები.

ხლათი ჩვენი ინტერესის სფეროში იყო. ქართველებსა და სომხებს საქართველოსთვის მთელი სომხეთის შემოერთება ჰქონდათ განზრახული. სომეხი დიდებულები ასე ცდილობდნენ სომეხი მოსახლეობის გამოხსნას მაჰმადიანთა ბატონობისგან. ჩრდილო სომხეთი უკვე საქართველოს შემადგენლობაში იყო. რჩებოდა ხლათის ტერიტორიების შემოერთება.

1207 წლიდან ხლათის სასულთნოს აიუბიდების დინასტია დაეუფლა. 1208 წელს ჩვენმა წინაპრებმა ილაშქრეს ხლათის სასულთნოში და ქალაქი არჭეში აიღეს. რამდენიმე თვეში ხლათსაც მიადგნენ.

ხლათის მელიქი დანებებას აპირებდა. მაგრამ, ხლათის მისადგომებთან განლაგებული ქართული ჯარის სარდალმა, მსახურთუხუცესმა ივანე მხარგრძელმა შეცდომა დაუშვა, ხლათის ჭიშკარს მიადგა მცირე ამალით, სადაც, ხლათელების მიერ წინასწარ მომზადებულ ხაფანგში ცხენიანად ჩავარდა. გამოცვივდნენ ხლათელი მეომრები ქალაქიდან და ივანე და მისი მცირერიცხოვანი ამალა უმალ დაატყვევეს.

ქართველებმა შეტევა ვეღარ გაბედეს, რათა ხლათელებს არ მოეკლათ მათი დატყვევებული სარდალი. ხლათის მბრძანებელმა, ეგვიპტის სულთნის, ალ-ადილ პირველის მეოთხე ვაჟმა, მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინმა, ჩვენს წინაპრებს შემოუთვალა, თქვენს სარდალს გავუგზავნი მამაჩემს, ეგვიპტის დიდ სულთანს, კაიროს, იერუსალიმისა და დამასკოს მბრძანებელს, ალ-ადილ პირველსო.

საქართველოს ამირსპასალარმა, სარწმუნოებით სომეხმა, ზაქარია მხარგრძელმა შეუთვალა ხლათელებს: „თუ ჩემს ძმას სულთანთან გააგზავნით, ხლათს ავიღებ, ყველას დავხოცავ, ქალაქს დავანგრევ, მიწას კი საქართველოში წავიღებო“.

ხლათის მბრძანებელმა ივანეს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე პირობით: ივანეს ასული თამთა ცოლად უნდა მოეყვანა და გამოსასყიდი მზითვის სახით უნდა მიეღო. საქართველოს მეფისგან ითხოვდა ოცდაათწლიან ზავს და თავდაუსხმელობის გარანტიას. ითხოვდა, ქართველების მიერ მიტაცებული ციხეების უკან დაბრუნებას და მაჰმადიანი ტყვეების გათავისუფლებას.

საქართველო წავიდა დათმობებზე. დაიდო ოცდაათწლიანი ზავი. გაათავისუფლეს 5 000 ტყვე მაჰმადიანი, ხლათის მელიქ აუჰადის დაუბრუნეს ციხეები, გადასცეს 100 000 დინარი და ცოლად მიათხოვეს თამთა მხარგრძელი.

გავიდა, დაახლოებით, ორი ათეული წელი, ჯალალედინის ჯარი მიადგა ხლათს. იმ დროს თამთას პირველი ქმარი, მელიქ აუჰადი გარდაცვლილი იყო, ხლათს უკვე ალ-ადილ პირველის მეექვსე ვაჟი, მელიქ აუჰადის უმროსი ძმა, მელიქ აშრაფი მართავდა. თამთა უკვე მისი ცოლი იყო. მელიქ აშრაფი ხშირად არ იმყოფებოდა ხლათში და ხლათს, ფაქტობრივად, თამთა მხარგრძელი მართავდა. ის მფარველობას უწევდა ხლათის სომხებს, შეღავათები მიეცათ სომხურ მონასტრებს.

მონღოლთა მსახური სპარსელი ისტორიკოსი, ჯუვეინი მოგვითხრობს:

ჯალალედინ „სულთანმა რომ ხლათის მიდამოებს მიაღწია, ვისაც კი მოახელებდა მისი ლაშქარი, იქვე ხოცავდნენ და, რასაც თვალს მოჰკრავდნენ, მიჰქონდათ. ასე მიაღწიეს ხლათის კარამდე. მოლაშქრენი ქალაქში შეიჭრნენ და ძარცვასა და ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი, ყვირილი და კვნესა აღმოხდათ კაცებსა და ქალებს. სულთანმა თავისიანები გაგზავნა, რათა ის ხალხი ქალაქიდან გარეთ გაეყვანათ. მდაბიო ხალხმაც ამბოხება მოაწყო, მოლაშქრეთა ერთი ჯგუფი დახოცეს, დანარჩენები კი გარეკეს ქალაქიდან. საქმე ვეღარ გამოკეთდა და სულთნის ამალამ რამდენიც არ სცადა, [მცხოვრებლებმა] გზა არ მისცეს, რომ ქალაქში შესულიყვნენ“.

ჯალალედინს ქალაქის მცხოვრებლებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ შორის მაჰმადიანებმაც, რადგან იცოდნენ, რომ სომებთან ერთად, მაჰმადიანებსაც გაძარცვავდა და გაყიდდა ტყვედ.

ამასობაში ჯალალედინს მოუვიდა ცნობა, რომ ირანში მონღოლები შეჭრილიყვნენ ჯუვეინი განაგრძობს:

„სულტანმა ჯალალედინმა, რადგან მონღოლი ნოინების „თაიმასისა და თაინალის ერაყს მისვლის ამბავი შეეტყო და იქ გაჩერებაც შეუძლებელი იყო, იქიდან ერაყს მიმავალმა [სულთანმა] თავრიზს მიატანა, ხოლო მერე ისფაჰანში ჩავიდა. საცა კი იყო გაბნეული ლაშქარი ან ცალკე მეომრები, ყველამ სულთანს მიაშურა. ამასობაში მონღოლთა ლაშქარმა რეის მიაღწია. სულთანი ბრძოლისა და შეტაკებისათვის გაემზადა, ყველა დიდებული და ხანი გამოიძახა. კეთილშობილებს უხმო ლაშქრიდან და ასე უთხრა:

„მნიშვნელოვანი საქმეა, წინ რომ გვიდევს და დიდი უბედურება მოგვადგა კარს. თუ სისუსტესა და ჯაბნობას მივეცით თავი, ჩვენი არსებობა შეუძლებელია. ერთი სიტყვით, უმჯობესია, წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვითმინოთ. თუ მაღალი ღმერთი შეგვეწია, ჩვენცა და თქვენც გადავრჩებით. ხოლო თუ საქმე სხვაგვარად მოეწყო, ჩვენ მოკლებული არ ვიქნებით წამებულთა ღირსებას და [საუკუნო] ნეტარების პატივს“...

ყველა ერთგულად და ერთხმად დაეთანხმა სულთანს. იმანაც ლაშქარი მოამზადა და ცენტრი და ფრთები გააწყო. ლაშქრის მარჯვენა ფრთა მან თავის ვერაგ ძმასა და სწორს, ულმობელ ყიას ად-დინს ჩააბარა, ხოლო მარცხენა ფრთა გაამაგრა. თვითონ ცენტრში დადგა და რიგები გააწყო. უნდოდა, მარჯვენა და მარცხენა ფრთებისთვის ებრძანებინა, მასთან ერთად მიეტანათ იერიში მტრის ცენტრსა და რიგებზე [მაგრამ ამ დროს] მისმა ძმამ ყიას ად-დინმა, ელჩი ფაჰლავანის, თავისი ამალისა და მეომართა ერთი ჯგუფის თანხლებით, სადავე შეაბრუნა“.

ძმაც ვერაგი ჰყოლია ჯალალედინს, ძმასაც უღალატია მისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა