ისტორია

ვის მიერ მიტოვებული ტერიტორიიდან შემოიჭრა ამირა აჰმადი და ვინ დაეხმარა მას

№37

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.09, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1171 წელს მანასკერტის ბრძოლაში დამარცხებამ ჭკუა ასწავლა ბიზანტიელებს. მიხვდნენ, ძლიერი ერთმორწმუნე მოკავშირე სჭირდებოდათ აღმოსავლეთში. აღმოსავლეთში ძლიერი ქრისტიანული ქვეყანა მხოლოდ აფხაზთა და ქართველთა სამეფო იყო. კახეთისა და ჰერეთის სამეფო, აფხაზთა სამეფოზე სუსტი იყო და შეერთებული ექნებოდათ ბაგრატიონ ხელმწიფეებს, საქართველო გაერთიანებული ექნებოდათ, რომ არა ბიზანტიის მიერ აფხაზთა და ქართველთა სამეფოს წინააღმდეგ წარმოებული ომები, რომლებმაც ძალიან დაასუსტა ჩვენი ქვეყანა, უამრავი სამხედრო, ადამიანური და ეკონომიკური რესურსი წაართვა ჩვენს სამშობლოს და რომლებმაც საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალა. ქვეყანა დასუსტდა.

მეფე ბაგრატ მეოთხეს ცხოვრება გაუმწარეს ბიზანტიამ, ბიზანტიის მოკავშირე ბაგრატიონებმა და მერე გააფთრებული შინაომი აუტეხა ოდესღაც ერთგულმა, მაგრამ, შემდეგ, მომხვეჭელობის სურვილით აღძრულმა და ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად ბიზანტიის აგენტად ქცეულმა ლიპარიტ ბაღუაშმა.

მაგრამ, ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს სომხების მსგავსად მოგვქცეოდნენ, გაეუქმებინათ და შეეერთებინათ ჩვენი სამეფოები. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით ბაგრატიონ მეფეებს და ქართველი ხალხის თავდადებას.

მიუხედავად ბიზანტიის მიერ ჩვენთვის მოყენებული დიდი ზარალისა, ქართველთა სამეფო მაინც ფეხზე იდგა და დიდი ამბიციებიც ჰქონდა. ჩვენს ქვეყანას მართავდა დინასტია, რომელიც თავს ქრისტეს ნათესავად თვლიდა, არც ერთ საგვარეულოს არ მიიჩნევდა თავისზე უპირატესად და არც ერთ ხალხს – ქართველებზე უკეთესად.

1176 წელს ბიზანტიის კეისარმა ჩვენი მეფე გიორგი კესაროსად აღიარა. კასაროსობა ენიჭებოდა ოჯახის წევრს, უახლოეს თანამებრძოლს, კეისრის მემკვიდრეს. ბიზანტიელებმა აღმოსავლეთში აღიარეს კესაროსობა, ანუ შესაძლო კეისრობა. ბიზანტიელებმა აღიარეს აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ამბიციები, ჩვენი მეფის პრეტენზიები და ძალა. სხვათა შორის, გარკვეული წინასწარმეტყველება გახდა იმ ტიტულის მონიჭება ჩვენი მეფისთვის, მაგრამ ეს სხვა თემაა.

მართალია, ჩვენი წინაპრები და ბიზანტიელები – მართლმადიდებლები, სომხებს – გრიგორიანებს, ფაქტობრივად, არც აღიარებდნენ ქრისტიანებად, მწვალებლებად მიიჩნევდნენ, მაგრამ, სომხური სამეფოების გაუქმებამ მაინც დაღი დაასვა ბიზანტიისა და საერთოდ ქრისტიანულ პოლიტიკას აღმოსავლეთში. სომხეთის ისტორიულ ტერიტორიებზე სომხებს აღარ დარჩათ სახელმწიფო სტრუქტურები, არ დარჩათ ლიდერები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებოდნენ თურქ-სელჩუკთა შემოსევების წინააღმდეგ თავდაცვით ომებს.

როცა, მანასკერტის ბრძოლაში დამარცხების მერე, ბიზანტიელები თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ აღმოსავლეთის პროვინციებიდან და უპატრონოდ ტოვებდნენ ციხესიმაგრეებსა და ციხე-ქალაქებს, საქართველოს სახელმწიფო ცდილობდა რესურსების მობილიზებას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

სელჩუკებს ძალიან დიდი და მრავალრიცხოვანი სამხედრო რესურსი ჰქონდათ. თურქ-სელჩუკები მთელი ტომით, უფრო სწორად, ტომთა კავშირით შემოესივნენ ჩვენს რეგიონს. მთელი ხალხი დაიძრა დასავლეთისკენ. დედაწულიანად დაიძრნენ – ახალი საძოვრების, ახალი სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად. ეს იყო ხალხთა გადასახლების პროცესის მსგავსი. იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია ჰყავდათ, რომ ბაღდადიც აიღეს, ბიზანტიელებიც დაამარცხეს (მართალია, ღალატით წააგეს ბიზანტიელებმა, მაგრამ, მაინც) და კეისარი ტყვედ აიყვანეს. სელჩუკთა წარმატებამ აღაფრთოვანა მათი მონათესავე თურქული ტომები და ისინიც დაიძრენ წინა აზიისკენ. მათაც მოუნდათ ახალი, მდიდარი ქვეყნების დაპყრობაში წილი. შეუერთდნენ სელჩუკიან სულთანთა ჯარს და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანნი გახდნენ. არც უკან წასვლა შეეძლოთ, არც დამარცხება – რადგან მთელი ქონება, რაც ჰქონდათ, საქონლის ჯოგები, ცხენები რემები და ცხვრის ფარები, თან ჰყავდათ გამორეკილი, ახალი, უფრო მწვანე და ხასხასა საძოვრებისკენ, ვიდრე აღმოსავლეთში ჰქონდათ მომთაბარეებს; რადგან, თან ახლდათ ოჯახები, ცოლ-შვილი, – თუ დამარცხდებოდნენ, ყველაფერს დაკარგავდნენ.

ირანის აღებამ დიდი რესურსი მიანიჭა თურქებს. ძალიან გამოცდილი, განათლებული და კულტურული, სახელმწიფოს მმართვის მცოდნე ირანელ მაჰმადიანთა ზედაფენა თურქ-სელჩუკების სამსახურში ჩადგა და თავისი მაჰმადიანური და პირადული ინტერესების გატარებას შეუდგა. სელჩუკთა არმიას სხვა მაჰმადიანი ხალხებიც შეუერთდნენ, ქურთების, არაბების ნაწილი...

1063 წლიდან თურქ-სელჩუკთა სასულთნოს დიდი ვეზირი გახდა ირანელი ბრძენი ნიზამ ალ მულქი. ირანულმა ელიტამ, ნიზამ ალ მულქის ხელმძღვანელობით, იმ დროისთვის თანამედროვე, ცენტრალიზებული, მოქნილი და მძლავრი სახელმწიფო აპარატი შეუქმნა თურქ-სელჩუკებს. შეიქმნა უდიდესი ძალის იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო უზარმაზარ ტერიტორიაზე. თურქ-სელჩუკთა სამხედრო რესურსი კიდევ უფრო გაიზარდა და დაიხვეწა.

ბაგრატ მეოთხემ, მიუხედავად იმისა, რომ სელჩუკებმა ააოხრეს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარეები, წინააღმდეგობა გაუწია, მოახერხა და ხარკი არ უხადა სელჩუკებს. მეტიც, სულთანმა ალფ-არსლანმა მას დამძახლებაც კი შესთავაზა, მოითხოვა მისი დის ასული ცოლად. ბაგრატ მეოთხემ მიათხოვა პრინცესა მარიამი სულთანს, მიუხედავად მარიამის მამის პროტესტისა. ქვეყანამ ოდნავ შვება იგრძნო, მაგრამ, მხოლოდ დროებით. თუმცა, ამ ქორწინებამ შემდეგში კიდევ უშველა საქართველოს.

1074 წელს გარდაიცვალნენ ბაგრატ მეოთხე და სულთანი ალფ-არსლანი. ჩვენს ტახტზე ავიდა გიორგი მეორე, სელჩუკთა ტახტზე კი – მალიქ შაჰი. გიორგი მეორემ მოახერხა და ერთხელ დაამარცხა ფარცხისში თურქ-სელჩუკთა და განძის მაჰმადიანთა ჯარი.

მაგრამ, შემდეგ, უფრო მეტი და მეტი მაჰმადიანი მოაწყდა ჩვენს ქვეყანას, თან, იმ ტერიტორიებიდან, რომლებზეც ადრე სომხური სახელწიფოები იყო, ახლა კი ბიზანტიელებს დაეცალათ – „განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნი-ცა აიხუნეს თურქთა და დაემკვიდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა. რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოხრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა”.

„ძლიერისა და მაგრიად მოისარი“ ამირა აჰმადის მეთაურობით თურქებმა შეუტიეს ყარსს (კარს), ოდესღაც სომხების სამფლობელოში არსებულ ქალაქს, მერე ბიზანტიელების მიერ მითვისებულს, შემდეგ ბიზანტიელებისგან უპატრონოდ დატოვებულს და აიღეს. გიორგი მეფე ჯარს აგროვებდა. სელჩუკები ქრისტიანი მოღალატეების წყალობით, რომლებმაც მათ მეფისა და ჯარის სამყოფელი აცნობეს და მეგზურობა გაუწიეს, შეუმჩნევლად და სწრაფად შემოიჭრნენ, აჰმად ამირას მეთაურობით თავს დაესხნენ ყველის ციხესთან დაბანაკებულ მეფეს და მოულოდნელობის ეფექტის წყალობით, დაამარცხეს. აჰმადს და მის ჯარს დიდძალი განძი ჩაუვარდათ ხელში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი