ვის და რატომ აჩუქა დიმიტრი მეორემ თავისი სახელგანთქმული აბჯარი
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.08

1282 წელს საილხანოს ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა გარდაცვლილი აბაღა ილხანის ძმამ, აჰმადმა, იგივე, თაქუდარმა (იგივე აჰმედ თოგუდანი). აბაღა ყაენის უფროსი ვაჟი, არღუნი ხორასნის მმართველად დაინიშნა. მაჰმადიანმა აჰმადმა შეცვალა წინამორბედი ყაენების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ და ომის ნაცვლად ეგვიპტელებს მშვიდობა და სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.
ჩვენი ხელმწიფე, დიმიტრი, ურდოში ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა. აჰმადმა პატივით მიიღო ქართველთა მეფე. ყაენის ნებით, შედგა პოლიტიკური ქორწინება: საილხანოს გავლენიანი პოლიტიკოსის, დიდი ნოინის, ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დიმიტრი მეფის ასული რუსუდანი. ამისთვის მეფეს ძალიან განურისხდა კათალიკოსი ნიკოლოზი. მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა ყაენის ვასალს, დაპყრობილი ქვეყნის მეფეს. ბუღა ნოინი ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო, თან, ყაენის ნებას ვერავინ გადავიდოდა.
დიმიტრი მეფის ურდოში ყოფნისას აჰმად ყაენმა დააპატიმრებინა და მოაკვლევინა თავისი ძმა, ყონღადარი.
ხორასანში მყოფ ნოინებს ძალიან არ მოეწონათ აჰმადის მმართველობა, მისი პოლიტიკა ეგვიპტესთან, საკუთარი ძმის მოკვლა, განუდგნენ მას და ყაენად გამოაცხადეს აბაღას ძე არღუნი. ეს რომ შეიტყო აჰმადმა, შეკრიბა ჯარი და გაემართა არღუნთან საბრძოლველად. მოუწოდა ჩვენს ხელმწიფესაც.
რა უნდა ექნა დიმიტრი მეფეს, მონღოლთა სამოქალაქო ომში უნდა დაღვრილიყო ჩვენი ვაჟკაცი წინაპრების სისხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ. მეფემ თან წაიყვანა თავისი ჯარი. არღუნმა, იხილა რა აჰმადის ჯარის მრავალრიცხოვნობა, ვერ აღუდგა წინ და უკან დაიხია. შევიდა ციხეში, რომელსაც ქალსას უწოდებდნენ და გამაგრდა.
აჰმადის არმიამ ალყა შემოარტყა ციხეს. სხვა გზა არ ჰქონდა არღუნს, ითხოვა პატიება და უვნებლობის ფიცი ბიძისგან. აჰმად ყაენი დათანხმდა. მონღოლების სიტყვა გაუტეხელი გახლდათ. გამოვიდა ციხიდან არღუნი და ჩაბარდა ბიძას. დიმიტრი მეფის ერთგული სამსახურით კმაყოფილმა აჰმად ყაენმა ძალიან დიდი საჩუქრები უბოძა ჩვენს ხელმწიფეს და მის ჯარს. მთელი აღმოსავლეთ საქართველო მისცა ისევ და სამშობლოში გამოუშვა.
ყაენმა თავისი შეწყალებული ძმისწული, არღუნი რეჰში დატოვა, ჩააბარა ალიყან ნოინს და სხვა ნოინებს, საიდუმლოდ კი უბრძანა, რამდენიმე ხანში მოეკლათ. მაგრამ, შეითქვნენ ნოინები, ბუღა და იასბუღა, ოირიდთა მთავარი, რათა ყაენად დაესვათ არღუნი და მოეკლათ აჰმადი. ღამით იარეს, მიადგნენ ალიყანის კარავს. შევარდნენ შიგ, ლოგინიდან ააგდეს, გამოიყვანეს გარეთ და მოკლეს. გათენდა თუ არა, არღუნი ყაენად გამოაცხადეს და აჰმადს გამოეკიდნენ. აჰმადი ამ დროს უჟანში იყო. 1284 წლის 10 აგვისტოს არღუნის მომხრეებმა აჰმადი დაამარცხეს, შეიპყრეს და მოკლეს. მისი მომხრეები გაანადგურეს.
დიმიტრი მეფეს შემოუთვალეს ნოინებმა, განდგომოდა აჰმადს და მორჩილება გამოეცხადებინა არღუნისთვის. ჩვენმა ხელმწიფემაც დაუჯერა მათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. მთავარი იყო, ქვეყანა გადაერჩინა მონღოლთა რისხვისაგან. მიბრუნდა, ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა.
ყაენმა არღუნმა სიხარულით მიიღო ჩვენი ხელმწიფე, კვლავ დაამტკიცა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ. ახალი ყაენი მთლიანად იყო დამოკიდებული ბუღა ნოინზე, რადგან მან აიყვანა ტახტზე. ბუღა ნოინი კი ჩვენი ხელმწიფის მეგობარი და მძახალი გახლდათ. გამოემართა შინისკენ მშვიდობით დიმიტრი მეორე. თუმცა, ახალი ყაენის თავში ტრიალებდა ფიქრები, როგორ გათავისუფლებულიყო ბუღა ნოინის გავლენისგან. ეს კი სახიფათო იყო ჩვენი ხელმწიფისა და სამეფოსთვის, რადგან ბუღა ნოინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ხელმწიფეს. ყაენი კი უკვე ბუღას ყველა მეგობარს ეჭვით უყურებდა.
ერთხელაც განუდგნენ ყაენ არღუნს დარუბანდელნი. ციხე-ქალაქი დარუბანდი დარუბანდის (კასპიის) ზღვასა და კავკასიის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოებას შორის, ვიწრობშია გაშენებული. სტრატეგიული თვალსაზრისით, ასეთი გზების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, საილხანოს მონღოლებისთვის კი – განსაკუთრებით. დარუბანდიდან მოსალოდნელი იყო ოქროს ურდოს შემოსევები. გარდა ამისა, ამ გადასასვლელებს სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, ძველ დროში საქარავნე გზები დიდ შემოსავალს იძლეოდა.
გაემართა ილხანი დარუბანდის ხელში ჩასაგდებად. რა თქმა უნდა, თან წაიყოლა ჩვენი ხელმწიფე, დიმიტრი, ქართული ჯარის ნაწილებთან ერთად. როგორც ვთქვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო იმ დროს საილხანოს ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდათ, ებრძოლათ ილხანის ინტერესებისათვის.
ველზე ბრძოლას დარუბანდელები ვერ გაუბედავდნენ ყაენს, ძალები ძალიან არათანაბარი იყო. დარუბანდელებს ქალაქის მაღალი გალავნებისა და კოშკების იმედი ჰქონდათ და გამაგრდნენ ციხე-ქალაქში. გაგრძელდა ბრძოლა.
დარუბანდლებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ქალაქი. სურსათიც ბლომად მოემარაგებინათ. ჩრდილოეთის მხრიდან გზაც თავისუფალი იყო. იქნებ, ოქროს ურდოს დახმარებასაც ელოდნენ. აბაღა ყაენის ნაწილები უშედეგოდ უტევდნენ ციხე-ქალაქს.
მაშინ ყაენმა ჩვენს ხელმწიფეს უბრძანა ქალაქზე შეტევა.
მალე გაემზადნენ ჩვენი წინაპრები ქალაქზე შეტევისათვის, მოამზადეს კიბეები, თოკები, დამხმარე ნაგებობები და შეუტიეს. პირველად ციხეზე აიჭრა ბექა სურამელის ძე რატი, შემდეგ მისი რაზმელები და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. ქართულმა ნაწილებმა აიღეს ციხე და გაუღეს ქალაქის კარი ყაენს. ამ ყველაფერს ხედავდა ყაენი და გულში შური ჩაუდგა. მისმა ნაქებმა მონღოლებმა რამდენიმე დღე ვერ აიღეს ქალაქი, ხოლო ქართველებმა სწრაფად მოახერხეს ქალაქში შეჭრა. ახლა ალაფის მნიშვნელოვანი ნაწილი, წესისამებრ, ჩვენს წინაპრებს შეხვდებოდათ. ციხის აღების პატივიც ქართველების იყო.
ციხის აღების შემდგომ ჩვენი მეფე ეახლა ყაენს. მეფეს ემოსა სახელოვანი, განსაკუთრებული აბჯარი, ალბათ, ქართველი ხელოსნების მიერ შექმნილი. შურით აღვსილმა ყაენმა მადლობის მაგიერ ჩვენს ხელმწიფეს სთხოვა, შენი აბჯარი მაჩუქეო. მყისვე გაიხადა მეფემ აბჯარი და მისცა ყაენს. აბა, აბჯრის გამო პრობლემას ხომ არ შეუქმნიდა საკუთარ თავს და სამშობლოს, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე, თავდადებული მეფე, რომელსაც სიცოცხლეც არ ენანებოდა ქვეყნისთვის.
გამარჯვებულნი დაბრუნდნენ შინ ჩვენი წინაპრები და დიდი ნადავლიც ჩამოიტანეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...