ისტორია

ვინ უნდოდა თემურლენგს გვერდით მიესვა გალიაში დასაცინად ჩასმული თურქთა სულთნისთვის

№35

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.09

ისტორია
დაკოპირებულია

თემურლენგმა რამდენჯერმე ილაშქრა ჩვენს სამშობლოში, ააოხრა ქვეყანა, გაჩეხა ვენახები, ეკლესიები გადაწვა. მაგრამ, მთავარს, რაც გულით უნდოდა, ვერ მიაღწია, ვერ შეიპყრო ქართველთა მეფე და ვერ დაიმორჩილა.

1399 წელს თემურლენგი დაბრუნდა ინდოეთის ლაშქრობიდან და დაიწყო მოქმედება ირანისა და ადარბადაგანის დასასჯელად, რადგან ირანსა და ადარბადაგანში არეულობები იყო. 10 წელი ცდილობდნენ თემურის ჯარები, აეღოთ ალინჯას ციხე. იმ რეგიონს თემურლენგის შვილი, მირან შაჰი მართავდა.

მამამ გადააყენა შვილი რეგიონის მმართველობიდან და თავის თავზე აიღო საქმეების გამოსწორება. 1401 წელს, როგორც იქნა, აიღო ალინჯას ციხე.

ვერ იტანდა თემურლენგი, ვინმე თუ დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდა, ვერ იტანდა, რომელიმე ციხე თუ არ დანებდებოდა. მისთვის სულერთი იყო, დიდი ქალაქი თუ პატარა ციხე, აუღებლად არც ერთის დატოვება არ უნდოდა. ორივე შემთხვევაში, პატარა იქნებოდა ციხე თუ დიდი, დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა მისი აღება და წინააღმდეგობის გამწევი მოწინააღმდეგის დასჯა.

შემდეგ დასავლეთით დაიწყო მსვლელობა და შეესია თურქმანთა ყარა-ყოინლუს ტომთა გაერთიანებულ სახელმწიფოს. ყარა-ყოინლუს მბრძანებელი ყარა იუსუფი სულთან ბაიაზიდთან იმყოფებოდა. ბაიაზიდს შავი იუსუფი მოკავშირედ უნდოდა, ის დიდი ხანი ემზადებოდა თემურლენგთან ომისთვის და მოკავშირეები სჭირდებოდა. არ აპირებდა თემურლენგის უპირატესობის აღიარებას.

1389 წელს 15 ივნისს, კოსოვოს ველზე, სერბებთან ბრძოლაში მოკლეს ბაიაზიდის მამა, სულთანი მურად პირველი. მეთაურობა ბაიაზიდმა აიღო საკუთარ თავზე, გასცა განკარგულება, მოეკლათ მისი ძმა იაყუბი და გაიმარჯვა კიდეც სერბებზე, თუმცა, დიდი მსხვერპლის ფასად. ბრძოლის შემდეგ თავი სულთნად გამოაცხადა. სერბები მისი ვასალები გახდნენ.

ბაიზიდი კარგი სარდალი იყო. მან დაიპყრო მიწები ანატოლიასა და ბალკანეთში. დაიკავა მცირე აზიის ყველა მცირე თურქული სამთავრო. დაიპყრო ბულგარეთი, ილაშქრა უნგრეთში, დაამარცხა ჯვაროსნები. დაიმორჩილა ბოსნია და ვლახეთი. რამდენჯერმე ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. ვერ აიღო, მაგრამ, ბიზანტიის იმპერატორი მისი ვასალი გახდა. სულთანს ჩაფიქრებული ჰქონდა ბიზანტიის დაპყრობა. მანამდე კი კონსტანტინოპოლში დააარსებინა მაჰმადიანთა სასამართლო, ყადის მეთაურობით. თავისი 6 000 ჯარისკაცი კონსტანტინოპოლში გარნიზონად ჩააყენა. ქალაქში დიდი უბანი თურქებით დაასახლა. იმპერატორს კი ხარკი გაუზარდა.

„ახალ ქართლის ცხოვრებაში“ მოთხრობილია ბაიაზიდის წარმოშობის შესახებ:

„ესე იყო თესლი ოსმანისა. და შემდგომად ექუსასისა წლისა მაჰმადის გამოჩინებისა, ამას ჟამსა შინა გამოჩნდა კაცი ერთი სახელით ოსმალ და ესე იყო სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობად, და შემოიკრიბნა მრავალნი სხუანი მეკობრენი და თანაშემწენი, და განმდიდრებულ იქმნა ფრიად სიმრავლით – ნატაცებთათა, და დაიპყრა სრულიად არაბისტანი და ანატოლი, და ტახტად ეპყრა ბურსა, და მის ზედა განილაშქრა ლანგ-თემურ“... „რამეთუ ამა ოსმანის ძეთა ეპყრა ბურსა, და ესე ბაიაზითცა თესლი იყო ოსმანისა“.

თემურლენგმა მისწერა ბაიაზიდს, გამომიგზავნე ყარა იუსუფიო, მაგრამ, შეურაცხმყოფელი ტონის უარი მიიღო. ეს გახდა საბაბი თემურლენგისთვის, შეჭრილიყო ბაიაზიდის სამფლობელოებში. შეესია ბაიაზიდის გავლენის სფეროებს. ერზინჯანი ბაიაზიდს ჰქონდა დაკავებული, რომელიც მან თემურლენგის არყოფნის დროს წაართვა თემურლენგის ვასალს.

თემურლენგი გამწარებული იყო ეგვიპტის სულთანზეც, ფარაჯ ალ-ნასირზე, რომლის წინამორბედმა, ბარკუკმა ჯერ კიდევ 1393 წელს მოკლა თემურლენგის ელჩი. შეიჭრა თემურლენგი სირიაში, რომელიც ეკუთვნოდა ეგვიპტის სასულთნოს და დაიპყრო ციხეები, მერე კი დამასკოც დაიკავა.

აღმოსავლეთ ანატოლიაში რამდენიმე ციხის აღების შემდეგ თემურლენგს ეახლნენ ბაიაზიდის ელჩები, ლენგმა ელჩების თვალწინ აღლუმი მოაწყო და დაათვალიერებინა თავისი, როგორც ამბობენ, 140 000-კაციანი არმია (ზოგი გადმოცემით უფრო მრავალრიცხოვანი), რამაც ძალიან დამთრგუნავი შთაბეჭდილება მოახდინა ელჩებზე და მერე თურქთა არმიაზეც.

1402 წლის 20 ივლისს ანგორასთან (ანკარასთან) ახლოს გაიმართა ბრძოლა. თემურლენგს ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყოლია. ოსმანთა სულთანს უერთგულეს ვასალმა სერბებმა და თავგანწირვით იბრძოლეს. ბაიაზიდს უღალატეს ვასალმა ანატოლიელმა ბეგებმა, ყირიმელი თათრების 20 000-იანმა ჯარმა და ლენგის მხარეს გადავიდნენ. ოცდათორმეტმა შეჯავშნულმა სპილომ შეუტია თურქებს... ლენგის ჯარმა გაანადგურა ბაიაზიდ პირველის არმია.

მთელი მცირე აზია თემურლენგს დაემორჩილა. ხონთქარი (ასე უწოდებდნენ ჩვენები თურქთა სულთანს), ბაიაზიდი ტყვედ ჩაუვარდა თემურლენგს. „ხოლო ლანგ-თემურ ბრძოლა უყო და სძლო: რამეთუ შეიპყრა ბაიაზით ხვანთქარი და ჩასუა რკინის ყაფაზაში, და ეგრეთვე პატიმრად თანა-ჰყვა, და დაიპყრა ბურსა და სანახები მისი“.

ბიზანტიის საკეისროს ხელს აძლევდა ეს ამბავი. იმ დროს ბიზანტია ძალიან დასუსტებული იყო და მისი მეზობლის, უძლიერესი ოსმალთა სულთნის დამარცხება და დატყვევება დიდი შეღავათი იყო ბიზანტიელებისთვის. ამ ბრძოლამ რამდენიმე ათეული წლით გაუხანგრძლივა არსებობა ბიზანტიას.

ბიზანტიის კეისარმა საჩუქრები გაუგზავნა თემურლენგს და მორჩილება გამოუცხადა. „ხოლო კეისარმანცა ჰყო მორჩილება მისი, მიართო ძღუენი მრავალი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს“.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებთან მდგარი ციხე-ქალაქი სმირნა, რომელშიც იოანიტების (ჰოსპიტალიერების, მალტის) ორდენის რაინდები იდგნენ და რომელიც 20 წელი ვერ დაემორჩილებინათ ოსმალებს, თემურლენგმა ორ კვირაში აიღო.

ასეთი წარმატებების მიუხედავად, თემურლენგი ისევ შემოიჭრა საქართველოში. ვერ ტკბებოდა იგი გამარჯვებებით, სანამ მისი დაუძინებელი მტრები დაუმორჩილებელი რჩებოდნენ. ასეთი იყო გიორგი მეშვიდე, ბაგრატის ძე, ბაგრატიონი, საქართველოს ხელმწიფე. საქართველო კვლავ ქრისტიანული ქვეყანა იყო და ამას ვერ ეგუებოდა თემურლენგი.

ახლა, როცა თემურლენგს რკინის გალიაში ჰყავდა გამომწყვდეული ოსმანთა სულთანი და აქეთ-იქით დაატარებდა დასაცინად, ქართველთა მეფე გიორგიც უნდოდა გამოემწყვდია გალიაში, ან გაემაჰმადიანებინა, ან მოეკლა.

1403 წლის გაზაფხულზე შემოიჭრა თემურლენგი ქვემო ქართლში. ივლისში მიადგა ბირთვისის ციხეს, რომლის ციხისთავსაც ნაზალი ერქვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი