ვინ მოითხოვა თამარ მეფის დროს უბრალო წარმოშობის დამსახურებული პირების გაშვება თანამდებობებიდან
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 06.12
1184 წელს გარდაიცვალა გიორგი მესამე. თამარ მეფესთან ერთად სახელმწიფოც გლოვობდა. თუმცა, ზოგი უკვე ახალი პერსპექტივებისთვის ემზადებოდა. დიდებულებსა და პოლიტიკოსებს შეეძლოთ, ახლებურად ემოქმედათ, რათა თავისი ინტერესები გაეტარებინათ ახალგაზრდა, გამოუცდელი მონარქის პირობებში.
1177 წელს, დემნას აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გიორგი მესამემ შეცვალა ქვეყნის მართვის სტილი. ეკლესიას დაუბრუნა მის მიერვე ადრე ჩამორთმეული შეუვალობა და მიწებიც. ქალის მეფედ კურთხევის სანაცვლოდ კი ახალი კათალიკოსი აიყვანა ტახტზე. ზოგიერთი ძველი, დიდი არისტოკრატიული, დამსახურებული საგვარეულო, რომლებსაც საქართველოს გაერთიანებაში დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი და დემნას მიუდგნენ, დაამცრო და მათ ადგილას დააწინაურა უბრალო წარმოშობის ადამიანები, ზოგჯერ ყოფილი ყმებიც კი.
გიორგი მეფის სიცოცხლეში დიდი არისტოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენლები ვერ იღებდნენ ხმას, მით უმეტეს, დემნას აჯანყების შემდეგ. მკაცრი იყო მეფე გიორგი, თუ ძმისშვილი არ დაინდო, სხვას დაინდობდა?! მაგრამ, გარდაიცვალა გიორგი და აჩურჩულდნენ სასახლის კულუარებში...
დაკრძალეს თუ არა მეფე გიორგი (ჯერ სვეტიცხოველში, მერე გელათში გადაასვენეს), დიდებულების ერთი ჯგუფი ეახლა თამარის მამიდას, რუსუდან დედოფალს და უთხრა:
„დღეს შენ ხარ ჩვენი მეფის მშობელთა ნაცვლად. მართალია, ყრმა არის ხელმწიფე ჩვენი თამარი, მაგრამ აქვს სიბრძნე და ცოდნა, არის პატივისმცემელი და დამჯერი შენი. ამიტომ, ჰკადრე, რათა ხელში აიღოს ხელმწიფობა და შარავანდედი მეფობისა, თქვენი გვარისა და წარმომავლობის შესაბამისი და ეკურთხოს მეფედ“.
თამარი, როგორც ვთქვით, მამამისის სიცოცხლეში თანამეფედ უკვე იყო ნაკურთხი, მაგრამ დიდებულებს უნდოდათ, თავიანთი გავლენა დაემტკიცებინათ და მეორედ კურთხევა მოსთხოვეს, ანუ, საკუთარი, დიდებულების ძალაუფლების გამოვლენა და ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლების წყარო, გარკვეულწილად, მათ ხელში იყო.
მამიდამ ამცნო თამარს ყოველივე. ქართველთა მზეთუნახავი დათანხმდა, რადგან შვიდი სამეფოს დიდებულების გადაკიდება კარგს არას უქადდა მის ხელისუფლებას.
იმ დროს მეფედ კურთხევის ცერემონიაში „ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გურგენისა თავსა სამეუფოსა“. ეს დამკვიდრდა საქართველოს გაერთიანების დროიდან, ვინაიდან ბაგრატ მესამე პირველად აფხაზეთ-დასავლეთ საქართველოში გამეფდა და მისმა მემკვიდრეებმა დასავლური სამხედრო-პოლიტიკური რესურსით შეიერთეს აღმოსავლეთ საქართველო.
თამარის კურთხევისთვის სპაციალურად მოიწვიეს ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონი, საღირისძეთა დიდებული საგვარეულოს წარმომადგენელი და რაჭისა და თაკვერის ერისთავი კახაბერი... და ვარდანიძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა შემოარტყეს წელზე მახვილი ახალ მეფეს და ხელახლა აიყვანეს ტახტზე „მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.
შვიდი სამეფოს მეფეთ-მეფე შეუდგა ქვეყნის მართვას. მისთვის ქრისტიანული პრინციპები უმნიშვნელოვანესი იყო და ამიტომ, სამეფოს ცხოვრებაშიც ქრისტიანული ჰუმანურობისა და სიყვარულის დამკვიდრებას ცდილობდა.
თუმცა, ჯერ დიდებულები არ აპირებდნენ დამორჩილებას და თავისი ამბიციური ინტერესების გატარებას ცდილობდნენ.
იმ დროს მეფის კარზე ღირსებისა და დიდების გამომხატველი განსაკუთრებული წესები მოქმედებდა.
მეფე ჯდებოდა ოქროს ტახტზე, ბისონით, გვირგვინითა და სხვა სამეფო რეგალიებით შემოსილი. მის ახლოს ისხდნენ ვასალი მეფე-მთავრები მოოქრულ ტახტებზე – ისინი, ვინც იმ დროს სტუმრად იყვნენ საქართველოს მეფესთან; შემდეგ კათალიკოსები და ვაზირები, ასევე მოოქრულ ტახტებზე სხდებოდნენ, ნატითა (ძვირფასი დასაგებით) და სასთაულით (დიდი ბალიშით), შემდეგ უფრო ნაკლები რანგის დიდებულები – უსასთაულოდ და მერე – ნატით, შემდეგ – უნატოდ. ნატითა და სასთაულით ჯდომა უდიდესი პატივი იყო...
შეითქვნენ ძველი არისტოკრატიული საგვარეულოების შთამომავლები და ფიცი დადეს: „აღარ ავიტანთ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლების უფროსობას, რადგან უგვარო და დაუმსახურებელი საგვარეულოების წარმომადგენლებისაგან ვართ დამცირებული და უნატოდ დატოვებულნი ჩვენ, გვარიანი და მსახურეული საგვარეულოები და ოჯახები“... და გადაწყვიტეს, საკუთარი „უფლებების“ აღდგენა.
შეთქმულებმა მოინდომეს „უგვარო“ ხელისუფალთა დამხობა. პირველი სამიზნე იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი – ყუბასარი, ყივჩაღების შთამომავალი, სამეფო კარზე აღზრდილი და გაქრისტიანებული. დემნას აჯანყების დროს ყუბასარი ყივჩაღთა რაზმით, რომლებიც იმ დროს დაქირავებულ მეომრებად იყვნენ სამეფოში, უმალ გიორგი მეფის მხარეს დადგა და დიდი წვლილი შეიტანა აჯანყების დამარცხებაში. მეფე გიორგიმ დაუფასა და ორი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელო ჩააბარა – ამირსპასალარობა, რაც ქართული არმიის სარდლობას ნიშნავს და მანდატურთხუცესობა, რაც საპოლიციო სისტემის მეთაურობა იყო იმ დროს.
გარდა ამისა, მეფე გიორგიმ ყუბასარს გადასცა, ეგრეთ წოდებული, სომეხთა მეფის ყოფილი სატახტო – ლორე (სინამდვილეში, ქართული მხარე), რაც იმ დროს ამირსპასალარის სახელოს, ანუ თანამდებობის მფლობელის პრეროგატივა იყო და უბოძა სხვა მამულებიც.
თამარის გამეფების დროს ყუბასარი დაავადებული იყო ფილენჯის ქარისგან, დამბლა დასცემოდა და წართმეული ჰქონდა ხელ-ფეხი და ვერც ლაპარაკობდა უკვე.
ასეთი დასუსტებული ადამიანის დამხობა და მისთვის ქონების ჩამორთმევა მოინდომეს დიდი არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლებმა.
თამარმა გაითვალისწინა დიდი გავლენის მქონე საგვარეულოების მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ყუბასარს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, თავისი ორი დიდი სავაზიროს მეთაურობა გაეწია. თუმცა, ლორეს გარდა, სხვა მამულები თამარმა არ ჩამოართვა დამსახურებულ ერთგულ ყმას და დიდი პატივით დაიტოვა სამეფო კარზე სიკვდილამდე.
არისტოკრატების სამიზნე იყო აფრიდონიც, რომელიც აზნაურის ყმობიდან დაწინაურებულიყო და მეფეთა ერთგულებისა და თავდადებული სამსახურისთვის მსახურთუხუცესობამდე იყო აღზევებული. მას მეფისგან თმოგვისა და სხვა ციხეები და მამულები ჰქონდა გადაცემული.
აქაც დათმო თამარ მეფემ და გადააყენა აფრიდონი.
ამგვარად გამოთავისუფლდა სამი უდიდესი სახელო, თანამდებობა სამეფოს სავაზიროსი – ამირსპასალარისა, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესისა. სავარაუდოდ, მმართველობის ქვედა რგოლებშიც მოხდა „უგვარო“ ადამიანების ჩამოშორება.
გადააყენა თუ არა ეს დამსახურებული ადამიანები მეფე თამარმა, მერე თავად არისტოკრატები დაერივნენ ერთმანეთს და ხელისუფლებისა და თანამდებობისთვის დაიწყეს დაპირისპირება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან