ისტორია

ვინ იყვნენ ბაგრატ მეოთხის სომეხი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ცდილობდნენ, მეფეს ქართული მხარეები ერთიანი სამეფოსათვის არ შეეერთებინა

№44

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.11

ისტორია
დაკოპირებულია

კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს, არევმანელთა დინასტიიდან, ცოლად ჰყავდა ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ასული. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ვაჟს დაარქვეს კვირიკე, ერთ ქალიშვილს ზორაკრცელი ერქვა, მეორის სახელი უცნობია.

ლეონ მესამე აფხაზთა მეფეს ვაჟი არ შეეძინა, მის სამ ძმასაც არ ჰყავდა ვაჟი. ლეონ მეფეს ჰყავდა და, გურანდუხტი, რომელიც გახდა ქართველთა მეფე ბაგრატ მეორის ვაჟის, გურგენის ცოლი. გურგენს, რომელიც მამის გარდაცვალების მერე ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდა და გურანდუხტ აფხაზთა პრინცესასა და ქართველთა დედოფალს ჰყავდათ ვაჟი, ბაგრატი, რომელმაც გააერთიანა აფხაზთა და ქართველთა სამეფოები.

1010 წელს გარდაიცვალა დავით ქორეპისკოპოსი და მისი ტახტი დაიკავა კვირიკე მესამემ. კვირიკეს და ზორაკრცელი ცოლად ჰყავდა დავით უმიწაწყლოს, ბაგრატუნს, კვირიკიანს, მეათე საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს სომეხ მეფეს.

დავით ქორეპისკოპოსის მეორე ქალიშვილი, რომლის სახელიც უცნობია, გათხოვილი იყო აშოტ მარილელზე, მარილისის ციხის მფლობელ დიდაზნაურზე.

1010 წელს ბაგრატ მესამემ კახეთი და ჰერეთიც დაიკავა და მისი ქორეპისკოპოსი, თავისი ახლო ნათესავი, დედამისის, გურანდუხტის ძმის, ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ასულის შვილი, კვირიკე ქორეპისკოპოსი დაატყვევა და კახეთ-ჰერეთი შეუერთა აფხაზთა და ქართველთა სამეფოს.

1014 წელს გარდაიცვალა მეფე ბაგრატ მესამე. კახელი დიდებულების ერთმა ნაწილმა მოითხოვა კვირიკეს გათავისუფლება. მცირეწლოვანი გიორგი პირველი, ბაგრატის ძე, მოერიდა ქართველთა შორის სისხლისღვრას და კვირიკე გაათავისუფლა. ჭაბუკი გიორგი პირველი კარგად ხედავდა ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობას, მაგრამ, ქართველთა ერთიანობა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რადგან, ბიზანტიელი ოკუპანტების წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა. კვირიკე გაათავისუფლეს, სამაგიეროდ, კვირიკემ გიორგი მეფეს ფიცი მისცა, რომ მისი ერთგული იქნებოდა და დაეხმარებოდა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. მართლაც, 1021 წელს კვირიკე მეფის ჯარი გამოცხადდა გიორგი აფხაზის დასახმარებლად, ბულგართა მმუსვრელი კეისრის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ომში. მაგრამ, დაგვიანებული იყო. თუმცა, კახთა გამოჩენამ მაინც იმოქმედა ბასილი კეისარზე და საქართველოს სიღრმეში შემოსვლა ვერ გაბედა.

კვირიკემ მტკიცედ გააერთიანა კახეთი და ჰერეთი, მიიღო მეფის ტიტული. ააშენა, უფრო სწორად, ძველი ტაძრის ადგილას ააგო ალავერდის დიდებული ტაძარი.

მეფე გიორგი პირველს ჰყავდა ორი ცოლი, ჯერ სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული მარიამი, მერე კი, როცა ბიზანტიელებთან დამარცხდა და ბიზანტიელებმა გააუქმეს ვასპურაკანის სამეფო, მან პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირის მოძიების მიზნით ცოლად მოიყვანა ოსთა მეფის ასული ალდე. გიორგი პირველს ორ ცოლთან ხუთი შვილი შესძენია: „ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე და ასულნი გურანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო“.

1027 წელს გარდაიცვალა ოკუპანტი ბიზანტიელების დაუძინებელი მტერი გიორგი პირველი და ტახტზე ავიდა გიორგისა და მარიამ არწრუნის ვაჟი, ბაგრატ მეოთხე.

ბაგრატ მეოთხეს, მარიამ დედოფლის ინიციატივით, 1032 წელს ცოლად შერთეს ბიზანტიის კეისრის, რომანოზ მესამე არგირეს ძმის, ბასილის ასული, ელენე. მაგრამ, ის მალე გარდაიცვალა. მეორე ცოლად ბაგრატ მეფემ მოიყვანა ოსთა მეფის, დორღალელის და.

დავით უმიწაწყლოსა და ზორაკრცელს ჰყავდათ ვაჟები: კვირიკე, მათი ტახტის მემკვიდრე, გაგიკი, სუმბატი და ადარნასე.

სამწუხაროდ, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე მესამე დიდს ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ, იშვილა თავისი დისწული, ტაშირ-ძორაგეტის მეფის ერთ-ერთი ვაჟი, გაგიკი. ალბათ, გაგიკი ქართულად აღზარდა და ალბათ, მართლმადიდებელიც იყო, რადგან, სხვა შემთხვევაში, მართლმორწმუნე კვირიკე მეფე, ალავერდის აღმშენებელი, სარწმუნოებით სომეხს, ტახტის მემკვიდრედ ვერ გამოაცხადებდა და არც კახელი დიდებულები მიიღებდნენ სომხური აღმსარებლობის ადამიანს ხელმწიფედ.

1037 წელს ტფილისის აღება გადაწყვიტა ახალგაზრდა ბაგრატ მეოთხემ მას ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე მესამე დიდი. ტფილისის ალყის დროს კვირიკე მეფეს მიეპარა ერთი ოსი მონა და ვერაგულად მოკლა თავისი ყოფილი მეფის, ურდურეს სისხლის გამო, რომელიც კვირიკე მესამესთან ბრძოლაში მომკვდარიყო.

კახეთ-ჰერეთის ტახტზე ავიდა გაგიკ კვირიკიანი, ბაგრატუნი.

კახეთ-ჰერეთის დიდებულთა ერთი ნაწილი (კერძოდ, კვირიკე დიდის კიდევ ერთი დის ქმარი, აშოტ მარილელი და სხვები) უკმაყოფილო იყო სომხის გამეფებით კახეთ-ჰერეთში. უნდოდათ, კახეთი და ჰერეთი ერთიან ქართულ სამეფოს შეერთებოდა. პრინციპში, ეს ლეგიტიმური იქნებოდა, რადგან, კვირიკე დიდი დედით აფხაზთა მეფის შვილი იყო, ხოლო ბაგრატ მეოთხე, ასევე, აფხაზთა მეფეების შთამომავალი, თან ქართველი, მართლმადიდებელი და მას უფრო ეკუთვნოდა კახეთ-ჰერეთი. აშოტ მარილელი და ბაგრატ მეფის დიდებულები შეთანხმდნენ გაგიკის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებაზე.

ბაგრატ მეოთხემ გაილაშქრა კახეთისკენ. ბრძოლა გაიმართა მიქელ-გაბრიელის მთაზე. ბაგრატის მეომრებმა შეიპყრეს „სტეფანოზ ვარჯანისძე, პანკისის ერისთავი; ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა“. შემდეგ თიანეთში შეიჭრნენ და დაწვეს ბოდოჯის სასახლე (ცხრაკარა), კვირიკე დიდის მიერ აშენებული. კახეთის ერისთავები მორჩილებას უცხადებდნენ ბაგრატს და სთხოვდნენ, მიეღო მათგან ციხეები. მაგრამ, ბიზანტიელების ჯარის საქართველოში შემოჭრის გამო ვეღარ მოახერხა ქართველთა მეფის ჯარმა კახეთის დაკავება. გაგიკ მეფის ჯარი ბიზანტიელებს მიეშველა, მაგრამ, ზამთრისა და ბაგრატ მეოთხის ერთგული მეომრების თავდადების გამო ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება და გავიდნენ საქართველოდან.

1045 წელს გაგიკ კვირიკიანი ტფილისთან ეახლა ჩვენს ხელმწიფეს და ყმადნაფიცად ეთაყვანა.

1048 წელს, დავით უმიწაწყლოს გარდაცვალების შემდეგ, ტაშირ-ძორაგეტის მეფე გახდა მისი ვაჟი კვირიკე, გაგიკის ძმა. ამგვარად, ქვემო ქართლსა და კახეთ-ჰერეთს აკონტროლებდნენ კვირიკიანები. ისინი ცდილობდნენ ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ, რათა ბაგრატს არ გაეუქმებინა მათი სამეფოები და ერთიანი სამეფოსთვის არ შეეერთებინა.

ბაგრატ მეოთხემ თავის და, გურანდუხტი, მიათხოვა სუმბატ ბაგრატუნს, ტაძირ-ძორაგეტის მეფე კვირიკესა და კახეთ-ჰერეთის მეფე გაგიკის ძმას. სუმბატს და გურანდუხტს შეეძინათ ასული, რომელსაც ბებიის პატივსაცემად მარიამი დაარქვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...