ვინ იყო სომეხთა დედოფალი, რომელსაც დავით აღმაშენებელმა საფლავში სასიხარულო ცნობა ჩასძახა
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.05

ეძღვნება დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავს
(იბეჭდება შემოკლებით)
ანისის ადგილას დასახლება და ციხე სომხურ წყაროებში მეხუთე საუკუნიდან მოიხსენიება. 961 წლიდან სომხების მეფე აშოტ მესამემ ყარსიდან დედაქალაქი ანისში გადაიტანა. ყარსი და ყარსის მეფობა თავის ძმას, მუშერს დაუთმო. ანისი შირაკის (ანისის) სამეფოს ცენტრი გახდა. ანისი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით, მასზე გადიოდა სავაჭრო გზები. აშენებული იყო მდინარე არაქსის მარცხენა შესართავის – მდინარე ახურიანისა (თურქულად არფაჩაი) და მის ორ შენაკადს შორის. მდინარე ახურიანისა და მისი იმ ორი შენაკადის ხეობაში არის სამკუთხედის მსგავსი კლდოვანი ამაღლება, რომელსაც გარს უვლიან მდინარე ახურიანი და მისი შენაკადები და რომელზეც გაშენებული იყო ქალაქი. ამგვარად, სამი მხრიდან მდინარესა და მისი შენაკადების ნაპირებზე არსებულ კლდოვან ამაღლებებზე იყო გაშენებული ქალაქი და ეს ამაღლება მტრისთვის ძნელად მისადგომს ქმნიდა ანისს. გარდა მდინარის ხეობებზე აღმართული კლდეებისა, ანისს იცავდა ძალიან სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები, გალავნები, კოშკები. ანისი სომხური კულტურისა და ეკლესიის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახლდათ. ანისში სომეხთა კათალიკოსიც მჯდარა.
ქალაქმა განსაკუთრებული განვითარება დაიწყო მეფის, სმბატ მეორის დროს (977-989), რომელიც შაჰანშეს (შაჰინშაჰის), სომეხთა მეფეთა მეფის ტიტულს ატრებდა. ტიტული შაჰინშაჰი (შაჰანშე), სომხების ცნობით, სომეხთა მეფეებისთვის ხალიფას მიუნიჭებია. სმბატ მეფის ბრძანებით, ქალაქს დიდი გალავნები შემოარტყეს და 989 წელს დაიწყეს ღვთისმშობლის სახელობის დიდი საკათედრო ტაძრისა და საკათალიკოსო სასახლის მშენებლობა, რომელსაც ბიზანტიაში ცნობილი ხუროთმოძღვარი, თრდატი ხელმძღვანელობდა. სმბატი ვერ მოესწრო ტაძრის დასრულებას. სმბატის გარდაცვალების მერე ტახტზე ავიდა მისი ძმა, გაგიკ I (989-1017). მას ცოლად ჰყოლია სიუნიქის (სივნიეთის) სომხური სამეფოს მეფის, სმბათ I სააკიანის ასული, კატრონიდე, რომელსაც სომეხი ისტორიკოსები კატრონიდე მეორეს უწოდებენ. ქალაქ ანისის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა და არქიტექტორ თრდატის დახმარება დედოფალმა კატრონიდემ იტვირთა.
1017 წელს გარდაიცვალა გაგიკ პირველი. ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი, ოვანეს-სმბატი. მას ექიშპებოდა ძმა – აშოტ მეოთხე მამაცი, რომელმაც მიიღო გარკვეული რეგიონების მართვის უფლება. 1020 წელს გარდაიცვალა დედოფალი კატრონიდე და დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ტაძარში.
1041 წელს, ანისის სამეფოს სომეხი მეფის, ოვანეს-სმბატის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი და სამეფო, მთლიანად, გარდაცვლილი მეფის იძულებითი ანდერძით, ბიზანტიას უნდა გადასცემოდა. სომხებმა სცადეს ქალაქის შენარჩუნება, ოვანეს-სმბატის ძმისშვილმა, აშოტის 16 წლის ვაჟმა, გაგიკმა, ერთგული ადამიანებისა და სომხური ჯარის დახმარებით, რომელსაც მეთაურობდა სპარაპეტი ვაჰრამ ფაჰლავუნი, მოახერხა ორგანიზება და ბიზანტიის ჯარმა ანისი ვერ აიღო. ამბობენ, ამ ომში სომხებმა 20 000 ბერძენი მოკლესო. გაგიკი მეფედ ეკურთხა. ბიზანტიელებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს ანისის აღება, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა კონსტანტინოპოლში მიიწვია გაგიკ მეფე, ვითომდა მეგობრული მოლაპარაკებების გასამართავად.
გაგიკი მოტყუვდა. მოღალატეებმა ანისი ბიზანტიელებს გადასცეს. გაგიკს აღარ რჩებოდა ბრძოლის შანსი და გულგატეხილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. ანისის სამეფო გაუქმდა და ტერიტორია ბიზანტიის იმპერიას შეუერთდა. გაგიკს, კომპენსაციის სახით, ერთ-ერთი ბიზანტიური თემის მმართველობა მისცეს.
1045 წელს ბიზანტიელი დამპყრობლების მიერ შეწუხებულმა სომეხთა თავკაცებმა ანისი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს. მისი დედა, დედოფალი მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო და შეიძლება ითქვას, ამგვარად, მემკვიდრეობითაც ეკუთვნოდა. თუმცა, მალე, ლიპარიტ ბაღუაშის ღალატის გამო ბიზანტიელებმა ანისი ისევ ჩაიგდეს ხელში. როცა თურქ-სელჩუკები შემოიჭრნენ წინა აზიასა და კავკასიაში, ანისი მაჰმადიანებმა დაიკავეს.
1064 წელს, 25-დღიანი ალყის შედეგად, ანისი დაიკავა ალფ-არსლანმა, რომელიც თურქ-სელჩუკთა სულთანი იყო 1063-1072 წლებში. შემდეგში სელჩუკებმა ანისი მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს (შადადიანებს). შედადიანები პირველ პერიოდში ნორმალურად იქცეოდნენ, თუმცა, შემდეგ ქრისტიანების დევნა და ტაძრების მეჩეთებად გადაკეთება დაიწყეს, რამაც გაამწარა სომეხი მოსახლეობა.
1118 წელს მანუჩე შედადიანი შეცვალა მისმა ვაჟმა, აბულ-ასვარმა („ბულასვარმა“). სომხური ცნობით, მან ქალაქ ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის დიდი ნახევარმთვარე და ანისის საკათედრო ტაძრის თავზე წამოჭიმა – ტაძარი მეჩეთად აქცია.
1124 წლის 20 აგვისტოს ანისის სამეფოს გადაცემისა და ქვეშევრდომობის თხოვნით ეახლნენ ჩვენს სათაყვანებელ მეფეს, დავით აღმაშნებელს და მოახსენეს, რომ უთმობდნენ სომეხთა ერთ-ერთ ძველ დედაქალაქ ანისს და მის მიმდგომ ქვეყანას.
იცოდნენ არმენებმა, ქართველები დაიცავდნენ სომხებს მტრებისაგან და განადგურებისაგან.
ჩავიდა დავით აღმაშენებელი სომხეთში, სამ დღეში აიღო ანისი, მის გარშემო არსებული ციხეები და მთელი კუთხე, გაუჭირვებლად.
სომხური ცნობით, მტრის 20 000 მეომარი დაღუპულა იმ დღეებში.
ქალაქ ანისის საკათედრო ტაძარი მიზგითად ჰქონდათ გადაკეთებული მაჰმადიან შადადიანებს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში გვიან ჩართული აბზაცის ცნობით, ტაძარი აშენებულა სომეხთა მეფის ქვრივის, ბერძენი დედოფლის, კატრონიტეს ხელმძღვანელობით და თვითონაც იქვე ყოფილა დასაფლავებული.
ქართველთა მეფის წყალობით, სომეხმა სასულიეროებმა ხელახლა აკურთხეს ტაძარი, პანაშვიდი გადაუხადეს დედოფალს.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში გვიან ჩართული აბზაცის ცნობით, მივიდა ჩვენი ხელმწიფე სომეხთა დედოფლის გათავისუფლებულ საფლავთან და სამგზის ჩასძახა საფლავში კატრონიტეს: „გიხაროდენ, შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“. ამბობენ, დედოფლის ძვლებმა სიხარულის ხმა გაიღესო საფლავიდან.
სომეხთა დედაქალაქი ანისი დაუბრუნდა ქართულ სახელმწიფოს.
დაატყვევეს ანისის მთავარი, მაჰმადიანი აბულასვარი, წარმოშობით ქურთი, გვარად შედადიანი, თავისი რვა ძითა და მთელი ოჯახით და აფხაზეთს გამოაგზავნეს ტყვედ.
ჩვენმა ხელმწიფემ ანისის მცველად დატოვა მესხი აზნაურები თავისი ციხიონით. თვითონ მეფე დაბრუნდა ტფილისში. ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემოუერთდა.
შემდეგში ტიტული შაჰანშაჰი (შაჰანშე) ქართველ მეფეთა ტიტულატურას დაემატა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან