ისტორია

ვინ იყო ხლათის ქართველი დედოფალი და რატომ ერჩივნა მას ხლათში ყოფნა ქმრის გვერდით ყოფნას

№21

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 31.05

ისტორია
დაკოპირებულია

თამარ მეფის მსახურთუხუცესის, ივანე მხარგრძელის ოჯახში, დაახლოებით, 1195 წელს, დაიბადა მეორე შვილი, ასული, რომელსაც უწოდეს თამთა. ალბათ, სახელი თამთა მხარგრძელების რომელიმე წინაპარს ერქვა და დამკვიდრდა საოჯახო სახელად, რადგან, ივანე მხარგრძელის დასაც თამთა ერქვა.

მხარგრძელების წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მხარგრძელების ვერსიით, ისინი სომეხი ბაგრატუნებისა და სომხეთის სხვა სამეფო დინასტიის, არწრუნების შთამომავლები იყვნენ. არწრუნები კი – ძველი სომხეთის მეფეების, ერვანდიდების (არვანდიდების, ორონტიდების) განშტოება. გადმოცემით, ერვანდიდების ერთ-ერთ წინაპარს ცოლად ჰყოლია სპარსეთის აქემენიდი შაჰის ასული და ამგვარად, ერვანდიდები აქემენიდების შთამომავლები გამოდიოდნენ. იმდროინდელ საქართველოში ამის სჯეროდათ და „ისტორიანისა და აზმანის“ უცნობი ავტორი გვამცნობს, მხარგრძელები ძველი სპარსეთის აქემენიდი შაჰის, არტაქსერქსე მხარგრძელის, ანუ არტაქსერქსე პირველის, შთამომავლები არიანო. ძველი ბერძნები არტაქსერქსე პირველს გრძელმკლავებას, გრძელხელებას, მხარგრძელს უწოდებდნენ, ვინაიდან, ერთი გადმოცემით, მარჯვენა ხელი უფრო გრძელი ჰქონია, ვიდრე მარცხენა. მეორე ვერსიით კი – იმის გამო, რომ მისი ხელმწიფობა დიდ ტერიტორიებს სწვდებოდა.

ძველ სომეხ ავტორებს აქვთ ცნობა – მხარგრძელები ქურთული წარმოშობის იყვნენო. შესაძლოა, ისინი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მოვიდნენ (ანუ სომხების მიერ დაპყრობილ საქართველოს ტერიტორიაზე) სამხრეთიდან, ქურთისტანიდან. ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მიიღეს სომხური სარწმუნოება, რადგან, ტაშირში მეათე საუკუნის ბოლოდან სომეხი ბაგრატუნების დინასტიის განაყოფი, კვირიკიანები ბატონობდნენ და ჩადგნენ კვირიკიანების სამსახურში. დავით აღმაშენებლის მიერ ტაშირის დედა საქართველოს წიაღში დაბრუნების შემდეგ მხარგრძელები საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. ისინი, როგორც ჩანს, ორბელების ვასალები იყვნენ და მის ნაწილებში ერთ-ერთ დიდ რაზმს ხელმძღვანელობდნენ.

არის ვერსია, რომ მხარგრძელები იყვნენ ქურთების ჩრდილოკავკასიური ტომიდან.

ამირსპასალარი ივანე ორბელი აუჯანყდა გიორგი მესამეს და თავისი სიძის, მეფის ძმისწულის, უფლისწულ დემნას გამეფება განიზრახა. აჯანყების დაწყებისას, სარგის მხარგრძელი, ივანე ორბელს დაქვემდებარებული ერთ-ერთი სარდალი, თავისი ნაწილებით განუდგა დემნასა და ივანეს და მეფის მხარეზე გადავიდა. მის მაგალითს ბევრმა მიჰბაძა. აჯანყების ჩახშობის შემდგომ სარგის მხარგრძელი დაწინაურდა სამეფო კარზე. თამარმა, გამეფებიდან მალე, სარგის მხარგრძელი ამირსპასალარად დანიშნა, ხოლო მისი ვაჟები, ზაქარია და ივანე, დარბაზის ყმებად ითაყვანა. შემდეგში ზაქარია გახდა ამირსპასალარი, ივანე კი – მსახურთუხუცესი.

დიდი საქართველოს მეფეები ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნის დროს ყურადღებას არ აქცევდნენ მის აღმსარებლობას. სარგის მხარგრძელი, ზაქარია და ივანე გრიგორიანები იყვნენ, როცა სამეფო კარზე ვაზირების თანამდებობები მიიღეს. შემდეგ ივანე მართლმადიდებლურად მოინათლა, ზაქარია კი სომხური სარწმუნოების აღმსარებლად მოკვდა.

მართლმადიდებლურად იზრდებოდა თამთაც. ივანე მხარგრძელის ოჯახში, როგორც ჩანს, თავს ქართველებად მიიჩნევდნენ.

თამთამ ბავშვობა, ალბათ, ლორესა და ტფილისში გაატარა. ვაზირების ოჯახები, თავისთავად ცხადია, ტფილისში იქნებოდნენ ხშირად. სავარაუდოდ, ბევრჯერ ჰყავდა ნანახი თამარ მეფე და ალბათ, ცდილობდა, მისთვის მიებაძა განათლებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით.

თამარ მეფის დროს სომხეთის მიწების შემოერთება მიმდინარეობდა. ეს საქმე დავით აღმაშენებელმა დაიწყო.

1207 წლიდან ხლათის სასულთნო, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ სომხეთის ტერიტორია, ქურთული წარმოშობის აიუბიდების დინასტიამ ჩაიგდო ხელში. 1208 წელს ჩვენმა წინაპრებმა ხლათში ილაშქრეს, აიღეს ქალაქი არჭეში და მერე ქალაქ ხლათს შეუტიეს. ხლათის მელიქი უკვე დანებებას აპირებდა, მაგრამ ქართული ლაშქრის მეთაურმა, ივანე მხარგრძელმა შეცდომა დაუშვა, მცირე ამალით ხლათის ჭიშკარს მიადგა, სადაც, ხლათელების მიერ წინასწარ მომზადებულ ხაფანგში ჩავარდა ცხენიანად. გამოცვივდნენ ხლათელი მეომრები ქალაქიდან და ივანე და მისი მცირერიცხოვანი ამალა უმალ დაატყვევეს.

ივანეს ტყვედ ჩავარდნის გამო საქართველომ ვერ შემოიერთა დასავლეთ სომხეთი. თამარ მეფემ ბრძანა და ქართველებსა და აიუბიდებს შორის საზავო მოლაპარაკება გაიმართა. ხლათის მელიქმა ივანეს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ რამდენიმე პირობით.

საქართველო წავიდა დათმობებზე. აიუბიდებს ოცდაათწლიანი მშვიდობა აღუთქვეს. გაათავისუფლეს ხუთი ათასი ტყვე მაჰმადიანი, ხლათის მელიქ აუჰადს დაუბრუნეს ციხეები, გადასცეს ასი ათასი დინარი და ცოლად მიათხოვეს თამთა მხარგრძელი.

ხელშეკრულების თანახმად, თამთას შეეძლო ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნება. მეტიც, თამარ მეფესა და აიუბიდებს შორის დადებული ზავით, ქრისტიანებს შეღავათები უნდა მისცემოდათ აიუბიდების მთელ სამბრძანებლოში, ეგვიპტის სასულთნოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სირიასა და იერუსალიმში. მონასტრებს გადასახადები გაუნახევრეს. იერუსალიმში მიმავალ ქრისტიან მომლოცველთა უსაფრთხოებაზე სასულთნო ზრუნავდა. განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ქართველებს. როგორც მაჰმადიანი და სომეხი ავტორები აღნიშნავდნენ, ამაში დიდი იყო თამთა მხარგრძელის დამსახურებაც. თამთას ქართველს უწოდებდნენ მაჰმადიანები.

სულ მალე აუჰადი გარდაიცვალა და თამთა ცოლად შეირთო მისმა ძმამ, მელიქ აშრაფმა. ფაქტობრივად, აიუბიდებმა ივანე მხარგრძელის ნაცვლად თამთა მხარგრძელი დაიტოვეს მძევლად, ხლათი ამგვარად შეინარჩუნეს და ქართველებისგან თავდასხმა აღკვეთეს.

თამთამდე მელიქ აშრაფს ჰყოლია ცოლი, დაახლოებით, ერთი წლით ადრე უქორწინია ზანგიდების დინასტიის წარმომადგენლის, მოსულის ათაბაგის, ნურ ად-დინ არსლან შაჰის დაზე, თერჯან ხათუნზე. ქორწინება ალ აშრაფის მამის, ეგვიპტის სულთნის, ალ-ადილის ინიციატივით მომხდარა. შემდეგ, 1219 წელს, ალ აშრაფს მესამე ცოლად მოუყვანია რუმის (იკონიის) სულთნების, ქეი-ქავუს პირველისა და ქეი-ყუბად პირველის და, ხოლო თავისი და მიათხოვა ცოლისძმას, ქეი-ყუბადს.

ამბობენ, თამთასა და მის მეორე ქმარს შორის არ ყოფილა დიდი სიყვარული. ქმარი ხშირად იყო ხლათიდან შორს, ხან დამასკოში, ხან, თავის ძმას, ეგვიპტის სულთანს ეხმარებოდა ჯვაროსნებთან ომში. იმასაც ამბობენ, ქალებზე მატად ალ-აშრაფს ბიჭები უყვარდაო, რადგან, ლექსებს უძღვნიდა, თურმე, ჭაბუკებს. დამასკოსა და ქაიროში ალ-აშრაფს, თურმე, პირველი ცოლი, თერჯან ხათუნი დაჰყავდა.

თამთა ხლათში იქნებ თავისი ნებითაც რჩებოდა, რათა ახლოს ყოფილიყო საქართველოსთან, თავის ოჯახთან, ხლათი თავად ემართა და ქრისტიანებისთვის მფარველობა გაეწია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული