ვინ იყო „დიდი გიორგი, რომელმან ბასილი ბერძენთა მეფე გააქცია“
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 23.08
ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე, სხვათა გადმოცემების საფუძველზე, წერს: „რადგან აბაზგიის მთავარმა გიორგიმ (ჩვენი ხელმწიფე გიორგი პირველი) დაარღვია რომაელებთან (ბიზანტიელებთან) დადებული ხელშეკრულება და რომაელთა საზღვრებში იჭრებოდა (კედრენე რომაელთა, ანუ ბიზანტიელთა საზღვრებად ჩვენს ტაოს გულისხმობს, რომელიც ანექსირებული ჰქონდათ რომაელ-ბიზანტიელებს), მეფემ (ბიზანტიის იმპერატორი ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელი) მთელი ჯარით გაილაშქრა მის წინააღმდეგ.
ამასობაში, ბიზანტიაში აჯანყება დაიწყო, რომლის მომზადებაშიც ჩვენი მეფის ხელიც ერია. კედრენე წერს: „ეს ამბავი რომ აუწყეს მეფეს, მისი ბანაკი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა: ეშინოდათ, ვაითუ აბაზგებსა (აფხაზებს, ესე იგი, ქართველებს) და აჯანყებულთა შუა მოვემწყვდეთ და ცუდი დღე დაგვადგესო (ხმები დადიოდა, ქსიფიას კაცები ამის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ აბაზგიის მთავართანო).“
ჩვენმა ხელმწიფემ, ბასილი ბულგართმმუსვრელის დასამარცხებლად, ბიზანტიაში მოიძია მოკავშირეები და ბიზანტიის შიგნიდან აშლას ცდილობდა. ქართველი მეფე და ტაოელი დიდებული, ფერის ჯოჯიკის ძე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ამბებში.
გაქნილმა პოლიტიკოსმა, ბასილი მეორემ, მოახერხა აჯანყების დამარცხება. კედრენე წერს: ბასილი იმპერატორმა „სიკვდილით მხოლოდ პატრიკიოსი ფერსი დასაჯა, რომელიც ყველაზე უწინარეს მიეკედლა აჯანყებულებს“, რათა გიორგი მეფისთვის ეჩვენებინა, ვიცი, შენ რასაც მიმზადებდიო. ამგვარად, ბასილი ბულგართმმუსვრელმა გიორგი მეფის მიერ მისთვის ზურგში დაგეგმილი ამბოხება გაანეიტრალა. ამან შეასუსტა საქართველოს შანსი.
ოდნავ ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი მეფის ბუნებრივი მოკავშირე, ხალიფა ალ-ჰაკიმი, რომელსაც მტრობა ჰქონდა ბიზანტიასთან. მისი რესურსის გამოყენებასაც ცდილობდა გიორგი პირველი. ეს ვარიანტიც ჩაიშალა. აშკარად არ უმართლებდა ჩვენს ქვეყანას.
თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა და უშიში ხელმწიფე, მაინც არ აპირებდა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.
ბიზანტიელი მემატიანე განაგრძობს: „მეამბოხეთაგან გათავისუფლებული მეფე ეკვეთა აბაზგებს: თუმცა რომაელთაგან ბევრნი დაიღუპენ, მაგრამ ორივე მხარის ჯარები რომ დაიშალნენ, აღმოჩნდა, რომ გამარჯვება არავის არ ჰრგებია“.
დიდებულთა რჩევით, მეფე გიორგიმ უკან დაიხია. დამხმარედ ელოდებოდა კახეთ-ჰერეთის ლაშქარს. სოფელ შირიმთან მტრის ჯარის ავანგარდი წამოეწია ჩვენი წინაპრების ჯარის არიერგარდს და შეუტია. ქართველები მოუტრიალდნენ მტერს და დიდი ზიანი მიაყენეს დამპყრობელს. გაძარცვეს მათი ბანაკიც. ბასილი გაქცევას აპირებდა... მაგრამ, ქართველთა შორის შეუთანხმებლობა იყო. ზოგს აღარ უნდოდა ომი. ამიტომ, ჩვენი წინაპრები დამარცხდნენ. გიორგი კედრენე ასე მოგვთხრობს: „ამის შემდეგ მოხდა მეორე ბრძოლა... ამ ბრძოლაში დაეცა ლიპარიტი (ბაღვაში, მეფე გიორგის სარდალი) და მასთან ერთად აბაზგების ჯარის საუკეთესო ნაწილი. თვითონ გიორგი გაიქცა იბერიის შიდა მთებში.“
ბასილი ბულგართმმუსვრელმა წინ წასვლა ვეღარ შეძლო, რადგან მეფე გიორგის კახეთ-ჰერეთის მეომრები დაემატნენ და ტრაპიზონისკენ გაემგზავრა გამოსაზამთრებლად. გიორგი მეფესა და ბერძენთა მეფეს შორის გაიმართა მოლაპარაკება. ჩვენი მემატიანე წერს: „შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოâრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათïს”.
როცა ტრაპიზონის მიდამოებიდან ბასილი კეისარი ჯარით შემოვიდა ბასიანში, მასთან გიორგი მეფემ გააგზავნა ზვიად სპასალარი, რომ ზავზე მოლაპარაკებით დრო გაეწელა. ჩვენი მეფე კი უკან მიჰყვა ჯარით. თუ ღირსეული მშვიდობა იქნებოდა, ხომ კარგი, თუ არა და, ჩვენი ხელმწიფე ოკუპანტისთვის დათმობას არ აპირებდა. ჩვენი ჯარი თავს დაესხა ბასილი ბულგართმმუსვრელის არმიას და დიდი ზიანი მიაყენა. „კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა, და აღუთქმიდა ზავსა და მშïდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზïადი ერის-თავი სპითა მისითა და უბრძანა, რათამცა ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თïთ წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთïს-ცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშ?დობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან ს?ნდაქსად (სვინდაქსის ბრძოლა 1022 წ.)“.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ბასილი კეისარი ტყვედ ჩავარდნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. შეშინებულმა იმპერატორმა მოატანინა წმიდა ჯვარი და წმიდა მანდილი. შუბის წვერზე წამოაცვა გიორგი მეფის სამშვიდობო წერილი, 15 000 ბულგარელისთვის თვალების დამთხრელმა, აღმართა ცისკენ და შეჰღაღადა ჯვარს,: „თუ ტყვედ ჩამაგდებ გიორგის ხელში, არასოდეს გცემ თაყვანსო“. ჩვენი მემატიანე წერს: „იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა (ბასილისა). განუწერა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმიდა დადვა ქუეყანასა ზედა, და თქუა: „უკეთუ მიმცე âელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანის-მცემელ თქუენდამი უკუნისამდე“.
მაგრამ, სარდლობამ ისევ შეცდომა დაუშვა და ქართულ ჯარს უკან დახევა მოუწია. დამარცხდნენ. არ გაუმართლა მაშინ ჩვენს ახალგაზრდა მეფეს და ჩვენს ახალგაერთიანებულ სამშობლოს.
ჩვენს მეფეს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა ზავისა. „კუალად-ცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ; რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშïდობა და დაიზავნეს, და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თïსი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა დაუცალნა და მისცნა“.
ორ წელიწადში ბაგრატ უფლისწული სამშობლოში დააბრუნეს. კედრენე წერს: „ცოტა ხნის შემდეგ მან (გიორგი პირველმა – გ.მ.) მოლაპარაკება გამართა მეფესთან, დაუთმო თავისი ქვეყნის ის ადგილები, რომლებიც მეფეს სურდა, და შეკრა ზავი; თავისი ვაჟი ბაგრატიც მძევლად მისცა. მეფემ მაგისტროსობა უბოძა ბაგრატს და უკან გაისტუმრა“.
იღბალმა უღალატა ჩვენს დიდებულ ხელმწიფეს. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ წერია მასზე: „დიდი გიორგი, რომელმან ბასილი ბერძენთა მეფე გააქცია“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან