ვინ იყო დავით აღმაშენებლის მეგობარი სომეხი ბერი და იცოდა თუ არა ჩვენმა მეფემ სომხური
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.04

ეძღვნება ჩვენი დიდი ხელმწიფის გარდაცვალების 900 წლისთავს
(იბეჭდება შემოკლებით)
„ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანის ჩანართში საინტერესო რამ წერია:
დავით მეფეს „უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატ, სახელად სარკავაგი, აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: „დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა“. მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: „ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.“ და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. (სომეხი ბერი) მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: „ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას“ (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას“.
ჰახბატი არის ახპატის მონასტერი (ახლანდელ სომხეთში), ლორეში. მეათე საუკუნეში, ლორესა და ქვემო ქართლის სხვა ქართულ მიწებზე, ერთიანი საქართველოს არ არსებობის, ტფილისში არაბთა ბატონობის, ქართველი მეფე-მთავრების მოუცლელობისა და სხვა ვითარებების გამო სომეხი ბაგრატუნების ერთმა შტომ დააარსა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.
დავით აღმაშენებლისა და ახპატის მამასახლისის თბილი ურთიერთობის შესახებ სხვა სომხური ცნობებიც არსებობს. იგულისხმება სომხური ეკლესიის წმიდანი, მწერალი, პოეტი, გრამატიკოსი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, რიტორი, ქრონოლოგი, ფილოსოფოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი, მუსიკისა და სიმღერის ესთეტიკოსი, მათემატიკოსი, კოსმოლოგი, პედაგოგი, სასწავლებლების ხელმძღვანელი, თეოლოგი, ვარდაპედი (მოძღვარი) – ოვანეს (იოანე) სარკავაგი, იმასტასერი (სიბრძნისმოყვარე) (1045-1129), სასულიერო პირების საგვარეულოდან (ალბათ, აქიდანაა მისი წოდება, სარკავაგი, რაც ქართულად დიაკვანს ნიშნავს). ასეთ განათლებულ ადამიანთან დავით აღმაშენებელს, რა თქმა უნდა, დააინტერესებდა ურთიერთობა.
შეიძლება, ოვანეს იმასტასერს ჩვენი ხელმწიფე იცნობდა 1118 წლიდან, როცა ლორე და ქვემო ქართლი წაართვა თურქებს და დაუბრუნა, შემოუერთა საქართველოს.
ოვანეს სარკავაგი დავით აღმაშენებლის გულმხურვალე პატივისმცემელი ყოფილა – მისი მხრიდან ჩვენი მეფისადმი დალოცვა: „ვპოვე დავით...“, არის დავით წინასწარმეტყველის 88-ე ფსალმუნიდან. ეს ფსალმუნი შეეხება ძველი აღთქმის რჩეული ხალხის, ძველი ისრაელის ხელმწიფის, დავით მეფე-წინასწარმეტყველის გამორჩევას უფლის მიერ და მისთვის უფლისგან მიცემულ აღთქმას, რომ მუდამ შეეწეოდა, რომ ყველა მეფეზე მეტად აღაზევებდა და რომ მის შთამომავლობას სამუდამოდ დაუმკვიდრებდა სამეფო ტახტს და სხვა. დავით აღმაშენებელი ითვლებოდა დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად (იხ. ჩემი წერილი „აღთქმა დავითიანთა (ბაგრატიონთა) გვარისადმი (ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი)“. წიგნიდან „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“. 2007).
ამ ცნობიდან ჩანს, რომ უაღრესად განათლებული და სახელოვანი ბერი, ოვანეს სარკავაგი აღიარებდა ბაგრატიონთა დავით მეფსალმუნე-წინასწარმეტყველი მეფისგან წარმომავლობის თეორიას, ფსალმუნის სიტყვებით ლოცავდა დავით აღმაშენებელს, ჩვენს ხელმწიფეს წინასწარმეტყველ დავითის მსგავს მეფედ მიიჩნევდა და ისეთივე რჩეულად, როგორიც მისი მეფსალმუნე წინაპარი იყო.
საკუთარი ერისა და სარწმუნოების ერთგული, განათლებული, პატიოსანი ადამიანები უყვარდა დავით აღმაშენებელს და დიდ პატივს სცემდა მათ.
გარდა ამისა, ჩვენი გვირგვინოსანი თურქომანთა მიერ დაპყრობილი სომხეთის გათავისუფლებასა და სომხების საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში ჩაბმას, სახელმწიფოში შემოყვანას ცდილობდა. რაც საჭირო იყო ორივე მხარისთვის, ქართული სახელმწიფოს – გასაძლიერებლად და სომხებისთვის კი – ფიზიკური გადარჩენისა და განვითარებისთვის, რასაც ქართველთა სახელმწიფოში შეძლებდნენ.
„შეცოდებების აღიარების“ შესახებ ცნობა აღსარების ჩაბარებად არ უნდა გავიგოთ. აქ უნდა იგულისხმებოდეს სხვადასხვა საკითხზე საუბარი, რაც შეიძლება აიხსნას ინტერესით, ცნობისმოყვარეობით, მეტის გაგების სურვილით, რითაც გამოირჩეოდა „გალობანი სინანულისანის“ ავტორი და სომეხი მემატიანის მხრიდან ცნობის ეს ნაწილი გადაჭარბებულიც ჩანს. არც სომეხი გრიგორიანი მეფე ჩააბარებდა ქართველ მართლმადიდებელ ბერს აღსარებას და არც ქართველი ქალკედონი მეფე - გრიგორიან ბერს. ასეთი რამე აკრძალულია, როგორც სომხებთან, ისე ჩვენთან.
დიახ, ჩვენი გვირგვინოსანი პატივისცემით ეპყრობოდა სომეხ ხალხს, რადგან იყო კაცთმოყვარე და ასევე, მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ, თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის საჭირო იყო ქართველების, სომხებისა და სხვა კავკასიელთა გაერთიანება.
ასევე, ძალიან სჭირდებოდათ სომხებს, საქართველოს მეშვეობით, თურქთაგან სომხური ტერიტორიების გამოხსნა, საქართველოში სომეხი ხალხის თავშეფარება, როგორც ერის გადარჩენა და განვითარება.
ჩვენი ხელმწიფე ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ძალიან მოწყურებული ცოდნის თვალსაწიერის გაზრდას. საქართველოში მოღვაწე წარმოშობით სომეხმა ისტორიკოსმა, ლეონ მელიქსეთ-ბეგმა 1943 წელს გამოსცა ოვანეს სარკავაგის ნაშრომი „დედამიწის მოძრაობისა და რხევის შესახებ“. ბერს ჰქონია ძალიან საინტერესო რეალისტური პოეტური ქმნილება „სარეკ“ („შაშვი“). ცხადია, ასეთი ნაწარმოებები დააინტერესებდა ცნობისმოყვარე დავით აღმაშენებელს.
სხვადასხვა საკითხზე ქრისტიანული თავმდაბლობითა და ინტერესით რომ ისაუბრებდა ჩვენი ბრძენი მეფე სომეხთა დამსახურებულ ბერთან, სინამდვილე უნდა იყოს, ვინაიდან, როგორც ვთქვით, ძალიან თავმდაბალიც იყო და ინტერესიანიც. მოხუცებიც უყვარდა დიდ ხელმწიფეს და სნეულებსაც თავისი ხელით უვლიდა. სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელთა აზრიც აინტერესებდა. როგორც აღვნიშნეთ, დიდი პოლიტიკოსი და დიპლომატი დავით მეოთხე სომხური რესურსის საქართველოს სამსახურში ჩაბმას ცდილობდა. უმთავრესი კი, მისი კაცთმოყვარეობა გახლდათ.
ზემოთმოყვანილი ცნობა კიდევ იმიტომაა საინტერესო, რომ გვატყობინებს – დავით აღმაშენებელმა სომხური ენაც იცოდა: „უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას“. ეს, ფაქტობრივად, პირდაპირი ცნობაა, პირდაპირი წყაროა.
ალბათ, ჩვენი ხელმწიფე სომხურადაც ეცნობოდა ანტიკური ხანის ავტორების: ფილონ ალექსანდრიელის, დიონისე არეოპაგელის, გრიგოლ ნოსელის, არიოსტოტელეს, პორფირესა და ევკლიდეს ზოგიერთ ნაშრომებს, რომლებიც თარგმნილი ჰქონია ოვანეს იმასტასერს და ადარებდა, ალბათ, ქართულ ან სხვა ენებზე წაკითხულებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან