ისტორია

ვინ იგულისხმება ეკლეცის დედოფალ რაქაელში, რომელმაც მონათლა და საქართველო-კავკასიის მეფეთა დინასტიად აქცია მომავალი ბაგრატიონები

№46

ავტორი: გაიოზ მამალაძე 53 წუთის წინ

ისტორია
დაკოპირებულია

ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს ჩვენი წიგნიდან („საოცარი საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“) წინა წერილებში ვუამბეთ, რომ ძველი აღთქმის ღვთის რჩეული ერის, ისრაელის, მამამთავრის, იაკობ-ისრაელის ერთ-ერთი ცოლი, რაქელი (რახელი), იყო იაკობის ორი ვაჟის მშობელი დედა და იაკობის სხვა ათი ვაჟის დედობილი. ამგვარად, რაქელი არის ძველი აღთქმის ღვთის რჩეული ხალხის დედა-დედობილი, მდგენი დედამთავარი, სიმბოლური დედა ისრაელისა.

ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, რაქელი არის არა მარტო დედა, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობისას, ანუ სიცოცხლეს შესწირა თავი, არამედ გარდაცვალების მერეც მზრუნველი თავის შვილზე და შთამომავლობაზე... რაქელი ღვთის რჩეული ხალხის დედის სიმბოლოა...

რაქელი ჰრამაშია დაკრძალული (1 მეფ. 10, 2), რომელიც ისტორიული ქალაქის, ბეთლემის სიახლოვესაა, მისი ნაწილია (ბეთლემის კუთხეა). ჰრამა და ბეთლემი ერთი და იგივე მნიშვნელობის ადგილია. ჰეროდეს მიერ ყრმათა ამოწყვეტისას რაქელის საფლავიდან ამოვიდა გლოვის ხმა. მისი საფლავიდან ადრეც ამოსულა გლოვის ხმა, როდესაც მისი ვაჟი იოსები, ტყვეობისათვის განწირული, ჰრამასთან გაატარეს და ნაბუქოდონოსორმა რომ დაიპყრო ებრაელთა მიწა-წყალი და ტყვეებს ჰკრებდნენ ჰრამაიში.

რაქელი, ისრაელის დედამთავარი, გარდაიცვალა ევფრატას (ისრაელის ევფრატის) გზაზე, ბეთლემში (ეფრატა იგივე ბეთლემის სახელია (Электронная еврейская энциклопедия, http://www.eleven.co.il/article/10607), როცა შობა იაკობის მეთორმეტე შვილო, ბენიამენი (დაბადება. 35. 16-20). ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვარი შვა ბეთლემში. ისრაელში არის სხვა დასახლებული გეოგრაფიული პუნქტიც ამ სახელით, მაგრამ ბენიამინისა და მაცხოვრის შობის ბეთლემი არის ერთი და იგივე, იუდეას ბეთლემი, ევფრატას ბეთლემი (იქვე დაიბადა დავით წინასწარმეტყველი და იქვე სცხო მას ზეთი წინასწარმეტყველმა სამუელმა და მეფედ აკურთხა).

ბეთლემს ებრაულად ჰქვია ბეით-ლაჰმი – პურის სახლი. ქალაქი დაარსებული უნდა იყოს ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. აქ, ძველ, ქანაანელთა ხანაში ბუნების მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ღმერთის, ადონისის კულტის ადგილიც ყოფილა (ქსე, ტ. II . გვ. 270).

ბეთლემი, ევფრატა მეფეთა ადგილიცაა, სადაც იერუსალიმის ჯვაროსანი მეფეები, ბელდუინ პირველი და ბალდუინ მეორე, ეკურთხნენ, დავით მეფის კურთხევის ტრადიციით.

სუმბატ დავითის ძის ნაწარმოების („ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“) მიხედვით, იაკობისა და დავით წინასწარმეტყველის შთამომავლის, მართალი იოსების ძმის, კლეოპას შთამომავლები, სოლომონ დანის ძის შვიდნი ძენი პალესტინიდან მოვიდნენ კავკასიაში, მდინარე ევფრატის სათავეებთან, ეკლეცში, დედოფალ რაქაელთან, რომელმაც ისინი დედასავით შეიფარა, გააქრისტიანა, ერთი დაისიძა, სხვები საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ და გამთავრდნენ.

სუმბატ დავითის ძე წერს რაქაელს. მივაქციოთ სახელის ფორმას ყურადღება – რაქაელ და არა რაქელ (ან რახელ), როგორც ძველ ტექსტებშია. თუ სახელს „რაქაელ“ მოვაცილებთ „ელ“ მაწარმოებელს, გამოგვივა „რაქა“. „ელი“ სემიტური ძირით ნიშნავს ღვთაებას (დაბადება. 33. 20).

„რაქა“ რომ წავიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ, როგორც წერდნენ ებრაელები, გამოვა „აქარ“ (აქ არ). ამ პრინციპით, ქართული ენისა და დამწერლობის მეშვეობით (ებრაელები წერენ და კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ, ქართველები კი, პირიქით) ეს სახელი გვაძლევს შემდეგ შინაარსს: დედოფალი – „ელი“ (ღვთაება) „აქ არ“ (არის).

ღვთაება, დედოფალი (ის, ვინც) აქ არ არის – ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა ზოგიერთი სიტყვისა და მნიშვნელობის ასე ამოხსნა გაგვაცნო აწ გარდაცვლილმა ქართველმა მკვლევარმა ჯემალ ჯიქიამ და რამდენიმე მაგალითიც დაგვისახელა (მათზე სხვა დროს).

საიდუმლო დამწერლობის, კრიპტოგრაფიის და ამ საშუალებით სახელთა დაშიფვრის ტრადიცია საკმაოდ გავრცელებული იყო. სახელის მარჯვნიდან მარცხნივ დაწერის სისტემა ერთ-ერთი იყო კრიპტოგრაფიის მრავალ სისტემას შორის. მას უკუდაწერილობის სისტემა ჰქვია. ამ სისტემით დაშიფვრა სხვადასხვა სახით გვხვდება გვიან შუასაუკუნეებიდან, მაგრამ ეს სისტემა უფრო ადრე ჩანს ჩამოყალიბებული (ლილი ათანელაშვილი, ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა, გვ. 87, თბილისი 1982.).

„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი პრინცესას (მერე დედოფლის) სახელია ნესტან-დარეჯანი. „ნესთ ანდარე ჯეჰან“ ნ. მარრისა და ი. აბულაძის განმარტებით, სიტყვასიტყვით ნიშნავს „არ არის ქვეყნად“ (ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“, გვ. 263, თბილისი 1991 წ.). სხვაგან ზ. გამსახურდია წერს: „ნესთ ანდარე ჯეჰან“ არის ღვთის ერთ-ერთი სახელი აღმოსავლეთის მისტიურ ალეგორიაში და ნიშნავს „ის, ვინც არ არის ქვეყნად“. ასევე, ზ. გამსახურდია წერს: „თამარის ალეგორიული სახელები „ვეფხისტყაოსანში“ „ნესთ ანდარე ჯეჰან“ (არ არის ამ ქვეყნად) და „თინათინ“ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე, ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითი) და კატაფატურზე (წართქმითი), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში“ (იქვე. გვ. 340).

ამგვარად, სუმბატ დავითის ძის მიერ წარმოდგენილი ეკლეცის (ეკლესიის) დედოფალი რაქაელი (აქ რომ არ არის, რომელიც გახდა კავკასია-საქართველოს სამეფო დინასტიის დედობილი, რომელმაც მონათლა შვიდი ძმა დავითიანები (მომავალი ბაგრატიონები) არის ღვთაების, ღვთისმშობლის სახელი უკუდაწერილობის სისტემითაც და უკუთქმითი (აპოფატური) ფორმითაც.

მაშასადამე, სუმბატ დავითის ძესთან რაქაელ დედოფლის შესახებ თხრობა შეიძლება, ასე გავიგოთ: ღვთაება, „ელი“, დედოფალი, ვინც, „აქ არ“ (არის), ღვთისმშობელია, რომელმაც თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა დავითიანები, თავისი ნათესავები.

მოკლედ, ეს დაშიფრული ტექსტი გვიჩვენებს, რომ სახელი რაქელი სიმბოლურად ნიშნავს დედას, ანუ, თუ, ისრაელის მდგენი დედა-დედობილი არის რაქელი, ახალი ისრაელის (საქართველოს) და ახალი ისრაელის მეფეთა (ბაგრატიონთა) დინასტიის დედა-დედობილი არის ღვთისმშობელი (რაქაელ-ის სახელით დაშიფრული სუმბატ დავითის ძესთან).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი