ვინ ეგონათ ქართველებს ახალი დავით აღმაშენებელი
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.07

(იბეჭდება შემოკლებით)
გარდაიცვალა დიდი საქართველოს დიდი ხელმწიფე თამარი და დაუტოვა მეფობა ძეს, გიორგი მეოთხე ლაშას, ქართველებს კი მწუხარება, ვაება და გლოვა. როცა მემატიანეები თამარ მეფის გარდაცვალებას აღწერენ ან მოიხსენიებენ ამ ტრაგიკულ ამბავს, განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ მისი ქვეშევრდომები, დიდი და პატარა, დიდებული და უბრალო ადამიანები დიდ მწუხარებაში იყვნენ.
ძალიან უყვარდათ თავიანთი ხელმწიფე ქართველებს, რომელიც დედობრივ მზრუნველობას არ აკლებდა დიდსა და პატარას, არავის სჯიდა სიკვდილით ან დამასახიჩრებელი სასჯელით, პატიობდა და ასე გამოასწორებდა ხოლმე დამნაშავეებს. ეს ბაგრატიონი მეფეების სტილი იყო, ძირითადად. ასე იქცეოდა დავით აღმაშენებელი, მანამდე გიორგი მეორე და სხვათა შორის, ასეთი მიდგომა წვრთნისა (წუართნისა) ამართლებდა ხოლმე. ღარიბებს, ინვალიდებსა და გლახაკებს სახელმწიფო თავისი ბიუჯეტის მეათედს უნაწილებდა. ამის გარდა, პირადად თამარ მეფე ხელსაქმობდა, კერავდა, ქსოვდა, ყიდდა თავის ნაშრომს და იმ ფულით პირად ქველმოქმედებას ეწეოდა – ურიგებდა გლახაკებს.
მტერი ვერ შემოდიოდა ქართულ მიწებზე, ყვაოდა სახელმწიფო...
გრძნობდა ხალხი, რაოდენ ძლიერად უყვარდა თამარ მეფეს საკუთარი ერი და ეს აძლიერებდა ერის სიყვარულს ხელმწიფისადმი. ასეთი საყვარელი მეფე გარდაიცვალა და მწარედ იგლოვეს ქართველებმა.
გარდა ამისა, ალბათ, ქვეშეცნეულად გრძნობდნენ ქართველები, რომ ჩვენი სახელმწიფოს მზის ჩასვენების, დასუსტებისა და დაცემის დასაწყისი დგებოდა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ, ალბათ, ინტუიტურად გრძნობდნენ ქართველნი.
თამარის მემკვიდრე ლაშა ქართველთათვის განსაკუთრებული იყო უფლისწულობაში, დაბადებიდან, პატარაობიდან, გვარითა და წარმოშობით, დიდებული მშობლების შვილობითა და კეთილშობილი ხასიათით. ქართველნი დიდი იმედით უყურებდნენ ქერაკულულებიანი მეფისწულის ზრდისა და დავაჟკაცების პროცესს. ის მათი იმედი იყო, როგორც მომავალი მთავარსარდალი, ქართველთა სამხედრო დიდების გამგრძელებელი. ახალ დავით აღმაშენებელს მოელოდნენ მისგან, საქართველოს გავლენისა და საზღვრების გამავრცელებელს: „მშïლდოსანი და ცხენოსანი გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიâადნა სიმცროსა-ვე შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი“.
ლაშაც კარგი ადამიანი ყოფილა: „თორმეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყუავილი ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდველთა მათითა პატივითა, მშïდი და განურისხებელი ბუნებითა... ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათïს, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე“.
ირგვლივ არსებული ქვეყნები, დალაშქრულ-დახარკული, დამორჩილებული და დამეგობრებული ჰყავდა დედამისს, მეფე თამარს. სომხეთის დიდი ნაწილიც შემოერებული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, მხოლოდ სამხრეთ სომხეთის, ხლათის ქვეყნის შემოერთება ვერ მოახერხეს ივანე მხარგრძელის დაუკვირვებლობის გამო.
მაგრამ, თამარის გარდაცვალება და ახალგაზრდა ხელმწიფის, ლაშას მარტო დარჩენა რომ შეიტყვეს ვასალმა ქვეყნებმა, ზოგს იმედი გაუჩნდა, აირევა საქართველო და ჩვენთვის არ ეცლებაო. პირველად ეს განძამ გაბედა: „მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი“.
მეფე გიორგიმ შეიტყო თუ არა ეს, მოუწოდა დიდებულებს დარბაზობაზე, საქმის განსახილველად.
განძელთა გადაწყვეტილება ხარკის არ გადახდის თაობაზე, ქართულ-კავკასიური პოლიტიკიდან და საქართველოს თანამეგობრობიდან, საქართველოს გავლენის სფეროდან გასვლის სურვილის მაუწყებელი იყო. ეს მაგალითი შესაძლოა, მისაბაძი გამხდარიყო სხვებისთვის. მეტიც, შეიძლება ჩვენი ვასალი მეგობრები ანტიქართულ კოალიციებს შეერთებოდნენ, როგორც დავით აღმაშენებლის დროს დიდი მაჰმადიანური კოალიციის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ქალაქი განძა, ტფილელ და დმანელ მაჰმადიანებთან ერთად.
დარბაზობაზე გამოჩნდა, საქართველოს ახალგაზრდა მეფე წინაპართა კვალს გაჰყვებოდა და საქართველოს სამხედრო მანქანა დაიცავდა ჩვენი დიდი სამშობლოს ინტერესებს. ყველა მეზობელ სამთავროს, რომელიც ჩვენს სახელწიფოში არ შემოდიოდა, ხარკი უნდა ეძლია, უნდა სცოდნოდა, რომ ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესისა და გავლენის სფეროში იყო მოქცეული და ვალდებულება ჰქონდა, ანტიქართული პოლიტიკა არ გაეტარებინა, არ შეკვროდა საქართველოს კონკურენტ დიდ სახელმწიფოებს.
დარბაზის წინაშე მეფემ განაცხადა: „ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან.
აწ განძისა ათაბაგსა საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა;
მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხïო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმâედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ.
შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა“.
ძალიან გაუხარდათ საქართელოს დიდებულებს მეფის განზრახვა. განსაკუთრებით აღნიშნა მეფე გიორგი მეოთხე ლაშამ, რომ უნდა ვასწავლოთ ჭკუა განძას, რათა სხვებმაც არ მიბაძონ მის მაგალითსო, რათა სხვებმაც არ „დაგვიწუნონო“ - „აღვიმâედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ“.
გადაწყვეტილება იყო სრულიად გამართლებული. სხვას არც მოელოდა არავინ. განძის კვლავ დამორჩილება არ გაუჭირდებოდა საქართველოს სამხედრო ძალას. ეს მაგალითი იქნებოდა სხვებისთვისაც, ვინც ჩვენი ვასალი იყო და რაც მთავარია, ახლოაღმოსავლეთში ძლიერდებოდა ხორეზმის სახელმწიფო.
ჯერ კიდევ თამარის სიცოცხლეში ქართველებმა ილაშქრეს ხორეზმის მიმდებარე და ხორეზმის ინტერესების ტერიტორიებზე, კასპიის ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიწებზე, მხარგრძელების მეთაურობით. ერთგვარად კბილიც მოუსინჯეს აღმოსავლეთს და როგორც ჩანს, გამაფრთხილებელი გზავნილიც გაუგზავნეს ხორეზმშაჰ მუჰამედს, რომელიც ცდილობდა, სრულიად სამაჰმადიანოს ლიდერი გამხდარიყო, ავრცელებდა თავის სამბრძანებლოს, უმიზნებდა სამხრეთ ადარბადაგანს, რაც, მომავალში, საქართველოსთან კონფლიქტის დასაწყისად უნდა ქცეულიყო.
ასეთ დროს კი განძის „განდგომის“ დაუსჯელობა არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა, განძის შემომტკიცება აუცილებელი იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან