ვინ დატოვა ალექსანდრე მაკედონელმა ქართლის მმართველად
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 06.03
ქართული სახელმწიფოები (სახელმწიფოებრივი გაერთიანებები) ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან უნდა არსებულიყო.
აღმოსავლეთ ანატოლია – სამხრეთ კავკასიის მიჯნაზე არსებობდა მოსხების (მესხების) ძლიერი სახელწიფოებრივი გაერთიანება. ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ პირველმა ძველი წელთაღრიცხვით 1112 წელს ილაშქრა ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანება დაიაენში (დიაოხში). მანამდე გაილაშქრა მუშქებისა და სხვების წინააღმდეგ. იმავე პერიოდში არსებობდა კოლხაც. ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანებები გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, რადგან უკვე ცნობილი და სტრუქტურულად ორგანიზებული ჩანან. იმავე პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ქალაქ-სახელწიფო, რომელიც დღეს დიდნაურის ნაქალაქარის სახელით არის ცნობილი.
შემდეგში აღმოსავლეთის მესხებმა (მუშქებმა, მოსოხებმა) ჩრდილოეთისკენ დაიხიეს და მოვიდნენ დღევანდელი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. დიაოხისა და აღმოსავლეთ მესხების ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ტერიტორიებს დიდი მესხეთი ეწოდა, მას ზემო ქართლსაც უწოდებენ. მესხ-თუბალებმა დააარსეს ქალაქები – მცხეთა, უფლისციხე და სხვა.
სამხრეთ-დასავლეთ ქართლსა (ზემო ქართლში) და აღმოსავლეთ ქართლში სახელმწიფოებრივი გაერთიანება ამის მერეც არსებობდა. მის სათავეში მცხეთის მამასახლისი იდგა. ხშირად ადგილობრივი მამასახლისები ნაკლებად ემორჩილებოდნენ მცხეთის მთავარ მამასახლისს. თუმცა, ტრადიციით, მას მაინც უფროსად მიიჩნევდნენ და მამამთავრების, „თავთა მათ ქართლისათა“ უპირველეს მემკვიდრედ თვლიდნენ.
აქემენიდების იმპერიამ სამხრეთ-დასავლეთის ქართული ტომები თავის მეთვრამეტე და განსაკუთრებით მეცხრამეტე სატრაპიებში მოაქცია, კოლხეთი და აღმოსავლეთ ქართლი არ დაუპყრიათ სპარსელებს, მაგრამ, გარკვეული გავლენა მაინც ექნებოდათ, თუნდაც იმიტომ, რომ სავაჭროდ, ეკონომიკურად და სხვა თვალსაზრისით, ჩვენი წინაპრები ჩაკეტილად ვერ იცხოვრებდნენ.
აქემენიდთა უზარმაზარი იმპერია განადგურდა დასავლეთიდან მოსული ბერძნულ-მაკედონური სახელმწიფოს მეფის, ალექსანდრე მაკედონელის ხელით.
თვითონ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში (მცხეთის სამამასახლისოში) არ ულაშქრია. ასეთი ცნობა არ დასტურდება უცხოური წყაროებით. თუმცა, ქართული წყაროები გვამცნობენ, თითქოს ალექსანდრემ ილაშქრა ჩვენს სამშობლოში, აქ თავისი გავლენა გაავრცელა და წესრიგი დაამყარა. შეიძლება, ალექსანდრე მაკედონელის დროს მისი რომელიმე სარდალი შეიჭრა სპარსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ მეთვრამეტე და მეცხრამეტე სატრაპიებში, სამხრეთ-დასავლეთ ქართლში, ზემო ქართლში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ახლა თურქეთშია), სადაც იმ დროსაც ქართველები ცხოვრობდნენ და იქ გაავრცელა ალექსანდრეს ძალაუფლება. იქიდან კი მეზობელ მხარეში, აღმოსავლეთ ქართლში (ქართლში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში) ილაშქრა.
აღნიშნულმა სარდალმა ჯერ სამხრეთ-დასავლეთში დაიკავა ქართველების წინაპრებით დასახლებული მეთვრამეტე და განსაკუთრებით მეცხრამეტე სატრაპიები (სავარაუდოდ, არიან ქართლი). იქიდან ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი იახლა თან და შემოიჭრა ქართლში, მცხეთაში.
ალექსანდრესთან (მის სარდალთან) ბრძოლაში დაღუპულა ქართლის მამასახლისი სამარა და მისი ძმაც.
სარდალმა, ალბათ, ალექსანდრეს (ან ალექსანდრეს ერთ-ერთი მემკვიდრე-დიადოქოსის) ბრძანებით, ქართლი სამართავად გადასცა ალექსანდრეს მიერ გათავისუფლებული სატრაპიის მმართველის ან კანონიერი, ადგილობრივი, ქართული დინასტიის წარმომადგენლის, ალექსანდრეს ვასალის, არიან ქართლის მეფის ვაჟს, რომელიც თან ახლდა აზოს. „თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოè, ძეი არიან-ქართლისა მეფისაè, და მას მიუბოძა მცხეთაè საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაè ცროლისაè და წარვიდა“
ალექსანდრეს (სარდალს) ქართლის მეფედ (პატრიკად, ერისთავად) დატოვებული აზოსთვის ჩაუბარებია ქართლი. აზომ თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც და სხვა ტერიტორიებზე. „დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი“.
„მოქცევაè ქართლისაè“ აზოს თვლის ქართლის (ფაქტობრივად ერთიანი საქართველოს) პირველ მეფედ.
„ქართლის ცხოვრებაში“ ალექსანდრე მაკედონელის დიდი იმპერიის დაშლის ამბავიცაა თავისებურად გადმოცემული და იქვე აზონის ვასალობა ალექსანდრეს ერთ-ერთი სარდლისადმი, დიადოქოსისადმი (მემკვიდრისადმი). ალექსანდრემ სიკვდილის წინ „მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია....
... და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქვიან კოსტანტინეპოლი“.
ანუ, აზო (ნი) გახდა ვასალი ალექსანდრეს ერთ-ერთი დიადოქოსისა. თუმცა, დამოუკიდებლად ეჭირა თავი და ქვეყნის (სამხრეთ-დასავლეთ ქართლის, ეგრისის, ქართლისა და ჰერეთის) ერთიანობაზე ზრუნავდა. მაგრამ, მოქმედებდა ძალიან უხეშად. იგი მკაცრი მმართველი ყოფილა და სასტიკი მეთოდებით მართავდა ქვეყანას (ან ამას აბრალებენ მისი მტრის იდეოლოგები): „იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველთაგანმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი“.
სავარაუდოდ, იმ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სახლეულთა წარმომადგენელი აცხადებდა პრეტენზიას მმართველობაზე. ერთ-ერთი იყო აზოს სახლეული ანუ აზო, მეორე იყო მცხეთის მამასახლისთა სახლეული, მამასახლის სამარას გადარჩენილი ძმისწული ფარნავაზი, მესამე – ეგრისში ქუჯის სახლეული (თვითონ ქუჯი ერისთავად იყო დადგინებული (აღიარებული) აზოს მიერ, მაგრამ, უკმაყოფილო იყო აზოს მმართველობის სტილით (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ქუჯი იყო ფარნავაზის სახლეულის ნათესავი). აზოს მათთან ბრძოლა ჰქონდა კიდეც. ალექსანდრესთან (და აზონთან) ბრძოლაში დაიღუპნენ მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა, მომავალი მეფის, ფარნავაზის მამა. არ არის გამორიცხული, რომ აზოსა და ფარნავაზის (ასევე ქუჯის) სახლეულები ნათესავები ყოფილიყვნენ.
ჩვენი ვარაუდით, რომლის არგუმენტებიც გამოქვეყნებული გვაქვს ჟურნალ „თბილისელების“ ფურცლებზე, ჩვენი ფარნავაზის მამა შესაძლოა ყოფილიყო აქემენიდების განაყოფი საგვარეულოს, ფარნაკიდების სატრაპთა დინასტიის წარმომადგენლის, ალექსანდრესთან მებრძოლი სარდლის, ფარნაბაზუს მესამის სიძე – ქალიშვილის ქმარი.
აზოს, მოწინააღმდეგე სახლეულების, განაწყენებული მოსახლეობის თუ ხელისუფლების დაკარგვის შიშით, დაუნგრევია ქართლის რამდენიმე ქალაქის გალავანი, აუკრძალავს ქართლის მოსახლეობისათვის იარაღის ტარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





