ვინ არის დედის სიმბოლო ძველ და ახალ აღთქმაში
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.08

კიდევ ერთი თემის ძალიან მოკლე მიმოხილვა ჩვენი წიგნიდან: „საოცარი საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“
წინამდებარე წერილი (ჩვენი ზემოთაღნიშნული წიგნი) სუმბატ დავითის ძის თხზულების..., მათესა და ლუკას სახარებების, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“, „ქართლის ცხოვრების“ და სხვა წყაროების კვლევის შედეგადაა დაწერილი.
ქალდეველთა ურიდან ქანაანში გადასახლებული მამამთავარი აბრაამი გახდა რამდენიმე ხალხის მამამთავარი – ებრაელების, არაბებისა და სხვა. მის ერთ-ერთ შვილიშვილს ერქვა იაკობი. იაკობს ეწოდა ისრაელი, მას ჰყავდა თორმეტი ძე. ძველი აღთქმის მიხედვით, იაკობ-ისრაელი გახდა დამფუძნებელი ღვთის რჩეული ისრაელის ხალხისა. მისი თორმეტი ძენი კი გახდნენ ისრაელის თორმეტი ტომის დამფუძნებლები, ისრაელის თორმეტი ტომის მამამთავრები.
ამგვარად, ისრაელი, ღვთისა რჩეული ერი შედგებოდა თორმეტი ტომისგან, თორმეტი ნაწილისგან. თორმეტი, ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, საკრალური რიცხვია. გავიხსენოთ ქრისტე და მისი თორმეტი მთავარი მოციქული.
იაკობ-ისრაელის ერთ-ერთი ცოლი, რაქელი (რახელი), იყო იაკობის ორი ვაჟის, იოსებისა და ბენიამინის მშობელი დედა და იაკობის სხვა დანარჩენი ვაჟების დედობილი. ამგვარად, რაქელი არის ძველი აღთქმის ღვთის რჩეული ხალხის დედა-დედობილი, მდგენი დედამთავარი, სიმბოლური დედა ისრაელისა.
ბიბლიაში რაქელის შვილებად იწოდებიან არა მხოლოდ იოსები და ბენიამინი, მის მიერ შობილნი, არამედ შვილიშვილებიც, იოსებისა და ბენიამინის შვილებიც, რომელთა რიცხვი არის 14. ანუ, ბიბლიაში რაქელთან არის დაკავშირებული რიცხვი 14-ც.
„ესენი არიან რაქელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს – სულ თოთხმეტი სული“ (დაბად. 46:22).
ახალი აღთქმის მიხედვით, დედა-დედობილი რაქელის გარდაცვალებიდან 17 საუკუნის მერე შეიტყო ჰეროდემ ქრისტეს შობის შესახებ და გააფთრებულმა დახოცა 14 000 ჩვილი. მათეს სახარების მიხედვით, რაქელი გლოვობს თავის 14 000 შვილს, ჰეროდეს მიერ დახოცილთ. ახდა იერემიას წინასწარმეტყველება:
„მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ , რომელსა იტყჳს: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისა? მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.“ (მათე, 2-17-18).
რაქელი, ისრაელის სიმბოლური დედა, გარდაცვალების მერეც ზრუნავს თავის შთამომავლობაზე... რაქელი დედის სიმბოლოაცაა ძველ და ახალ აღთქმაში...
იაკობისა და რაქელის შთამომავალი იყო მეფე დავით წინასწარმეტყველი, რომლის შთამომავლებადაც მიიჩნევიან ბაგრატიონები.
გავიდა დრო.
მეთერთმეტე საუკუნის ძეგლი, სუმბატ დავითის ძის „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“, რომელიც შესულია „ქართლის ცხოვრებაში“, მოგვითხრობს იაკობ-ისრაელისა და მეფე დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლის, მართალი იოსების (რომელზეც დაწინდული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) ძმის, კლეოპას შთამომავლების შესახებ (ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც, ასევე, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი გახლდათ). კერძოდ, სუმბატ დავითის ძის მიხედვით: კლეოპას ძის, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის, ნაომის შთამომავალი სოლომონი, შვიდ ძესთან ერთად, მოვიდა კავკასიაში. შვიდ ძმათაგან ოთხი ქართლში დამკვიდრდა.
სუმბატი წერს:
„სოლომონ შვა შïდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა. და ესენი შïდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაè და მისგან ნათელ იღეს...
... და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი...
...მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის (აბრაამის შთამომავალი დავით მეფის) ნათესავისაგან“...
ამგვარად, გავიდა დრო და სუმბატ დავითის ძის მიხედვით, მართალი იოსების ძმის, კლეოპას ოცდამერვე (14+14) შთამომავლის, გვარამ ერისმთავრის, მამის, სოლომონის შვიდი ძე ფილისტიმიდან მოვიდნენ საქართველოში.
მაშასადამე, კლეოპას შთამომავლები (იაკობისა და რაქელის, დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავები, ქრისტეს ნათესავები), სოლომონის შვიდი ძე, ქრისტეშობიდან, დაახლოებით, 600 წლის მერე, მოვიდნენ კავკასიაში, ეკლეცში. ეკლეცი მდინარეების, ევფრატისა და ტოგროსის სათავეებში მდებარეობდა და იქ მბრძანებლობდა დედოფალი რაქაელი.
დედოფალმა რაქაელმა მიიღო შვიდი დევნილი ძმა, ფაქტობრივად, იშვილა, მონათლა და ოთხი მათგანი მოვიდა ქართლში. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ერთი მათგანი, გვარამი განაჩინეს ქართლის ერისმთავრად და მისი შთამომავლები არიან ბაგრატიონები.
სუმბატ დავითის ძის ცნობას გუარამის „ერისთავად“ და „მერმე კურაპალატადაც“ გამორჩევის შესახებ ადასტურებს უფრო ადრინდელი, მეცხრე საუკუნის (შესაძლოა, კიდევ უფრო ადრინდელი) ძეგლი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. თუმცა, გუარამის გვარზე, დავით მეფსალმუნე მეფისგან მის წარმომავლობაზე, არაფერს ამბობს. ზოგი მიიჩნევს, რომ სუმბატ დავითის ძისთვის „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ წყარო იყო, რომლითაც სარგებლობდა.
გვარამის ერისმთავრად გამორჩევა მოხდა მეექვსე საუკუნის ბოლოს (მკვლევრების აზრით, გუარამი ერისმთავობდა 575-590 წლებში).
როგორც ვთქვით, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გუარამის გვარის შესახებ არაფერს გვეუბნება, ჯუანშერის ცნობით კი, გუარამი ბაგრატიონია: „გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი შვილიშვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი“.
სახელი რაქელი კვლავ განმეორდა ისტორიაში, ძველი აღთქმისა და მათეს სახარების მერე სუმბატ დავითის ძის თხზულებაში – ბაგრატიონთა ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, ქრისტიანთა, ღვთის ახალი რჩეული ხალხის ისტორიაში, როგორც დედობილისა, შემფარებლისა, გამაქრისტიანებლისა შვიდ ძმათა, რომელთაგან წამოვიდა ბაგრატიონთა დინასტია.
ბაგრატიონთა დინასტიამ გააერთიანა საქართველო.
ჩვენი აზრით, სუმბატ დავითის ძის თხზულების მიხედვით ქართლში მოხდა სიმბოლური გამეორება, ანალოგია ისრაელის მამამთავართა დადგინებისა, ვინაიდან საქართველო „შვიდ სამეფოდაა განწესებული“, შვიდნაწილიანია.
რატომ განმეორდა ეს ანალოგია ჩვენთან და ვინ იყო დედოფალი რაქაელი, ამაზე სხვა დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან