ისტორია

უყვარდათ თუ არა დავით აღმაშენებელი მის თანამედროვე ქართველებს

№19

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.05

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ერთი ლიტერატურათმცოდნე თავის ლექციაში ამბობს: დავით აღმაშენებელი სიცოცხლეში არ იყო პოპულარული, არ უყვარდათ, რადგან მკაცრი იყო, ტფილისის აღების დროს ტფილისელი ქართველები გაანადგურა, ვინაიდან მას ქალაქის დაკავებაში წინააღმდეგობა გაუწიეს, განადგურებული ქართველების მაგიერ კი ტფილისში სხვა ქართველები შეიყვანა და დაასახლაო. ამ ტყუილს ისეთი დამარწმუნებელი ტონით უამბობს აუდიტორიას, რომ საქმის არმცოდნე მსმენელებს ჰგონიათ, კარგი რამ სთქვა და თვალები უცრემლიანდებათ სიყვარულით. მეტსაც ამბობს, დავით აღმაშენებლის შესახებ ერთი ხალხური ლექსიც კი არ არსებობს, როცა უამრავი ლექსია თამარ მეფეზეო. შემდეგ განაგრძობს, მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში უწოდეს აღმაშენებელი, მანამდე არ აფასებდნენო...

დავით აღმაშენებელი ნაკლებად უყვარდათ, ვიდრე თამარ მეფეო, პირველად მას არ უთქვამს, ლოვარდ ტუხაშვილგან აქვს აღებული, თუმცა, არაზუსტად.

უცხოური წყაროს მიხედვით, ტფილისის საქართველოსთვის შემოერთების დროს დავით აღმაშენებელმა ძელზე გასვა მხოლოდ 500 განჯელი მეომარი, ტფილისელი მაჰმადიანების მიერ დაქირავებულნი. დავით მეფის ისტორიკოსი წერს, ტფილისის აღებამდე, ჩვენს მიტაცებულ დედაქალაქში და მის გარშემო, ქართველებისთვის ცხოვრება არ იყო უსაფრთხო, მათ იტაცებდნენ და ჰყიდნენ უცხოელებზე, ხშირად კი ხოცავდნენ კიდეც, ვისაც ხელში ჩაიგდებდნენ მომიჯნავე ტერიტორიაზეო. ანუ, ტფილისში იმ დროს, ფაქტობრივად, ქართველები არ ცხოვრობდნენ.

მეფეების ან გმირების შესახებ ხალხური ლექსები ფოლკლორის ნაწილია. ფოლკლორში მეფეების შესახებ არსებობს გადმოცემებიც, ლეგენდებიც. ფოლკლორული ნაწარმოებები შექმნილია ხალხის სიყვარულით კონკრეტული მეფისადმი. არც ერთ მეფეზე არ არის ბევრი ხალხური ლექსი ან გადმოცემა. ფოლკლორული ნაწარმოებები ხშირად იკარგება. სულ რამდენიმე მეფეზეა შემორჩენილი ფოლკლორული ნაწარმოები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გმირი მეფე გვყავდა.

დავით აღმაშენებელში მისი თანამედროვეები ხედავდნენ წინამძღოლს, წინამბრძოლს, მეფეს და მბრძანებელს, კეთილ ადამიანს (დამოკიდებულება ტყვეებთან, გლახაკებთან და სნეულებთან) და სახელმწიფოს, ერის მამას... თამარის სახით ქართველებმა დაინახეს დედა, რომელიც შვილებსავით თავს ევლებოდა მათ.

დედა კი, ყველაზე საყვარლად და სათუთად ითვლება და მის სახელს უკავშირდება სითბოსა და სიყვარულის ღიად გამოვლენა.

ისეთ საუკუნეში, როდესაც ქალებს არანაირი პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდათ, ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოში, დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილში, ტახტზე ავიდა ქალი, მშვენიერი, კულტურული, ჰუმანური პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ფოლკლორული აღტაცების საგნად იქცა და მისმა მომხიბვლელობამ ნაწილობრივ დაჩრდილა სხვები.

დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდეგ, საქართველოში მრავალგზის მტრების შემოსევებმა და ქართველი ხალხის გენოციდებმა შეიწირა უამრავი სახალხო მთქმელი, ზეპირმესიტყვე, რომლებსაც შთამომავლებისათვის უნდა გადაეცათ მათთვის ცნობილი თქმულებები, ლექსები, სიმღერები და სხვა. ამიტომ მათ ეს ვეღარ შეძლეს.

დავით აღმაშენებელზე ფოლკლორული ნაწარმოები ბევრი არ არის, თუმცა არის საკმარისი, რომ გავარკვიოთ უყვარდათ თუ არა ის თანამედროვე ქართველებს. შეგვიძლია ვიმსჯელოთ წყაროებით და არსებული ფოლკლორული გადმოცემებით. ეს ყველაფერი სხვაგან მაქვს განხილული და აქ მოკლედ ჩამოვთვლი:

რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერის მიხედვით ჩანს, როგორი დიდი პატივისცემა ჰქონდათ მეფისადნი პატიოსან სასულიერო პირებს. ძეგლისწერის შემდგენელს, გენიოს არსენ ბერს სახოტბო ნაწარმოებიც კი აქვს მიძღვნილი მისდამი.

დავით აღმაშენებლის შიომღვიმისადმი ანდერძით ვიცით, როგორ პატივს სცემდნენ, როგორ დაეხმარნენ მას შიომღვიმელი ბერები ძაგანთან ბრძოლაში.

დავითი უყვარდათ და ეიმედებოდათ უბრალო ქართველებსაც – სადაც გაივლიდა, წინ ხვდებოდნენ ან ხეზე ადიოდნენ, ან რაიმე შემაღლებაზე და იქიდან ეძახდნენ მეფეს თავისი სათხოვრის შესახებ.

ეყვარებოდათ სნეულებს, რომელთაც გაუმართა სამკურნალოები და თავად უვლიდა თავისუფალ დროს.

ეყვარებოდათ ღარიბებს, რომელთაც პირადად, ნადირობით ნაშოვნ ფულს ურიგებდა ან სახელმწიფო ხაზინის ნაათალს (მეათედს) მოახმარდა.

ეყვარებოდათ დაჩაგრულებს, რომელთა უფლებების დასაცავად სააჯო კარი შემოიღო და ჭყონდიდელს ჩააბარა...

დავით მეოთხეს აღმაშენებელი უწოდეს მეთექვსმეტე საუკუნემდე, ამის შესახებ არის ცნობები, რომელთაც მეთხუთმეტე საუკუნის პირველი ათწლეულით ათარიღებენ. მეტიც, ერთ უძველეს ლექსში, რომელიც მისსავე სიცოცხლეში უნდა დაწერილიყო ან გარდაცვალებიდან მალე, მას „დავით აღმაშენი“ ეწოდება. ლექსი შემორჩენილია ზეპირი გადმოცემის მეშვეობით და შეგვიძლია, ხალხურიც ვუწოდოთ.

დავით აღმაშენებლის შესახებ არსებობს ლეგენდა, როგორ აიღო დარუბანდი. მასში გადმოცემულია სუზერენისა და და ვასალის ურთიერთობა, გაზღაპრებული, ლეგენდური სახით. ესეც ფოლკლორს შეიძლება მივაკუთვნოთ.

ავჟანდაძეების სიგელში შესულია ავჟანდაძეების მიერ თორმეტი ირმის რძის აბაზანით დავით მეფის განკურნება-გადარჩენის ამბავი, რომელსაც ლეგენდური სახე აქვს. რაც დავით მეფის რჩეულობას წარმოაჩენს.

არსებობს დავით აღმაშენებლის მიერ ეშმაკის შეპყრობის შესახებ ლეგენდა, რაც მის მრავლისშემძლეობას გადმოგვცემს.

არსებობს გადმოცემა, რომ ჩვენმა დიდმა გვირგვინოსანმა დაიბარა, დაესაფლავებინათ ტაძრის ეზოს შესასვლელში, რათა ფეხი დაედგა მისთვის ყველა მომლოცველს.

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, რომელსაც ზოგიერთი, მცდარად, მეფის მხრიდან საკუთარი სიმკაცრისა და ცოდვიანობის აღიარებად მიიჩნევს, სინამდვილეში დიდი მორწმუნის თავმდაბლობა და ღვთის სადიდებელია.

მემატიანის თქმით კი, დავით აღმაშენებელს ჰყავდა ოპოზიცია, „მაბრალობელნი“, მაგრამ, მათი რიცხვი იყო მცირე და მათი პოზიცია – არაობიექტური.

არსებობს ლათინურ-ევროპული გადმოცემებიც დავით აღმაშენებელზე, სადაც იგი წარმოდგენილია მართლმორწმუნე, დიდ ხელმწიფედ, კასპიის კარის დარაჯად, ქრისტიანთა დამცველად, რომლის სამეფოც იერუსალიმის წინა ბურჯია.

საბოლოო დასკვნის სახით, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ:

დავით მეფეს, მეთექვსმეტე საუკუნემდე გაცილებით ადრე უწოდეს აღმაშენებელი;

დავით აღმაშენებელს ტფილისელი ქართველები არ დაუხოცავს. საერთოდ, არ ხოცავდა ხალხს;

დავით აღმაშენებელზე ფოლკლორული ნაწარმოებები „ცოტა“ არ არის;

და მთავარი, უცხოური და ქართული წყაროების დაკვირვებული შესწავლის შედეგად მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება:

ჩვენი საამაყო გვირგვინოსანი, საქართველოს სამეფოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, სასულიეროებს, მეომრებს, მოქალაქეებს, პატიოსან თანამდებობის პირებს და უბრალო მოსახლეობას ძალიან უყვარდათ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა