ისტორია

ცხოვრობდნენ თუ არა ქართველები ტფილისში 1122 წლამდე, სანამ დავით აღმაშენებელი დაიბრუნებდა ჩვენს დედაქალაქს

№30

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.08

ისტორია
დაკოპირებულია

ერთი „მოდური“ „ყველაფრისმცოდნე“ ლიტერატურათმცოდნე ამტკიცებს, თითქოს დავით აღმაშენებელმა ტფილისის აღებისას, 1122 წელს, ტფილისელი ქართველები დახოცა, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს დავითს ტფილისის აღებისას, ანუ მიემხრნენ ტფილელ მაჰმადიანებს და მათთან ერთად ებრძოდნენ ქართულ ჯარს ტფილისის დასაცავადო.

ეს არის სიყალბე.

არსად ასეთი რამ არ წერია. პირიქით, გვაქვს მონაცემები, რომ 1122 წლამდე ტფილისი იყო გასპარსელებულ-გაარაბებული, მაჰმადიანური ქალაქი. ტფილისში ქართველები არ ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს:

„ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თïნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან (ხაზი ჩვენია – გ. მ.), და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძïნებოდა სულსა დავითისსა“.

აქ იგულისხმება დრო არა მხოლოდ ტფილისის საქართველოსთვის დაბრუნებამდე, არამედ იგულისხმება ის დროც, სანამ დავით აღმაშენებელი ტფილისის მაჰმადიან უხუცესებს, დიდებულებს, რომლებიც დაახლოებით, რესპუბლიკურად მართავდნენ ტფილისს, აიძულებდა ხარკი ეძლიათ მისთვის – 10 000 დინარი.

მაშასადამე, სანამ დავით აღმაშენებელი თავის გავლენას გაავრცელებდა ტფილისის მაჰმადიან უხუცესებზე და დახარკავდა მათ, ტფილისში ქართველები, ანუ ქრისტიანები, არ ცხოვრობდნენ.

სიტყვა „ღავღავი“ ერთი მნიშვნელობით არის „შეთქმულობა უბრალოთა ზედა“. ანუ ქმედება მართალი ადამიანების წინააღმდეგ. ასევე ღავღავი ნიშნავს: „მითქმა-მოთქმას, ყაყანს, უკმაყოფილების ხმაურს“.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები „რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თïნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი“, გულისხმობს, რომ ტფილისელი მაჰმადიანები გარკვეულ პერიოდებში, ატეხდნენ ხოლმე „ღავღავს“, რელიგიური რადიკალიზმის რაიმე რიტუალის მსგავს, სიძულვილით ივსებოდნენ და ხოცავდნენ ქრისტიანებს.

სიტყვები: „ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან“ ნიშნავს, რომ ტფილელი მაჰმადიანების ზედაფენა ტფილისში შემოსულ ქარავნებს მონებად მიჰყიდდა ხოლმე ქრისტიანებს, რომლებიც მერე აღნიშნულ ქარავნებს მიჰყავდათ უცხოეთში და ჰყიდნენ, ანუ ისინი იკარგებოდნენ სახლეულისთვის, სამშობლოსთვის და უცხოეთში კვდებოდნენ.

მაშასადამე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ზემოთ მოყვანილი ფრაზის პირველი წინადადება, „არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა“, სრულიად გასაგები ხდება მომდევნო, აღწერილობითი წინადადებებით.

ესე იყო დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ წლებში, რის გამოც ძალიან სტკიოდა ჩვენს ხელმწიფეს გული: „რომელი-ესე ფრიად ეძïნებოდა სულსა დავითისსა“.

შემდეგ, რაც მოძლიერდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენმა ხელმწიფემ შეავიწროვა ტფილელი მაჰმადიანი უხუცესები და გავლენა გაავრცელა ქალაქ ტფილისზე. დახარკა ტფილისი 10 000 დინარით (ოქროს ფული) წელიწადში. ეს დიდი თანხა იყო.

მაშასადამე, სანამ დავით აღმაშენებელი დახარკავდა ტფილელ უხუცესებს, მანამდე ქართველები ვერ ბედავდნენ ტფილისში ცხოვრებას, რადგან მორიგი რელიგიური „ღავღავის“ დროს შეიძლება, ისინი დაეხოცათ ან მორიგი ქარავნისთვის მონად მიეყიდათ.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა დახარკა ტფილელი ბერები, ქართველებს ვერავით გაუბედავდა დახოცვას ტფილისში ან მონად გაყიდვას, მაგრამ, ქართველები მაინც არ შევიდოდნენ ტფილისში საცხოვრებლად, სავაჭროდ ან რაიმე საქმეზე კი, საცხოვრებლად კი – ვერანაირად. რადგან, ტფილისელ მაჰმადიან ბერებს (უხუცესებს) ქალაქი ტფილისი მაჰმადიანურ ქალაქად უნდოდათ დაეტოვებინათ და სხვადასხვა მაქინაციით ქართველებს არავინ მიჰყიდდა სახლს. ტფილისელ მაჰმადიან ბერებს ჩაფიქრებული ჰქონდათ დავით აღმაშენებლისგან თავის დაღწევა. არ უნდოდათ ხარკის გადახდა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და მეტიც, იცოდნენ, დავით აღმაშენებელი მოიცლიდა, არ დასჯერდებოდა მხოლოდ ხარკს და აუცილებლად დაიკავებდა ტფილისს და თავის სამეფოს შეუერთებდა. კახეთ-ჰერეთის მაგალითი წინ ჰქონდათ.

ტფილისელი მაჰმადიანი უხუცესები რომ ასე ფიქრობდნენ, მტკიცდება მათი ქმედებით – დმანელ და განჯელ მაჰმადიან ზედა ფენასთან ერთად ელჩობა გააგზავნეს მაჰმადიან მბრძანებლებთან და დავით მეფის დასამხობად დიდი სამხედრო კოალიციის შექმნა და საქართველოში გამოგზავნა სთხოვეს.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტფილელი უხუცესების პოლიტიკა განსაკუთრებით ანტიქართული იყო 1122 წლამდე და ამიტომ ქართველებს, ქრისტიანებს ტფილისში არ დაედგომებოდათ.

ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავით მეფის ჯარმა ტფილისი აიღო, ერთიან საქართველოს შეუერთა და რაც მთავარ დედაქალაქად ტფილისი აქცია. შეიძლება, ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, ქუთათისი მეორე დედაქალაქად დარჩა, თუმცა, სამეფო კარი და სამეფოს მთავარი სამმართველო სახელოები, უწყებები ტფილისში გადმოვიდა.

ამან ძალიან შეცვალა ტფილისის დემოგრაფიული სახე. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელმა შეიწყალა ტფილელი მაჰმადიანები და ტფილისში ცხოვრების, რელიგიური აღმსარებლობისა და საქმიანობის სრული თავისუფლება მიანიჭა და ხელუხლებლობის გარანტიებიც მისცა, გარკვეული ნაწილი მაინც წავიდოდა. დიდი ნაწილი არა, მაგრამ, სავარაუდოდ, მცირე ნაწილი.

სამაგიეროდ, ტფილის ქალაქი გაიზარდა და გამრავალრიცხოვნდა ქართველებით, რომლებიც სამეფო სახლეულს შემოჰყვნენ ტფილისში.

ტფილისში დამკვიდრდა მეფის ოჯახი, მოსამსახურეებითა და დაცვით. ქალაქში ქართული გარნიზონი ჩადგა. მეფის კანცელარია, დარბაზი, სავაზირო, სხვადასხვა უწყებები ტფილისში გადმოვიდა. დარბაზის წევრების, ვაზირებისა და სხვა დიდებულების ოჯახები, თანაშემწეები, ქვეშევრდომები, აღმასრულებლები და სხვა მოხელეები, ოჯახებთან ერთად, ტფილისში გადმოსახლდნენ. დიდებულებმა, მათ შორის, ალბათ, ერისთავებმაც, თავისი შესაბამისი საცხოვრებელი სასახლეები აიშენეს, იყიდეს ან მოიწყვეს ტფილისში. ეს მოდისა და პრესტიჟის მაჩვენებელი კი არა, სამსახურეობრივი აუცილებლობა გახლდათ. ტფილისში მომრავლდნენ ქრისტიანი სასულიერო პირები, აღდგა, ამოქმედდა და გამრავლდა ტაძრები.

საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები დამკვიდრდნენ დედაქალაქში.

იმ დროისათვის დიდი და მთელ აღმოსავლეთში განთქმული სავაჭრო ქალაქის, ტფილისის მოსახლეობა ქართველების ხარჯზე კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა