საიდან იყვნენ წარმოშობით ძველი ისრაელის მეფეები
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.10

(იბეჭდება შემოკლებით)
მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატიონთა ცხოვრების აღმწერი სუმბატ დავითის ძე („ცხოვრებაè და უწყებაè ბაგრატონიანთა“) გვამცნობს, რომ ბაგრატიონთა წინაპრები იყვნენ ისრაელის მეფეების, დავით და სოლომონ წინასწარმეტყველების შთამომავლები ანუ, ბაგრატიონები იყვნენ დავითიანები, და ამგვარად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავების შთამომავლებიც, ანუ ქრისტეს ნათესავები.
დავითიანების წარმოშობის საკითხი განხილული გვაქვს ჩვენს წიგნში: „საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“, რომლის შინაარსიდან „თბილისელების“ მკითხველს კიდევ ერთ პატარა ნაწყვეტს გავაცნობთ:
დავით წინასწარმეტყველის წინაპარი იყო მამამთავარი აბრაამი, რომელიც ქალდეველთა ურიდან წავიდა და დასახლდა ქანაანში. მას ჰქონდა ცოდნა ერთი ღმერთის შესახებ. როგორც მიიჩნევა, ქალაქი ური მდებარეობდა მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის, ქვედა დინებასთან.
თუმცა, უძველესი ქალდეას მდებარეობის შესახებ არის სხვა ვარაუდიც:
ივანე ჯავახიშვილი წერდა: „დასასრულ, ურ-კაშდიმ-ის“ შესახებ. იქ ცხოვრობდა, სხვათა შორის, მამათმთავარი აბრაჰამი. რომელ ქვეყანას ჰგულისხმობდა „დაბადების“ დამწერი, ან მისი წყარო, როდესაც ამ „ურ-კაშდიმს“ იხსენიებდა, ჯერ კიდევ საცილობელია. ამ საკითხის გამოსარკვევად მრავალი მასალები აქვს შეკრებილი დ ი ლ ლ მ ა ნ ს. ზოგს „ურ“ სამხრეთ ბაბილონში ევფრატის პირას მდებარე დაბა „მუღიერად“ მიაჩნია, რომელსაც წინათ „ურუ“ ერქვა (Holzinger Genesis 118-119), მაგრამ ისეთი აზრიც არსებობს, რომ „ურ-კაშდიმად“ ის ადგილია ნაგულისხმევი, სადაც თქმულებისამებრ, ვითომც, ნოეს კიდობანი გაჩერდა. ესე იგი არარატის სანახები (იქვე 119). უკანასკნელი აზრი, ვგონებ, უნდა სიმართლესთან ახლო იყოს იმიტომ, რომ ამ სიტყვის მეორე ნაწილი „ქაშდიმ“ ქართველების სახელია: კაშდიმ=კასდივ=ქართ-ივ. აქ ი მ და ი ვ მრავლობითი რიცხვის (=ებ) ნიშანია. ამგვარი ბგერათა ცვლილება „შ“-ის „ს“-ად, ხოლო შემდეგ „რ“-ედ ქცევა ქართულში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგ., შჯული=სჯული=რჯული. მაშასადამე, დაბადების „კაშდიმ“ ქართებსა ნიშნავს, ხოლო „ურ-კაშდიმ“ ურარტუს ქართებს“.
ამგვარად, საკუთარი სახელების შესწავლამ დაგვანახა, რომ ვითომც მრავალი სხვადასხვა ქართველი ტომების სახელები სულ რამდენიმე ძირითადი სახელისგან არის წარმომდგარი.
„ჩვენი ეროვნების სხვადასხვა ტომთა სახელებში ჩვენი ერის უუძველეს ბინადრობისა და სამშობლოს სახელია შემონახული. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა „ქართველი“; „ელი“ სადაურობის ანუ ჩამომავლობის აღმნიშვნელი საკვეცია, როგორც, მაგ., გორელი, თელაველი, ჯიხაიშელი, ოკრიბელი და სხვა ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ საკვეცი „ელი“ ქვეყნის ანუ ადგილის სახელს ემატება ხოლმე (გორი, თელავი, ჯიხაიში, ოკრიბა); მაშასადამე, სიტყვა „ქართველის“ პირველი ნაწილიც „ქართუ“ ქვეყნის სახელი უნდა იყოს. განვიხილოთ ეხლა კარდუხების სახელი, რომელთა ქვეყანაშიც მდ. კინტრიტი (კინტრიშის მოსახელეა) დიოდა. სიტყვა „კარდუხი“-ც ჩვეულებრივ ეროვნების აღმნიშვნელ საკვეც „ხი“-თ ბოლოვდება; ამ სიტყვის პირველი ნაწილიც უნდა ქვეყანასა ნიშნავდეს; ავიღოთ, მაგალითად, სახელი ტაოხი, კოლხი; ორივეს რომ საკვეცი მოვაშოროთ, რჩება ტაო - იმ ქვეყნის სახელი, რომელსაც სომხები, „ტაიქ“-ს ეძახდნენ და ჭოროხსა და თორთუმის წყალს შორის მდებარეობდა. მაშასადამე, ტაოხი უდრის ტაოელ ტომს. სიტყვა „კოლხი“-საც რომ საკვეცი მოვაცილოთ, დაგვრჩება „კოლ“, იგივე კოლა, იმ ქვეყნის სახელი, საცა მტკვრის სათავეა. მაშასადამე, ზემომოყვანილი მაგალითები გვიჩვენებენ, რომ სიტყვა „კარდუ“-ც ქვეყანას უნდა ნიშნავდეს და „ქართუ“-ს უდრის; განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეორე სიტყვაში ფშვინავი თანხმოვნები ზის: „კ“- ანის მაგიერ „ქ“-ანი, ხოლო „დ“-ონის მაგიერ „თ“-ანი. კარდუხი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მეგრულ-ჭანური შტოის სახელია.
ამგვარად, დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ქართ-მეგრული შტოს ტომების საკუთარ სახელებში (ქართუელი, კარდუხი) ერთი და იგივე ქვეყნის სახელი გვხვდება: იგი არის ქ ა რ თ უ ანუ კ ა რ დ უ. რაკი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოის ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია, იგი ქართველების თავდაპირველი საერთო სამშობლო უნდა ყოფილიყო.
ამ სამშობლოს ხსოვნა მესამე შტოს წარმომადგენელს სვანებსაც აქვთ შერჩენილი. სვანეთში ეხლაც მოიპოვება რამდენიმე სოფლის საზოგადოება, რომელსაც „ჰალდუ“ ანუ ხ ა ლ დ ე ჰქვია. ერთი სიტყვით, ხალდე ანუ ქ ა რ თ უ ჩვენი ეროვნების თავდაპირველ სამშობლოდ უნდა ჩაითვალოს. ეს კ ა რ თ უ ანუ ქ ა რ თ უ განთქმული ქვეყანა ქალდეა არის; ტუკლატ-ადარ I-ის 1275 (ქრ. წ.) წარწერაში იგი „ქვეყანა კ ა რ დ უ-დ“ იწოდება სწორედ ისე, როგორც ამ ქვეყნის სახელი კარდუხების საკუთარ სახელწოდებაშია შესული.
რასაკვირველია, ქართველებს ქალდეაში უძველეს დროს უნდა ეცხოვრათ.
მაშასადამე, ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ქალდეა და მისი ქალაქი ური იყო უფრო ჩრდილოეთით, ვიდრე გაბატონებული აზრის მიხედვით, თითქოს ის ევფრატის ქვემო დინებასთან მდებარეობდა.
ამგვარად, აბრაამი ცხოვრობდა ქართველთა წინაპრების განსახლების არეალში, ქალდეაში, ქალდეველთა ურში. საიდანაც წავიდა ქანაანში. სავარაუდოდ იყო ქალდეველ-ქარდუხი.
ბიბლიის მიხედვით, იგი ებრაელი ანუ ისრაელიანი არ იყო, მის დროს ებრაელთა (ისრაელის) სახელწოდება არ არსებობდა. აბრაამის შთამომავლები, ისრაელი და ისმაელი, ებრაელთა და არაბთა მამამთავარნი გახდნენ, სხვები – სხვა ხალხების.
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აბრაამი ქალდეველთა, კარდუელთა, ქართუელთა ქვეყნიდანაა წასული და გახდა სემიტური წარმოშობის ხალხთა წინამძღოლი, ერთგვარად მამასახლისი, რომელიც წინა სახეა მეფობისა. ანუ, ისრაელის დინასტია იყო ქალდეური, კარდუხული, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას ქანაანში, პალესტინაში, შექმნეს ებრაელთა ერი და, ცხადია, თვითონაც გაებრაელდნენ, თუმცა, წარმოშობა ჰქონდათ ქალდ-ქარდუული, ქართუელური.
საუკუნეების მერე აბრაამის 70 შთამომავალი, სოლომონის შვიდი ძე (სუმბატ დავითის ძის მიხედვით) მოვიდნენ პალესტინიდან სამხრეთ კავკასიაში, ქართველთა წინაპრების განსახლების არეალში, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან არსებულ მხარეში, რომელსაც ეკლეცი ერქვა, დედოფალ რაქაელთან.
ანუ, დაბრუნდნენ წინაპრების, აბრაამის სამშობლოში, ქართუელთა ისტორიულ მიწაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან