ისტორია

საიდან გადმოვიდა და როგორი იყო გვირგვინი, რომელიც ბაგრატ მესამეს დაედგა თავზე

№24

ავტორი: გია მამალაძე 22:00 25.06, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ბაგრატ მესამის შესახებ ლეგენდები, ალბათ, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გავრცელდა, რადგან თანამედროვენი და შემდეგ მისი საქმეების აღმწერნი და მისი ბიოგრაფიის მცოდნენი კარგად შეამჩნევდნენ მის განსაკუთრებულობას, დანიშნულებას, წარმომავლობას. განგებამ განგებ გაუმზადა რამდენიმე სამეფო ტახტი დასაკავებლად:

აფხაზეთში მეფის ხუთ ვაჟს არ ჰყავდა მემკვიდრე;

იმიერ ტაოში მეფეს და მის ძმას არ ჰყავდათ ვაჟი;

ამიერ ტაოში მეფეს ჰყავდა ერთი შვილი – დედით აფხაზთა მეფის ქალიშვილის ძე, აფხაზთა ხუთი უძეო მეფის დის შვილი.

ანუ, მთელი დასავლეთ საქართველოს სამი სამეფოს ტახტს ჰყავდა მხოლოდ ერთი მემკვიდრე – ბაგრატ გურგენისა და გურანდუხტის ძე ბაგრატიონი.

ჰერეთში, როგორც ჩანს, მეფეებს მემკვიდრე არ დარჩენიათ, ბაგრატ მესამემ ერთიხანობა დაიკავა კიდეც ჰერეთი, თუმცა, როცა აფხაზეთში გადავიდა, ჰერეთი კახეთის ქორეპისკოპოსმა დავითმა დაიპყრო დროებით.

როგორც ვთქვით, ბაგრატ მესამის დროს კახეთის ქორეპისკოპოსი იყო დავითი, მისი მემკვიდრე გახდა კვირიკე მესამე, დიდი მეომარი და კარგი ქართველი. საბოლოოდ ჰერეთი კახეთის სამთავროს შემოუერთა კახთა ქორეპისკოპოსმა და მეფემ, კვირიკე მესამემ. ბაგრატ მესამემ კვირიკე დააპატიმრა და კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს შემოუერთა, თუმცა, ბაგრატის სიკვდილის შემდეგ, 1014 წლის ახლო ხანებში, ბაგრატ მესამის მემკვიდრე, გიორგი პირველი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა კვირიკე და დააებრუნებინა მისთვის კახეთი და ჰერეთი.

კვირიკე მესამე გახდა გიორგი პირველის მოკავშირე ბიზანტიასთან ბრძოლაში და აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი მხარეების – კახეთისა და ჰერეთის გამაერთიანებელ-განმვრცობი, რომლებიც შემდეგ საქართველოს ერთიან სამეფოში უნდა შემოსულიყო.

რატომ?

იმიტომ, რომ ასეთი იყო ისტორიის ლოგიკა და იმიტომაც, რომ კვირიკეს ვაჟი არ ჰყავდა. მან იშვილა თავისი დისწული, ტაშირ-ძორაკეტის სომეხთა მეფის ვაჟი, გაგიკი, გაზარდა ქართულად და გადაულოცა სამეფო ტახტი. კახეთ-ჰერეთის ტახტს ქართველი მემკვიდრე არ ჰყავდა, სომხებს კი არაფერი ესაქმებოდათ ჩვენს ტერიტორიაზე და კახეთ-ჰერეთიც, ამის გამო, ქართველი ხელმწიფეების, ბაგრატ მესამის მემკვიდრეების სამემკვიდრეო გახდა.

რაც შეეხება ტაშირ-ძორაკეტის (ლორეს) სამეფოს, ამ ქვემო ქართლში არსებულ პატარა სამთავროში, რომელიც სომხებმა დააარსეს ქართველების სისუსტისა და დაქუცმაცებულობის ჟამს – 978 წელს, რადგან ყველაფერს ვერ გასწვდნენ ქართველნი, ქართველი მეფე არ იჯდა და ლორეც, თავისთავად, ქართველი ხელმწიფეების, ბაგრატ მესამის მემკვიდრეების სამემკვიდრო გახლდათ.

ქართული ტფილისი დაპყრობილი ჰქონდათ არაბებს და ტფილისში იჯდა არაბი ამირა. ამგვარად, ტფილისიც ქართველი ბაგრატ მესამის მემკვიდრეების სამემკვიდრეო იყო.

ამგვარად, აღმოსავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია გახდა ბაგრატ მესამისა და მისი მემკვიდრეეების სამემკვიდრეო.

ტრაპიზონ-ქალდეა ლაზეთის მიწაა, ლაზეთი სამეგრელოს ნაწილია, ლაზური მეგრულის ნაწილია ან განაყოფია (ზოგი ენათმეცნიერი ასე თვლის, ზოგი – ისე). ლაზეთი ძველი ეგრისის, უფრო ძველი კოლხეთის ნაწილია, ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა, „ქართლის ცხოვრებაშიც“ ასეა: „მოვიდა... ანდრია (პირველწოდებული – გ. მ.) ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა“.

ამგვარად, ტრაპიზონ-ქალდეას (სრულიად ლაზეთის) ტერიტორიაც ბაგრატიონთა სამემკვიდრო გახლდათ, რადგან ისინი იყვნენ მეგრელთა (აფხაზთა) მეფეები.

ამ ტერიტორიებზე გარკვეული გავლენა გაავრცელა ბაგრატ მესამის შთამომავალმა დავით აღმაშენებელმა („ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს“, ამ თორმეტ მეფეში ლაზეთის მმართველიც იგულისხმებოდა). დიდი ლაზეთი, ტრაპიზონ-ქალდეა, ბიზანტიელებს წაართვა თამარ მეფემ, მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირ არ შემოუერთა საქართველოს, არამედ იქ დაარსა ახალი, დაქვემდებარებული სახელმწიფო, სამწუხაროდ, ბერძნულენოვანი ადმინისტრაციით.

1001 წელს ბაგრატ მეფეს ბიზანტიამ წაართვა იმიერ ტაო (დავით მესამე კურაპალატის ვითომდა ანდერძით). ბაგრატმა დროებით დაითმინა, ემზადებოდა საომრად, მაგრამ გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა, გიორგიმ კი დიდი ომი აუტეხა ბიზანტიას. შემდეგ, იმიერ ტაო ბიზანტიელებმა დაგვითმეს.

ამგვარად, მთელი ისტორიული საქართველოს, მთელი ქართული ტომებისა და თემების ერთიანი მემკვიდრე იყო ბაგრატ მესამე (და მისი მემკვიდრეები).

ბაგრატიონები ბიბლიური მეფე-წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის შთამომავლებად ითვლებოდნენ. ამგვარად, ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავებად მიაჩნდათ საქართველოში.

ყველაფერმა ამან და ბაგრატ მესამის დიდებულმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მის შესახებ ლეგენდების გავრცელებას საქართველოში.

რამდენიმე მათგანი შემდეგ საუკუნეებშიც იყო შემორჩენილი, ალბათ, ოდნავი სახეცვლილებით.

ერთ მათგანს გვიამბობს იტალიელი მისიონერი ქრისტოფორო დე კასტელი: „ამ სოფელს უწოდებენ ბედიას. ერთ დღეს საქართველოს მეფეს, რომელიც მთებში ნადირობდა, თავიდან დოლბანდი გადმოვარდა, სწორედ, ამ ადგილას ოქროს ჯვარი უპოვია და უთქვამს – კარგი ბედი მქონიაო. მეფეს უბრძანებია, აქვე აეშენებინათ ეკლესია და გაემდიდრებინათ ძვირფასეულობით“. ლეგენდაში ოქროს ჯვრის პოვნა განსაკუთრებული მოვლენაა და გამორჩეულობის მიმანიშნებელი. ცნობილია, ბედიაში ბაგრატ მეფემ თავისი საძვალე ტაძარი ააშენა.

კასტელს სხვა ლეგენდაც აქვს გადმოცემული ბაგრატ მესამის შესახებ. კასტელმა დახატა უამრავი სურათი საქართველოში. ერთ მათგანზე მეფე ბაგრატია გამოსახული:

„იესო ქრისტეს მიერ დაგვირგვინებული დიდებული მეფე ქართველთა. ყველა ქართველს სჯერა, რომ, როდესაც მეფე ბაგრატი ქუდმოხდილი ლოცულობდა ტაძარში, ციდან ჩამოეშვა ხილული შუქი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი თავზე დაედგა. ეკლესიაში გვირგვინს დღევანდლამდე იყენებენ. ამ საეპისკოპოსო ეკლესიაში მოიპოვება ანტიკური გამოსახულება ქრისტესი, რომელიც გვირგვინს ადგამს ამავე მეფეს... ისრაელთა მეფე, მიიღე გვირგვინი. უფალი ქრისტე“.

შეიძლება, კასტელმა ნახა ბაგრატ მესამის გამოსახულება რომელიმე ტაძარში, რომელიც მის დროს კიდევ გახლდათ შემორჩენილი და გადახატა ან წარმოსახვით დახატა. ბაგრატ მესამის გამოსახულება ბედიის ტაძარშიც იყო, ის აფსუა და რუსმა ფაშისტებმა გაანადგურეს, რადგან, ბედიისა და სრულიად აფხაზეთის ქართულობის დამადასტურებელი მტკიცებულება გახლდათ.

სხვაგან კასტელი ქართველი მეფეების გვირგვინზე წერს: „გვირგვინი, რომელიც თავზე ადგას, ციდანაა გადმოსული უცნაური წესით, ლოცვის დროს, გარდაცვლილი მეფის ბაგრატისაგან, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ.

გვირგვინს შიგნით ერთი კამარა აქვს ძვირფასი ქვებით შემკული, გელათის ეკლესიის (საკუთრება), იმერეთში, რომელიც საქართველოს სამეფოშია...“

ეტყობა, ბაგრატ მეფის გვირგვინი კასტელის დროს ჯერ კიდევ არსებობდა საქართველოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი