ისტორია

სად იხილა სუმბათ ორბელიანმა ღარიბის ტანსაცმლით დავით ნარინი და რა აჩუქა მას მეფემ

№47

ავტორი: გაიოზ მამალაძე 51 წუთის წინ

ისტორია
დაკოპირებულია

რუსუდან მეფემ თავის ძეს, დავითს, ბათო ყაენთან გამგზავრებისას გააყოლა დავითის თანაშეზრდილები: ქართლის ერისთავის სურამელი გრიგოლის შვილი, ბეგა, გურკლელი მახუჯაგის ძე და ბეშქენ ამირეჯიბი და ფარულად გაატანა ძალიან ძვირფასი ორი ქვა.

ბათო ყაენმა ორი წელი გააჩერა თავისთან დავითი. შემდეგ ყარაყორუმში გააგზავნა დიდ ყაენთან. ყარაყორუმში რუსუდანის ძეს დახვდა ავაგ მხარგრძელი, რომელსაც ეჯიბად ახლდა დავით ივანეს ძე ახალციხელი.

ამასობაში მოკვდა მეფე რუსუდანი. არავინ იცოდა მისი ძე ცოცხალი იყო თუ არა. ქართველები ვერ შეეგუებოდნენ ვინმეს ქვეშევრდომობა ეცნოთ, თუ არ იქნებოდა ჩვენი დინასტიის წარმომადგენელი. იმ დროს შეიტყვეს, რომ რუმის სასულთნოში ექსორიაქმნილი დავით ლაშა-გიორგის ძე ცოცხალი ყოფილა. ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი, მონღოლ სარდალ ანგურაგთან ერთად გაემგზავრნენ იკონიაში და რუმის სულთნისგან მოითხოვეს დავით ლაშას ძის გათავისუფლება.

ამოიყვანეს მეფისწული დავითი საპყრობლის ჯურღმულიდან, წამოიყვანეს სამშობლოში და მიჰგვარეს მონღოლთა ნოინებს მეფედ დასამტკიცებლად. ნოინებმა ისიც ბათო ყაენთან გააგზავნეს, ჩრდილოეთ კავკასიაში. ბათომ, ისიც ყარაყორუმში გააგზავნა.

ყარაყორუმში შეხვდნენ ერთმანეთს ბიძაშვილ-მამიდაშვილი, დავითი და დავითი. იქვე იყვნენ „ყიასდინი, სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი და ათაბაგი ავაგ ხატაეთს და ყარაყურუმს, და დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი“.

ყარაყორუმში კამათობდნენ ქართველნი, ვინ უნდა გამეფებულიყო, რუსუდანის ძე თუ ლაშას ძე. თანაშეზრდილები რუსუდანის ძის მხარეს იყვნენ. სარდალი, პოეტი და ფილოსოფოსი სარგის თმოგველი ლაშას ძეს უჭერდა მხარს.

ხლათელი, რუსმის სულთანი და ავაგ მხარგრძელი ცოტა ადრე გამოუშვეს ყარაყორუმიდან.

ჟამთააღმწერლის ცნობით, დიდმა ყაენმა ორივე დავითს მისცა მეფობა, გამოაგზავნა თავის ძმასთან, ჰულაგუსთან და შეუთვალა, თუ გინდა, ორივე დაამტკიცე მეფედო. ჰულაგუ ასეც მოიქცა. დაბრუნდნენ დავით და დავით მეფენი საქართველოში და დასხდნენ ტფილისის ტახტზე.

ორივე კარგი მეომარი ყოფილა, თუმცა, განსხვავდებოდნენ გარეგნობითა და ხასიათით: „იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხïლ და მოისარი მაგრითა მშïლდითა, უმანკო, წრფელ, მალემრწმენ, შემნდობელ ბოროტისმყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ფეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერþითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა, ენატკბილ და სიტყïერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მþნე და ლაშქრობათა შინა გამგონე და სამართლისმოქმედ, უმეტესობის მოღუაწე“.

სხვა ვერსიით, ჰულაგუს ჰყვარებია ლაშას ძე, რუსუდანის ძე კი – არა, „ლაშას ძისა დავითისთïს უმეტეს მოყუარულ იყო და რუსუდანის ძისა დავითისთïს მოძულე“.

ჟამთააღმწერლის ცნობით, ჰულაგუსთან, ალატაღში ყოფნისას, შეუპყრიათ ნარინი და ბარდავში გაუგზავნიათ. გზაში, ნახჭევანში, გაექცა დავით რუსუდანის ძე მონღოლებს და აფხაზეთისკენ გამოეშურა ღარიბის ტანსაცმელში გადაცმული. „ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან“. საქართველოს სომხურ ტერიტორიაზე მყოფი დავით მეფე სუმბათმა თავისთან წაიყვანა, სტუმრად. სთხოვა დავით რუსუდანის ძემ, ნუ გააგებინებ მონღოლებს, დამეხმარე აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში გადავიდეო საჩუქრად „თუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელ წარეტანებინა დედასა მათსა რუსუდანს“.

გაუმართლა სუმბატ ორბელიანს, ეს მეორე უძვირფასესი თვალი იყო, რომელიც იშოვა. მისი ძმისწულის, სტეფანოს ორბელიანის მოთხრობით, ადრე მისი აზნაურისთვის, ვიღაც „სონელთა მეფეს“ დავითს, მონღოლთაგან დევნილს, ასეთივე მიზეზით, მონღოლებთან არ გამამხილოო და უჩუქებია უძვირფასესი თვალი პატიოსანი და ქრისტეს წმიდა ჯვრის ნაწილისგან დამზადებული პატარა ჯვარი, რომლებიც ყარაყორუმში წაიღო სუმბათმა და დიდ ყაენს, მუნქეს აჩუქა, მოიგო ყაენის გული და ოქროს იარლიყიც მოიპოვა მისგან.

ჟამთააღმწერელი სხვა ვერსიასაც გვამცნობს რუსუდანის ძის შესახებ, ის წერს, რომ სხვა აღმწერელი, ისტორიკოსი ამბობდა, თითქოს ყარაყორუმში ყაენმა მარტო ლაშა-გიორგის ძე დავითს მისცა მეფობა, და ისე გამოუშვა ყველა, რუსუდანის ძე კი ღამით გაიპარა და ფარულად წავიდა აფხაზეთშიო. თუმცა, ჟამთააღწერელი თავად არ იზიარებდა ასეთ ვერსიას, და წერდა, არც გუიუქ ყაენს და არც მანგუ (მუნქე) ყაენს არ დაუმტკიცებია საქართველოს მეფეები (მეფე), არამედ მანგუ (მუნქე) ყაენის შვილმა, ყუბილ ყაენმა მისცა ორივეს მეფობა და გამოუგზავნა ჰულაგუს („ულო“ ყაენს) და მან დაამტკიცა ორივე მეფედო: „ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყïს, ვითარმედ: ყარაყურუმს ყოფასა ორთავე მეფეთასა გუიუქ ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ, და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე, დავით, მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს. და მე არა შევიწყნარებ ამას. პირველად უწყოდეთ, რომელ [გუიუქ] ყაენსა მას არა გაეყო, და არცა მანგუ ყაენს, ყუბილის და ულოს მამასა, და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან, ყუბილ ყაენმან, მოსცა და ულო ყაენისა წარმოავლინა, და მანცა ორთავე დაუმტკიცა მეფობა“.

საქართველოს მეფე უნდა დაემტკიცებინათ ყუბილაი ყაენამდე, რადგან, ყუბილაი ტახტზე ავიდა მხოლოდ 1260 წელს, თან, ყუბილაი მანგუს (მუნქეს) შვილი კი არა, ძმა იყო, მათი მამა იყო თოლუი, ჩინგიზ ყაენის უმცროსი შვილი. 1260 წლამდე არ ყოფილა საქართველოში უმეფობის ხანა.

ალბათ, ეს გადმოცემა, დავით ნარინის გაქცევისა და სუმბატ ორბელიანთან შეხვედრისა, სხვა ისტორიკოსის გადმოცემაა და შეიძლება, უფრო უკავშირდებოდეს დავით ნარინის აჯანყებას 1259 წელს, მის დამარცხებასა და აფხაზეთში გადასვლას.

სუმბათ ორბელიანმა, ისევე უბრალო ტანსაცმელით, რომ არავის ეცნო, მეფე დავითი გაამგზავრა თორში, დევის-ყურეში, ლიპარიტ თორელთან. თორელმა შესაბამისად ჩააცვა მეფეს და ქუთათისში მიიყვანა: „უძღუნა ცხენი და შესამოსელი, და წარჰყვა ქუთათისს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი