ისტორია

სად აგზავნიდა დავით მეოთხე საქართველოს აკადემიებში განსწავლულ ახალგაზრდებს და როდის უწოდეს მას აღმაშენებელი

№7

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.02, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(შემოკლებული ვარიანტი)

უცნობი ავტორის ბრწყინვალე ლექსი „გიამბობ სიფრიადესა“ შემონახული ყოფილა ზეპირსიტყვიერად, ჩაუწერია ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანისგან და გამოქვეყნებული იყო 1902 წელს „მოგზაურში“ (N 1).

რადგან დავით მეფეზე საუბარი ეტყობა (იგულისხმება), რომ აწმყო დროშია ან უახლოეს წარსულში. არის ვარაუდი, რომ მისი ავტორი შესაძლოა, არსენ იყალთოელი იყოს.

ავტორი დავით მეფეს უწოდებს „აღმაშენს“ (აღმაშენებელს).

ზედწოდება აღმაშენებელი თითქოს გვიან უწოდეს დავით მეოთხეს, მაგრამ, მის გელათისადმი ანდერძში არის ფრაზა შიომღვიმის შესახებ: „მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აღშენებულსა!“ – ამ ფრაზის სიტყვა „აღშენებულიდან“ შეიძლება იყოს წარმოქმნილი დავით მეოთხის ზედწოდება.

რა თქმა უნდა, ზედწოდება – აღმაშენებელი, გაცილებით მეტ შინაარსსა და დატვირთვას მოიცავს, ვიდრე ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი მონასტრის აღმშენებელს და მართლაც კომპლექსური დატვირთვა აქვს – ნიშნავს აღმდგენელს, აღმშენებელს, ამაღორძინებელს, გამათავისუფლებელს, გამაძლიერებელს და ასე შემდეგ. მაგრამ, შთაგონების წყარო შეიძლება, შიომღვიმისადმი ანდერძის ფრაზა იყოს.

ზედწოდება – აღმაშენებლის დავითის თანამედროვეთა შორის წარმოქმნის ვარაუდის განმამტკიცებელია წინამდებარე ლექსი, რომლის შესახებაც რამდენიმე მკვლევარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მეთორმეტე საუკუნის უნდა იყოს (ვახტანგ კოტეტიშვილი, დერმიშა გოგოლაძე) და ზედწოდება „აღმაშენი“ იმთავითვე, დავითის სიცოცხლეში ან გარდაცვალებიდან მალე ყოფილიყო გავრცელებული ხალხში და პოეტთა შორის. ლექსის ანალიზიც მიუთითებს მის სიძველეზე („ქართული მწერლობა“, ტომი 2).

აღნიშნული ლექსი თავისი სტილითა და პოეტიკით ძალიან ჰგავს არსენ იყალთოელის მიერ დაწერილ „დავით აღმაშენებლის ეპიტაფიას“, ასევე, არსენ ბერის „დავით აღმაშენებლის შესხმას“ (სხვათა შორის, „ვეფხისტყაოსანსაც“. შეიძლება, მისი ავტორი ახალი სკოლის საფუძვლის ჩამყრელიც იყო, რომელსაც შემდეგში რუსთველიც მიეკუთვნებოდა). ლექსში მაღალმხატვრულად გადმოცემულია დავით აღმაშენებლის დამსახურებანი. გიამბობ სიფრიადესა

„გიამბობ სიფრიადესა დავითის,

აღმაშენთასა,

მტკიცესა მკლავსა, განმგესა, წყობასა სპარაზენთასა“.

პირველი სტრიქონები დავით მეფის ნიჭიერ სარდლობაზე გვიამბობს („სპარაზენი – მხედრობათა“, მებრძოლი);

„მაღლით განცდათა ქვენათა,

ლალვათა აღნაგზენთასა

და ქუელთა საქმეთ ურიცხუთა, გლახაკთად მინაფენთასა“.

მეორე სტროფში საუბარია ქვეყნის ბრძნულად მართვაზე. დავით აღმაშენებელი ღვთიური ნიჭით გრძნობდა ქვედა ფენების გაჭირვებას, აკრძალული იყო სოციალური, რელიგიური და ეროვნული ჩაგვრა ანუ ლალვა, რაც ჩაგვრას, დაბრიყვებას ნიშნავს. მეფე გლახაკების უხვად ეხმარებოდა.

„გითხრობ წმიდათა ადგილთა ნიჭთა

მათ მოსახსენთასა,

ვინა მიიღოს საზომი მათ უთვალავთა ძღუენთასა“.

დავით მეოთხე აშენებდა ეკლესიებს და დიდ დახმარებას უწევდა საქართველოში და უცხოეთში არსებულ სავანეებს.

„ხიდთა, გზათა და ზღუდეთა

ხანაგათ, კვლავ საყენთასა,

და იყო დიდი სიმრავლე განარკვთა,

თქმულთა ბრძენთასა“.

ხელმწიფე აგებდა ხიდებს, ციხესიმაგრეებს, გაჰყავდა გზები, აშენებდა უფასო თავშესაფრებს, ადგილობრივი და უცხოელი ღარიბებისთვის, მოგზაურებისთვის, სხვადასხვა რელიგიის სწავლულებისთვის („ხანაგა – საგლახაკო სახლი, ნათესაობითი ბრუნვა – ხანაგასა“, ღარიბების თავშესაფარი; საყენი – „უცხოთა შესაწყნარებელი სახლი“). მრავალი ნაწარმოები (განარკვი) იქმნებოდა მისი დახმარებით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი ბრძენი ადამიანების მიერ, ფილოსოფიური, თეოლოგიური, პოეტური, პროზაული და სხვა.

არაბი ისტორიკოსი, სიბტ იბნ ალ-ჯაუზი წერდა: „დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს. მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებლებისათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის. დააწესა მათთვის სტუმართმოყვარეობა. და თუ ისინი მოისურვებდნენ წასვლას თბილისიდან, ნებას დართავდა და მოამარაგებდა მათ მრავალი ქონებით, იგი მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს მაჰმადიანი ხელმწიფენიო“.

თავისთავად ცხადია, დიდი პატივით სარგებლობდნენ ქართველი სწავლულები, ხელოვანები, მოძღვრები, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ ღირსეული ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. „მკურნალთ ხადოდის სულისა

და ხორცთ შექმნილთა სენთასა,

მოწლედ სწყალობდის მოძღვართა,

ათონით მონავლენთასა“.

ამ სტროფში, ჩემი აზრით, საუბარია, რომ ხორცთა და სულთა მკურნალად აღიარებდა განათლებულ, ბრძენ ადამიანებს („ხადოდის – იწოდდიან“, ხადოდიან – აღიარებდნენ, უწოდებდნენ). მეფე იყო მათი გულშმატკივარი, უცხოეთიდან ჩამოჰყავდა მოძღვრები და ექიმები, ქართველები (იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცესმონაზონი, იოანე ტარიჭისძე) და სხვა ეროვნების წარმომადგენლები („მოწლედ – ლმობიერებით“, მოკრძალებით, პატივისცემით), სასწავლებლებში, სამეცნიერო და სამკურნალო დაწესებულებებში ამუშავებდა და უხვად ასაჩუქრებდა.

„ათენსა სწვრთნიდის ჭაბუკთა,

იყალთოს მონასმენთასა

და სთესდის მადლს და სიბრძნესა

სულმნთებთა აღმაფრენთასა“.

პოეტი გვამცნობს, რომ იყალთოსა (და გელათის) აკადემიებში განსწავლულ ახალგაზრდებს დავით მეფე აგზავნიდა უცხოეთის განთქმულ აკადემიებში, სწავლის გასაგრძელებლად. უნდა გაეღრმავებინათ ბერძნულისა და სხვა ენების ცოდნა, ადგილზე შეესწავლათ უცხოეთის სასწავლო ცენტრების ახალი მიღწევები. დახელოვნებულიყვნენ თარგმნაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, პოეტიკაში და სხვა. გვაქვს სომხური ცნობაც, ვარდან არეველცი (ბარძბერდეცი, აღმოსავლელი) გვამცნობს, რომ მეფე „ძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის ხალხზე“ და უცხოეთში სასწავლებლად 40 ახალგაზრდა გაუგზავნია.

დავით მეფის დამსახურებანი, მის მიერ დათესილი მადლი და სიბრძნე არის პოეტთა აღმაფრენის საგანიო, – წერს ავტორი („სუმნთები – პოეტი“).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი