ისტორია

რომელმა საგვარეულომ უპასუხა ქართველებს ტახტზე ასვლაში დახმარებაზე განსაკუთრებული მტრობით

№38

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.09

ისტორია
დაკოპირებულია

1525 წელს ქართლის მეფე დავით მეათე დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა და მეფობა თავის უმცროს ძმას, გიორგი მეცხრეს დაუტოვა. დავით მეფის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე უფლისწული ლუარსაბი გახლდათ. რამდენიმე წელში გიორგი მეფეც მონაზვნად აღიკვეცა გერასიმეს სახელით და მეფობა თავის ძმისწულს, ლუარსაბ პირველს დაუტოვა – „კაცსა ღმრთის-მოყუარესა, მტერთა ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა“. ქართლის მეფე დაქორწინებული გახლდათ იმერთა მეფის, ბაგრატ მესამის ასულზე – თამარზე.

იმავე ხანებში ბერად აღიკვეცა ბაგრატ პირველი მუხრანბატონი, კახეთის მეფე ავ-გიორგის შემპყრობი და მწიგნობრობით განთქმული მოღვაწე-პოლიტიკოსი.

ლუარსაბ მეფის დროს გაგრძელდა სეფიანთა ირანის ახალდაარსებული იმპერიის შემოსევები ჩვენს ქვეყანაზე და მათ შორის ქართლზე. არ ასვენებდა ჩვენს ქვეყანას შაჰი თამაზ ისმაილის ძე. საინტერესო ისაა, რომ თავის დროს, სეფიანთა საგვარეულოს ტახტზე ასვლაში ქართველებიც დაეხმარნენ.

მომავალი აზერბაიჯანული პოეზიის კლასიკოსი და ირანის შაჰი, ისმაილ პირველი 1487 წელს არდებილში (ახლანდელი ირანის აზერბაიჯანი) დაიბადა. მის ძარღვებში ბაგრატიონებისა და ტრაპიზონის იმპერატორების, კომნენოსების სისხლიც ჩქეფდა. ისმაილი იყო სეფიური ორდენის ჩამომყალიბებლის, შეიხ სეფი ად-დინ არდაველელის შთამომავლის, შეიხ ჰეიდარის ძე. პაპამისი და მამამისი ბრძოლებში დაიღუპნენ. ჭაბუკმა ისმაილმა 1500 წელს ყიზილბაშების (წითელქუდიანთა), თურქული ტომების მხარდაჭერით, დაიპყრო აზერბაიჯანის ნაწილი და ქალაქი ბაქო.

1503 წელს შარურთან (ნახჭევანში), დედის მხრიდან თავის ბიძაშვილთან, შაჰ უზუნ-ჰასანის შვილიშვილთან, აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) მეთაურ, სულთან ალვენდ ხანთან და მის ჯართან ბრძოლაში, ისმაილმა, რომელსაც ქართველები ეხმარებოდნენ, დაამარცხა ალვენდ ხანის ჯარი. სამაგიეროდ, ისმაილი ქართველებს შეჰპირდა გათავისუფლებას ხარკისგან, რომელსაც უხდიდნენ აყ-ყოინლუს სულთანს. შემდეგში, ქართველებისვე დახმარებით, ისმაილმა დაამარცხა თავისი სხვა ბიძაშვილი, ასევე, დედის მხრიდან, აყ-ყოინლუს მეორე ნაწილის მმართველი მურადიც.

ისმაილმა ასე დაიპყრო მთელი ირანი და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. შაჰ ისმაილი ფანატიკოსი შიიტი იყო. მან ირანი გამოყო ისლამური სამყაროსგან და თავის მთავარ მოწინააღმდეგეს რეგიონში – ოსმალეთს რელიგიურადაც დაუპირისპირდა. ამისთვის შაჰს თურქებთან – სუნიტებთან იდეოლოგიური დაპირისპირება სჭირდებოდა. ამიტომ, მან თავი გამოაცხადა „შიიტ შაჰად“. გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მაჰმადიან სუნიტთათვის წმიდანები, სამი პირველი ხალიფა: აბუ ბაქრი, ომანი და ოსმანი – უზურპატორებად გამოაცხადა, რომლებმაც, შიიტების აზრით, მიითვისეს წინასწარმეტყველი მუჰამედის ბიძაშვილის, სიძის (ქალიშვილის ქმრის) და მემკვიდრის, შიიტებისთვის წმიდა იმამის, ხალიფა ალის კუთვნილი ხელისუფლება. ისმაილის ფირმანის მიხედვით, ყველა, ვინც გაბედავდა ამ სამი ხალიფის კეთილად მოხსენიებას, სიკვდილით დაისჯებოდა.

ისმაილი თავს აცხადებდა ხალიფა ალის შთამომავლად, რომელსაც ცოლად ჰყავდა მუჰამედის ასული, ანუ – მუჰამედის შთამომავლად. ამის გამო მას ქვეშევრდომები განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდნენ. დედამისი იყო ჰალიმა (იგივე მართა), აყ-ყოიუნლუს, თეთრბატკნიანთა მბრძანებლის, ალვანდისა და მურადის პაპის – უზუნ ჰასანისა და მისი ცოლის, ტრაპიზონის იმპერატორის იოანე მეოთხის (კალო იოანეს) ასულის, თეოდორას (ეკატერინეს), იგივე დესპინე-ხათუნის ქალიშვილი. იოანე მეოთხეს პირველ ცოლად ჰყავდა ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე პირველი დიდის ასული (სახელი უცნობია). თუმცა, დესპინე იმ ქალის ასული, ალბათ, არ იყო. ყოველ შემთხვევაში, იოანეს მამას, ალექსი მეოთხეს დედა ბაგრატიონის ქალი ჰყავდა. ანუ ისმაილ პირველის ძარღვებში ბაგრატიონთა სისხლი ნამდვილად ჩქეფდა. ამგვარად, ისმაილ პირველი ბაგრატიონთა შორეული ნათესავიც გახლდათ.

სპარსულის გარდა, ირანის შაჰის კარზე გაბატონდა აზერბაიჯანული ენა. ეს ვითარება საუკუნე გაგრძელდა. შაჰ-ისმაილმა დაიმორჩილა შუა აზიის ნაწილი, ერაყი, სომხეთი, ქურთისტანი, მდინარე ამუდარიიდან – ევფრატამდე.

ისმაილის მერე ირანის შაჰი მისი ვაჟი, თამაზი გახდა. თამაზ შაჰმა გააგრძელა მამის პოლიტიკა და უტევდა ჩვენს სამშობლოს. მეორე მხრიდან საქართველოს ქვეყნებს ოსმალეთი უტევდა. ჩვენი სამშობლო, ისევე როგორც წინა აზიის ნაწილი, ირან-ოსმალეთის დაპირისპირების არეალად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს, შაჰმა მეწინავედ გამოაგზავნა თავის სარდალი ყარაფირი, მრავალრიცხოვანი ლაშქრით. შემდეგ, მის მისაშველებლად – მისკარბაში (მონადირეთა უფროსი) ელიასბეგი, ასევე მრავალრიცხოვანი ლაშქრით. თავადაც წამოვიდა მრავალრიცხოვანი ჯარით.

ეს რომ შეიტყო ლუარსაბ მეფემ, ჯარით თელეთის ღელესთან დაბანაკდა. ყარაფირი იმ ადგილს რომ მიადგა, ბრძოლა გაიმართა. სასტიკი შერკინება ყოფილა. ორივე მხრიდან უამრავი დაიღუპა. საბოლოოდ ჩვენმა წინაპრებმა გაიმარჯვეს. დიდი ზარალი ნახეს ყიზილბაშებმა. მაგრამ, ამასობაში მისკარბაში ელიასბეგიც მოვიდა, მოატრიალა დამარცხებული ყიზილბაშები და ისევ შეუტია ქართველებს. პირველ ბრძოლაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართულა. ისევ მრავალი ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან. განსაკუთრებით ყიზილბაშები. ძალიან გაუჭირდათ დამპყრობლებს და გაიქცნენ. ამასობაში თვითონ შაჰ-თამაზი თავისი ნაწილებით ავიდა თელეთის მთაზე, ტაბახმელას მხრიდან. გადაუხედია შაჰს და დაუნახავს, თავისი ჯარი, დამარცხებული, უამრავი დახოცილი და დანარჩენები გაქცეული და „განლაღებულნი ქართველნი მათ ზედა ვითარცა ლომნი“. შეწუხდა ირანის მბრძანებელი და შეტევაზე გადასვლა უბრძანა თავის ნაწილებს, ყარა-ყოინლუს, შავბატკნიანების თურქმანული ტომებიდან.

ზურგიდან შეუტიეს შავბატკნიანების მეომრებმა ჩვენს წინაპრებს. ქართველები ბრძოლისგან უკვე ქანცგამოლეულები იყვნენ, დამარცხდნენ და დაიხიეს უკან.

წავიდა ლუარსაბი ზემო ქართლში, ახალი ძალების შეკრება და შაჰ თამაზთან ბრძოლის გაგრძელება უნდოდა. ვერ შეძლო, რადგან დაფანტულნი იყვნენ ქართველები.

შაჰ-თამაზი ტფილისის ციხეს მოადგა. ტფილისის ციხისთავს სიცოცხლის შენარჩუნებას და დიდძალ საჩუქრებს შეჰპირდა ირანის შაჰი. აიღო ტფილისი თამაზ შაჰმა, ააოხრა ქალაქი, შემუსრა ეკლესიები, ხატები და ჯვრები. ხიდის თავთან ააშენა მეჩეთი. ტფილისის ციხეში ჩააყენა თავისი გარნიზონი და გაბრუნდა ირანისკენ. მაგრამ, ლუარსაბ მეფე რას მოითმენდა მტრის ციხიონის დგომას ტფილისში, დაამარცხა გარნიზონი, დაიბრუნა დედაქალაქი, მთლიანად ქართლი და ახალი ომებისთვის ემზადებოდა...

შაჰ-აბას პირველი შაჰ-თამაზის შვილიშვილი იყო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი