ისტორია

რომელი ხალხის მეფის ასული შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი რძალი, რომლის მსგავსი არ ენახა ქართლის თემს

№15

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.04

ისტორია
დაკოპირებულია

დიმიტრი პირველმა თავის საყვარელ ძეს, გიორგის, ცოლად მოჰგვარა „ასული („ოვსთა“) მეფისა ხუდდანისი სახელით – ბურდუხან, ესე თïთ ვითარი შესატყïსი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა, თïთ მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა“ („ისტორიანი და აზმანი“).

იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში, ალბათ, არსებობდა, რამდენიმე ოვსური სამეფო-სამთავრო. ერთი იყო ხუდდან მეფის სამეფო. მეორე უნდა ყოფილიყო იმ ოსი უფლისწულების სამთავრო, რომლებიც თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდნენ შემდეგში და კიდევ სხვა. თამარის ქმარი, დავით სოსლანი, ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი პირველის შთამომავალი, თამარის პაპა ხუდდან მეფე და თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოსული ოსი უფლისწული სხვადასხვა ოსური დინასტიის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.

იმდროინდელ ოვსთა სამეფოებში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული არა მხოლოდ დღევანდელი ოსების წინაპრები, არამედ, ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხების წინაპრებიც. შეიძლება, იმ დროს, ოვსეთი და ოვსი კრებსითი სახელი ყოფილიყო ჩრდილო კავკასიაში, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ხალხისა, რომელთა შორისაც იყვნენ დღევანდელი ჩეჩნების, ინგუშების, ოსებისა და სხვა ხალხების წინაპრები. შეიძლება, ოვსთა სამეფო ხალხთა დიდი გაერთიანებაც იყო, რამდენიმე ავტონომიური სამთავროთი.

ოვსების სახელწოდების წარმოქმნასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა. დღევანდელი ოსების წინაპრები, რომლებიც ინდო-ირანული ენების ჯგუფის ერთ-ერთი ენის მატარებელი ხალხია, ზოგი მეცნიერის აზრით, ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე და მის ჩრდილოეთით სახლობდნენ, ალბათ, ალანებთან ერთად, შესაძლოა, თვითონაც ალანთა ტომების ნაწილი იყვნენ და შემდგომში ამოიწიეს ჩრდილო კავკასიის მთიანეთში და შეერივნენ ადგილობრივ ხალხებს, მათ შორის, ოვსებად, ასებად, იასებად, ასსებად წოდებულ ტომებს.

რუსი მეცნიერების აზრით, ასები იყვნენ ვაინახები, ოსები, ყარაჩაელები და ბალყარელები. ასებად აფსარები იხსენიებდნენ არა მხოლოდ ბალყარელებს, არამედ მთელ ჩრდილო კავკასიას. ზოგი რუსი მეცნიერის თქმით, XVIII და XIX საუკუნეშიც კი ოსებად, ასებად მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ დიგორელ ოსებს, არამედ სხვა კავკასიელ ხალხებსაც.

სხვა წერილობითი ინფორმაცია არ გვაქვს ხუდდანისა და მისი სამეფოს შესახებ.

საინტერესო გადმოცემები არსებობს თამარ მეფის დედის შესახებ ინგუშთა შორის: „ოდესღაც, უძველეს ეპოქაში, ჩვენს მეზობელ ქართველებს მმართველობდა თამარ მეფე, რომელიც ჩვენი ღილღველების (ინგუშების) დის შვილი იყო“.

ერთი ინგუშური თქმულება გვიამბობს, როცა ინგუშებმა შეიტყვეს თამარ მეფის გარდაცვალება, ყველა თემის წარმომადგენელი წამოვიდა თამარ მეფის სამძიმარზე. ქართველებს მათთვის უთქვამთ: „ეს თქვენი გარდაცვლილი დისშვილია“...

თამარის დაკრძალვას „ღილღველთა ქვეყნიდან ორჯერ შვიდი კაცი“ დასწრებია, აქედან შვიდი დედოფლის დედის ნათესავები იყვნენ, დანარჩენი შვიდი კი – ღილღველური თეიფების წარმომადგენლები“.

ერთი ინგუშური გადმოცემა გვიამბობს: „ღილღველთა ეთნოსი, რიცხვმრავალი და ძლევამოსილი, ასსის გასწვრივ მოსახლეობდა. ამის მიხედვით ამ ხალხს ასსელები უწოდეს. ასსელები გამრავლდნენ, მოიცვეს ბარის ადგილებიც და ქედს იქითაც დაიწყეს განსახლება“.

ამგვარად, ინგუშური თქმულებების მიხედვით, თამარ მეფის დეიდა მათი წარმომადგენელია, ანუ, თამარ მეფე დედით ინგუში, ღლიღვია. ასები, იასები, ასსები, ასსელები ინგუშების წინაპრები, ღილღველები არიან, ოდესღაც რიცხვმრავალი და ძლევამოსილი ეთნოსის წარმომადგენლები.

დიმიტრი მეფე თავის საყვარელ ვაჟს, რომელსაც ტახტის მემკვიდრედ განიხილავდა, პატარა და სუსტი სამეფოს ოჯახიშვილს არ მოუყვანდა ცოლად. ცხადია, საქართველოს სამეფოს ინტერესი იყო, ჰყოლოდა ძლიერი მოკავშირე, რომელიც მას თავის სამხედრო რესურსს მოახმარდა. საქართველო აღმავლობის გზაზე იყო, მას სჭირდებოდა დიდი სამხედრო რესურსი, მრავალრიცხოვანი ჯარი როგორც საკუთარი, ისე მოკავშირეებისა და დაქირავებულებიც.

შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ხუდდან მეფის სამეფო მოიცავდა რამდენიმე ჩრდილოკავკასიელ ხალხს და მათ საცხოვრისს, რომელთა შორისაც შეიძლება, ვივარაუდოთ დღევანდელი ოსებისა და ინგუშების, ასევე, სხვების წინაპრები. შესაძლოა, სამეფოს სათავეში ყოფილიყო ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი ხალხის წარმომადგენელი.

ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა“. „ისტორიანი და აზმანის“ მიხედვით, ბურდუხანი ყოფილა ძალიან ლამაზი – თავისი ქმრის, პირმზე და ლომისტანიანი გიორგი მეფის შესატყვისი მშვენიერებით. გარეგნობითა და ხასიათით მიმსგავსებული ყოფილა მზეს, რომელიც ანათებს ცოდვილებსა და გულმართალ ადამიანებს. ქრისტიანული სარწმუნოების ისეთი ერთგული იყო, წმიდა დიდმოწამეებს – ეკატერინესა და პენელოპა ირინეს ემსგავსებოდაო (ორივე ხელმწიფის ასული იყო). მეტიც, თვით მარიამის, ცისა და ქვეყნის განმანათლებლის, მიბაძვას ცდილობდაო, ცხოვრების წესით, რაც ეპითეტია და მიანიშნებს, რომ თამარის დედა ძალიან მორწმუნე და მართალი ადამიანი იყო.

კარგა ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას.

წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160-1165 წლებს შორის დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა – თამარის და.

გიორგი მესამეს ჰყოლია სხვა შვილიც, ასევე ასული, ქორწინების გარეშე შობილი, რომლის სახელიც არ ვიცით.

თამარის დედა ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე, შვილებს ზრდიდა ქრისტიანულად. მათ არა მარტო დედის სილამაზე, მისი კეთილშობილი ხასიათიც გამოჰყოლიათ. მამა მკაცრი ჰყავდათ, დედა კი – შემნდობი და მას დაემსგავსა ჩვენი მომავალი საამაყო ხელმწიფეც, თამარი.

დედოფალი ბურდუხანი ყოფილა ძალიან განათლებული და ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები. გატაცებული იყო პოეზიით. შესაძლოა, თავადაც წერდა და ხატავდა.

დემნას აჯანყების შემდეგ, 1178 წელს, ნაჭარმაგევში, შვიდი სამეფოს დიდებულების წინაშე, გიორგი მესამემ თანამეფედ გამოაცხადა თამარი. იქვე ესწრებოდა, „დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სვიანი ცოლი მისი ბურდუხანი“.

დაახლოებით, სამ-ოთხ წელიწადში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი.

მეფე გეგუთში იმყოფებოდა, როცა აცნობეს მეუღლის გარდაცვალების შესახებ. კარგა ხანს იგლოვა მეფემ ძვირფასი მეუღლე. ყველას უგლოვია ოვსი (ჩრილოკავკასიელი) ხალხის (ხალხების) ღირსეული წარმომადგენელი, ქართველების საყვარელი რძალი, საქართველო-კავკასიის დედოფალთა დედოფალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა