ისტორია

რომელი ქართველი ქალის ცოლად მოყვანა მოითხოვა ჯალალედინმა

№4

ავტორი: გია მამალაძე 22:00 05.02, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

  მონღოლთა დროინდელი ქართველი მემატიანე, ჟამთააღმწერელი გვიამბობს: ჯალალედინს ტფილისზე შემოტევის წინ უთხოვია შეხვედრა ათაბაგ ივანე მხარგრძელის ვაჟთან, ავაგთან. ივანე მხარგრძელი იმ დროს მოხუცებული იყო, ბერად ყოფილა აღკვეცილი საიდუმლოდ და გარნისთან მარცხის მერე, ეტყობა, დეპრესიაში ჩავარდნილი, ვეღარ ახერხებდა ქვეყნის მართვასა და ჯარის მობილიზებაში მონაწილეობას.
ჯალალედინმა დესპანი მიუგზავნა ავაგს: „შენ ხარ მეფის ვაზირთა უხუცესი და მართავ საქართველოს. შევხვდეთ   ერთი ერთზე და ვისაუბროთო“. მხარგრძელი დათანხმდა. 
შეხვედრა შემდგარა ერთი-ერთზე. სულთანს და მხარგრძელს თითო მსახური ახლდათ, რომელნიც მოშორებით მდგარან.
  

მონღოლთაგან დევნილმა ხვარაზმშაჰმა უთხრა მამის მაგიერ საქართველოს ათაბაგისა და ამირსპასალარის მოვალეობის შემსრულებელს: „არ მოვსულვარ საქართველოს დასარბევად, არამედ, ზავისა და მშვიდობისთვის მოვედი. მაგრამ თქვენ უცებ შემებრძოლეთ და მშვიდობა დაირღვა.
რადგან ხარ წარჩინებული საქართველოს სამეფო კარზე, მისმინე: გაგონილი გექნებათ ჩემი წარმომავლობა, სიდიდე ჩემი სამეფოსი და სიმრავლე ჩემი ქვეშევრდომებისა. არავინ იყო ჩემი თანასწორი, მე ვარ ხვარაზმშაჰი, დიდი ხელმწიფე მუჰამედის შვილი და ჩემი ბატონობის ქვეშ იყო მთელი სპარსეთი ადარბადაგანიდან ამუდარიამდე და ინდოეთამდე, ავღანეთი და მთელი აღმოსავლეთი.
ჩინეთში, უდაბურ ადგილას, ყარაყორუმში, გამოჩნდა საკვირველი ხალხი, გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე და უცნაური წესებით მცხოვრები. მთელი აღმოსავლეთი დაიმორჩილეს და მრავალი ხელმწიფე მოკლეს. მეფედ ჰყავთ საოცარი კაცი, საქმის მცოდნე, ბრძოლაში დაუმარცხებელი, სახელად ჩინგიზ ყაენი. მან ხელთ იგდო ჩინეთი და მერე დაიძრა ჩვენკენ. ამუდარიის გაღმა და გამოღმა მრავალი ბრძოლა გავუმართე მას ხვარაზმის, სპარსეთისა და თურქომანული ძალებით. მაგრამ ბედმა გამწირა და ყველგან დავმარცხდი. ისინი კი უფრო გაძლიერდნენ და მოირთვეს სხვა ხალხები. მეტი ღონე აღარ იყო, მივატოვე ჩემი სამეფო და გამოვემართე საქართველოსკენ მშვიდობისა და ზავისათვის. მსმენია თქვენი ქვეყნის სიძლიერისა და ბრძოლაში ქართველების ვაჟკაცობის შესახებ.
მინდა, გავერთიანდეთ მტკიცედ და ერთად ვებრძოლოთ მტერს. მსმენია, რომ თქვენი მეფე ქალია. მომათხოვეთ ის ცოლად, მეფედ მიმიღეთ და დავამარცხებ ჩვენს ყველა მტერს.
თუ ასე არ მოიქცევით, მოოხრდება თქვენი სამეფო. მე რომც წავიდე, თათრები მოახლოებულნი არიან და თქვენ ვერ აღუდგებით მათ წინ, ვერ შეძლებთ მათთან ბრძოლას.
გაგზავნე კაცი თქვენი მეფის წინაშე და გადაეცი ჩემი სიტყვები. მე არ მინდა საქართველოს აოხრება, არამედ, მინდა, დაგიცვათ მტრებისგან, მე გავძლიერდე თქვენით და ვიყოთ მშვიდობით.“
ავაგ მხარგრძელი შეჰპირდა ჯალალედინს, რომ მის ნათქვამს გადასცემდა მეფე რუსუდანსა და ვაზირებს. გაგზავნა შიკრიკი რუსუდან მეფესთან და ამცნო სამეფო კარს სულთან ჯალალედინის წინადადების შესახებ.
დარბაზმა შეუთვალეს ავაგს, აღარ გაგრძელებულიყო საუბარი ამ თემაზე და უარი გადაეცა ჯალალედინისთვის. ავაგმაც სწრაფად გადაუგზავნა უარყოფითი პასუხი სულთანს.
რასაკვირველია, ჯალალედინის წინადადება მიუღებელი იქნებოდა ქართველებისთვის:
ჯერ ერთი – რუსუდანს ქმარი ჰყავდა, ჩვენს სამშობლოში ისე არ იქცეოდნენ, როგორც მაჰმადიანურ სამყაროში, სადაც ცოლის მოყვანა და გაშვება ადვილი საქმე გახლდათ. რუსუდან მეფე ვერ გახდებოდა ვიღაც მაჰმადიანის მეორე, მესამე ან მეოთხე ცოლი, ფაქტობრივად, ჰარემის წევრი, ის საქართველოს ხელმწიფედ ითვლებოდა;
მეორე – საქართველოს მეფე მაჰმადიანს ვერ გაჰყვებოდა ცოლად;
გარდა ამისა, საქართველოს მეფის ქმარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმწიფე, ძალაუფლების მქონე, ის მხოლოდ მეფე-კონსორტი, მხოლოდ ხელმწიფის ქმარი უნდა ყოფილიყო იურიდიულად, ჯალალედინი კი საქართველოს ხელმწიფობას ითხოვდა, საქართველოს მეფეთ-მეფობას. საქართველო ვერ დაუშვებდა მაჰმადიან ხელმწიფეს ქვეყანაში, მის დიდებულებს – სამეფო კარზე, ქვეყანაში კი – უცხოელების მრავალრიცხოვან ჯარს. ასე ხომ საქართველო გადაჯიშდებოდა...
ამასთან – საქართველოში არც ეშინოდათ მონღოლების. ჩვენს ქვეყანაში ეგონათ, რომ ლაშა-გიორგის დროს მონღოლთა ჯარი დაამარცხეს, მიზნის მიუღწევლად, ტფილისის აუღებლად უკან გაუშვეს დაშინებულები.
როგორც ვთქვით, ჟამთააღმწერლის ცნობით, ჯალალედინის შემოთავაზება გარნისის ბრძოლის მერე ყოფილა. არის უცხოური გადმოცემაც, თითქოს ჯალალედინი დაუკავშირდა ქართველებს და დანებება მოსთხოვა. ის გარნისის ბრძოლის წინა პერიოდის ამბავია და ქართველების პასუხი მედიდური და დამცინავი გახლდათ – მონღოლებმა მამაშენსა და შენ ქვეყანა წაგართვეს და ჩვენ კი ვერა დაგვიშავესო.
შეიძლება, ჯალალედინმა მართლაც გამოთქვა სურვილი ქართველების სიძედ გახდომისა და მონღოლების წინააღმდეგ ერთად ბრძოლისაკენ მოუწოდა ჩვენს წინაპრებს, ჟამთააღმწერელი სხვა, მოვლენათა მომსწრე ისტორიკოსების ცნობებს გვაწვდის, რომელთაც სინამდვილე ეცოდინებოდათ.
სამეფო კარმა ჯალალედინს უარი შეუთვალა, მაგრამ, ჯარი, ფაქტობრივად, ვერ შეკრიბა და ტფილისზე წამოსულ მაჰმადიანებს წინ, დამარცხების მერე რეორგანიზებული, ვასალური ქვეყნების სამხედრო რაზმებითა და დაქირავებული მეომრებით გაძლიერებული ჯარი ვერ დაახვედრა. მხოლოდ ლორეში ტფილისისაკენ მომავალი გზების გადაკეტვას შეეცადნენ არაორგანიზებულად და ტფილისის გამაგრება სცადეს, ისიც ვერ მოახერხეს კარგად... ქართული სამხედრო მანქანა მოშლილი იყო ივანე მხარგრძელისა და რუსუდანის ხელში.
ტფილისის დაცემიდან გავიდა რამდენიმე წელიწადი. ჯალალედინმა აიღო ქალაქი ხლათი, სადაც დედოფლად იჯდა ივანე მხარგრძელის ასული, ავაგ ათაბაგისა და ამირსპასალარის და – თამთა, ხლათის მელიქის აშრაფის მეუღლე.
გამარჯვებულმა ჯალალედინმა შური იძია ხლათის მელიქზე, იძალადა და ღამე გაატარა თამთა მხარგრძელთან, სხვის ცოლთან. თუმცა, მალე გააანალიზა, რაც ჩაიდინა და ისევ ნაძალადევად, თამთა თავის ცოლად გამოაცხადა.
თამთას ცოლად მოყვანით, იქნებ, კვლავ უნდოდა ჯალალედინს ქართველებთან, კერძოდ, ათაბაგ ავაგ მხარგრძელთან მორიგება, რადგან, გარშემო ყველა მაჰმადიანი ხელმწიფე გადაიმტერა. იცოდა ჯალალედინმა, ქართველების დამარცხება უვარგისი სარდლობის გამო მოახერხა გარნისში, ლორეში, ტფილისთან და ბოლნისში, სინამდვილეში, ჩვენი წინაპრები კარგი მებრძოლები იყვნენ. მონღოლები კი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ჩვენს რეგიონს.
ცუდი პოლიტიკოსი იყო ჯალალედინი, არათანმიმდევრული, გაუწონასწორებელი... ქართველებთან მორიგება გამორიცხული იყო.
მთელი რეგიონი დაასუსტა და ადვილად დასაპყრობად გაუმზადა ჯალალედინმა მონღოლებს.
ასე, ნაძალადევად გახდა ქართველებისათვის გენოციდის მომწყობი ჯალალედინი ქართველების სიძე. მაგრამ, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო, ვეღარავინ და ვეღარაფერი უშველიდა მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი