რომელი ენები ეცოდინებოდა დავით აღმაშენებელს
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.03

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
მეთერთმეტე საუკუნეში (მანამდეც და მერეც), კარგა ხანს, ევროპელი ხალხების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა ლათინურს. მაჰმადიანურ ქვეყნებში – არაბულ ენას.
მას შემდეგ, რაც რომეების იმპერიაში, მეორე რომში, ახლა რომ ბიზანტიას ვუწოდებთ, ლათინურის მაგიერ, ბერძნული ენა გახდა ოფიციალური, მის გარშემო ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლური ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის აღმსარებელი ხალხებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ბერძნული ენა იქცა საერთაშორისო ურთიერთობის ენად.
ბერძნული ენის ცოდნა აღმოსავლელი ქრისტანობის აღმსარებელი ხალხებისათვის, რომლებსაც თავ-თავის ენაზე ჰქონდათ წირვა-ლოცვა, მაინც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ბერძნულად იქმნებოდა ან, პირველ რიგში, ბერძნულად ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა და მერე ითარგმებოდა ადგილობრივი ხალხების ენებზე და ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ბერძნულ ენაზე წარმოებდა პოლიტიკაც ამ ხალხებს შორის.
ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო ჩვენი მშობლიური ქვეყნის მაშინდელი სამეფო-სამთავროები. ჩვენი მეფეებიც, მართალია, მეთერთმეტე საუკუნიდან მხოლოდ სიმბოლურად, მაგრამ, მაინც ბიზანტიის იმპერატორის, თვითმპყრობელი (ავტოკრატორი) ბასილევსის მიერ მინიჭებულ ტიტულებს ატარებდნენ, ბიზანტიის იმპერიის საკარისკაცო წოდებებს. სანამ დავით აღმაშენებელმა არ თქვა უარი ბიზანტიურ ტიტულზე და სანამ არ შექმნა თავისი საკუთარი ტიტული – თვითმპყრობელი (ავტოკრატორი, რომელიც არავის ემორჩილება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის თანაბარია).
იმ ხანებში პოლიტიკის წარმოება ითხოვდა სხვადასხვა ენის მცოდნეთა არსებობას სამეფო კარზე. სამეფოებში, მათ შორის, აფხაზთა და ქართველთა სამეფო კარზე, ჰყავდათ ბერძნულისა და არაბულის მცოდნეები. სასულიერო პირთა შორისაც გვყავდა ბერძნულის განსაკუთრებულად კარგად მცოდნენი, რომლებიც ბერძნულიდან თარგმნიდნენ სასულიერო ლიტერატურას. ბერძნულს ასწავლიდნენ ჩვენი მონასტრების ნიჭიერ ახალგაზრდა ბერებს, რომლებსაც ზრდიდნენ განათლებულ ადამიანებად, მთარგმნელებად, ღვთისმეტყველებად.
მეფეებს ყველა ქვეყანაში რომ განსაკუთრებულად ზრდიდნენ და განსაკუთრებით ამზადებდნენ, ცნობილი ფაქტია. განსაკუთრებულად ზრდიდნენ ქართველ მეფეებსაც.
დავით აღმაშენებლის აღზრდას ხელმძღვანელობდა მონაზონი გიორგი, მომავალი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი. დავით აღმაშენებელი აფხაზთა სამეფოში, დასავლეთ საქართველოში იყო გაზრდილი. სავარაუდოდ, ჭყონდიდში, სამეგრელოში გაატარებდა განსწავლის რაღაც პერიოდს, როგორც, ალბათ, მამამისი, გიორგი მეორე (რადგან ჭყონიდიდი იყო ბაგრატ მეოთხის საძვალე). ჭყონდიდში კი გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის დროიდან პედაგოგიური საქმიანობაც მიმდინარეობდა, ასწავლიდნენ, მათ შორის, ბერძნულსაც. არის ვარაუდი, რომ გიორგი ჭყონდიდელი გიორგი მთაწმინდელს კონსტანტინოპოლში ჰყავდა წაყვანილი განსასწავლად. ასეც რომ არ იყოს, გიორგი ჭყონდიდელს ეყოლებოდა არაერთი ქვეშევრდომი პედაგოგი, უფლისწულის აღმზრდელად, მათ შორის, ენების მცოდნე.
გარდა ამისა, ბერძნული ენის ცოდნა ქართველ მეფეთა შორის ტრადიცია უნდა ყოფილიყო. ბაგრატ მეოთხე, სამი წლის ასაკში, სამი წლით კონსტანტინოპოლში იყო მძევლად და ალბათ, იქ დაიწყებდა ბერძნულის შესწავლას. მისი ქალიშვილი, მართა, 5 წლის ასაკში კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, რათა ბიზანტიის დედოფალს „აღეზარდა შვილად“. მართალია, მალე უკან წამოიყვანეს, მაგრამ, მერე ისევ კონსტანტინოპოლში გაათხოვეს მომავალ იმპერატორზე. ანუ, ბერძნული ენა უნდა შეესწავლა. ეს ტრადიცია გაგრძელდებოდა ჩვენს სამეფო კარზე და განათლებას მოწყურებული ჩვენი დავით აღმაშენებელი, ცხადია, შეეცდებოდა შეესწავლა ბერძნული, რათა ბერძნულენოვანი წიგნები ეკითხა. ბერძნულ ენაზე კი ძალიან ბევრი წიგნი იყო დაწერილი და თარგმნილი.
არის ცნობა, რომ დავით აღმაშენებელმა იცოდა სომხური ენა. სომხურად თარგმნილ „ქართლის ცხოვრების“ ერთ მინაწერში წერია, რომ დავით აღმაშენებელი, სომეხი სწავლული ბერის, ოვანეს სარკავაგისგან ისმენდა სომხურად თარგმნილ ფსალმუნს, „უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას“. ამგვარად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჩვენმა მეფემ იცოდა სომხური. სომხური ეცოდინებოდა მის ძესაც, დემეტრეს და ქალიშვილებსაც, რომლებსაც სომეხი დედა ჰყავდათ.
ჩვენს დიდ ხელმწიფეს, სომეხთა გარდა, სხვა ერების სწავლულებთანაც ჰქონდა სამეცნიერო ურთიერთობა და ეხმარებოდა მათ. მათ შორის, არაბ და სპარსელ სწავლულებსაც და სასულიერო პირებსაც ძალიან სწყალობდა და მათთანაც მეგობრობდა. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი წერდა: დავით „მეფემ მიაგო მუსლიმთ უდიდესი პატივი. მეცნიერებს, ღვთისმეტყველებს და სუფიებს ისეთი ღირსება და პატივი ჰქონდათ, რაც არ ჰქონიათ თვით მუსლიმანებთანაც კი“. ალ-ფარიკის ცნობით, მან პირადად ნახა დავით აღმაშენებლის მემკვიდრე დიმიტრი პირველი როგორ იჯდა ჯამეში და ისმენდა ხუტბას. შემდეგ „200 ოქროს დინარი შესწირა ჯამეს“. მისი თქმით, „ტფილისში უფრო მეტი პატივით ექცეოდნენ მაჰმადიან სასულიერო მოღვაწეებსა და მლოცველებს, ვიდრე სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში“.
არაბი ისტორიკოსი სიბტ იბნ ალ-ჯაუზიც იგივეს წერდა: მეფე „დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს...“
დავით მეფისა და დიმიტრი უფლისწულის მეჩეთში სიარული, ხუტბისა და ყურანის კითხვის მოსმენა, არ ნიშნავს მათ მიერ ისლამის აღიარებას, არამედ, გვამცნობს, რომ ჩვენი ხელმწიფეები, დიდ პატივს სცემდნენ მაჰმადიანებს და დაინტერესებული იყვნენ მათი სარწმუნოების პრინციპების გაცნობით და ისმენდნენ ყურანს არაბულად.
ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ ზემოთ მოყვანილი ცნობების თანახმად, შეიძლება, არაბულიც ესმოდა ჩვენს გვირგვინოსანს, ვინაიდან, მეჩეთში მსახურება არაბულად მიმდინარეობდა, რომლებსაც ყურადღებით ისმენდა დავით აღმაშენებელი. ეს ცნობები ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ასეთი ვარაუდისთვის.
და კიდევ ერთი საკითხი. საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ჩვენს გვირგვინოსანს ქართველური ენებისადმი. იგი აფხაზეთის პატარა სამეფოში აღიზარდა, ქუთათისსა და ჭყონდიდში, აფხაზეთის სამეფოს მოსახლეობაში, გარდა სალიტერატურო-სახელმწიფო ქართული ენისა, ლაპარაკობდნენ მეგრულად და სვანურადაც. არა მხოლოდ სწავლულებთან და დიდებულებთან, არამედ, უბრალო მოსახლეობასთანაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა 10-11 წლის ასაკიდან თანამეფედ, 16 წლის ასაკიდან კი მოქმედ მეფედ გამოცხადებულ დავით გიორგის ძეს. ცხადია, საკუთარი მოქალაქეების საშინაო მეტყველებასთანაც ექნებოდა შეხება. ამგვარად, აუცილებლად სავარაუდოა, რომ დავით აღმაშენებელმა იცოდა მეგრულიც და სვანურიც.
სხვანაირი დავით აღმაშენებელი არც წარმომიდგენია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან