ისტორია

რომელ საუკუნეში უნდა დაწერილიყო „კოლაელ ყრმათა წამება“

№37

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.09

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ქართული ლიტერატურა რომ უძველესია, ამის შესახებ არაერთ მეცნიერს აქვს ნათქვამი. როგორც ბიძინა ჩოლოყაშვილმა რომაული სამართლის ისტორიის შესწავლითა და ფილოლოგიურ-ისტორიული კვლევებით გაარკვია და თავის ნაშრომში – „უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება“ (2003) – დაწერა, უცნობი ავტორის „კოლაელ ყრმათა წამება“ 260-303 წლებს შორის უნდა დაწერილიყო.

იმ დროს სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილი აღმოსავლეთ რომის იმპერიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო და იქ რომაული კანონები მოქმედებდა.

კოლა არის უძველესი ქართული პატარა პროვინცია, უძველესი დიაოხის სამეფოდან. მისი სახელწოდებიდან უნდა იყოს ნაწარმოები კოლხთა საამაყო სახელი (კოლა–ხი, კოლხი, კოლხეთი). იმ მხარეს, დიდი მესხეთის სხვა კუთხეებთან ერთად, ზემო ქართლსაც უწოდებდნენ.

მტკვრის სათავესთან ახლოს, ხეობაში, რომელსაც ჰქვია კოლა, იყო ერთი სოფელი. სოფლის მკვიდრთა დიდი ნაწილი წარმართი კერპთმსახური გახლდათ, თუმცა იქვე ცხოვრობდა მცირერიცხოვანი ქრისტიანული მრევლი, რომელთაც თავისი ეკლესია ჰქონდათ. 303 წელს რომის იმპერიაში დაიწყო ქრისტიანების უკანასკნელი დევნა და აქედან გამომდინარე, ეს ამბავი 303 წლამდეა მომხდარი, რადგან დევნა რომ დაწყებული ყოფილიყო, ქრისტიანებს ეკლესიის ქონის უფლება არ ექნებოდათ.

როგორც ბავშვებს სჩვევიათ, იმ სოფლის პატარებიც იკრიბებოდნენ სათამაშოდ. ყოველდღე, ერთად მღეროდნენ და ერთობოდნენ წარმართნიც და ქრისტიანებიც. საღამოობით სოფელში მცხოვრები ქრისტიანების ხუცესი მწუხრის ზარით (თუ ძელით) მოუხმობდა და ქრისტიანი ბავშვები ეკლესიაში მიდიოდნენ სალოცავად.

მათი მეგობარი, ცხრა წარმართი ბავშვი, გაჰყვებოდნენ ხოლმე მათ, ეკლესიის კართან იდგენ და ისმენდნენ წირვას. მოსწონდათ ქრისტიანული წირვა-ლოცვა, ქადაგება და წრფელი, პატარა გულებით შეუყვარდათ ქრისტეს სჯული. ეკლესიაში არ უშვებდნენ, იმ დროს მოუნათლავი ადამიანის ტაძარში შეშვება არ შეიძლებოდა. გულდაწყვეტილი პატარები უკან ბრუნდებოდნენ. მეორე დღეს ისევ მიდიოდნენ ეკლესიასთან და ისევ მეორდებოდა წინა დღეს მომხდარი.

ერთხელაც პატარა წარმართებმა დაჟინებით მოისურვეს ეკლესიაში შესვლა. ქრისტიანებმა ურჩიეს, თუ გინდათ ეკლესიაში შემოსვლა, უნდა იწამოთ ქრისტე ღმერთი და მოინათლოთ მისი სახელით, ეზიაროთ მის საიდუმლოებებს და შემოგვიერთდეთ ქრისტიანებსო.

პატარებმა დიდი სიხარულით გადაწყვიტეს, ქრისტიანები გამხდარიყვნენ. მათმა თანატოლმა ქრისტიანებმა სასწრაფოდ უთხრეს სოფლის მღვდელს, ღირსეულ და პატიოსან ადამიანს, პატარა წარმართების სურვილის შესახებ.

ხუცესი დაელოდა დაღამებას, მერე გაემართნენ მდინარისკენ. ზამთარი იყო, ყინავდა. დღისით ქრისტიანები ვერ გაბედავდნენ ბავშვების მონათვლას. კოლას მხარე აღმოსავლეთ რომის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. მართალია, 260-303 წლებში რომის იმპერიაში ქრისტიანებს მოქმედების უფლება ჰქონდათ, მაგრამ მათი უფლებები ძალიან შეზღუდული იყო, არ ჰქონდათ უფლება, თუნდაც სულ მცირე უხერხულობა შეექმნათ წარმართი მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, ღამით მონათვლა და თან მდინარეში, იყო უძველესი ჩვეულება. როგორც იესომ ღამით ნათელიღო იორდანეში იოანე ნათლისმცემლის ხელით, ცხრა პატარა კოლაელმა ქართველმაც ღამით იღეს ნათელი. ნათლისღებისას მირონის ცხება არ ჩანს თხზულებაში, მირონის ცხება სავალდებულოდ დაადგინეს ლაოდიკიის კრებაზე (343 ან 360 წელი). მაშასადამე, ეს ამბავი მოხდა უფრო ადრე.

ტექსტში ლოცვას „ჟამობა“ ჰქვია, როგორც ნიკო მარმა შენიშნა. ეს მიუთითებს კოლაელ ყრმათა წამების ტექსტის სიძველეზე, რადგან შემდგომ საუკუნეებში სიტყვა ლოცვას გამოიყენებდნენ.

...აღარ მიბრუნდნენ ახალგაქრისტიანებული პატარები მშობლებთან და დარჩნენ ნათლიებთან. მშობლებმა გაიგეს შვილების გაქრისტიანების ამბავი და განრისხებულებმა ძალისძალად, შეურაცხყოფითა და გინებით გამოიტაცეს შვილები ქრისტიანთა სახლებიდან. მიიყვანეს შინ და სასტიკად სცემეს. აძალებდნენ ეჭამათ სამსხვერპლო შესაწირი. ეს იყო სარწმუნოებრივი გამოცდა. პატარებმა წარმართულ შესაწირს პირი არ დააკარეს.

შვიდი დღე უსმელ-უჭმელად გაატარა ცხრა ყრმამ. მშობლებმა ვერც ფერად-ფერადი ტანსაცმლითა და საჩუქრებით მოახერხეს პატარა ქრისტიანების ცდუნება და მათი მტკიცე რწმენის შერყევა, ვერ დაიყოლიეს წარმართობას დაბრუნებოდნენ. წავიდნენ იმ მხარის მთავართან, რომელიც მათსავით წარმართი იყო და მოახსენეს საკუთარი შვილების ამბავი.

მთავარმა უპასუხა: თქვენი შვილები არიან და რაც გნებავთ ის უყავითო.

ეს რომაული კანონია. რეგიონის მმართველი არ იყო უფლებამოსილი, მამის გადაწყვეტილების გარეშე გამოეტანა რაიმე დადგენილება ბავშვების შესახებ, იმ დროს რომში მშობელს შეეძლო თავისი შვილის ბედის, მეტიც – სიცოცხლის განკარგვაც კი. რომაული კანონებით, მამებს შვილის დასჯის, მოკვლის უფლება ჰქონდათ 319 წლამდე, თანაც სასამართლოს გარეშე.

ამიტომ, წარმართმა მამებმა უთხრეს მთავარს: „მობრძანდი ჩვენთან და ჩვენ ქვით ჩავქოლავთ მათ, რათა სხვებმაც არ მიბაძონ და არ გაქრისტიანდნენო“.

313 წლიდან, მილანის ედიქტის მერე, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიასა და მისი გავლენის სფეროში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ქრისტიანების სიკვდილით დასჯა შეუძლებელი შეიქმნა. ეს ნაწარმოები რომ ასახავდეს თუნდაც მეოთხე საუკუნის 20-იანი წლების შემდგომ მოვლენებს, მაშინ საქმე სხვაგვარად გვექნებოდა. ვერც მშობლები გადაწყვეტდნენ შვილების სიკვდილით დასჯას და ვერც რეგიონის ადმინისტრაციის მეთაური გაბედავდა ამის უფლების მიცემას. თუ ქართლის სამეფოს იურისდიქციაში იქნებოდა კოლას მხარე, მეოთხე საუკუნის 20-იანი წლებიდან ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია იყო და ქრისტიანებს ვერავინ დასჯიდა სიკვდილით, მთებშიც კი. ასევე, იმ შემთხვევაშიც, თუ კოლა რომის (ბიზანტიის) გავლენის სფეროში იქნებოდა. ასე რომ, ეს ამბავი მანამდე მოხდა.

ამ არაადამიანური გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც მიიღეს მხეცად ქცეულმა, გონებადაბინდულმა წარმართებმა, შეიძლებოდა მხოლოდ მხარის ადმინისტრაციის მეთაურის თანხმობითა და თანდასწრებით, 260 წლიდან 303 წლამდე, ქრისტიანების ახალი დევნის დაწყებამდე.

ხუცესს მიუვარდნენ წარმართები, კინაღამ მოკლეს ცემით, გაძარცვეს მისი სახლი და მისი ქონება გაიყვეს. თვითონ კი სოფლიდან გააძევეს. ხუცესის გაძევება 236 წლიდან მაქსიმინუსის კანონით იქნა დაშვებული, თუ ის „აწუხებდა“ წარმართულ თემს (ასეთი რამე გამოირიცხა 313 წელს)...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა