ისტორია

რომელ ქვეყანას ეწვია ფარულად იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორე გამეფებიდან მალე

№47

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 29.11

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, 1099 წელს – იერუსალიმი. ხმელთა- შუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაარსდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები. იერუსალიმის აღებაზე არანაკლებ ძნელი მისი შენარჩუნება იყო. მალე მაჰმადიანურმა კოალიციამ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა ქრისტიანების გასადევნად.

საქართველოში მეფობდა დავით მეოთხე, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. დავით მეფე საქართველოს ათავისუფლებდა, აერთიანებდა, აძლიერებდა. ჯვაროსანთა სასარგებლოდ და სასიხარულოდ, თურქთა დიდი ძალა დაკავებული გახლდათ კავკასიაში დავით მეოთხესთან ბრძოლით. ეს ხელსაყრელი იყო ჯვაროსნებისა და ბიზანტიისთვის. მით უმეტეს, ჩვენი ჯარის ერთი შენაერთი იბრძოდა ჯვაროსნების მხარდამხარ იერუსალიმთან.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ჯვაროსნული ომი წამოწყებული იყო იმიტომ, რომ ფრანკთა ძველი მეფეების, მეროვინგების შთამომავლებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, უნდოდათ, დაებრუნებინათ თავიანთი ძალაუფლება ჯერ აღმოსავლეთში და მერე დასავლეთშიც.

751 წელს მეროვინგები დაამხეს კაროლინგებმა. თუმცა, მეროვინგთა ნათესავების შთამომავლები ევროპაში დიდგვაროვანთა ტიტულებს ატარებდნენ და სხვადასხვა ტერიტორიებს განაგებდნენ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მეროვინგები ტროას მეფეთა ჩამომავლები იყვნენ. არის სხვა ვერსიაც, რომ მეროვინგების წინაპარი იყო ძველი ისრაელის მამამთავარ იაკობის მეთორმეტე შვილის, ბენიამენის შთამომავალი, ისრაელის პირველი მეფე საული და სხვა. ფრანკთა სამეფოში მეროვინგები მეფობის პერიოდში ატარებდნენ გრძელ თმას და თითქოს თმის სიგრძეში მათი სიბრძნისა და ძალაუფლების წყარო იყო, როგორც ბიბლიური სამსონისთვის ძლიერების წყარო იყო თმა.

ძნელი დასაჯერებელია შეთქმულების ასეთი თეორია – თითქოს, ჯვაროსნული ლაშქრობა მეროვინგების ხელისუფლების აღსადგენად წამოიწყეს. ამ თეორიის ავტორები უფრო მეტს ამბობენ. თითქოს იერუსალიმის ტაძრის ქვეშ დამარხული იყო აურაცხელი ქონება და ეს მეროვინგებმა იცოდნენ (იერუსალიმის ტაძარი ბენიამინის საკუთრება – მამულში, იერუსალიმში ყოფილა აშენებული). ყვებიან ასეთ ამბავსაც: იმ პერიოდში, 1100 ან 1118 წელს დაარსდა ტაძრელთა, ტამპლიერების ორდენი (Pauperes commilitones Christi Templique Salomonici ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები). თავიდან ტაძრელთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო, სულ ცხრა ბერი-მეომარი. მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, მეომარმა ბერებმა ბინა დაიდეს იერუსალიმის ძველი ტაძრის ტერიტორიაზე. მათ თითქოს მფარველობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის, შამპანის სენიორი, ტრუას გრაფი ჰუგო შამპანელი (შემდეგში თვითონაც ტამპლიერთა ორდენის წევრი), გოტფრიდ ბულიონელი (იგივე გოდფრუა ბუიონელი, ჩვენთან ზოგჯერ წერენ: გოტფრიდ ბულონელი, ნიდერლანდურად Godfried van Bouillon, ფრანგულად Godefroi de Bouillon) – იერუსალიმის პირველი ჯვაროსანი გამგებელი (უფლის ტაძრის მცველის ტიტულით), მისი ძმა, იერუსალიმის მეორე მეფე ბალდუინ პირველი. განსაკუთრებით ზრუნავდა ტაძრელებზე იერუსალიმის მესამე მეფე (ბულიონელების ნათესავი) ბალდუინ მეორე (რომელზეც ქვემოთ გიამბობთ), რომელსაც გადაუცია მათთვის სოლომონის ტაძრის ტერიტორია და მეროვინგთა სხვა შთამომავლები.

ზემოთაღნიშნული თეორიის მიხედვით, თითქოს, ტაძრელმა ბერ-მეომრებმა უამრავი ვირი შეიძინეს და რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი თითქმის არ გამოსულან ტაძრიდან. შემდეგ ტამპლიერების ორდენის წევრთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მათი ქონება უზარმაზარი გახდა. ამის გამო ზოგიერთი მკვლევარი, შეთქმულების თეორიის მომხრე, მიიჩნევს, რომ მეროვინგებმა იცოდნენ განძის ადგილმდებარეობა, იპოვეს, დაიბრუნეს განძი და დაიბრუნეს იერუსალიმის ტახტი, რისთვისაც თითქოს იყო წამოწყებული ჯვაროსნული ომი. მერე კი, თითქოს, ევროპის ტახტებიც უნდა ჩაეგდოთ ხელში.

კარგა ხნის განმავლობაში ტაძრელთა ორდენი უმდიდრესი და უძლიერესი გაერთიანება იყო იმდროინდელ სამყაროში. მათ, აზიიდან მოყოლებული ევროპის ჩათვლით, ჰქონდათ ბანკების მსგავსი დაწესებულებები, საბაჟოები, საფოსტო მომსახურება, მონასტრები, მამულები და სხვა. მერე ტაძრელთა გავლენის ზრდას წინ აღუდგნენ საფრანგეთის მეფე და რომის პაპი, თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა...

რეალურად, ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყების სურვილი იყო იდეალისტური, სარწმუნოებაზე დაფუძნებული – მაცხოვრის საფლავის გამოხსნის სურვილი ურჯულოთაგან. რა თქმა უნდა, ავანტიურისტიც ბევრი იქნებოდა ჯვაროსანთა შორის, მაგრამ, უდიდესი უმრავლესობა წმინდა მიზნით იყო შთაგონებული...

იმ დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა საქართველო. ჯვაროსნების ინტერესი იყო, მოკავშირეები ჰყოლოდათ.

როგორც ვთქვით, 1118 წელს, ბოლდუინ პირველის გარდაცვალების მერე, იერუსალიმის მეფედ აირჩიეს იერუსალიმის გარდაცვლილი მეფეების, გოტფრიდ ბულიონელისა და ბოლდუინ (ბალდუინ) პირველის ნათესავი – ბოლდუინ მეორე დე ბურგი (Baudouin du Bourg), მანამდე, ედესის გრაფი 1100–1118 წლებში. მისი კორონაცია გაიმართა 14 აპრილს, აღდგომას, ბეთლემში, რადგან იერუსალიმი ქრისტეს სამეფო ქალაქად ითვლებოდა და ამიტომ, იერუსალიმის მეფეები, ბეთლემში ეკურთხებოდნენ. იმავე წელს თურქ-სელჩუკებმა შეუტიეს იერუსალიმის სამეფოს. მეფემ მოახერხა მათი უკუგდება. იმ პერიოდში თურქებმა ნიჭიერი სარდლის, ამირა ნეჯმ-ად-დინ ილღაზის მეთაურობით დაამარცხეს ანტიოქიის მთავრის რეგენტი, ანტიოქიის ფაქტობრივი მმართველი – როჯერი, რომელიც არ დაელოდა იერუსალიმის მეფის დახმარებას და ისე ჩაება ბრძოლაში. როჯერი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრ რაინდთან ერთად.

ბალდუინ (საქართველოში ხშირად ასე წერენ) მეფემ ტრიპოლის გრაფთან ერთად მოახერხა თურქების შეჩერება. თუმცა, კარგად იცოდა, ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა. ბიზანტია ეჭვის თვალით უყურებდა ჯვაროსნების მიერ დაარსებულ სახელმწიფოებს და ცდილობდა, ისინი ვასალებად ჰყოლოდა.

ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის გათავისუფლებიდან მალე, იერუსალიმში შეიქმნა ჰოსპიტალიერების, ხოლო შემდეგ, როგორც ვთქვით, ტაძრელების (ტამპლიერების) ორდენები, თუმცა საფუძველი ამ უკანასკნელს შესაძლოა, უფრო ადრე ჩაეყარა. იმ დროს იერუსალიმში ბევრი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. იერუსალიმში მოღვაწე ქართველ ბერებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აღნიშნული ორდენების წარმომადგენლებთან.

გამეფების წელსვე ბალდუინ მეორე ფარულად ჩამოვიდა საქართველოში – „იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა, ანუ არაბთა ზედა. ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“, – წერს იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა