ისტორია

როგორი შეფასება მისცეს სტალინს ფაშისტმა მაღალჩინოსნებმა ნიურნბერგის პროცესზე

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.02

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი მეტად გონიერი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის არა მარტო მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნიკალური უნარით გამოირჩეოდა, არამედ დიდი კონსპირატორიც იყო, ვინც ამ განჭვრეტილ მოვლენებს ხორცს ასხამდა და ყველაფერს ისე ოსტატურად ნიღბავდა, რომ მტრებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ამ ყველაფრის შესახებ.

არსენ მარტიროსიანი: „გარდა იმისა, რომ სტალინმა საბჭოთა კავშირის გრანდიოზული ინდუსტრიალიზაცია განახორციელა, მან წინასწარ მოამზადა ქვეყანა დიდი ომისთვის და ყველაზე უარესი ვარიანტებიც კი გაითვალისწინა. ინდუსტრიალიზაცია, თავისთავად, ინდუსტრიულ-ეკონომიკური პოტენციალის მოდერნიზაციას ნიშნავს და რა თქმა უნდა, მასზეა მიბმული სამხედრო მრეწველობა. სტალინმა კი ამ თემას უფრო ფართო გასაქანი მისცა. ის დიდი ომისთვის ჯერ კიდევ ათი წლით ადრე მოემზადა და შემთხვევითი როდი იყო, რომ ომის პირველი თვეების წარუმატებლობის შემდეგ ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოხერხდა მთელი მრეწველობის არა მარტო სამხედრო რელსებზე გადაყვანა, არამედ ამ პოტენციალის სამჯერ გაზრდა, რაც დაუჯერებელი იყო. მთელი ამ საოცრების საიდუმლოება კი ის იყო, რომ როდესაც სტალინი თითქმის ყოველდღიურად ხსნიდა ახალ-ახალ ინდუსტრიულ გიგანტებს, ამის პარალელურად და ძალიან საიდუმლო, შეფარულ ვითარებაში პლაცდარმს უყრიდა, ეგრეთ წოდებულ, საწარმო დუბლიორებს. დუბლიორი საწარმო მეორე საწარმოს ნიშნავს. საბჭოთა ბელადი ერთს კი არა, კიდევ ორ-ორ საწარმოს ამზადებდა და 1941 წლისთვის საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ინდუსტრიული საწარმოების დუბლიორი საწარმოები უკვე ურალს მიღმა და შუა აზიაში მთელი დატვირთვით მუშაობდნენ. ანუ იმ ადგილებში, რომლებიც ჰიტლერული ურდოებისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი აღმოჩნდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ეს დუბლიორი საწარმოები უხილავად შენდებოდა და მზადდებოდა. ეს ყოველივე კი მტერი სახელმწიფოების დაზვერვებს მხედველობიდან გამორჩათ და იმ ადგილებში დაზვერვის განხორციელება არც კი უცდიათ. არც ამერიკულ, არც ბრიტანულ და არც გერმანულ დაზვერვებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ინდუსტრიული პოტენციალის პლაცდარმები გაუვალ ტაიგასა და სიცხით გამომშრალ უდაბნოში ეძებნათ. არადა, სწორედ იქ განთავსდა ეს დუბლიორი საწარმოები და შემდგომში უდიდესი როლი შეასრულა ომში დიდი გამარჯვების საქმეში.“

ჯერ კიდევ ომის მსვლელობის დროს, თეირანის კონფერენციაზე აღიარეს ჩერჩილმა და რუზველტმა: ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ სტალინმა ჩვენი დაზვერვების ცხვირწინ ააშენა უხილავი ინდუსტრიული გიგანტები უკიდურესად ცივ და ცხელ რეგიონებში და ამის შესახებ ვერაფერი შევიტყვეთო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნიურნბერგის პროცესზე, ჰიტლერული მთავრობის შეიარაღების ყოფილმა მინისტრმა, შპეერმა თქვა: გარდა იმისა, რომ რუსები დიდი თავგანწირვითა და შემართებით გვებრძოდნენ, მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ სულ რაღაც 4-5 თვეში ისე გააძლიერეს თავიანთი სამხედრო მრეწველობა, რომ მათ ჩვენ ვერაფერი დავუპირისპირეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ევროპის გამართული სამხედრო მრეწველობა ჩვენს ხელთ იყო. როდესაც ჩვენ სამხედრო იარაღი და საბრძოლო მასალა გველეოდა, რუსებს ეს ყველაფერი ულევი ჰქონდათ. ამას დამატებული სამხედრო ცოცხალი ძალის რესურსი და უკანმოუხედავი ბრძოლის ჟინი ქმნიდა იმ გადაულახავ წინაღობას, რისი დაძლევაც ვერ შევძელით და რამაც ბოლომდე წაგვლეკა და გაგვანადგურაო. ვალტერ შელენბერგმა კი, რომელიც საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და ნიურნბერგის პროცესზე მოწმის სახით იყო გამოძახებული, სტალინის საქციელი სუვოროვის მიერ ალპების გადალახვას შეადარა და თქვა: ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით ორ რამეს, პირველს იმას, რომ სტალინი ამდენი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას შეძლებდა. და მეორე, რომ ის მრეწველობის მოსაწყობად ისეთ უვარგის რაიონებს აირჩევდა, როგორიცაა უდაბნო და გაუვალი ტყეებიო. შემდგომ, ეს აზრი შელენბერგმა თავის მემუარებში განათავსა და დაწერა – არც სუვოროვისგან და არც სტალინისგან არავინ მოელოდა ასეთ ალოგიკურ, ავანტიურისტულ ნაბიჯებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც ასე მოხდა და ასეთია რუსული ბუნებაო.“

რუსულ ბუნებაში ვალტერ შელენბერგი რუსი ადამიანის ბუნებას გულისხმობდა და უწყოდა კი, რომ რუსული ბუნების გამომვლენი კაცი სულაც არ იყო რუსი, ის პატარა საქართველოს დიდი შვილი იყო.

არსენ არტიროსიანი: „დიდ სამამულო ომში გამარჯვების მიზეზების გაანალიზებისას რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასება არსებობს. ერთნი, უფრო მეტად კი პროდასავლელები, მიიჩნევენ, რომ ჰიტლერის დამარცხება „ლენდ ლიზის“ გარეშე არ მოხერხდებოდა. პრორუსი მკვლევრები ამ დიდ გამარჯვებას რუსი ხალხის უზომო თავგანწირვით ხსნიან. სამეცნიერო-სამრეწველო წრეების წარმომადგენლები კი იმ აზრზე დგანან, რომ ეს გამარჯვება დიადი ინდუსტრიალიზაციის, სათადარიგო დუბლიორი საწარმოების აგებისა და მათი სწრაფად ამუშავების შედეგია. ჩემი აზრით, სამივე ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა დიად გამარჯვებაში და პრიორიტეტის მინიჭება არცერთისთვის არ მინდა. თუმცა, ერთია უდავო: რომ არა სტალინის პოლიტიკური დიპლომატია, პატრიოტიზმი და წინასწარი განჭვრეტის უნარი, ეს დიადი გამარჯვება არ იქნებოდა...“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი